USD 2.6935
EUR 2.9925
RUB 2.9961
თბილისი
მოჰამედ რეზა ფეხლევი. რეფორმები ირანში და ისლამური რევოლუცია!
თარიღი:  1245
1941 წლის შემოდგომაზე დიდმა ბრიტანეთმა და საბჭოთა კავშირმა მოახდინეს ირანის ოკუპაცია. მათ ტახტიდან ჩამოაგდეს პროგერმანული ხედვით ცნობილი რეზა ფეხლევი და ტახტზე მოკავშირეთა აქტიური მხარდამჭერი, მისი შვილი მოჰამედ რეზა ფეხლევი აიყვანეს.
ახალგაზრდა შაჰი რეფორმებზე ოცნებობდა და ძლიერი ირანის აღორძინებაზე. მაგრამ ეს არც ისე მარტივი იყო, ქვეყანას კი სუვერენიტეტი ჰქონდა დაკარგული. ასეთი რეალობა და ირანის ოკუპაცია 1946 წლამდე გაგრძელდა.
 
მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ირანში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ცნობილმა პოლიტიკურმა და საზოგადო მოღვაწე — მოჰამედ მოსადეყმა, რომელსაც საბჭოთა კავშირი უმაგრებდა ზურგს. მან აიძულა ახალგაზრდა შაჰი იგი მთავრობის მეთაურად დაენიშნათ. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მისი პირველი და უმთავრესი ღონისძიება ეკონომიკურ სფეროში გამოიხატა. მან მოახდინა ინგლის-ირანის ერთობლივი სანავთობო კომპანიის ნაციონალიზაცია 1951 წელს. ამას შემდგომ ბრიტანელი სპეციალისტების ქვეყნიდან გაძევება და სანავთობო მრეწველობაზე სრული კონტროლის დამყარება მოჰყვა.
 
კომპანიის ნაციონალიზაცია დიდ ბრიტანეთმა აღიქვა როგორც საშიში პრეცედენტი მთელი შუა და ახლო აღმოსავლეთისათვის და ირანის ნავთობს მოუწყო საერთაშორისო ბოიკოტი. ამან ირანის ეკონომიკა კოლაფსის წინაშე დააყენა. მაგრამ ირანმა საბჭოთა კავშირის დახმარება მიიღო რამაც საოცრად გააძლიერა კომუნისტური პარტია “თუდე".
 
შაჰს არაფრით არ უნდოდა გამოკვეთილი მხარე აღმოჩენილიყო ცივ ომში, ანდა ძალაუფლება კომუნისტებს ჩაეგდოთ ხელში. მან მთავრობას
რადიკალური ანტიდასავლური ქმედებების შეწყვეტა მოსთხოვა.
Shah-of-Iran
 
ამის გამო 1953 წ. აგვისტოში შაჰსა და მოსადეყს შორის დაძაბულობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია – შაჰი და დედოფალი სორაია იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სამშობლო.
 
19 აგვისტოს კი ირანის არმიამ, რომელიც ერთგული დარჩა მონარქისადმი, მოაწყო სამხედრო გადატრიალება, დაამხო მოსადეყის მთავრობა, თვით მოსადეყი შეიპყრეს და გაასამართლეს. შაჰინშაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი ტრიუმფით დაბრუნდა თეირანში.
 
ამის შემდეგ მან გადაწყვიტა რომ ახალი სტრატეგიული მოკავშირე მოეძებნა. მან ამაზე უარი უთხრა როგორც დიდ ბრიტანეთს ისე საბჭოთა კავშირს. ის შეხვდა ამერიკის პრეზიდენტ დუაიტ ენზეჰაუერს და მას სთხოვა დახმარება. აშშ-ც ეგრევე დათანხმდა, რადგან ვაშინგტონში სწორად ჩათვალეს რომ, ეს მათთვის ბრწყინვალე შანსი იყო სპარსეთის ყურის რეგიონში შემოსასვლელად.
 
ირანმა აშშ-გან მიიღო დიდი სამხედრო და ეკონომიკური დახმარება. ამის შემდეგ მოჰამედ რეზა ფეჰლევი შეუდგა თავისი ოცნების ასრულებას და დაიწყო მზადება დიდი რეფორმებისათვის.
 
1963 წლის იანვარში შაჰმა გამოაქვეყნა ფართომასშტაბიანი რეფორმების 6-პუნქტიანი გეგმა, რომლის თანახმადაც შაჰის მთავრობა იწყებდა რადიკალური რეფორმების გატარებას შემდეგი მიმართულებით:
1. აგრარული რეფორმა და ფეოდალიზმის ლიკვიდაცია (30 წლის ვადაში);
2. ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაცია (ტყე, წყალი და სხვა);
3. ქალების ემანსიპაცია. შაჰმა გამოაცხადა: "ქალები მონები არ არიან როგორც ეს ბევრ ფუნდამენტალისტს წარმოუდგენია ირანში. ისინი ჩვენი დედები, შვილები და დები არიან და მათ ექნებათ ისეთივე უფლებები როგორც ჩვენ. მათ ოფიციალურად ენიჭებათ ხმის უფლება, განათლების მიღების უფლება, სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლება, საოჯახო დავებში მამაკაცებთან გათანაბრება და ა.შ.
4. განათლების სისტემის რეფორმირება. საერო განათლების შემოღება. სკოლები თავისუფლდებოდა რადიკალური ისლამური იდეოლოოგისგან. სკოლაში, უმაღლეს სასწავლებლებში და საერთოდ ქვეყანაში აიკრძალა ჰიჯაბი და ნიქაბის ტარება.
 
აგრარულმა რეფორმამ დიდი დარტყმა მიაყენა მემამულეებს და შიიტურ სამღვდელოებას, როგორც უმსხვილეს მიწისმფლობელებს. შაჰის რეფორმებში უმაღლესმა სამღვდელოებამ დაინახა საფრთხე, რომელიც მიმართული იყო ირანულ საზოგადოებაში მათი პოზიციების შესასუსტებლად. ხელისუფლებისადმი რადიკალურად განწყობილმა სამღვდელოებამ მოლა რუჰოლა ხომეინის მეთაურობით მოუწოდა ირანელებს ბოიკოტი გამოეცხადებინათ შაჰის რეფორმებისადმი.
 
დაძაბულობა ხელისუფლებასა და რადიკალურ სამღვდელოებას შორის პიკს მიაღწია 1963 წ. 5 ივნისს, როდესაც შაჰის განკარგულებით საჰაერო-სადესანტო სპეცრაზმელებმა დააპატიმრეს მოლა ხომეინი. ამას მოჰყვა მისი მომხრეების აჯანყება. არმიამ, შაჰის გვარიამ („უკვდავები“) და საიდუმლო პოლიციის „სავაქი“-ს აგენტებმა სისხლში ჩაახშვეს მონარქიის წინააღმდეგ მიმართული ოპოზიციის გამოსვლა. ხომეინი 1965 წ. ნოემბრამდე იმყოფებოდა ციხე “ყარს”-ში (რამოდენიმე თვით ის გაანთავისუფლეს, თუმცა კვლავ დააპატიმრეს ანტიმონარქისტული მოწოდებებისათვის). 1965 წ. 12 ნოემბერს ხომეინი გადაასახლეს თურქეთში (ქ. ბურსა).
 
ჯამში ამ რეფორმებმა ირანში საწყისა ეტაპზე გამოიწვია ეკონომიკური და განათლების ბუმი. ქვეყანა ძალიან დიდი მაშტაბებით განვითარდა და წინ მიდიოდა.
 
მონარქიული რეჟიმის გასამყარებლად შაჰმა 1957 წ. შექმნა საიდუმლო პოლიტიკური პოლიცია – „სავაქი“ (დაზვერვის ეროვნული სამსახური და უშიშროების ორგანიზაცია). სპეცსამსახურების ჩამოყალიბებაში ირანს აქტიურად ეხმარებოდნენ ამერიკის «CIA» (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო) და ისრაელის «მოსადი» (დაზვერვისა და სპეციალური დანიშნულების ინსტიტუტი).
 
scale_1200 (2)
შიდაპოლიტიკური დანიშნულებასთან ერთად „სავაქ“-ს გააჩნდა საგარეო-პოლიტიკური მიმართულება. სტრუქტურულად „სავაქი“ შედგებოდა 9 დეპარტამენტისაგან. მე-2 დეპარტამენტის ფუნქციებში შედიოდა – საგარეო დაზვერვა, კომუნიზმის გავრცელების საფრთხე რეგიონში, ავღანეთი, ერაყი, იემენი; მე-3 დეპარტამენტი შიდა უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი; მე-8 დეპარტამენტი - კონტრდაზვერვა აკონტროლებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობას ირანში.
 
60-70-იანი წწ. არის ის პერიოდი, როდესაც ახლო აღმოსავლეთში თავი იჩინა ისლამურმა ფუნდამენტალიზმა. 1963 წ. ივნისის აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ირანის პოლიტიკურ არენაზე გამოჩდნენ რადიკალური მემარცხენე ისლამისტური ორგანიზაციები «მოჯაჰედინ-ე ხალკი» (დაარსდა 1965 წ.) და «ფედაინ-ე ისლამი» (დაარსდა 1963 წ., ისლამური რევოლუციის პერიოდში განიცადა რამოდენიმე განხეთქილება). მიზნათ დასახული ჰქონდათ — შაჰის რეჟიმის დამხობა შეიარაღებული გადატრიალების მეშვეობით. თავიანთი მიზნის მისაღწევათ მიმართავდნენ ტერორისტულ მეთოდებს. გენერალ-ლეიტენანტი იონ მოჰაი პაჩეპა (ნიკოლაე ჩაუშესკუს პოლიტიკური პოლიციის «სეკურიტატე-ს» ყოფილი დირექტორი) თავის მემუარებში აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირი მფარველობდა შაჰის შეიარაღებულ ოპოზიციას, რათა დაეძაბა ირანში შიდაპოლიტიკური სიტუაცია.
 
1960-1970-იან წწ. „სავაქ“-მა ფაქტიურად გაანადგურა მემარცხენე ისლამისტური ორგანიზაციები. მათი აღორძინება დაიწყო ირანში რევოლუციური პროცესების დაწყებასთან ერთად (1978 წ. დასაწყისი).
 
1970-იან წლების შუა ხანებიდან ირანში დიდი ინფლაცია დაიწყო, რასაც მოჰყვა ეკონომიკური ზრდის მკვეთრი შეჩერება და ფასების ზრდა. ამან შიდაპოლიტიკური ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ამას ისიც დაემატა რომ მოხდა ქვეყნის ეკონომიკის პარალიზება, სახელმწიფო აპარატის მიერ მიღებული არაეფექტური ზომებით, დაწყებული კრიზისის დასაძლევად. რამაც კიდევ უფრო გაამწვავა სოციალური პროტესტი. შიიტურმა სამღვდელოებამ სათავისოდ გამოიყენა შექმნილი ვითარება და მოუწოდა ირანელებს გამოსულიყვნენ შაჰის “ტირანიის” წინააღმდეგ.
 
პროტესტის ზრდასტან ერთად შაჰმა სცადა გამოესწორებინა ადრე დაშვებული შეცდომები და ამ მიმართულებით გაატარა მთელი რიგი ღონისძიებები — შეამცირა მილიარდიანი პროექტების განხორციელება, დაავალა «შაჰის ინსპექციას» აღეკვეთა ბაზრობებზე სპეკულაციის ყველა ფაქტი, შეამცირა პრესის და ტელევიზიის ცენზურა, ნება დართო ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს გამოსულიყვნენ იატაკქვეშიდან და მიეღოთ მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში.
 
ზემოთაღნიშნული შაჰის ღონისძიებები რადიკალურმა ოპოზიციამ პირიქით აღიქვა, როგორც მონარქიის სისუსტე და კიდევ უფრო მეტი გაძლიერებული ენთუზიაზმით მოუწოდებდნენ რელიგიურ ეიფორიაში მყოფ მასებს გაეგრძელებინათ ბრძოლა ფეჰლევის დინასტიის დამხობამდე.
 
1979 წლის სიტუაცია საოცრად გამწვავდა. ძალაუფლების შესანარჩუნებლად რადიკალური ზომების მიღება იყო საჭირო, მაგრამ შაჰმა ეს ვერ განახორციელა. მან თქვა: "დიქტატორს შეუძლია შეინარჩუნოს ძალაუფლება თავისი ხალხის დახოცვით – მონარქს კი არა”. შაჰს უბრალოდ არ ეყო ნებისყოფა გამოეყენებინა ძალა თავისი ხალხის მიმართ.
 
1979 წლის 16 იანვარს შაჰმა და დედოფალმა დატოვეს ირანის ფარგლები და გაემგზავრნენ ეგვიპტეში. ჯერ კიდევ 6 იანვარს შაჰმა დანიშნა ახალი მთავრობა შაპურ ბახთიარის მეთაურობით და დაავალა ირანის გენერალიტეტს ეთანამშრომლათ მასთან. გენერლების კატეგორიულ მოთხოვნაზე სისხლში ჩაეხშოთ რევოლუცია მან როგორც ზემოთ ავღნიშნეთ კატეგორიული უარი განაცხადა.
 
1979 წლის 9 თებერვალს კი თეირანში დაიწყო შეიარაღებული ამბოხება, რომელსაც სათავეში ედგნენ მემარცხენე ისლამისტური ორგანიზაციები «ფედაინ-ე ისლამი» და «მოჯაჰედინ-ე ხალკი». ოპოზიციის მომხრეები სამი დღე ებრძოდნენ მონარქისადმი ერთგულ არმიის ქვედანაყოფებს, „უკვდავები“-ს შაჰის გვარდიას და „სავაქი“-ს აგენტებს.
 
1979 წ. 12 თებერვალს გენერალური შტაბის უფროსის აბას ყარაბაღის განკარგულებით ირანის შეიარარებული ძალების 27 უმაღლესი გენერალი შეიკრიბნენ არმიის შტაბში. სხდომას ესწრებოდა ასევე „სავაქი“-ს მე-4 დირექტორი გენერალ-ლეიტენანტი ნასერ მოყადამი. 2-საათიანი კამათის შემდეგ, სამხედროებმა მიიღეეს გადაწყვეტილება აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე გამოეცხადებინათ არმიის ნეიტრალიტეტი, რათა თავიდან აეცილებინათ კატასტროფული სამოქალაქო დაპირისპირება. ფაქტიურად ეს ნიშნავდა მონარქიის და შაპურ ბახთიარის მთავრობის კაპიტულაციას.
 
სპარსული მონარქია, რომლის 2500-წლიანი სახელმწიფოებრიობა შაჰმა გრანდიოზულად აღნიშნა 1971 წ. პერსეპოლისში – დაემხო.
ირანის სათავეში მოვიდა აიათოლა რუჰოლა მუსავი ხომეინი. საერო მონარქიიდან ირანი იქცა თეოკრატიულ ისლამურ რესპუბლიკად. ირანი პროგრესის და განვითარების გზიდან აბსოლუტური სიბნელის და უკუსვლის გზას დაადგა.
 
უცნობი ნაცნობი
გვერდით მივყვებოდი სიონიდან ფეხით წამოსულს და მთელი ქუჩა ჩვენ გვიყურებდა...
თუ რამ ჭირი და სიავე ჰქონდა წუთისოფელს, თითქოს ყველაფერი გაიმეტა იღუმენია ელეონორა დადიანისთვის.

ათი შვილიდან მხოლოდ ორმა დაიტირა: - ჯერ ალექსანდრე შეიწირა გასაბჭოებამ, შემდეგ - გრიგოლი და 26 წლის ქეთევანი...

სიყრმიდანვე ღვთისმოშიშმა, უმრწემესმა დავითმა კი, რომელმაც უმაღლესი განათლება ოქსფორდში მიიღო, უსამშობლობა ვერ აიტანა, 1928 წელს საქართველომდე ჩამოაღწია, მალევე ბერად აღიკვეცა და მძიმედ სნეულმა დედის კალთაში დალია სული...

გვესაუბრება პაატა ქურდოვანიძე, თეკლათის მონასტრის იღუმენია ელეონორა დადიანის შთამომავალი:

- გასაბჭოებულმა სამშობლომ დავითისთანებს არც ადგილი დაუტოვა და არც არჩევანი...

გაუსაძლისმა დროებამ მალე ოჯახის ემიგრირების აუცილებლობა მოიტანა, მაგრამ სქემიღუმენია ელეონორამ და საუკუნეს მიტანებულმა ბებია მაიამ (დედა ელეონორას დედამთილი - ავტ.) აქაურობა არ დატოვეს, საბოლოოდ კი ოჯახის წევრთა უმრავლესობაც სამშობლოში დარჩა, უკანასკნელ წუთს ემიგრაციაზე უარი თქვეს და ბათუმიდან უკან მობრუნდნენ...

ხორშში (სადაც დედა ელეონორას ოჯახი ცხოვრობდა) დარჩა მისი უფროსი ვაჟი კოკი (გრიგოლი), რომელიც მძიმე შრომით გაჭირვებით არჩენდა წვრილშვილიან ოჯახს და არც 1924 წლის ცნობილ აჯანყებაში ჩარეულა, მაგრამ უბედურება მაინც არ ასცდა: - ამ ამბოხის მონაწილე მისი სამი ძმა - გელა, კონსტანტინე და ლევანი ხელისუფლებამ რომ ვერსად მოიხელთა, ჯავრი კოკიზე იყარა, - აგვისტოს ერთ დღეს მოჰკიდა მასაც და კოკის სტუმარ სტუდენტ ბიძაშვილებს ხელი და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ადგილზევე მიახვრიტა..

ჭირისუფალთ მათი ქრისტიანულად დაკრძალვის ნებაც კი არ დართეს, - ავაზაკთა დარად, სახელდახელოდ დაფლეს და ზედ ორიოდ მუჭი მიწა მიაყარეს...

დაბინდებისას კი კოკი დადიანის სიყრმის მეგობრებს, ხორშელ გლეხებს - ბეგო კაბიშაძეს და მიხა გოგიას ცხედარი მოუპარავთ, წესისამებრ გაუპატიოსნებიათ და სანამ ინათებდა, მამისეულ საძვალეში - წმინდა გიორგის ტაძარში მოუსწრიათ დაკრძალვა...

გამთენიისას მიუყვანიათ სახლში თავზარდაცემული დედა, თურმე აცრემლებული პირჯვარს იწერდა და ჩურჩულებდა: - ყოველი ღვთის ნებააო...

სახლი ვახსენე, მაგრამ იგი დიდი ხნის დაქცეული იყო, ისევე, როგორც წმინდა გიორგის ტაძარი - ოჯახს ყველაფერი ჩამოართვეს, ანტირელიგიურმა ფსიქოზმა კი ხორშში კიდევ სამი ეკლესია შეიწირა...

ამ ტრაგედიის მომსწრენი იგონებენ, იმის შიშით, რომ კოკის ცხედარი ხელმეორედ არ შეურაცხეყოთ, გამწარებული მეუღლე და ნათესავები მოთქმითაც კი ვერ ტიროდნენო... იმ წელს ქრისტეშობა ისე შემოსულა, რომ მის მეუღლეს არ გაუხსნილებია... სვეგამწარებულ დედას თავადვე გაუკითხავს მეზობლებში მეძუძური რძლისთვის ორიოდ ნაჭერი შაშხი, მაგრამ კოკის სულის პატივსაცემად ახლომახლო კი არა, ნახევარ სოფელს ღორი არ დაეკლა.

კოკი დადიანის პატივისმცემელ, ვაჟკაცობით სახელგანთქმულ კუკუ ქაჯაიას კი დედა ელეონორასთვის უთხოვია: - ლოცვა-კურთხევა მიბოძეთ და მის მკვლელებს გავუსწორდებიო, მაგრამ სქემიღუმენიას შორს დაუჭერია: - დედაშვილობას, ნუ შესცოდავ, უფალი მაღალია, უბრალო მოკვდავთ ვინ მოგვცა ნება, ცოდვით მოვკითხოთ შეცოდებანიო.

გლეხობას უყვარდა ეს ოჯახი. ძიძიშვილობა-მორდუობის, ნათლულ-გაზრდილობის ძირძველი ტრადიციები და ზნეობის საუკუნოვანი საფუძვლები, მიუხედავად წეს-წყობილების ცვლილებისა და ხელისუფლების დიდი მცდელობისა, ჯერ კიდევ არ იყო შერყეული.

უფროსი ძმის დახვრეტის შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გადარჩენილ შეფიცულებთან ერთად სამშობლო სამუდამოდ დატოვა სიმამაცითა და სიჩაუქით ცნობილმა ლევან (ჯონჯი) დადიანმა.

რიგ-რიგად დააპატიმრეს და გადაასახლეს კონსტანტინე (ჯუგუ), გელა, სიძეები: კონსტანტინე შერვაშიძე და გაგი ძიძავა. მათი ხვედრი გაიზიარეს მეუღლეებმაც... გამზრდელებში დაიფანტნენ შვილიშვილები, რომლებსაც სწავლის უფლებასაც კი არ აძლევდნენ... სიდუხჭირემ და ავბედობამ ოთხი მათგანის სიცოცხლე შეიწირა...

მსგავსი ამბები ხდებოდა მთელ სანათესაოში. მამაკაცთაგან ვინც 1924 წლის სისხლიან კალოს გადაურჩა, შემდგომი ათწლეული ვეღარ გადალახა...

როდესაც სქემიღუმენია ელეონორას შვილიშვილები გამოვლილ განსაცდელს იგონებდნენ, განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ, რომ არასოდეს უნახავთ წონასწორობიდან გამოსული დიდი ბებია, რომელიც მუდამ ღვთისა და მოყვასის სიყვარულსა და სათნოებაზე ესაუბრებოდათ...

ჩემს არქივში ვინახავ იმდროინდელი ავბედითობის დამადასტურებელ ერთ წერილს, რომელსაც ქუთაისში პატიმარ ვაჟს, ჯუგუ დადიანს სწერს დედა ელეონორა.

"დამტირებელო შვილო ჯუგუ!

შენს სახელს ენაცვალა დედაშენი. მივიღე შენი წერილი, რომელმაც გამახარა, მარა პაუსიას (ჯუგუს მეუღლე) გულის ტკივილები აქვს და ნუ აწუხებ მას... არ ვიცი, რა ჩემი სიკვდილია მისი ასე ავადმყოფობა, ასეთი გაგრძელებული ავად ყოფნა. ერთ ოჯახს არჩენდა მისი შრომით, მარა მიბრძანა უფალმა ჭირის მოთმენა. მართალია, ახლა ასე არის, მაგრამ ღვთისმშობელი მომირჩენს მის თავს. მხოლოდ, რასაკვირველია, ჩვენ გვეჩქარება მისი კარგად ყოფნა, რაკი ყოველივე ჩვენი გაჭირვება მას უყურებს. ღმერთი არას გაუჭირვებს, მის თავს მაჩუქებს ჩემი მოწყალე მაცხოვარი, დაენაცვლა ჩემი თავი.

ჩვენ ახლა ვერ მოგაკითხეთ. ხომ იცი, დიდის მიმდევარმა ცოტა ვერ შეძლოო, ისე დაგვემართა. ჩვილის ბრალია. რაც სენაკში ჩამოიყვანეს, სულ ავად არის და მისი სიყვარულით პაუსიაც დარჩა წამოუსვლელი. შეწუხებული ვარ, იცოდე, მარა აწი მალე წამოვლენ ბავშვებიანად, გენაცვალე.

ჯუგუ, ახლა ზუგდიდს წასვლის შესახებ. მარტოკა მე წამოვედი ქუთაისიდან კვირა ღამეს. ოთხშაბათს სადგურში ჩამოვედი ზუგდიდს წასასვლელად. იქ დამხვდნენ ჩვენები და დამაბრუნეს, არ მირჩიეს წასვლა. სამი დღის შემდეგ ჩეკაში დამიბარეს, დიდი პასუხი მომთხოვეს. შინსახკომელმა - პრაპავედნიკი ხარო და პროვოკატორიო. მე გავჩუმდი, მერე ვკითხე, - რომელ ნაწილს მიეკუთვნება ეს სახელი, გამაგებინეთ-მეთქი. რომელს და - ჩვენს საწინააღმდეგოსო. მერე დიდი ვიბრძოლე, ასე რომ, ათი საათიდან დაწყებული მესამე საათამდინ ვიბრძოდი. მოვიკითხე მოღვაწე პირი. მანაც ზოგი რამ შემეკითხა. მე ისეთი სიტყვებით მივუგე, რომ თვითონვე შეჩერდა და რატომღაც სიცილი დაიწყო. ასე გადავრჩი. მერე მეც გავჩუმდი, რადგან ბევრი ხალხი დაიჭირეს, ამის გამო ვერ წავედი, ჩვენებმაც არ მირჩიეს. ახლა ცოტა სიწყნარეა, წავალ უსათუოდ. ამ წერილის წაკითხვა თუ გაახერხე, კარგი იქნება, მარა არ ვიცი... მრავალს იწერები, წამომსვლელი ვერ ვიშოვნე და ყველაფერს ერთად ჩვენები წამოიღებენ. გენაცვალა დედაშენი შენი ცოლშვილიანად, შვილო. საჩვენიანოსი არ ვიცი რა და ვიშიშვი.

ჩემი ნაწერი არ წაიკითხება, მარა რა ვქნა, მარტო დავრჩი და დამწერი ვერ ვიშოვე... დაგენაცვლოს დედაშენი ციცუ.

ნუ გეშინია, ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი კარგად იქნება".

საკმარისია, გონებით მიმოვიხილოთ 1924 წლის აგვისტოს აჯანყებისშემდგომი დაბა სენაკის რეალობა და თვალწინ დაგვიდგება უღმერთო ხელისუფლების მიერ მდინარე ცივისა და ტეხურის პირას ასობით დახვრეტილი, ათასობით დაპატიმრებული ადამიანი და მათი რეპრესირებული ოჯახები.


როგორც წერილიდან ჩანს, ჯუგუს დედისთვის უთხოვია, ზუგდიდს წასულიყო (იმჟამად იქ ჩეკას მისი ძიძიშვილი, ლადი როგავა თავკაცობდა და ალბათ მისი შუამდგომლობისა ეიმედებოდა).

როგორც თავად წერს, დილის ათიდან სამ საათამდე იბრძოლა დედა ელეონორამ ჩეკაში... წარმოიდგინეთ, სიდარბაისლით და ღირსებით სავსე სქემიღუმენიას რა დღეში ჩააგდებდა ის უვიცი შინსახკომელი, ხეირიანადაც რომ ვერ მეტყველებდა... რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ აზრი ვერ გამოიტანა, რაში ადანაშაულებდნენ... როგორც ჩანს, იმდენად აბსურდული იყო იღუმენიასადმი წარდგენილი ბრალდებანი, რომ სიცილით გადაბჟირებულ "მოღვაწეს" უმალ გაუთავისუფლებია.

ბედად, ჯუგუ დადიანი მაშინ დახვრეტას გადაურჩა, მაგრამ შემდგომში არაერთგზის დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1943 წელს აქტიუბინსკის ციხეში გარდაიცვალა. უბედო აღმოჩნდა წერილში ნახსენები ნაბოლარაც.

- ბატონო პაატა, რამდენადაც ვიცი, სქემიღუმენია ელეონორა 1918-1933 წლებში, სიცოცხლის ბოლომდე წინამძღვრობდა თეკლათის დედათა მონასტერს. მაშინ მონასტრის წინამძღვრობა კი არა, ღვთის სახელის ხსენებაც ხშირად სასიკვდილო განაჩენი იყო... ამდენად, მისი ცხოვრების ყოველი დეტალი საგულისხმოა. რა არის ცნობილი მისი ბიოგრაფიიდან?

- დედა ელეონორა (ერში ციცუ, ნათლობის სახელით ოლღა) დადიანი (1865-1933) ნოქალაქევში დამკვიდრებულ დადიანთა საგვარეულოს იმ შტოს ეკუთვნოდა, სათავეს სამეგრელოს მთავრის, ბეჟან დადიანის ძმის, მანუჩარ ბატონიშვილის შთამომავლობიდან რომ იღებდა.

მე-19 საუკუნის დასასრულისთვის ამ ოჯახს ბატონიშვილობა უკვე აღარ ჰქონდა პატივად და გაღარიბებულ თავადთა წრეს ეკუთვნოდა. ობლობაში დაიზარდნენ ოლღა და მისი და-ძმა - მალაქია (გუჯუ), პეტრე, მიხეილი, ნინო და პელაგია (პაშა).

მაღალი, ცისფერთვალება, სევდიანი, სათნოებისა და სიკეთის განსახიერება, ადრე გაჭაღარავებული, ჩუმი და აუღელვებელი, მტკიცე და ჭირთამთმენი, ბოლომდე წელგამართული - ასეთი ახსოვთ ციცუ ბები, "ბებული-ბაბული" შვილიშვილებს...

სათნოებითა და სილამაზით განთქმული ციცუ გამორჩევით ჰყვარებია მის აღმზრდელ ბიძას, ელიზბარ დადიანს. სწორედ მის ოჯახში გაიცნო იგი სამეგრელოს მთავრის ძმისწულმა, გრიგოლ ბატონიშვილმა, რომელსაც თავდავიწყებით შეუყვარდა პირმშვენიერი ოლღა. რაინდულ ტრადიციებზე აღზრდილმა დიდგვაროვანმა სასიძომ შეძლო, მოეხიბლა ქალიშვილი და რამდენიმედღიანი სტუმრობის შემდგომ მისი თანხმობაც მიიღო...

სამთავრო სახლის უფროსი თაობის უკმაყოფილების (განსაკუთრებით გრიგოლის დედის, მაია დადიანის წინააღმდეგობის) მიუხედავად, გრიშამ მაინც მიიღო მისი ლოცვა-კურთხევა და ჯვარიც დაიწერა.

მაია ბატონიშვილმა, მართალია, უფროს ვაჟს უმამობა არ აგრძნობინა და საკადრისი ქორწილიც გადაუხადა, მაგრამ ურჩობისთვის მაინც დასაჯა და ცალკე, მისთვის განკუთვნილ ხორშის მამულში, საგამზრდელოში, თავად ჩიჩუათა სამოსახლოს ახლოს დაუდო ბინა.

გრიშას დედა ოჯახის შექმნამდეც განაწყენებული ჰყავდა, რადგან მამისა და უმცროსი ძმისგან განსხვავებით, გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელებაზე უარი თქვა და არც სამხედრო სამსახურში ისურვა ყოფნა.

თავისუფალი კაცი გახლდათ, მოსწონდა ყველაფერი ტრადიციული და მამაპაპური, ღირსებით ატარებდა მთავრის შვილიშვილობის პატივს... ლხინი, მუნასიბი, პოეტური გაბაასება მისთვის უცხო არ გახლდათ. ბოჰემურ ცხოვრებას აყოლილი არაერთგზის გაკიცხა დედამ, მაგრამ შვილი იმპერატორის ოფიციალურ სამსახურში ჩადგომაზე ვერაფრით დაითანხმა...

უფროს ბიძაშვილთან, ნიკო მინგრელსკისთან ერთად გრიშამაც გარკვეული წვლილი შეიტანა მთავრობის რუსიფიკატორული განზრახვის - სამეგრელოს სამრევლო სკოლებში ქართულის ნაცვლად მეგრულის შემოღების ჩაშლაში.

ის არ ესწრაფოდა უმაღლეს ოფიციალურ წრეებთან ურთიერთობას და ამრეზით უყურებდა იმ "სიკეთეებს", რუსეთის ტახტის სამსახური რომ სთავაზობდა.

ზნემაღალ და სხვა უამრავ ღირსებათა მქონე გრიშა დადიანს საზოგადოება ემადლიერებოდა და გლეხობასაც უყვარდა.

ხორშის სასახლე იმდროინდელი სამეგრელოს ერთგვარ კულტურულ ცენტრად იქცა. იქ დასახლების დღიდან ბებიამ სულიერ მოძღვრად მღვდელი ხარიტონ ძიძავა აირჩია, შემდეგ კი - აწ წმინდანად შერაცხული ალექსი შუშანია. გრიშა ბატონიშვილის სულიერი მოძღვარიც წმინდა ალექსი ყოფილა.

თურმე იმდენად აღმერთებდა გრიშა ბატონიშვილი მეუღლეს, რომ თუ ქალბატონი ლოცვად იდგა, რაგინდ ნაღვინევი ყოფილიყო, ფეხს არ შედგამდა საწოლ ოთახში. ხან კი ხუმრობანარევი ღიმილით იტყოდა: - ციცუს ოჯახში მხოლოდ ჩემი სიცოცხლე აჩერებს, თორემ როგორც კი მოვკვდები, იმ დღესვე მონაზვნად აღიკვეცებაო...

1913 წელს 47 წლის საღ-სალამათი გრიგოლ დადიანი უეცრად გარდაიცვალა... გლოვის შემდეგ ბებია თეკლათის მონასტერში ელეონორას სახელით აღიკვეცა მონაზვნად.

1917 წელს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, აწ წმინდანად შერაცხულმა ამბროსი ხელაიამ კი, თეკლათელი დედების თხოვნით, იღუმენიად დედა ელეონორა დაადგინა, რომელმაც ჯერ არ იცოდა, რომ შუათანა ვაჟი, ალექსანდრე, მოსკოვის კადეტთა კორპუსის სტუდენტი, გასაბჭოებამ შეიწირა...

უბედურება თითქოს ფეხდაფეხ დაჰყვებოდა დედა ელეონორას, მაგრამ ავბედით ამბებს, როგორც არაერთგზის მსმენია, უდიდესი სულიერი სიმშვიდით ხვდებოდა და ღვთისადმი მადლობის გარდა არაფერი წამოსცდენია...

ქალბატონმა ბაბო დადიანმა მიამბო: - "არაერთხელ შევხვედრივარ სქემიღუმენია ელეონორას. თუ თბილისში ჩამობრძანდებოდა, სიონში წირვა-ლოცვას არ დააკლდებოდა. ღვთისმშობლის ხატთან უყვარდა დგომა. სიტყვა არ მყოფნის ცრემლმდინარე მლოცველის სულიერი თუ ხორციელი სილამაზის აღსაწერად. ოციან წლებში ტაძარში წირვაზე მხოლოდ სარწმუნოებისთვის თავდადებულნი თუ დავდიოდით, ყველგან ჩეკას მეთვალყურეები იდგნენ, შიშით დაზაფრული ხალხი ეკლესიას ვერ ეკარებოდა. წარმოიდგინე, უწმინდესი ამბროსი, უკვე ავადმყოფი, დაუძლურებული, მაგრამ რწმენით ძალამიცემული, ან ჩემთვის განსაკუთრებულად მოსაგონარი კალისტრატე ცინცაძე, მაშინ მიტროპოლიტი, როგორი გრძნობით და სულიერი აღმაფრენით აღავლენდნენ ღვთის სადიდებელს და... ამ დროს საკათედრო ტაძარში კანტიკუნტად მდგარი მრევლი...

წუთისოფლის გაუტანლობით გულნატკენი, მაგრამ საოცრად მშვიდი იღუმენია მორჩილად მოელოდა ამ ქვეყნიდან განსვლის ჟამს, მხოლოდ სახეზე მომრავლებული ნაოჭები და თვალთა უძირო სევდა თუ მიგანიშნებდა ნეტარხსენებულის გულის ღადარზე".

თამარ დადიანი-კეშელავა კი ასე იგონებდა: - "ჯერ კიდევ ბავშვი ბედნიერი მივყვებოდი ბებიას სიონში, როდესაც ის პატიმრობიდან გათავისუფლებულ კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ეახლა. მე მათ საუბარს ვინ დამასწრებდა და ამაზე ვერც ვერაფერს გიამბობ, მაგრამ დღესაც თვალწინ მიდგას მისი საოცრად შთამაგონებელი და, ამავე დროს, ნამტირალევი სახე, უწმინდესის ოთახიდან რომ გამოვიდა...
eklesiis istoria- teklatis monasteri
                                                                             თეკლათის დედათა მონასტერი

მოვდიოდით და მთელი ქუჩა ჩვენ შემოგვყურებდა. საწინამძღვრო ჯვრით დამშვენებულს, ხელში კვერთხით, მდუმარედ მომავალს, უნებურად გზას უთმობდნენ შემხვედრნი და სულისა და გარეგნული მშვენებით შემკულს აღფრთოვანებულნი მოადევნებდნენ თვალს...

ბებია გრძნობდა ამ ჩუმ თაყვანისცემას და შინაგანად შეწუხებული, ფეხაჩქარებით ცდილობდა განრიდებოდა ქუჩის ორომტრიალს".

მოგეხსენებათ, რა დროც იდგა 20-იან წლებში საქართველოში. თითქოს ამ ტრაგიკული ამბების თანაზიარად წარიმართა დედა ელეონორას ცხოვრებაც. ორი ეპოქის დაუნდობელი შეჭიდების ჟამს ეკლესია-მონასტრების არნახული რბევა-აწიოკების, სასულიერო პირთა სასტიკი დევნის და ახლობელთა საშინელი ხვედრის უშუალო მომსწრე და მხილველი შეიქმნა სულკურთხეული.

დევნას და დარბევას, რაღა თქმა უნდა, ვერც თეკლათის მონასტერი გადაურჩა. შეუძლებელია სრულად აღწერო, რაც იმ წლებში ცოდვის მორევში ჩათრეულმა მოთარეშეებმა ჩაიდინეს. 20-იანი წლები ყველაზე ტრაგიკული დროა მონასტრის ისტორიაში. ათასგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად, წინამძღვარი ჩვეული სულიერი სიმშვიდით განკარგავდა მონასტრის სარწმუნოებრივ, სამეურნეო თუ ზნეობრივ განაწესს. უკიდურესი განსაცდელის წინაშე მდგომი სქემიღუმენია ელეონორა პირადი მაგალითით ამხნევებდა დედათა კრებულს.

სიდუხჭირეში მცხოვრები დასი კვლავინდებურად სიკეთესა და სათნოებას ქადაგებდა, მონაზვნები ქრისტესმიერი სიყვარულით განიკითხავდნენ ქვრივ-ობოლთ, ნუგეშს სცემდნენ სნეულთ და ეხმარებოდნენ შეჭირვებულთ.

თბილისში, საპატრიარქოში, ლოცვა-კურთხევის მისაღებად არაერთგზის ჩამოსული დედა იღუმენია საქართველოს ეკლესიის მამამთავართ, ამბროსისა თუ კალისტრატეს დაწვრილებით უამბობდა წინააღმდეგობებზე და დარიგებამიღებული მომეტებული ძალისხმევით განაგრძობდა ტიპიკონის აღსრულებას...

იცით, როგორ მიიცვალა ამ დიდი დასის უკანასკნელი მონაზონი, მარიამ გიგინეიშვილი? მას ჭიჭე (პატარა) მარიამს ეძახდნენ და თეკლათის მონასტრის მედავითნე გახლდათ... თეკლათის მონასტრის არქიმანდრიტი კონსტანტინე ქვარაია წირვას აღავლენდა (თუ ვინმეს გაგაჩნიათ რაიმე ცნობა ან დოკუმენტური მასალა მამა კონსტანტინეს შესახებ, უმორჩილესად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ. წინასწარ გიხდით მადლობას, - ავტ.). უეცრად მეფსალმუნე დედა მარიამი დადუმებულა... არც მამა კონსტანტინეს სიტყვას გამოპასუხებია, მხოლოდ მდუმარედ იდგა. მამა კონსტანტინე იძულებული გამხდარა, წირვა დროებით შეეწყვიტა. მიახლებია და ხელი შეუხია. დედა მარიამი, რომელიც ფეხზე მდგომი მიცვლილა, ჩაკეცილა... როგორც ჩანს, ასეთ მდგომარეობაში არცთუ მცირე ხანს იყო...

კიდევ ერთ ძალზე ამაღელვებელ მოგონებას გავიხსენებ იღუმენია ელეონორაზე, რომელიც დეიდაჩემს, კიკი ძიძავას ეკუთვნის: - "ეკლესიასთან დაგვხვდნენ მონაზვნები, მიგვიყვანეს საფლავებთან... ამ დროს გამოჩნდა მთავარ ბილიკთან საყდრისკენ მომავალი სულგანაბული ბებია ციცუ - ღმერთქალივით წინ ხელგაშლილი... მონაზვნებმა - მიეგებეთო. მივეგებეთ. მოგვეხვია, თავის ქოხში წაგვიყვანა. თვითონ დაბალ სკამზე, ბუხართან ჩამოჯდა. მოპირდაპირე კუთხეში ტკბილეულით გაწყობილი მრგვალი მაგიდა იდგა. ღმერთი გამიწყრა და ხელი ვერაფერს ვახლე. ასევე ჩემმა დამ, თამარმაც... ბებია კი ცრემლად იღვრებოდა. ეს ჩემი პირველი შეცოდება იყო ღვთისა და ამ ყოვლადსათნო ადამიანის, ციცუ ბებიას წინაშე. ეს იყო აგრეთვე პირველი და უკანასკნელი შეხვედრა ნეტარხსენებულთან".

ვეღარ გაუძლო ამდენ გასაჭირს, ფიზიკურად დაძაბუნდა და გატყდა... 1933 წლის შემოდგომაზე უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, ხორშში მეუღლის, უფროსი ვაჟის და შვილიშვილების საფლავები მოილოცა და რძლის ხელში დალია სული...

თეკლათის მონასტრის ტერიტორიაზე არსებული მებოცვრეობის მეურნეობის იმდროინდელ უფროსს, წარმოშობით ებრაელს, გვარად შვარცს, ხელისუფლებამ მკაცრად აუკრძალა ჭიშკრის გადაღმა გარდაცვლილი მონაზვნის დასაფლავებაზე ნებართვის გაცემა, მაგრამ ამ პატიოსანმა კაცმა დიპლომატიურად ორი დღით დატოვა იქაურობა და მონასტრის დასსა და ნათესავებს საშუალება მისცა, მონასტრის წიაღში დაეკრძალათ დიდი ქალბატონი...

P.S. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ნებისმიერი სახის მასალა სარწმუნოებისთვის წამებულ და ღვაწლმოსილ ადამიანებზე. საკონტაქტო ტელეფონებია: 899-93-48-40; 899-54-82-29

წინასწარ გიხდით მადლობას.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.