USD 2.6047
EUR 2.9576
RUB 3.1039
Tbilisi
მიტროპოლიტი ანანია - ეკლესიის როლი თანამედროვე საქართველოს გეოპოლიტიკურ რეალობაში
Date:  1439

 

წაკითხულ იქნა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში კონფერენციაზე. 18 მაისი, 2002 წელი.

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ,

ბატონებო და ქალბატონებო,

საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა XX საუკუნის უდიდესი მონაპოვარია, რისთვისაც ასწლეულთა მანძილზე იღვწოდნენ და ლოცულობდნენ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა მამები. ჯერ კიდევ 1917 წელს, ავტოკეფალიის აღდგენის თანავე უწმიდესმა და უნეტარესმა კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ II-მ, ქართველ ხალხსა და მთელ მსოფლიოს მიმართა გუჯარით, რომელშიც ჩამოაყალიბა ის საზრუნავი, რომელიც ეკლესიას ეკისრებოდა ახალ რეალობაში: “ეკლესია უნდა ემსახუროს ეროვნულ იდეას, მედგრად შეახსენოს კაცობრიობას სახელი ქართველი ერისა, ხელი შეუწყოს ქართველი ერის განმტკიცებასა და გაერთიანებას, რათა კაცობრიობის ფერხულში ქართველმა ერმა ჰპოვოს შესაფერი და დამსახურებული ადგილი” (“ჯვარი ვაზისა” 1987, #1, გვ.10).

ჩვენი დღევანდელი თემა “ეკლესიის როლი თანამედროვე საქართველოს გეოპოლიტიკურ რეალობაში” ეხმიანება კირიონის ფრაზას: – “ეკლესიამ უნდა იზრუნოს, რათა ქართველმა ერმა კაცობრიობის ფერხულში ჰპოვოს შესაფერი და დამსახურებული ადგილი”.

ისტორიულად, ათასწლეულთა მანძილზე საქართველო იმყოფებოდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს, აზიასა და ევროპას შორის, არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ კულტურულ-მსოფლმხედველობითი თვალსაზრისითაც და ის მიჯნავდა ორ მსოფლიო ცივილიზაციას, ქრისტეშობამდე ბერძნულ-რომაულსა და აღმოსავლურს, ხოლო ქრისტეს შობის შემდეგ ქრისტიანულსა და მუსლიმანურს (ისლამურს) ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ისტორიკოსები საქართველოში გამავალ მდინარე რიონს მიიჩნევდნენ მიჯნად ევროპასა და აზიას შორის, შემდგომში როდესაც ქრისტიანობის საკაცობრიო იდეები და სარწმუნოება გავრცელდა მსოფლიოში-ქართველმა ხალხმა ორ უდიდეს ორიენტირს შორის უპირატესი ღირსება მიანიჭა დასავლეთის ცივილიზაციას, რადგანაც ძველ ქართველთათვის დასავლეთის პირველსახეს წარმოადგენდა ბიზანტიის ბრწყინვალე იმპერია, ჩვენი თანამორწმუნე, უზარმაზარი მართლმადიდებლური სამყარო, ბურჯი იმჟამინდელი ევროპული ცივილიზაციისა და მსოფლიო კულტურის უდიდესი შემოქმედი, ხოლო აღმოსავლეთი წარმოადგენდა საქართველოს მიმართ არა მხოლოდ მტრულად განწყობილ სამყაროს, არამედ იმ სახელმწიფოებს, რომელნიც თითქმის შეუსვენებლად ათასწლეულთა მანძილზე აგრესიულ ომებს აწარმოებდნენ ქართველი ხალხის ქრისტიანული სარწმუნოებისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ცხადია ასეთ დროს ქართველი ხალხის მუდმივი ორიენტირი იყო ბიზანტია, ევროპა, იდეა კი ევროპეიზმი. უფრო მეტიც ქართველ ხალხს თავისი სახელმწიფო და ეროვნული ცივილიზაცია მიაჩნდა განუყოფელ ნაწილად ევროპული ცივილიზაციისა.

ერის სულიერ მესაჭეს საქართველოს ეკლესიას, იმთავითვე ჰქონდა განსაზღვრული ეკლესიის როლი – ეს იყო მუდმივი გეზი ქრისტიანული მსოფლიოსკენ. ამ მიმართულებას საფუძველი დაუდო მოციქულთასწორმა, ქართველთა განმანათლებელმა წმიდა ნინომ და ასევე მოციქულთასწორმა მეფე მირიანმა, წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალმა, სხვა საეკლესიო სახელმწიფო მოღვაწეებმა. ქართული მატეანეების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მეფე მირიანი აღზრდილი იყო აღმოსავლური ტრადიციებით, მან საღმრთო ნებით უყოყმანოდ დაუჭირა მხარი ქრისტიანულ სარწმუნოებას, რაც ახარა კიდეც იმჟამინდელი რომის სახელოვან იმპერატორს, მოციქულთასწორ წმიდა მეფე კონსტანტინეს ბერძენი მემატეანეებიც შენიშნავენ, რომ იმპერატორი გაახარა აღმოსავლეთში ახალი ქრისტიანი, მაშასადამე მისი ერთგული ხალხის შემომატებამ. მსგავსადვე მეფე ვახტანგ გორგასლმა ანდერძით ამცნო მომავალ თაობებს – “გამცნებ თქვენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდეგთ… და სიყვარულსა ბერძენთასა ნუ დაუტეობთ” (ქ.ც. I გვ.203).

ეს იყო ევროპეიზმის ქრისტიანული მსოფლიოსაკენ მუდმივი ორიენტაციის იდეა. სისხლის დათხევით იცავდა კიდეც ქართველი ერი ამ ანდერძს და მზადაა კვლავ დაიცვას იგი.

ყოველივე ამის შეხსენება საჭიროდ მივიჩნიეთ იმ ფაქტის გამო, რომ როგორც ცნობილია, ამჟამად საქართველოში, ისევე როგორც მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში მოქმედებენ გავლენიანი სარწმუნოებრივი ჯგუფები, რომელნიც სასტიკად გმობენ დასავლეთს, დასავლურ ცივილიზაციას. უფრო მეტიც, მიაწერენ მას სატანურ ძალმოსილებას. ესაა რეალობა, რომელიც დატოვა ათეისტურმა სახელმწიფოებრივმა რეჟიმმა. ასეთი დამოკიდებულებით შეფასებას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ამკვიდრებდა ბოლშევიკურ-კომუნისტური სამყარო. საბჭოთა იდეოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი იყო დასავლეთის კულტურის, ცივილიზაციის, მიღწევებისა და ცხოვრების წესის გმობა. ყოველი ოჯახი და პირი ვალდებული იყო შეესწავლა ეს იდეოლოგია, მაგალითად მე მახსოვს, რომ გასული საუკუნის 50-იან წლებში, დედაჩემი, უბრალო მშრომელი ქალი ვალდებული იყო სქელტანიან რვეულებში დაეკონსპექტებინა დასავლეთის საგმობი საბჭოთა პროპაგანდისტული თეზისები და შემდეგ ჩაებარებინა თავისი სამსახურის ადგილზე ერთ-ერთი ხელმძღვანელისთვის, ხოლო ჩემი IV კლასის მათემატიკის მასწავლებელი სიამაყით გვიმტკიცებდა, რომ მალე საბჭოთა თვითმფრინავები დაფარავდნენ ევროპისა და ამერიკის ცას. ასეთი წარსულის შემდეგ არაა საკვირველი, როცა ამჟამად საბჭოთა სისტემის ნგრევის მიუხედავად ზოგიერთი ძლიერი ჯგუფი, მათ შორის სარწმუნოებრივიც, თითქმის იმავეს ამტკიცებს – ე.ი. გმობს დასავლეთს, მიაწერს მას სატანურ თვისებებს, კვლავ სურთ დასავლეთი წარმოისახონ საფრთხობელად, მტრულ ძალად პატიოსანი ადამიანების წინაშე.

ასეთი ჯგუფები, როგორც მონაცემებიდან ჩანს, თავიანთ იდეოლოგიას ახვევენ რელიგიურ საბურველში, სამწუხაროდ ახასიათებთ რელიგიური ექსტრემიზმი, სწრაფვა ადამიანთა უფლებების არცნობისა, მათ მიერ გამოყენებული ლიტერატურა წამქეზებლურია, ხელს არ უწყობს ჰარმონიული საზოგადოების ჩამოყალიბებას, ქრისტიანული კაცთმოყვარეობის იდეის გავრცელებას, თავიანთი დაჯგუფების გარეთ მყოფ ადამიანებს განიხილავენ ე.წ. მასონებად, ეშმაკის მოციქულებად და სხვა.

მეორე მხრივ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოში ბოლო დროს მოქმედი, ძირითადად, სწორედ დასავლეთიდან შემოსული რელიგიური ჯგუფები, მართლაც ძირს უთხრიან ეროვნულ ანუ ქრისტიანულ სარწმუნოებას, აკნინებენ ქართველთა ეროვნულ თვითშემეცნებას, ებრძვიან მართლმადიდებელ ეკლესიას. ერთი ასეთია იეღოველთა სექტა, უცხოეთიდან ისე დაფინანსებული, რომ შეძლეს თავიანთი სარწმუნოების ქადაგება საქართველოს ყველა რაიონში, ქალაქებსა და სოფლებში, ოჯახებში კი ავრცელებენ უფასო ლიტერატურას. რით არის საშიში ეს სექტა საქართველოს საზოგადოებისთვის და საერთოდ სახელმწიფოსთვის? უპირველესად იმით, რომ ძირს უთხრიან ქრისტიანულ სარწმუნოებას!

მხოლოდ ეს მომენტიც კი საკმარისია ეროვნული ცნობიერების დასასუსტებლად. საქმე ისაა, რომ მას შემდეგ რაც საქართველოში იქადაგეს იესო ქრისტეს მოწაფეებმა და მოციქულებმა ქართველმა ხალხმა გაითავისა ქრისტიანული სარწმუნოება, დაამყარა მასზე თავისი ყოველი ტრადიცია, ზნე-ჩვეულება, ადათი, ქცევა და იმდენად შეიტკბო მან ქრისტიანობა, რომ იგი გადაიქცა ეროვნული ცნობიერების არა თუ უმთავრეს ელემენტად, არამედ ფუძე-საყრდენად. საუკუნეთა მანძილზე სიტყვები “ქრისტიანობა” და “ქართველობა” სინონიმები იყვნენ. ისტორიულად მტკიცედ დადასტურებული ფაქტია, რომ ერთის უარყოფა იწვევდა მეორის უარყოფას და პირიქით, ქრისტიანობის დაცვა ქართველობის დაცვას გულისხმობდა. ისტორიულად ქართული ეკლესიის, ქრისტიანობის წიაღში ჩამოყალიბდა ეროვნული თვისებების ნიშნები – სახელოვანი ძველი ქართული ზნეობა, ურთიერთ გატანა, ურთიერთ პატივისცემა, კულტურა, ფერწერა, არქიტექტურა და თვით ბრწყინვალე ქართული ლიტერატურა.

ასეთი ვითარების დროს ქრისტიანობის უარყოფა, რაც საფუძველია იეღოვური სარწმუნოებისა, ანგრევს ქართველი ადამიანის ფსიქიკას, აუცხოვებს იეღოველის ცნობიერებას ეროვნული ცნობიერებისაგან. სამაგალითოდ ჩვენ შეიძლება მოვიყვანოთ ასეთი ფაქტი – ამჟამად ეროვნულ წეს-ჩვეულებებს ეფუძვნება ტრადიციული ქორწილი, ნიშნობა, ნათლობა, დაკრძალვის წესი, მიცვალებულის ხსოვნის პატივისცემა, შობა, აღდგომა, რაც არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ ჩვევითი-საოჯახო ყოფის ელემენტებია. ქრისტეს ღვთაებრიობის უარყოფით იეღოვური სარწმუნოების მიღების შემდეგ, ყოველივე ამ ტრადიციულ წეს-ჩვეულებას საფუძველი ეცლება და ნიველირდება ქაოსად. სხვათაშორის კონმუნისტური იდეოლოგიაც გამძაფრებით ებრძოდა ეროვნულ წეს-ჩვეულებებს და “მავნე ტრადიციებს” უწოდებდა მას. ახლა უკვე იმავეს ასრულებს იეღოვური ჯგუფები. ეროვნული კულტურისა და ტრადიციების მიმართ გაუცხოვებული ადამიანი ნიჰილისტურად განეწყობა ყოველივე ეროვნულის მიმართ, ეს კი ძალზე სახიფათო მომენტია ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოსთვის, რომლის სიმტკიცეც პატრიოტიზმს უნდა ეფუძვნებოდეს. იეღოველები გმობენ ეროვნულობას, პატრიოტიზმს, სახელმწიფოებრიობას, ამიტომაც არ სურთ სახელმწიფოს დაცვა, ჯარში არ მიდიან, ასევე არ სურთ საზოგადოების, სამშობლოს, ერის დაცვა, პირიქით. ამასთანავე ახასიათებთ უკიდურესი ექსტრემიზმი, კარჩაკეტილობა, ფანატიზმი, იმდენად რომ ხელმძღვანელების მიერ წაქეზებული ზოგიერთი ჯგუფი სიმაღლეებიდანაც კი გადმოხტნენ და ამით სასიკვდილოდ გაიმეტეს თანამორწმუნეები, კრძალავენ სისხლის გადასხმას და ასევე სასიკვდილოდ იმეტებენ ადამიანებს.

ამ ფანატიზმის შედეგად ირყევა ქართველობა, რადგანაც მოედნენ ქვეყნის კუთხეებს, ირყევა ქართველთა ქრისტიანობა, საზოგადოება ხდება არამდგრადი და უფრო მეტი, მათი ქმედება მიმართულია ტრადიციული საზოგადოების დაშლისკენ. უბრალო ხალხში, სამართლიანად მიიჩნევა, რომ ეს ანტიეროვნული სარწმუნოება შემოვიდა დასავლეთიდან და დასავლეთივე აფინანსებს ამ ანტიეროვნულ ჯგუფებს, ამიტომაც დასავლეთიც, ზოგიერთი პატიოსანი ადამიანის თვალში წარმოდგება ვითარცა საშიში ცივილიზაცია. აქ უფრო მეტად ადგილი აქვს გაუგებრობას, მაგრამ საზოგადოებას უნდა შეეძლოს თავის ფასეულობათა დაცვა.

შეუძლია თუ არა საქართველოს ეკლესიას შეასრულოს უფრო აქტიური როლი ამ საქმეში? ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ათეისტური რეჟიმის დროს განსაკუთრებულად იდევნებოდა, ის მივიდა თითქმის გაქრობის პირამდე XX ს. 70-იან წლებში. არსად მთელ საბჭოთა კავშირში ეკლესიას ისე არ დევნიდნენ, როგორც საქართველოში. ეს ფრაზა სასამართლო პროცესზე განაცხადა კათალიკოს პატრიარქმა წმიდა ამბროსი ხელაიამ. უფრო ადრე XIX საუკუნეში საქართველოს ეკლესიას ებრძოდა რუსეთის იმპერიული ძალები. მათ შეძლეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება, მაშასადამე მან დაკარგა საეკლესიო თავისთავადობა, ამასთანავე, რუსეთის სახელმწიფო ხაზინამ მიისაკუთრა ქართული ეკლესიის მრავალასეულ მილიონიანი, საუკუნეთა მანძილზე დაგროვილი ქონება, ამასთანავე ნახევარი მილიონი ჰექტარი საეკლესიო მიწა-წყალიც ჩამოართვეს. ორასი წლის მანძილზე ქართული ეკლესიის ნგრევის  შემდეგ, ამჟამად ათეისტური რეჟიმიდან გათავისუფლებული საქართველოს ეკლესია ცხადია ეკონომიკურად უკიდურესად არის დასუსტებული. ამის გამო უცხოეთის დიდი ეკლესიებისა და საზოგადოებების მიერ დაფინანსებული სექტები ბედავენ და ცდილობენ ჩაენაცვლონ ქართულ ეკლესიას, მათ სურთ ის ადგილი დაიჭირონ საზოგადოებაში, რაც ტრადიციული იყო ათასწლეულთა მანძილზე ქართული ეკლესიისთვის. მათგან ზოგიერთი ჯგუფი თავის თავს “ჭეშმარიტ მართლმადიდებლებად” მიიჩნევს თუმცა კი უცხოეთიდან არიან დაფინანსებულნი. მსგავსი და სხვა უცხოეთიდან დაფინანსებული ჯგუფები საქართველოში ყალიბდებიან ეკლესიებად, ჰქადაგებენ მართლმადიდებელთა შორის, პროზელი-ტიზმის გზით თავისკენ იბირებენ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ ნაწილს. თანაც აცხადებენ თითქოს ეს ხალხი არ არის რელიგიური და მათ თითქოს  ე.წ. “ნულოვანი წერტილიდან” რელიგიისაგან გაუცხოებულ ადამიანებს შეასწავლეს სარწმუნოება. უნდა ითქვას, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ბავშვობაშივე მონათლულ ამ ადამიანებს, რომელნიც შესაძლოა ვერ ერკვეოდეს ლიტურგიკულ წესებში, მაგრამ საოჯახო და საზოგადოებრივი ცხოვრება მთლიანად მართლმადიდებლური ტრადიციებით აქვს განმტკიცებული და ჩვენი ეკლესიის მრევლია უწყვეტად ათასწლეულთა მანძილზე  არ შეიძლება ვუწოდოთ “რელიგიისგან თვისუფალი” ადამიანი და ცხადია მათი გამოყვანა ქართული ეკლესიის წიაღიდან პროზელიტიზმია აღნიშნული სექტების თუ უცხო ეკლესიების მხრიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო კვლავ დილემის წინ დგას ჩვენი საზოგადოება, ისმება კითხვა რამდენად სანდოა დასავლეთი, რომელიც ხალხის ცნობიერებაში მოიაზრება ვითარცა არამართლმადიდებელი და ამდენად უცხო ცივილიზაცია? – ესაა კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს.

მე ვფიქრობ, რომ უნდა გავყვეთ წინაპართა გზას, იმ ორიენტირს, რომელიც გაგვიკაფა წმიდა ნინომ, მეფე მირიანმა, ვახტანგ გორგასალმა და ისტორიულმა გამოცდილებამ. უნდა ითქვას, რომ ევროპა არაა ჩვენთვის უცხო, უფრო მეტი, ჩვენი დასავლური ცივილიზაციის უშიშროებასა და უსაფრთხოებას ვიცავდით საუკუნეთა მნძილზე.

ბიზანტიის იმპერია ევროპის მცველი აღმოსავლური აგრესიისგან, როგორც ცნობილია დაკნინდა და დაეცა მაჰმადიანური ძალების შეტევათა შედეგად. ბიზანტიის დაცემის შემდეგ საქართველო ფაქტიურად გადაიქცა ერთადერთ ქრისტიანულ სახელმწიფოდ მთელს აღმოსავლეთში, მოქცეული ისლამური სახელმწიფოებისა და  ტომების ალყაში. ამის გამო მან თავის თავზე მიიღო უმთავრესი დარტყმები არაქრისტიანული იმპერიებისა, რომელთა უმთავრესი მიზანი იყო ბრძოლა ქრისტიანული ცივილიზაციის წინააღმდეგ. საქართველო ვითარცა ერთი კუნძული აღელვებულ მაჰმადიანურ ოკეანეში თავდადებით იგერიებდა მსახვრალ ტალღებს, თავისკენ იზიდავდა და ებრძოდა ქრისტიანობის მტრებს, ამით ფაქტიურად იგი იცავდა ევროპის ხალხთა, დასავლეთის ქვეყნების ქრისტიანობას, ცივილიზაციას და უშიშროებას. საქართველომ, ვითარცა ერთერთმა მხნე გუშაგმა და მცველმა მსოფლიო ქრისტიანობისა ღირსეულად აღასრულა თავისი ვალი, თუმცა ამით ძალზე დაზარალდა. თუ არა ქრისტიანული საქართველო რომლის დაპყრობა ვერ შეძლო ოსმალეთის იმპერიამ, სავარაუდოა, რომ XV-XVI საუკუნეებში ოსმალთა ძალები შეჩერდებოდნენ არა ბელგრადისა და ბუდაპეშტის კედლებთან, არამედ გაცილებით ღრმად შეიჭრებოდნენ ევროპაში და საფრთხეს შეუქმნიდნენ შუა და ჩრდილოეთ ევროპის იმ ხალხებს, რომელთაც თანამედროვე მაღალ საფეხურამდე აიყვანეს მსოფლიო ცივილიზაცია და კულტურა. მათ მშვიდობიან განვითარებას იცავდა აგრესიულ, არაქრისტიან იმპერიებთან მარტოდმარტო დარჩენილი საქართველო, მაგრამ როგორც ითქვა დიდი დანაკარგის ფასად. ერთ დროს  დიდი და მრავალრიცხოვანი ქართველი ერი პატარა ხალხად გადაიქცა, უხმობდა მშველელს, მაგრამ საქართველოსთვის ევროპაში იმ დროს არავის ეცალა. ასე, რომ ჩვენ ჩვენი თავი უნდა მოვიაზროთ არა მხოლოდ ევროპის ნაწილად, არამედ ისტორიულად მისი უშიშროებისა და უსაფრთხოების დამცველად. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქრისტიანული სახელმწიფო და ქრისტესმოყვარე ქართველი ერი უკვე აღიარებულია ქრისტიანული მსოფლიოს მიერ და თუ ეს ასე არ არის უთუოდ დადგება ეს მომენტიც.

ჩვენთვის ბოლომდე ცნობილი არაა, რამდენად სანდო არის ანალიტიკოსების პროგნოზი იმის შესახებ, რომ მომავალი მსოფლიო უნდა ელოდოს ომებს არა სახელმწიფოთა შორის, არამედ ცივილიზაციათა შორის. ფიქრობენ, რომ მომავალ ცივილიზაციათა შორის ომს ექნება სარწმუნოებრივი ნიშანი. რამდენად მოსალოდნელია ეს არავინ იცის, მაგრამ ამ პროგნოზს თითქოსდა ეხმიანება მსოფლიოში უკანასკნელ დროს მომხდარი ფაქტები. არ შეიძლება გულგრილი დარჩეს კაცობრიობა 11 სექტემბრის საშინელი ფაქტის მიმართ, მან წინ უნდა გაიხედოს, მსოფლიო ქრისტიანულმა სახელმწიფოებმა მეტი ღირსება უნდა მიანიჭონ აღმოსავლეთის ერებსა და სახელმწიფოებს, განსაკუთრებით კი საქართველოს, რომელმაც თავის თავზე დიდ ხნის წინ განიცადა არა მხოლოდ ტერორისტული შეტევები და შემოსევები აგრესიული იმპერიების და არა ერთი და ორი წლის მანძილზე არამედ ათასწლეულთა ჩვენი ერი და სახელმწიფო თავისი აღმსარებლობითი, ქრისტესადმი ერთგულების გამო, მწამს ღირსეულ ადგილს დაიჭერს თანამედროვე და მომავალ ცივილიზებულ მსოფლიოში. ეს კი ჩვენ გვავალდებულებს კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი ეროვნული მართლმადი-დებელი სარწმუნოება, აღვზარდოთ ახალი თაობა ქრისტიანული სულისკვეთებით, ღრმად შევასწავლოთ მას ეს დიადი მოძღვრება სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, ამისთვის კი საჭიროა სახელმწიფო მხარში ამოუდგეს ეროვნულ ეკლესიას და საბოლოოდ გააუქმოს ბოლშევიკ-ათეისტების მიერ გამოცემული დეკრეტი სახელმწიფოსაგან ეკლესიის, ეკლესიისაგან კი სკოლის გამოყოფის შესახებ. საქართველოს კანონები რელიგიისა და ეკლესიის მიმართ ისეთივე უნდა იყოს, როგორიცაა ევროპის ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებში, სამაგალითოა დიდი ბრიტანეთი, სადაც ორი სახელმწიფო ეკლესია, სკანდინავიის ქვეყნები, სადაც არსებობდნენ ეროვნული და სახალხო ეკლესიები, საბერძნეთი, ლათინური, შუა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ყველგან ეკლესიებს მინიჭებული აქვს  ეროვნული სახელმწიფო ან სახალხო ეკლესიის სტატუსი, ასევე მინიჭებული აქვთ განათლების, სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვის სფეროთა კურირების უფლება, რაც ეკლესიას ღირსებას ანიჭებს. ჩვენში კი ფაქტიურად კვლავ მოქმედებს აღნიშნული დეკრეტი სკოლის ეკლესიისგან, ხოლო ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფის შესახებ, ამის შედეგად საზოგადოება ფაქტიურად, როგორც  როგორც საკუთარი სახელმწიფოებრიობის, ისე კულტურის მიმართ ნიჰილისტურად არის განწყობილი, კნინდება ეროვნული და სახელმწიფოებრივი იდეალები, ამის შედეგია დღევანდელი საქართველოს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სამხედრო და სახელმწიფოებრივი სისუსტე.

ჩვენ კიდევ ერთხელ მივუბრუნდებით ბიზანტიის იმპერიას. რომლის დამხობამაც ძირფესვიანად შეცვალა საქართველოს გეოპოლიტიკური გარემო საქართველო არა მხოლოდ სამხრეთისა და აღმოსავლეთის მხრიდან მოექცა  მუსლიმურ გარემოცვაში, არამედ ჩრდილოეთის მხრიდანაც. ჩრდილო კავკასიური ტომები, ქართველთა მონათესავენი ეთნიკური თვალსაზრისით და იქამდე მრევლი საქართველოს ეკლესიისა, თანდათანობით გამუსულმანდა და ამიტომაც მტრულად განეწყვნენ საქართველოს, ვითარცა ქრისტიანული ქვეყნის მიმართ.  საქართველოში დაიწყო ჩრდილოკავკასიური ტომების თარეში, ლეკიანობა, ადიღე-ჩერქეზების შემოსევები და ჩამოსახლება. ჩვენ მადლიერებით უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთის იმპერიამ საქართველოში ჩრდილოკავკასიური ტომების თარეში აღკვეთა. თითქმის მთელი XIX საუკუნის მანძილზე მათგან საქართველო მოსვენებული იყო. მაგრამ ამჟამად რუსეთის დასუსტების, თუ სხვა მიზეზების გამო ფაქტიურად კვლავ განახლდა ეს მაჰმადიანური შემოსევები. ეს კარგად გამოჩნდა  აფხაზეთში (და სხვა კუთხეებშიც). აფხაზეთში  XX ს 90-იან წლებში ჩრდილო კავკასიიდან შეიჭრნენ მაჰმადიანური სარწმუნოებრივი ნიშნით გაერთიანებული ექსტრემისტულ-ტერორისტული ბოევიკების ჯგუფები რომელნიც გარეგნულად აერთიანებდნენ ადიღე-ჩერქეზულ და ჩეჩნურ ტომთა წარმომადგენლებს, მაგრამ სინამდვილეში მათ აერთიანებდათ სარწმუნოებრივი ომის განახლების სურვილი, რომელიც ადრევე ნიშნეული იყო. მათ, კერძოდ კი ჩეჩნურ ჯგუფებს ამჟამად უკვე ტერორისტებად აღიარებს არა მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო, არამედ მსოფლიო თანამეგობრობა. ამ მუსულმანმა მებრძოლებმა, რომელთაც აიარაღებდა იმჟამად საქართველოს დაშლით დაინტერესებული ყოფილი საბჭოელი გენერალიტეტი რუსეთიდან, შეძლეს კიდეც აფხაზეთის ოკუპირება. ჩეჩნურმა და ადიღე-ჩერქეზულმა ტერორისტულმა ჯგუფებმა აფხაზეთიდან გამოდევნეს 300 ათასი მართლმადიდებელი ქართველი. მოახდინეს ეთნიკურ-სარწმუნოებრივი წმენდა აფხაზეთში, შეძლეს ის, რომ იქამდე მართლმადიდებლური მხარე ფაქტიურად მუსულმანურ კუთხედ გადააქციეს. თუმცა აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება თავისი დანაშაულის დაფარვის მიზნით აფხაზეთიდან გამოძევებული სამღვდელოების ნაცვლად საქართველოს ეკლესიის კუთვნილი ათასწლოვანი ეკლესია-მონასტრები გადასცა უცხოეთიდან მოწვეულ რუსეთის ემიგრანტული ეკლესიის სამღვდელოებას, მიუხედავად ამისა დარღვეული ეთნიკურ-სარწმუნოებრივი ბალანსისა და  მუსულმანური დაჯგუფების გაბატონების გამო აფხაზეთში ამჟამად მიმდინარეობს მკვიდრი ქართული და საქართველოს ეკლესიის ტრადიციული მრევლის გამუსულმანების პროცესი და აგრეთვე ადიღე-ჩერქეზული წარმოშობის ტომებთან მათი სწრაფი ასიმილირება, ეს უკანასკნელი თვალხილული პროცესია.

სამწუხაროდ, როგორც მიიჩნევა, იგივე პროცესი მიმდინარეობს პანკისის ხეობაშიც, რომელიც ხელდებულია ჩრდილოკავკასიელ-ჩეჩენთა მიერ. აქაც თავიანთი საცხოვრისიდან ძირითადად გამოიდევნა ქართული მოსახლეობა, მიმდინარეობს არა მხოლოდ ამ ხეობის მცხოვრებთა არამედ თბილისელი ინტელიგენციისა და ჟურნალისტური წრეების დაშინება-დატერორება, ხეობაში დარჩენილი ქართულ-მართლმადიდებლური მოსახლეობა იძულებულია თავისი თავი აღიაროს მუსულმანური სარწმუნოების მიმართ ლოიალურად, რაც სახიფათო მომენტია სარწმუნოებრივი სიმტკიცის თვალსაზრისით, მითუმეტეს, რომ აღნიშნული მუსულმანური ჯგუფები ებრძვიან კიდეც თავიანთ ოფიციალურ მუსულმანურ სარწმუნოებას და აღიარებენ მის განსხვავებულ მიმდინარეობას.

საბოლოოდ უნდა ვთქვათ, რომ ეკლესიის როლი თანამედროვე საქართველოს ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, ჩვენი ფიქრით არის ის, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფოებრივ გაძლიერებას, დაიცვას ეკლესიური ტრადიციული სარწმუნოებრივი ორიენტაცია ცივილიზებული მსოფლიოსკენ, იდეურად შეეწიოს საქართველოს არმიის ფორმირებას, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომლისთვისაც უმთავრესი იქნება კანონმორჩილება, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიზაციის პრინციპების დაცვა, ზრუნვა იმისათვის, რათა მოხდეს ეროვნული კონსოლიდაცია-გამთლიანება.

დემოკრატია-კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია, რომლის დაცვა უცხო არ იყო ქართული ეკლესიისათვის. როგორც ივანე ჯავახიშვილის კვლევა გვიჩვენებს, ჯერ კიდევ ათასი წლის წინ ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები ისახავდნენ მიზნად ეკლესიისა და სახელმწიფო აპარატის რეფორმას  დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად.

ეკლესია თავისი მისიის შესრულებას შეძლებს, თუ საქართველოს სახელმწიფო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას იმ ტრაგიკულ ადგილას, რომელიც ნიშნული იყო მისთვის საუკუნეთა მნძილზე ანუ მიანიჭებს მას “ეროვნული ეკლესიის” სტატუსს.

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way