USD 2.8082
EUR 2.9174
RUB 2.7198
თბილისი
მიხეილ წინამძღვრიშვილი – კარდიოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში
თარიღი:  2113

ექიმი, რომელმაც დროს გაუსწრო

გულის უებარი მკურნალი, საქართველოში კარდიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი, დიდი თერაპევტი, მსოფლიო დონის მეცნიერი, ადამიანი, რომელმაც ღრმა კვალი დააჩნია ქართული მედიცინის განვითარებას – ძალიან მოკლედ ასე შეიძლება დავახასიათოთ მიხეილ წინამძღვრიშვილი.

ბავშვობა, სემინარია

მიხეილი 1882 წლის 22 მაისს დაიბადა ხაშურთან, დაბა სურამში. მამამისი დოროთე ყინწვისელი იყო, სასულიერო პირთა შთამომავალი. ცხინვალის საფოსტო და სატელეგრაფო განყოფილების გამგედ მუშაობდა. დედა, მარიამ ჭონიშვილი, თავისი დროის კვალობაზე განათლებული ქალი გახლდათ. მოთხრობებსა და წერილებსაც კი აქვეყნებდა გაზეთ “ივერიაში”, ჟურნალ “თეატრსა და ცხოვრებაში”.

მიხეილი და მისი უფროსი ძმა ალექსანდრეც შესანიშნავი მოქართულეები იყვნენ. მოგვიანებით ალექსანდრემაც გამოაქვეყნა რამდენიმე ჟურნალსა და გაზეთში თავისი ნაწარმოებები და თარგმანები. სამწუხაროდ, ნიჭიერ ახალგაზრდას როგორც მწერალს გაზრდა არ დასცალდა, 23 წლისა გარდაიცვალა.

რვა წლის მიხეილი გორის სასულიერო სემინარიაში შეიყვანეს. სემინარია 1895 წელს დაამთავრა და იმავე წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა. ერთ-ერთი საუკეთესო მოწაფე იყო, მაგრამ მეამბოხე ბუნების ახალგაზრდა აკადემიაში სწავლის გაგრძელებას და სასულიერო კარიერის გაყოლას არ აპირებდა, რის გამოც პირველი ხარისხის დიპლომი არ მისცეს.

მუსიკა თუ მედიცინა

მიხეილი ძალიან კარგად უკრავდა ვიოლინოზე. თურმე დიდხანს ყოყმანობდა – ვერ გადაეწყვიტა, სამედიცინოზე ჩაებარებინა თუ კონსერვატორიაში. სემინარიის დამთავრების შემდეგ ძალიან გაიტაცა მედიცინამ. მამამისი დარდობდა, სულ საექიმო წიგნებს კითხულობს, მეტი აღარაფერი აინტერესებსო. ბოლოს ექიმსაც კი გაასინჯა, რომელმაც ურჩია, ახალგაზრდისთვის უმაღლესი სამედიცინო განათლება მიეცათ. დოროთემ ქონება დააგირავა და საყვარელი შვილი ხარკოვში, რუსეთის იმპერიის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში გაგზავნა.

საზღვარგარეთ სტუდენტის შენახვა ნამდვილად არ იყო ადვილი, მაგრამ ოჯახთან ერთად მიშას კეთილი ადამიანებიც ეხმარებოდნენ: განათლების დიდმა გულშემატკივარმა, პუბლიცისტმა ილია წინამძღვრიშვილმა, სტიპენდია დაუნიშნა; ცხინვალის საზაფხულო თეატრში მისთვის საქველმოქმედო კონცერტი გამართეს, სადაც მუსიკოსების გვერდით თვითონაც უკრავდა…

თუმცა უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებამდე სიმწიფის ატესტატი უნდა მიეღო. 1901 წელს მიხეილ წინამძღვრიშვილი სამკურნალო ფაკულტეტის მსმენელად ჩაირიცხა ხარკოვის უნივერსიტეტში, ორ წელიწადში ატესტატიც აიღო ქალაქის მეოთხე გიმნაზიაში და 1904 წელს სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

სწორედ მაშინ აღმოჩნდა, რომ ძველი წყენა არ განელებოდა: სასულიერო სემინარიის დიპლომი დახია და რექტორს გაუგზავნა. ეს ამბავი კინაღამ უნივერსიტეტიდან გარიცხვის ფასად დაუჯდა, მაგრამ რექტორმა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდა არ გაწირა.

ექიმობის გზაზე

უნივერსიტეტი მიხეილმა 1910 წელს დაამთავრა და იქვე, ჰოსპიტალური თერაპიის კლინიკაში შეუდგა პრაქტიკას. კლინიკას ცნობილი თერაპევტი – პროფესორი კონსტანტინ გეორგიევსკი ხელმძღვანელობდა. მისი რეკომენდაციით, ორ წელიწადში მიხეილი ქალთა ახალდაარსებული სამედიცინო კურსების ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტად აირჩიეს. მალე დისერტაციაზე მუშაობას შეუდგა – მუცლის ტიფის დროს შარდში ქონდროიტინ-გოგირდმჟავას შემცველობის შესწავლა დაიწყო.

მიხეილს ხარკოვის სამედიცინო საზოგადოების წინაშე ხშირად გამოჰქონდა სადემონსტრაციოდ შემთხვევები თავისი პრაქტიკიდან; ქალაქის უღატაკეს მოსახლეობას უსასყიდლოდ მკურნალობდა; ტრიქინელოზის ეპიდემიის გამო შექმნილი კომისია აღნიშნავდა, რომ ეპიდემიის პერიოდში მოსახლეობის შემოწმებისას ქალაქის ექიმებს შორის ყველაზე აქტიური მიხეილი იყო... ხშირად გვიან ღამითაც დადიოდა პაციენტების გასასინჯად ჩაბნელებულ ქალაქში.

სამშობლოში

საქართველოს მიხეილი ოთხი წლის გამოცდილებით დაუბრუნდა. ჯერ – გორის, შემდეგ თბილისის ქალაქთა კავშირის ლაზარეთის თერაპიული განყოფილების გამგედ დანიშნეს. მალე ქალაქის პირველი საავადმყოფოს თერაპიული გამგეც გახდა. პრაქტიკული, პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის მიღმა სხვა საქმეებისთვისაც იცლიდა: სპირიდონ ვირსალაძესა და ივანე თიკანაძესთან ერთად ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოება დააარსა, უნივერსიტეტის გახსნისთანავე აქტიურად ჩაება სამკურნალო ფაკულტეტის მუშაობაში.

1921 წელს მიხეილმა სადოქტორო დისერტაცია დაიცვა. საქართველოში ეს იყო პირველი სადოქტორო დისერტაცია მედიცინის დარგში და მეორე – თბილისის უნივერსიტეტში აკაკი შანიძის შემდეგ. ქართული საზოგადოებისთვის ეს ჯერ კიდევ უჩვეულო მოვლენა გახლდათ, ამიტომ დაცვა კვირადღეს დანიშნეს, რომ ყველა მსურველს ჰქონოდა დასწრების საშუალება. მართლაც, დარბაზი გადაჭედილი იყო. მიხეილმა ბრწყინვალედ დაიცვა ნაშრომი და ქონდროიტინ-გოგირდმჟავას შესახებ სხვა საინტერესო მოსაზრებაც წამოაყენა – შესაძლებლად მიიჩნია ამ ნივთიერების გამოყენება აორტის ინტიმის დაზიანების ინდიკატორად. ეს იმ დროისთვის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იყო.

მიხეილი დოცენტი გახდა. ის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკული კლინიკის კათედრის გამგედ აირჩიეს. სამ წელიწადში პროფესორის წოდებაც მიიღო.

ნაყოფიერი მივლინება

1927-1928 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ მიხეილი დახელოვნების მიზნით საზღვარგარეთ გაგზავნა. მას ბერლინის, ვენისა და პარიზის საუკეთესო ექიმებთან მოუწია მუშაობა. შეისწავლა ფუნქციური დიაგნოსტიკა, კლინიკური რენტგენოლოგია, ნივთიერებათა ცვლის საკითხები, ღვიძლისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

შემთხვევით გამჟღავნდა ერთი ეპიზოდი გერმანიაში გატარებული წლებიდან, უდიდესი გერმანელი კლინიცისტის გუსტავ ფონ ბერგმანისა და მიხეილ წინამძღვრიშვილის ურთიერთობიდან. ამ ამბავს 1936 წელს მოსკოვში სტუმრად მყოფი გერმანელი პროფესორი მიხეილის ოჯახის მეგობართან მოჰყვა:

1927 წელს, როდესაც მიხეილ წინამძღვრიშვილი შარიტეს მეორე თერაპიულ კლინიკას ეწვია, მისმა დირექტორმა გუსტავ ფონ ბერგმანმა სთხოვა, ერთ-ერთი პალატის პაციენტები გაესინჯა და დიაგნოზი დაესვა. ამას ის კვალიფიკაციის ასამაღლებლად მისულ ყველა უცხოელ ექიმს სთხოვდა. მერე მათ მიერ დასმულ დიაგნოზებს საკუთარს ადარებდა და ასე გამოჰქონდა დასკვნა ექიმის აკადემიური და პრაქტიკული მომზადების შესახებ. მიხეილმა უპასუხა, ჯერ ავადმყოფობის ისტორიებს უნდა გავეცნო, პაციენტები გავსინჯო – მანამდე დიაგნოზს ვერ დავსვამო. ბერგმანს მისი მიდგომა მოეწონა. დადგა დანიშნული დღეც და მიხეილმა ყველა პაციენტის დიაგნოზი უთხრა. დირექტორმა ყველა დიაგნოზის დამთხვევა შეუძლებლად მიიჩნია და ეჭვით გადახედა იქ მყოფებს – ვინმე დაეხმარებოდაო, მერე კი ქართველ კოლეგას იმ დილით მიყვანილი პაციენტის გასინჯვა სთხოვა, რომელიც ჯერ არავის გაესინჯა – ვიცი, ისტორიის შესწავლის გარეშე დიაგნოზს არ სვამთ, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ეს ექსტრაორდინარული შემთხვევააო. მიხეილი 45 წუთი სინჯავდა პაციენტს, მერე კი დიაგნოზი გამოაცხადა. ერთ საათში პაციენტი ბერგმანმაც გასინჯა, ორი დღის შემდეგ კი ყველა ექიმის თანდასწრებით მოჰყვა ამ ამბავს და გამოაცხადა: თქვენ წინაშე დგას ფენომენალური ცოდნის მქონე პრაქტიკოსი ექიმი; ბედნიერია ერი, ვისაც ასეთი შვილი ჰყავსო. მას შემდეგ კლინიკის ექიმები, რამე რომ გაუჭირდებოდათ, დირექტორს აღარ აწუხებდნენ, პირდაპირ მიხეილს მიაკითხავდნენ ხოლმე.

კათედრაზე

1930 წელს დიდი თერაპევტი, ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგე სპირიდონ ვირსალაძე გარდაიცვალა. ვინ უნდა აერჩიათ მის ნაცვლად, თუ არა მიხეილ წინამძღვრიშვილი. ისიც მთელი არსებით ჩაება კათედრის მუშაობაში. შეისწავლა ნეფროპათიები და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, გამოაქვეყნა ნაშრომები მათ შესახებ. განსაკუთრებით დიდი აღიარება და მსოფლიო ავტორიტეტი მოუტანა ნაშრომმა ესენციური ჰიპერტონიის ეტიოპათოგენეზის შესახებ. არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლდათ მისი ნაშრომები გულის თანდაყოლილ ანომალიებზე...

მიხეილი კარგი ორატორი იყო. მის ლექციებს სტუდენტებიც და ექიმებიც სულგანაბულები უსმენდნენ. საილუსტრაციოდ უხვად იშველიებდა ფაქტობრივ მასალას, ცხრილებსა და სურათებს. მორიგე ექიმი დინამიკაში აჩვენებდა ანალიზების პასუხებს. ხშირად ლექციის დრო ამოიწურებოდა ხოლმე, მაგრამ ადგილიდან არავინ იძვროდა. დამსწრეები მონუსხულები ისხდნენ.

1937 წელს მიხეილ წინამძღვრიშვილმა პირველმა გამოსცა ქართულ ენაზე შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის ორტომიანი სახელმძღვანელო და აღწერა ორთოპერკუსიის საფუძვლები – გულის გასინჯვის სპეციალური მეთოდისა, რომელიც ასევე პირველმა გამოიყენა საქართველოში.

კარდიოლოგიის ინსტიტუტი

მიხეილ წინამძღვრიშვილი საქართველოში მეცნიერული თერაპიის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება, თუმცა თავიდანვე განსაკუთრებით აინტერესებდა კარდიოლოგია და საქართველოში მის განვითარებაზე ოცნებობდა. ერთხელ ოცნების ასახდენად ხელსაყრელი შემთხვევაც მიეცა.

1945 წლის ოქტომბერში სტალინი ზღვის პირას ისვენებდა. იმ ხანებში სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილის “საქართველოს ისტორია” წაეკითხა. ბელადმა წიგნის ავტორების გაცნობა მოითხოვა. სამდღიანი შეხვედრა სოჭის მახლობლად, მაცესტაში შედგა. ჯანაშიასა და ბერძენიშვილთან ერთად სტალინთან მიიწვიეს საქართველოს რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მაშინდელი პირველი მდივანი კანდიდ ჩარკვიანი და მიხეილ წინამძღვრიშვილიც, ეს უკანასკნელი – როგორც სტალინის მკურნალი ექიმი და სემინარიის მეგობარი. მიხეილმა ბელადს გულისნადები გაანდო. სტალინმა დახმარება აღუთქვა და მართლაც, საქართველოს რესპუბლიკის 1946 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებული იყო სამეცნიერო აკადემიის სისტემაში კარდიოლოგიის სექტორის მოწყობისა და შენახვის ხარჯები.

მიხეილი იმავე წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. მისი დიდი მონდომებით კარდიოლოგიური სექტორი მალე კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტად გადაკეთდა, რომელიც მეორე იყო მსოფლიოში მეხიკოს კარდიოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის შემდეგ (ეს უკანასკნელი 1927 წელს დაფუძნდა), ხოლო ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში 21 წლის განმავლობაში ამ პროფილის ერთადერთი დაწესებულება გახლდათ. დაარსებიდან ძალიან მალე ინსტიტუტი მეცნიერული კვლევისა და სამეცნიერო კადრების აღზრდის მძლავრ კერად იქცა.

მიხეილ წინამძღვრიშვილმა ინსტიტუტში დანერგა ექსპერიმენტულ-ფიზიოლოგიური მიმართულება და ახალგაზრდა ექიმების გუნდთან ერთად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის ახალი მეთოდების ძიება დაიწყო. კლინიცისტებთან ერთად საქმეში ჩართო ბიოქიმიკოსები, მორფოლოგები, ფარმაკოლოგები, ფიზიოლოგები, ბიოფიზიკოსები... ინსტიტუტში მეცნიერება დუღდა და გადმოდუღდა.

მიხეილის დირექტორობის ათი წლის განმავლობაში ინსტიტუტის თანამშრომლებმა გამოსცეს ნაშრომთა კრებულის სამი ტომი, 13 მონოგრაფია, დაბეჭდეს 200-მდე სტატია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალებში, დაიცვეს 32 დისერტაცია. ინსტიტუტი თითქმის ყოველ წელს მართავდა სამეცნიერო სესიებს, მათ შორის – გაფართოებულსაც, რომლებსაც სხვა ქვეყნების მეცნიერებიც ესწრებოდნენ. იმართებოდა გამსვლელი სესიებიც. მიხეილი და მისი ექიმები თავადაც აქტიურად მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონგრესებში.

მიხეილ წინამძღვრიშვილს წარმატების აუცილებელ პირობად შრომა მიაჩნდა. ნომინალური თანაავტორობა სძულდა. თავად ავტორი იყო 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა. მისი სამტომიანი სახელმძღვანელო “შინაგან სნეულებათა კლინიკური დიაგნოსტიკის საფუძვლები” კი სტუდენტებისა და ექიმების სამაგიდო წიგნად იქცა.

ფასდაუდებელი მემკვიდრეობა

მიხეილმა განსაკუთრებით დიდი წვლილი შეიტანა ჰიპერტონიის – მაღალი არტერიული წნევის – შესწავლაში. 1946 წელს იმდროინდელ საბჭოთა კავშირში მან პირველმა წამოიწყო ამ მიზნით უზარმაზარი კვლევა, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან პროგრამული მულტიცენტრული პროლონგირებული კვლევის პროტოტიპია. რვა ათასზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს. მიღებული მონაცემების საფუძველზე შეიქმნა საქართველოში ჰიპერტონიის გავრცელების ეპიდემიოლოგიური რუკა, შემუშავდა და ჩატარდა პრევენციული ღონისძიებები, რამაც დასაბამი მისცა პრევენციული კარდიოლოგიის ჩამოყალიბებას.

დრომ მიხეილ წინამძღვრიშვილის არაერთი მოსაზრება დაადასტურა. სწორედ მიხეილმა შეიმუშავა არტერიული ჰიპერტონიისა და ჰიპერტონიული დაავადების კლასიფიკაცია, რომელშიც გაითვალისწინა ჰიპერტონიის სხვა დაავადებებთან შეუღლებული ფორმების არსებობა – ფაქტობრივად, ამით საზღვრავდა ინფარქტისა და ინსულტის პერსონალურ რისკს. ევროპის კარდიოლოგთა და ჰიპერტონიის საზოგადოებების ახლანდელი კლასიფიკაცია სწორედ ამ პრინციპით არის შედგენილი. მიხეილ წინამძღვრიშვილმა გამოყო ჰიპერტონიის შექცევადი ფორმა, რომელიც მოგვიანებით, 1988 წელს, აშშ-ის ნაციონალური კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ კლასიფიკაციაშიც შეიტანეს. ის დარწმუნებული იყო, რომ დაავადების კლინიკური სიმპტომების უკუგანვითარებას შესაძლოა დაზიანებული მორფოლოგიური სუბსტრატის უკუგანვითარებაც მოჰყვეს. მართლაც, ეფექტური მკურნალობის პირობებში დღეს რეალობად იქცა მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიისა (გადიდების) და სიხლძარღვთა სტრუქტურული ცვლილებების უკუგანვითარების შესაძლებლობა.

მიხეილის მიერ შემოღებული ტერმინი, პრეჰიპერტონია, მწვავე დებატებისა და კრიტიკის საგანი გახდა, დღეს კი ის ევროპისა და აშშ-ს თანამედროვე კლასიფიკაციურ სტრუქტურაშია შეტანილი როგორც მაღალი ნორმული წნევა. მიხეილს მიაჩნდა, რომ ასეთი წნევის მქონე პაციენტებს მეთვალყურეობა სჭირდებოდათ, რათა ზღვრული მდგომარეობა ჭეშმარიტ დაავადებაში არ გადასულიყო.

ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ ბავშვებსა და ახალგაზრდებშიც წნევის საკმაოდ მაღალი რიცხვები აჩვენა. ამის საფუძველზე მიხეილმა პირველმა წამოჭრა იუვენილური ჰიპერტონიის მეცნიერული შესწავლის საკითხი.

მიხეილი პათოლოგანატომებთან ერთად შეისწავლიდა უეცარი სიკვდილის ფენომენს, მის მექანიზმებს. როდესაც 70-იან წლებში საქართველოს კარდიოლოგიის ინსტიტუტს მთელ მსოფლიოში აღიარებული არითმოლოგი და უეცარი სიკვდილის პრობლემის შემსწავლელი წამყვანი სპეციალისტი, ამერიკელი პროფესორი ბერნარდ ლაუნი ესტუმრა, გაოცებას ვერ მალავდა მიხეილის მიერ დატოვებული მემკვიდრეობით.

უკანასკნელ წლებში მიხეილ წინამძღვრიშვილი მიოკარდიოდისტროფიის საკითხებზე მუშაობდა. მან დამაჯერებლად დაასაბუთა გულის კუნთის დისტროფიის კლინიკური დიაგნოზის მნიშვნელობა, შეიმუშავა სხვადასხვა გენეზის მიოკარდიოდისტროფიების კლასიფიკაციური სტრუქტურა...

მიხეილისავე მოწოდებულია მიოკარდიუმის ინფარქტის დროს პაციენტის ადრეული გააქტიურების პრინციპი, რომელიც თანამედროვე რეაბილიტაციის საფუძვლებს ეხმიანება.

მიხეილი ცდილობდა, მთლიანად აეთვისებინა კარდიოლოგიის შესაძლებლობები. კარდიოქირურგიის დანერგვაც დაიწყო, თუმცა იმ პერიოდში მიაჩნდათ, რომ ეს მიმართულება ზოგადქირურგიულ კლინიკაში უნდა დაფუძნებულიყო და არა კარდიოლოგიური პროფილის დაწესებულებაში, როგორც ამჟამადაა მიღებული. მიხეილს მხარში ედგნენ ცნობილი ნოვოსიბირსკელი კარდიოქირურგი, პროფესორი ევგენი მეშალკინი და ცნობილი ქართველი ნეიროქირურგი კონსტანტინე (ბონდო) ჩიქოვანი. მათ შალვა მახარაძის თაოსნობით დააარსეს კარდიოქირურგიული განყოფილება და ახალგაზრდა ექიმები სასწავლებლად კარდიოქირურგიულ კლინიკებში გაგზავნეს, თუმცა მიხეილის გარდაცვალების შემდეგ ეს საქმე შეჩერდა...

დაუღლელი და პრინციპული

ამ ყველაფერს ტიტანური შრომა სჭირდებოდა. ცოდნასთან ერთად მიხეილი საოცარი ენთუზიაზმითა და ენერგიით იყო სავსე და იცოდა, სხვებისთვისაც როგორ გადაედო ეს თვისებები. მიაჩნდა, რომ ადამიანს, რომელიც მეცნიერებას ჰკიდებდა ხელს, მისთვის თავგანწირვაც უნდა შესძლებოდა. არც თვითონ უწევდა ანგარიშს დროს, ჯანმრთელობას, ასაკს... მის გარშემო იღლებოდნენ ახალგაზრდები, მას კი დაღლა არ ეტყობოდა. იტყოდა ხოლმე, ახალგაზრდობა არა კუნთების ძალით, არამედ შრომის ხალისით იზომებაო. მეცნიერებაში მისთვის არ არსებობდა წვრილმანი საკითხები. ფენომენალური მეხსიერება ჰქონდა, შეუცდომლად იცოდა, მისი მრავალრიცხოვანი ბიბლიოთეკის რომელ თაროზე, რა ადგილას, რომელი წიგნი იდო, რომელ ჟურნალში ვისი წერილი იყო დაბეჭდილი, ვინ სად დაიცვა დისერტაცია, ვინ რა თქვა ნაშრომის შესახებ...

განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადებას, ეხმარებოდა ახალი მეთოდების ათვისებაში, გზავნიდა სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრში. ასწავლიდა სწორ, საღ, ლოგიკურ აზროვნებას. ინსტიტუტსაც ხშირად სტუმრობდნენ სხვადასხვა დარგის ცნობილი მეცნიერები.

ახალი ექიმის მიღებისას კითხულობდა, როგორი ადამიანიაო – კარგი ადამიანისგან კარგ ექიმს გამოვიყვან, ცუდისგან კი კარგი ექიმი არ გამოვაო. თავად არაჩვეულებრივი ალღო ჰქონდა. ხშირად თავმჯდომარეობდა კლინიკურ-პათანატომიურ კონფერენციებს და ამოუცნობ დიაგნოზებსაც კი იშვიათი ლოგიკით ხსნიდა. ყოველ ავადმყოფში აღმოაჩენდა რამე მნიშვნელოვანს, რისთვისაც მანამდე ყურადღება არ მიექციათ. ზოგჯერ თვითონაც იცვლიდა აზრს და შეცდომის აღიარება არასოდეს ეთაკილებოდა. ავადმყოფის საწოლთან თავდაჯერება ექიმის უდიდეს ნაკლად მიაჩნდა, თუმცა კოლეგას პაციენტის თანდასწრებით შენიშვნას არ მისცემდა, შეუქებდა დიაგნოზს, მკურნალობას, პაციენტს დაარწმუნებდა, საიმედო მკურნალის ხელში ხარო...

თვითონ მხოლოდ ხის სტეთოსკოპით მუშაობდა, გერმანიაში შეეჩვია – ავადმყოფის საწოლთან დაიჩოქებდა, თითქმის მიეხუტებოდა და ისე უსმენდა. ამას ზოგი მანერულობად უთვლიდა.

ობიექტური და სამართლიანი პიროვნება იყო. ერთხანს თბილისიდან გაქრა – თურმე “ექიმების საქმეზე” გამოეძახათ. კრემლის ექიმებს ბრალად ედებოდათ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ლიდერთა განზრახ არასწორი მკურნალობა. მიხეილმა ავადმყოფობის ისტორიები შეისწავლა და ექიმები დაიცვა.

მოგვიანებით ბევრი იბრძოლა პროფესორ ოსკარ სტეპუნის ლიკანიდან თბილისში გადმოსაყვანად. არადა, კრემლის საავადმყოფოს ბიოქიმიის ლაბორატორიის ყოფილ გამგეს გადასახლების შემდეგ დიდ ქალაქებში ცხოვრება ეკრძალებოდა. მიხეილმა სტეპუნს კარდიოლოგიის ინსტიტუტის ბიოქიმიის ლაბორატორია ჩააბარა და ამითაც დიდად შეუწყო ხელი ინსტიტუტის სამეცნიერო მუშაობის აღმავლობას.

შორიდან მკაცრი და მიუკარებელი ჩანდა, მაგრამ უშუალო და მხიარული იყო. თავისებური ოხუნჯობაც იცოდა და კარგი თამადობაც. ერთხელ უკრაინაში, კოლეგის სახლში გამართულ წვეულებაზე, სადაც ხელოვანებს მოეყარათ თავი, მიხეილმა შეატყო, რომ სტუმრებმა მოიწყინეს. მაშინ მასპინძელს თავი თამადად დაანიშვნინა, ყველა აცეკვა, ამღერა, თვითონაც იცეკვა, ვიოლინოზე დაუკრა... გათენებამდე ფეხი არავის მოუცვლია, დილის რვა საათზე კი თამადა ყველამ ერთად გააცილა სასტუმრომდე.

გრიგოლ მუხაძე – ადამიანი, რომელმაც ...

გრიგოლ მუხაძე

ორი ბუმბერაზი

მიხეილ წინამძღვრიშვილმა კარდიოლოგიაში ისეთივე სკოლა შექმნა, როგორიც ქირურგიაში – გრიგოლ მუხაძემ. გასაკვირი არ არის, რომ ეს ორი ადამიანი მეგობრობდა. რესპუბლიკური საავადმყოფოს პირველ სართულზე მიხეილის კაბინეტი იყო, მეორეზე – გრიგოლის. კოჯორშიც ახლო-ახლოს ჰქონდათ აგარაკები. ერთმანეთთანაც შეხუმრებულები იყვნენ. ერთხელ გრიგოლმა შუა თათბირზე შეუღო კარი: მიშკა, კოჯორში მივდივარ, ხომ არ წამოხვალო. მიხეილს არ მოეწონა ხელქვეითების თანდასწრებით მეგობრის ფამილარული ტონი და მიუგო: – ასე წანწალში ამოგხდება სულიო. გრიგოლიც არ დაიბნა: – სპირიდონ ვირსალაძე საწოლში მოკვდაო.

ოჯახი

თანამედროვეები იხსენებენ, რომ ძალიან უყვარდა ოჯახი. მეუღლის, ზიზილა კაპანაძის გარეშე არსად დადიოდა. ზიზილა პროფესიით სტომატოლოგი იყო, მაგრამ ქორწინების შემდეგ აღარ უმუშავია, მთელი ცხოვრება ოჯახს შეალია. მარიამი და ვახტანგი შეეძინათ. მიხეილი მათთვისაც პოულობდა დროს. ერთად მართავდნენ შინაურ კონცერტებს, ექსკურსიებზე დადიოდნენ. როცა წამოიზარდნენ და საკუთარი ოჯახები შექმნეს, ოჯახებითურთ თავისთან დაასახლა... მის სახლში ხშირად იკრიბებოდნენ ახლო ნათესავები. ენამოსწრებული მიხეილი თითოეულ მათგანს ლექსს მიუძღვნიდა, სიყვარულით გააშარჟებდა... შვილიშვილებს განსაკუთრებული სითბოთი და ალერსით ეპყრობოდა, სწორ მეტყველებას აჩვევდა, საინტერესო წიგნებს სჩუქნიდა...

მიხეილ წინამძღვრიშვილი 1956 წლის დეკემბერში გარდაიცვალა 74 წლისა, მისი საქმე კი მოწაფეებმა და შთამომავლებმა გააგრძელეს. მისი ვაჟი, ვახტანგი, 1967 წელს დაინიშნა კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად. სწორედ მან ააშენა ახალი კორპუსი, რომელშიც კარდიოქირურგიული განყოფილების გახსნას გეგმავდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ორ წელიწადში გარდაიცვალა. ამჟამად კლინიკის დირექტორია ვახტანგის შვილი, ბეჟან წინამძღვრიშვილი... ექიმთა დინასტიას კი მისი ვაჟი, უმცროსი ვახტანგი აგრძელებს.

 ავტორი:  მარი აშუღაშვილი

გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.