USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
თბილისი
მიხეილ სააკაშვილის ოჯახი საქართველოს მთავრობას ულტიმატუმს უყენებს
თარიღი:  629

ორშაბათს, 18:00 საათამდე მივცეთ დრო მთავრობას, რათა უზრუნველყონ მიშას გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ - თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, გამოვაცხადებთ პერმანენტულ აქციებს და მერე უკვე დიდ აქციას, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა რუსთავის ციხესთან, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნა მიუთითებს იმაზე, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა.

დავით სააკაშვილმა საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს მიმართა, ოჯახს დაეხმარონ, რომ ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ გაყვანა მოხდეს.

მიხეილ სააკაშვილის ძმის თქმით, მთავრობისთვის მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ, თუკი აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ოჯახი უწყვეტი აქციების დაწყებას გეგმავს, რომ ყოფილ პრეზიდენტს საშუალება მიეცეს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

„გუშინ გამოქვეყნდა სახალხო დამცველის, კვალიფიციური ექიმების ანგარიში მიშას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და აშკარად ჩანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს კარგად გათვითცნობიერებული, თუ რა რისკებთან და ზოგადად, რა სიტუაციასთან გვაქვს საქმე. მე როგორც მესამე პრეზიდენტის ძმა და მთელი ოჯახი, მიშას სიკვდილს არ დავუშვებთ, ეს არის ცალსახა.

მინდა მივმართო სამოქალაქო საზოგადოებას, დედებს, მამებს, ძმებს, შვილებს, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე, გთხოვთ, დაგვეხმაროთ მიშას სიცოცხლის გადარჩენაში. მინდა, ასევე მივმართო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც ძალიან აქტიური როლი უნდა ითამაშონ იმაში, რომ არ განმეორდეს საქართველოში ის ტრაგედია, რისი გამოცდილებაც გვაქვს. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ ჩვენს ირგვლივ. ძალიან მომწონს არასამთავრობო ორგანიზაციების სამოქალაქო ინიციატივა, რომლებიც ითხოვენ, რომ მიშა გადაყვანილ იქნას საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რადგან ალბათ, საზოგადოების ნაწილი მაინც მიხვდა რა ფატალურ რისკებთან გვაქვს საქმე.

მიშა ამ შემთხვევაში არის პუტინის მძევალი საქართველოში. არა მარტო თითოეული ჩვენთაგანის, ქვეყნის ღირსების საკითხია მიშას შევუნარჩუნოთ ჯანმრთელობა და მივცეთ უფლება იცხოვროს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებით და ყველაფერი წარიმართოს ისე, როგორც პირველ რიგში, ქართველ ხალხს სურს.

მთელი ოჯახის სახელით ვაცხადებ, რომ ვაძლევთ გონივრულ ვადას ჩვენს მთავარობას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვთქვათ ორშაბათს 18:00 საათამდე მივცეთ დრო მთავრობას, რათა უზრუნველყონ მიშას გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ. დრო აღარ ითმენს და შედეგი შეიძლება იყოს ფატალური. ამის თანამონაწილე არ უნდა გავხდეთ არავინ. ვაძლევთ გონივრულ ვადას ორშაბათს საღამომდე, ამის შემდეგ, თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, გამოვაცხადებთ პერმანენტულ აქციებს და მერე უკვე დიდ აქციას, რომ მიშა გათავისუფლდეს და მიეცეს საშუალება იმკურნალოს, დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას.

მიშა გამაგრდი, ძალიან მაგრად უნდა იყო. ყველაფერი იქნება ისე, როგორც ყოველთვის გინდოდა და გენდომება სულ. საქართველო გაიმარჯვებს, ჩვენ შენს გვერდით ვართ, საქართველო არ მიგატოვებს, ყველაფერი იქნება კარგად“, - განაცხადა დავით სააკაშვილმა.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის