USD 2.6856
EUR 3.1857
RUB 3.4747
თბილისი
მიხეილ მუსხელიშვილი, სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც 1948 წელს დაწერა ევროპის ფედერალური კონსტიტუციის პროექტი
თარიღი:  2000

მიხეილ მუსხელიშვილი, საფრანგეთში ცნობილი, როგორც მიშელ მუსხელი (ფრანგ. Michel Mouskhély; დ. 8 ივლისი, 1903, თბილისი, რუსეთის იმპერია — გ. 11 ივლისი, 1964, ვალე-დ’აოსტა, იტალია) — ქართული წარმოშობის ფრანგი პოლიტიკოსი, მეცნიერი და იურისტი.

მიხეილ მუსხელიშვილი დაიბადა 1903 წელს, თბილისში, მაშინდელი რუსეთის იმპერიის ნაწილში. მიხელ მუსხელიშვილი მამამ 1918 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად გერმანიაში გააგზავნა. ახალგაზრდა მუსხელიშვილმა განათლება გიოტინგენის, მიუნხენის, ლიონისა და პარიზის უნივერსიტეტებში მიიღო. მუსხელიშვილი ემიგრაციაში წავიდა დასავლეთ ევროპაში საქართველოში წითელი არმიის შეჭრის შემვეგ, 1921 წელს.

მიშელ მუსხელს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი 1931 წელს მიენიჭა და პარიზის უნივერსიტეტის უმაღლესი საერთაშორისო ურთიერთობების კვლევითი ინსტიტუტის პროფესორად მუშაობდა.

1940–1945 წლებში მიშელ მუსხელი ეგვიპტეში ცხოვრობდა და ლექციებს კაიროს ფუადის უნივერსიტეტში კითხულობდა. 1948 წლიდან სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის, პოლიტიკური და ეკონომიკური მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორი იყო. 1959 წელს საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კვლევითი ცენტრი დააარსა და ამ ცენტრს ხელმძღვანელობდა სიცოცხლის ბოლომდე .

1953–1964 წლებში მიწვეული პროფესორის სტატუსით აშშ–ის უნივერსიტეტებში ლექციებს კითხულობდა. მას გერმანიაში, შვეიცარიასა და სკანდინავიის ქვეყნებშიც იწვევდნენ.

მიშელ მუსხელი, რომელიც ამავე დროს ალპინიზმით იყო გატაცებული, 1964 წლის 11 ივლისს ვალე-დ’აოსტში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მუსხელი ფედერალისტური კვლევების საუნივერსიტეტო კოლეჯის სტუდენტების ექსპედიციას გაჰყვა მთაში, სადაც ფეხის დაცურების გამო რამდენიმე ათეული მეტრის სიღრმის ხევში გადაიჩეხა.

დღეს ევროკავშირის მამებად აღიარებული არიან ჟან მონე და რობერტ შუმანი, რომლებმაც 1950 წლიდან დაიწყეს ფიქრი და ქმედება ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებაზე. არადა მიხეილ მუსხელიშვილმა ჯერ კიდევ 1948 წელს დაწერა ევროპის ფედერალური კონსტიტუციის პროექტი (თანაშემწე გასტონ სტეფანისთან ერთად), წიგნი "ევროპის ფედერალიზმის სტრუქტურა", 1951 წელს თავის თანამოაზრეებთან ერთად მოითხოვა ევროპაში უვიზო მიმოსვლა (ანუ შენგენის ზონა მისი იდეაა) და სიმბოლურად მოშალა საფრანგეთ-გერმანიის საზღვრის ინფრასტრუქტურა და აღმართა ერთიანი ევროპის დროშა.

1952 წელს ცნობილ ქართველ ემიგრანტებთან ერთად შექმნა "ევროპული ქართული მოძრაობა" ევროპაში საქართველოს დასაბრუნებლად, 1958 წელს ბრიუსელში გააჟღერა ევროპის ერთიანი პოლიტიკური ინსტიტუციების შექმნის საკითხი(რაც მერე განხორციელდა ევროპარლამენტის, ევროპის საბჭოს, ევროკომისიის სახით), 1955 წელს მან, როგორც ევროპის საუნივერსიტეტთაშორისი ასოციაციის გენერალურმა მდივანმა წამოაყენა იდეა ევროპის საგანმანათლებლო პროგრამების დაახლოების და ჰარმონიზაციის შესახებ(რასაც მოგვიანებით ბოლონიის პროცესი ეწოდა და დღეს საყოველთაოდაა გავრცელებული).

ის იყო ევროპის საბჭოს (რომლის წევრიც ვართ 1999 წლიდან) ერთ-ერთი ფუძემდებელი და მისი არჩევნების აქტიური მონაწილე. მან სტრასბურგში შექმნა ევროპაში პირველი სოვეტოლოგიური ცენტრი(დღეს მუსხელის ცენტრს ეძახიან მის საპატივცემულოდ), რომელიც სწავლობდა საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამართლებრივ და პოლიტიკურ თემატიკას. მას აქვს ნაშრომები საქართველო- ევროპის პარალელებზე, რუსეთზე("რუსეთი არ არის ევროპა"), აქვს ქართველოლოგიური და სამართლებრივი ბრწყინვალე კვლევები.

მსოფლიო
რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე მდგომარეობის შეჯამება 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით - გიორგი კობერიძე
2026 წლის თებერვლის დასაწყისი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ტაქტიკური ინიციატივის აღებაში გადაითარგმნა. ეს ყველაფერი განსაკუთრებით თვალსაჩინოა ზაპორიჟიისა და ხარკოვის რეგიონებში. ცვლილებებია უკრაინის შიგნითაც და რუსეთშიც. განვიხილოთ.
1. ფრონტის ხაზზე რუსული ძალებისთვის სტარლინკის სატელიტური ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვა ძალიან სერიოზული ამბავია. ეს ტექნოლოგიური ფაქტორი უკრაინელ ძალებს რამდენიმე კრიტიკულ უპირატესობას ანიჭებს:
- უკრაინის შეიარაღებული ძალები ინარჩუნებენ უწყვეტ კავშირს ფრონტის მთელ ხაზზე, რუსები კი ვეღარ.
- თანამედროვე საომარი მოქმედებების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი დრონებია, რომელიც დამოკიდებულია ინტერნეტის სტაბილურ კავშირზე. უკრაინელი ოპერატორები რეალურ დროში აკონტროლებენ როგორც დასაზვერვო, ისე შეტევითი დრონების მუშაობას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათ ეფექტურობას. რუსებს ეს ეზღუდებათ.
- რუსული ძალების Starlink-ზე წვდომის შეზღუდვამ უშუალოდ იმოქმედა თებერვალში დაწყებულ უკრაინულ კონტრშეტევებზე. რუსი მებრძოლები, რომლებიც ადრე ნაწილობრივ იყენებდნენ ამ სერვისს, დაკარგეს თანამედროვე კომუნიკაციის საშუალება და დაუბრუნდნენ ტრადიციულ რადიოკავშირს, რომელიც უფრო მარტივად ჩახშობადია.
სტარლინკზე წვდომის შეზღუდვის გამო, რუსებმა ილონ მასკის გინება განაახლეს, რომელიც ბოლო ორი წელი შეწყვეტილი ჰქონდათ. ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი.
2. კონტრშეტევა გვაქვს ზაპორიჟიას ოლქში. რამდენიმე დღეა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს მასშტაბური კონტრშეტევითი ოპერაციები ზაპორიჟიის ოლქში, რომელიც ცხრა სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება.
რაც მთავარია სიტუაცია გამოსწორდა ჰულიაიპოლეს მიმართულებაზე. ეს ქალაქი და მისი შემოგარენი უკრაინული თავდაცვისა და სამხრეთისა და აღმოსავლეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეთაურო პუნქტია. ქალაქის შიგნით ბრძოლა გრძელდება. რუსები მას აღმოსავლეთიდან (დონეცკის ოლქის მხრიდან) და სამხრეთიდან უტევდნენ და ურბანული სივრცის ნანგრევების დიდი ნაწილი დაიკავეს კიდეც. მაგრამ შემდგომ მათი შეტევა შენელდა და ახლა რამდენიმე ადგილას უკრაინელებმა პოზიციები დაიბრუნეს.
უკრაინელები პოზიციების გაუმჯობესებას ცდილობენ ჰულიაიპოლეს სამხრეთით, რკინიგზის ხაზის გასწვრივაც. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ რუსული ლოჯისტიკა დამოკიდებულია რკინიგზაზე, ხოლო მათი შეტევის მიმართლება კვლავ გზებსა და რკინიგზას მიუყვება.
უკრაინელებმა ზაპორიჟიაში სრულად გაათავისუფლეს დასახლებული პუნქტი ტერნუვატეს შემოგარენი. მისი აღება რუსებმა რამდენჯერმე იზეიმეს და თან საკმაოდ აქტიური მედია კამპანიაც ჰქონდათ. ამის მიზეზი კი ტერნუვატეს მდგომარეობაა, ფრონტიდ ხაზიდან საკმაოდ დასავლეთით, უკრაინის თავდაცვის სიღრმეში მდებარეობს. მაგრამ ერთ-ერთი პრობლემა რუსებისათვის ის იყო, რომ დასახლება სინამდვილეში მათ ხელში არც არასდროს ყოფილა და მხოლოდ შემოგარენში მოქმედებდნენ.
ამით იკვეთება ნათელი სურათი, რომ რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მხოლოდ სხვას კი არა, საკუთარ თავსაც კი ატყუებენ ხოლმე.
3. უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი ვლადისლავ ვოლოშინი აკეთებს მნიშვნელოვან განმარტებას უკრაინულ ლოკალურ კონტრშეტევასთან დაკავშირებით: სამხედრო თვალსაზრისით, ეს მოქმედებები ჯერ არ წარმოადგენს კონტრშეტევას კლასიკური გაგებით. ეს არის სადაზვერვო-შეტევითი ოპერაციები და ტერიტორიების გაწმენდა. ანუ უკრაინელები მოქმედებენ მეთოდურად, არა მასშტაბური გარღვევისათვის, არამედ პოზიციების გაუმჯობესებისა და რუსული თავდაცვის სისტემაში სისუსტეების საპოვნელად. და თუ ეს წარმატებით განხორციელდა, შემდეგ შეიძლება მიიღოს უფრო ფართო მასშტაბიანი ხასიათიც.
4. რუსული შეტევა ქალაქი ზაპორიჟიას სამხრეთით გრძელდება. ქალაქთან მიახლოება რჩება რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ მიზნად. თუმცა მათი პროგრამა მინიმუმი ამჟამად ფოკუსირებულია მდინარე კონკას დაკავებაზე, რომელიც ქალაქიდან სამხრეთით დაახლოებით 15 კილომეტრით არის დაშორებული.
უკრაინული სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს ხაზი წარმოადგენს რუსული სამხედრო დაგეგმვის უშუალო მიზანს. მდინარე კონკას კონტროლი რუსებს საშუალებას მისცემდა შექმნან ბუნებრივი თავდაცვითი ხაზი და სცადონ შემდგომი წინსვლა ზაპორიჟიის მიმართულებით.
თუმცა, ამ სტრატეგიის რეალიზება ყოველთვის უფრო რთულდება უკრაინის ახლანდელი კონტრშეტევითი ოპერაციების გამო (იერიშები ზაპორიჟიას ოლქში კი მიმდინარეობს, მაგრამ არა ამ მიმართულებაზე), რომლებიც ქმნიან წნეხს რუსული პოზიციების მიმართულებით.
5. ხარკოვის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვანი წარმატებები მიაღწიეს. დაბრუნებულია სასაზღვრო სოფელი ჩუჰუნივკა. ზოგადად, უკრაინელების ფოკუსი ხარკოვის სასაზღვრო რაიონში 5-7 კილომეტრის სიღრმეში შემოსული რუსული ნაწილების განდევნაში საკმაოდ აქტიურია. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ რუსებიც ახდენენ ამ მიმართულებაზე დამატებითი ძალების თავმოყრას.
თითქოს არაფერი, მაგრამ ხარკოვის ოლქის სასაზღვრო რაიონები ბოლო ხანებია კვლავ ძალიან ინტენსიურ საბრძოლო თეატრად გადაიქცა.
ბოლო ხანებია რუსები ჩივიან, რომ კუპიანსკიდან რუსული ნაწილების უკან დახევის შემდეგ, უკრაინელების ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესებულია და დამხმარე ნაწილების თავმოყრის გამო შეშინებულები არიან.
6. უკრაინის შეიარაღებული ძალებმა კონტროლი აღადგინა სუმის ოლქში სასაზღვრო დასახლება პოპივკაზე. აქაც დაახლოებით იგივე სურათია, რაც ხარკოვის ოლქში: სასაზღვრო რაიონებში რუსული რეგულარული ნაწილები ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე აქტიურობენ და უკრაინელებს აიძულებენ ფოკუსი საზღვრიდან არ მოაშორონ.
7. უკრაინელების სასარგებლოდ ევროპული დახმარება გრძელდება. ამჯერად სკანდინავიური ქვეყნები აქტიურობენ და მათ ტექნოლოგიურ უპირატესობაზე რუსები ჩივიან. უკრაინის შეიარაღებული ძალები აქტიურად იყენებენ შვედურ Archer თვითმავალ საარტილერიო სისტემებს ხარკოვის ოლქში. ეს ულტრათანამედროვე სისტემები წარმოადგენენ არტილერიის ტექნოლოგიის ერთ-ერთ გამორჩეულ სახეობას.
სკანდინავიური ქვეყნები არამხოლოდ ერთჯერად დახმარებას აძლევენ უკრაინელებს, არამედ სარემონტო პროცესებშიც უწევენ დახმარებას და სათადარიგო ნაწილების მიწოდება პერმანენტულად ხდება.
8. საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბავია ის, რომ აშშ-მ მკაცრი მოთხოვნები წაუყენა და ჯარიმები დააკისრა კერძო სამხედრო კომპანიებს Northrop Grumman-ისა და Global Military Products-ს. მიზეზი უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდების დაგვიანებაა. არმის კონტრაქტების სამეთვალყურეო სამსახური მოქმედებს პენტაგონის გენერალური ინსპექტორის რეკომენდაციების საფუძველზე.
2022 წლის იანვარში, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში ხელმოწერილი კონტრაქტების შესწავლისას, გენერალურმა ინსპექტორმა შეამოწმა შვიდი კონტრაქტი Northrop Grumman-სა და Global Military Products-თან, საერთო ღირებულებით 1.9 მილიარდი დოლარი. ხუთ მათგანში აღმოჩნდა სისტემატური პრობლემები და ვადების დარღვევა.
9. რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმამ სამხედროსთან ერთად, ფინანსური შედეგი უკვე გამოიღო. სადაზღვევო ბროკერი Mains-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ევგენი ბოროვიკოვის განცხადებით, ნავთობის კომპანიების პირდაპირი ზარალი დარტყმებისგან აღემატება 100 მილიარდ რუბლს. ხოლო ირიბი ზარალების და დაკარგული მოგების ჩათვლით, საერთო რაოდენობა აჭარბებს 1 ტრილიონ რუბლს (დაახლოებით 11 მილიარდი დოლარი). ეს ყველაფერი განცხადებაა და რეალურად რა მდგომარეობაა კიდევ საკითხავია (შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ უარესი).
10. რუსეთის ენერგოინფრასტრუქტურის დაბომბვა -
ბოლო დღეებში უკრაინელებმა რამდენჯერმე დაბომბეს რუსული ენერგოინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვოლგოგრადში დარტყმა, როდესაც უკრაინული დრონების შეტევის დროს აფეთქდა ქვესადგური. ანუ რეალურად, რასაც რუსეთი უკრაინას უკეთებს, უკრაინა ცდილობს პასუხი დაუბრუნოს ამაზე. ამასთან, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება ქმნის სერიოზულ პრობლემებს როგორც მოსახლეობისთვის, ისე ინდუსტრიისთვის.
11. უკრაინელები მასობრივად ნადირობენ რუსული იარაღისა და დრონების საწყობებზე. აგერ, რამდენიმე საათის წინ უკრაინელებმა როსტოვის ოლქში დრონების საწყობი გაანადგურეს. მიუხედავად იმისა, რომ ალაბუგაში (რუსეთის თათარსტანი) არსებული დრონების ქარხნის განადგურება ჯერ ვერ ხდება, მაინც, დარტყმები მნიშვნელოვანია.
ასევე უკრაინელები დონეცკის ოლქში, რუსეთის საზღვრის სიახლოვეს განთავსებულ ლოკალურ იარაღის საწყობებზეც ნადირობენ.
12. მორალისა და დისციპლინის თვალსაზირისით უკრაინელთა მდგომარეობა გარკვეულწილად გაუმჯობესდა, რუსების კი გაუარესდა. რუსულ არმიაში ტრადიციული სამხედრო დისციპლინის მექანიზმები აღარ მუშაობს და პრაქტიკულად ყოველდღიური ხასიათი აქვს მიღებული სამხედროების წამებას, დახვრეტას, გაშიშვლებას, ხეზე მიბმას, ძაღლებით დაგლეჯას და ასე შემდეგ. პრაქტიკულად, სასაკლაოზე წასვლა რომ არავის უნდა ეს გასაგებია, მაგრამ ოფიცრები ისევ საბჭოთა ტაქტიკით მოქმედებენ და ხორცის შტურმებს აგრძელებენ.
ასეთი მეთოდებით დისციპლინა შეიძლება აამაღლო, მაგრამ სამხედრო მორალს ვერ აამაღლებ.
13. სადაზვერვო ინფორმაციის მიხედვით, რუსული მხარე აქცენტს აკეთებს ახალი ძალების აკუმულირებაზე, მათ შედარებით ხანგრძლივ გაწვრთნასა და გაზაფხულზე უკრაინაში გადასროლაზე. სტრატეგიული მიზანია გაზაფხულის ბოლო-ზაფხულის დასაწყისის მასშტაბური შეტევა.
ამასობაში უკრაინელებმა სრულიად ახალი ფორტიფიკაციების აგება დაიწყეს არამხოლოდ დონეცკის ოლქში, არამედ მის დასავლეთითაც კი. პრაქტიკულად, ყველაზე უარესი სცენარისათვისაც კი ემზადება ქვეყანა - თუ რუსები სლავიანსკ-კრამატორსკის მიმართულებაზე შეტევას არ ან ვერ მოახერხებენ და დასავლეთით შეეცდებიან კვლავ წინსვლას, იქაც მზად დახვდებიან უკრაინელები.
14. ჯერ ზამთარი არ დასრულებულა, მაგრამ რამდნეიმე დღეში კოშმარული ყინვები გადაივლის უკრაინაში. რუსეთის გათვლა, რომ უკრაინელების დემორალიზება მოეხდინა და გათბობისა და დენის გარეშე დაეტოვებინა ხალხი - ვერ განხორციელდა. მიუხედავად ყინვისა, მოსახლეობა ერთად დადგა და ინჟინრებმა სასწაულს გაუძლეს. სოციოლოგიაში ცნობილია, რომ საყოველთა გაჭირვება ადამიანებს აახლოებს და საბრძოლო მორალისაკენაც განაწყობს. თუმცა ამ ყველაფერსაც თავისი ლიმიტები აქვს. სწორედ ამ ლიმიტებს ეძებს რუსეთი და ჯერჯერობით ნამდვილად ვერ პოულობს.
პ.ს. რუსეთს ომი 3 დღეში რომ უნდა დაესრულებინა, მალე მეხუთე წელი დაიწყება და ვერ დაასრულებს. საბჭოთა-გერმანიის ომზე დიდი ხანი უკვე გრძელდება ეს ომი.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის