USD 2.6892
EUR 3.1431
RUB 3.5648
თბილისი
მეუფე შიო: ოჯახი არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთ სიმძიმის ტვირთვით, ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ
თარიღი:  706

ოჯახი არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთ სიმძიმის ტვირთვით, ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ, - განაცხადა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქადაგებისას, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი).

მისივე თქმით, ოჯახს მცირე ეკლესიასაც უწოდებენ. ქორწინებაში ადამიანის პიროვნებაც მთლიანდება და ეს ერთობა მარადიულია, თუ იგი ადამიანმა არ დაარღვია. მეუფემ განმარტა, რომ ოჯახი არის სივრცე, სადაც მკვიდრობს უფალი.

მისივე განცხადებით, ასევე, ოჯახი არის ღვთის მიერ ბოძებული უდიდესი განძი და ფასეულობა, რომელიც ადამიანმა ერთხელ უნდა შექმნას და თვალისჩინივით უფრთხილდებოდეს.

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო დედაქალაქის მერო, პატივცემულო პარლამენტის წევრებო, მთავრობის წევრებო, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მამანო, დედანო, ძმებო და დებო, გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

ჩვენ ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებით ვფიქრობთ ოჯახის ცნებაზე, მის მნიშვნელობაზე. ეს არის უდიდესი ფასეულობა და განძი, რომელიც ღმერთმა უბოძა კაცობრიობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური დებულება ოჯახის შესახებ, რომ ის ევოლუციის შედეგად კი არ წარმოიშვა, თითქოს ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ მამაკაცები და ქალები და ერთ მშვენიერ დღეს მოიფიქრეს, რომ დააწესონ ოჯახური ცხოვრების წესი. ასე არ იყო; არამედ თავიდანვე ღმერთმა შექმნა ადამიანი, როგორც ოჯახი. ბიბლია გვაუწყებს, რომ უფალმა თქვა: „არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს“ (დაბ. 2,18). და შეუქმნა ღმერთმა ადამს ცოლი, აკურთხა ისინი და თქვა: „აღორძინდით და გამრავლდით და აღავსეთ ქვეყანა“ (დაბ. 1,28). ასე დადგინდა კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ეს განსაკუთრებული ცხოვრებისეული კავშირი - ოჯახი.

ახალი აღთქმის პერიოდში ქრისტეს ეკლესიაში ოჯახმა კიდევ უფრო აღმატებული მნიშვნელობა შეიძინა. მას მცირე ეკლესიასაც უწოდებენ (ან სახლის ეკლესიას), იმიტომ რომ ეს არის ნაწილი და სახე დიდი მსოფლიო ეკლესიისა. მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით, ოჯახი უფალ იესო ქრისტესა და ეკლესიის კავშირის სახედ მოიაზრება. წმინდა მოციქული პავლეს წერს: „ქმარია ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა“, და შემდეგ დასძენს: „ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის“ (ეფ. 5,25).

მაშასადამე, ოჯახში, ქორწინებაში ქმარი არის სახე ქრისტესი, ხოლო ცოლი - ეკლესიისა. ქორწინების, ჯვრისწერის დროს მეუღლეებს ეძლევათ ეს მადლი, რომ თავიანთი ერთობა წარმართონ სიყვარულით, იყვნენ ერთ სულ და ერთ ხორც. ამრიგად, ქორწინებაში ადამიანის პიროვნებაც მთლიანდება და ეს ერთობა მარადიულია, თუ არ დაარღვია ადამიანმა. მეუღლეებს ასევე ეძლევათ მადლი შვილიერებისა და მადლი, რომ ქრისტიანულად აღზარდონ თავიანთი შვილები.

ოჯახი, გარდა იმისა, რომ ეკლესიის სახეა, სამრევლო თემის სახეც არის. ამ მცირე ეკლესიაში ქმარი არის, როგორც მღვდელი, ხოლო ცოლი და დედა, როგორც მისი თანაშემწე, დიაკვნის მსახურებას განასახიერებს; შვილები კი არიან მათი სამწყსო, ის მრევლი, რომელიც მათ ღმერთთან უნდა მიიყვანონ.

ეკლესიის მიზანი არის თავისი წევრების გადარჩენა: ჩვენ ვიკრიბებით დედაეკლესიაში, რომ სული გადავირჩინოთ და სხვებსაც დავეხმაროთ ამაში და ასევე, ოჯახშიც, მცირე ეკლესიაში, ადამიანები იკრიბებიან, რომ უყვარდეთ ერთმანეთი და სული გადაირჩინონ. ეს არის სივრცე, ძვირფასო ძმებო და დებო, რომელზეც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, რომ ამ სულიერ სივრცეში მკვიდრობს უფალი. ეს არის დიდი სკოლა სიყვარულისა, თავგანწირვისა, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთ სიმძიმის ტვირთვით, ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ.

ამდენად, ვიმეორებ, რომ ეს არის ღვთის მიერ ბოძებული უდიდესი განძი და ფასეულობა, რომელიც ადამიანმა ერთხელ უნდა შექმნას და მთელი ცხოვრება თვალისჩინივით უფრთხილდებოდეს. ამიტომ ამბობს უფალი იესო ქრისტე: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი“ (მთ. 19,6).

ამდენად, ჩვენს თანამედროვე ეპოქაში, როდესაც მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ, მეტად გვმართებს, რომ მოვუფრთხილდეთ ოჯახს, ოჯახის სიწმინდეს და ოჯახურ ღირებულებებს, ვილოცოთ და ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ოჯახი გადარჩეს და გაძლიერდეს. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი დღევანდელი შეკრება და ლოცვითი მსვლელობა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

ქადაგების შემდეგ სადღესასწაულო პარაკლისი შესრულდა, რომელსაც ესწრებოდნენ: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, და სხვა პირები. ასევე, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილი.

ლოცვითი მსვლელობა სამების ტაძართან დასრულდა, სადაც მეუფე შიომ კიდევ ერთი პარაკლისი გადაიხადა და შეკრებილებს იქაც ქადაგებით მიმართა.

დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.

საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის