USD 2.7227
EUR 3.1910
RUB 3.4642
თბილისი
მეუფე შიო: მნიშვნელოვანია, რომ გვქონდა და გვაქვს დამოუკიდებელი ეკლესია, ეს იყო და არის მთავარი დუღაბი, მთავარი ფარი და დამცველი ჩვენი ერისა
თარიღი:  434

მნიშვნელოვანია, რომ გვქონდა და გვაქვს დამოუკიდებელი ეკლესია. ეს იყო და არის მთავარი დუღაბი, მთავარი ფარი და დამცველი ჩვენი ერისა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მსახურების შემდეგ ქადაგებაზე განაცხადა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, პატიოსანო მამანო, ძვირფასო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დალოცვას, შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი ლოცვა-კურთხევა!

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენმა ეკლესიამ V საუკუნიდან მოიპოვა ავტოკეფალია ანტიოქიის პატრიარქისგან. ამან იქონია უდიდესი გავლენა ქართული სულის აღორძინებაზე, გამოვლინებაზე, დაიწყო დიდი აღმავლობა ჩვენი კულტურის, ჩვენი სულიერებისა. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ჩვენი აზროვნება, მწერლობა, ლიტერატურა, პოეზია, სახვითი ხელოვნება, არქიტექტურა, მუსიკალური ხელოვნება ეფუძნება ქრისტიანობას, ეფუძნება მართლმადიდებლობას და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ გვქონდა და გვაქვს დამოუკიდებელი ეკლესია, ამან განაპირობა კიდევ. ეს იყო და არის მთავარი დუღაბი, მთავარი ფარი და დამცველი ჩვენი ერისა. ჩვენმა მტერმა ეს ყოველთვის იცოდა და, პირველ რიგში, იერიში მიჰქონდა ხოლმე და მიაქვთ მართლმადიდებლობასა და ჩვენს ეკლესიაზე. ჩვენი ხალხი ყოველთვის დიდი რუდუნებით იცავდა ამ დიდ სიწმინდეს.

ეს დამოუკიდებლობა გრძელდებოდა XIX საუკუნის დასაწყისამდე, იმ დრომდე, სანამ ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა პოლიტიკური დამოუკიდებლობა, რასაც შემდეგ მოჰყვა საეკლესიო დამოუკიდებლობის დაკარგვა. თქვენ იცით, რომ რუსეთის იმპერატორის ბრძანებით, გაუქმდა ჩვენი ავტოკეფალია; საქართველოს ეკლესია დაექვემდებარა რუსეთის ეკლესიის უწმინდეს სინოდს, სინოდალური მმართველობა დამყარდა, საქართველოში დაინიშნა ეგზარქოსი. აი, ეს ვითარება გაგრძელდა XX საუკუნის ათიან წლებამდე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი ხალხი და ჩვენი სამღვდელოება არ ეგუებოდა ამ ვითარებას, ვინაიდან ეს თავისთავად უკანონო აქტი იყო.

ჯერ კიდევ მესამე მსოფლიო კრებაზე ძალიან მკაფიოდ განაჩინეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ავტოკეფალიას. იქ არის ასეთი სიტყვები, რომ „თავისუფლება ისეთი ღირსებაა, რომელიც თავად განკაცებულმა მაცხოვარმა მოგვანიჭა ჩვენ ჯვარზე სისხლის დაღვრით. შესაბამისად, რაც მაცხოვარმა მოანიჭა კაცობრიობას, ამის ხელყოფისა და წართმევის უფლება არავის აქვს. აი, ასეთი განჩინებაა მესამე მსოფლიო კრებისა. შესაბამისად, ეს იყო უკანანო აქტი, ვინაიდან მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში და მხოლოდ მსოფლიო კრებას აქვს უფლება, ამა თუ იმ ეკლესიას ჩამოართვას ან შეუჩეროს ავტოკეფალია“, - განაცხადა მეუფე შიომ.

მისი თქმით, 1917 წლის თებერვალ-მარტში და 12 მარტს, ახალი სტილით 25 მარტს, დღევანდელ დღეს, მცხეთაში, სვეტიცხოველში, საკვირაო წირვის შემდეგ გამოაცხადეს ავტოკეფალიის აღდგენა.

„შესაბამისად, ჩვენი წინაპრებიც ამას არ შეურიგდნენ. ამას მოწმობს ბევრი წყარო. მაგალითად, ამის შესახებ თავად ერთ-ერთი რუსი ეგზარქოსი წერდა. თქვენ მოგეხსენებათ, რამდენი აჯანყება და ამბოხი იყო XIX საუკუნეში იმპერიის წინააღმდეგ და ეს რუსი ეგზარქოსი თეოფილაქტე წერდა, რომ ყველა ამ აჯანყების უკან, ამ ყოველივეს მიზეზი არის სწორედ საეკლესიო დამოუკიდებლობის დაკარგვაო. შემდეგ ძალიან საინტერესო წერილია კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდესი მოსკოვის პატრიარქ ტიხონისადმი. წერილში იგი შეახსენებს ამ მოვლენებს და ამბობს ასევე, რომ ყველა ქართველი მოღვაწე, ვინც ეწინააღმდეგებოდა ავტოკეფალიის დაკარგვას და იყო აღდგენის მომხრე, იდევნებოდა და გადასახლებაში იგზავნებოდა. მაგრამ ამ დევნის მიუხედავად, ჩვენი ერის სული არ შესუსტდა, არამედ, პირიქით, გაძლიერდა, უფრო და უფრო ძლიერდებოდა და XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ავტოკეფალიის აღდგენისათვის მოძრაობას შეუერთდნენ ისეთი მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე), აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, შემდგომში - პავლე ინგოროყვა, ივანე ჯავახიშვილი და სხვები. და, რა თქმა უნდა, სასულიერო პირები. ესენი იყვნენ ეპისკოპოსები: კირიონ საძაგლიშვილი, შემდგომში - პატრიარქი, ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე, მაშინ არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია, შემდგომში - პატრიარქი, დეკანოზები: კალისტრატე ცინცაძე და სხვები.

აი, ამ დიდი მოღვაწეების საქმიანობამ, ღვაწლმა მოიტანა ის, რომ დადგა ნანატრი დღე, როდესაც ჩვენმა სამღვდელოებამ და ერმა ისარგებლეს იმ დიდი ცვლილებებით, რაც ხდებოდა რუსეთში 1917 წლის თებერვალ-მარტში და 12 მარტს, ახალი სტილით 25 მარტს, დღევანდელ დღეს, მცხეთაში, სვეტიცხოველში, საკვირაო წირვის შემდეგ გამოაცხადეს ავტოკეფალიის აღდგენა. იქ მაშინ ეკლესიის დროებით მმართველად, სანამ აირჩევდნენ ახლა პატრიარქს, დაადგინეს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე). აი, ასეთი საოცარი დღე იყო.

იმჟამად ეპისკოპოსი კირიონი, რომელიც აქ განისვენებს, გადასახლებაში იყო რუსეთში, ქალაქ ვიტეცკში და იქიდან მიესალმა, მიულოცა ხალხს ავტოკეფალიის აღდგენა. საოცარ სიტყვებს ამბობს: „გილოცავთ ავტოკეფალიას, ხუნდები აეხსნა ივერიის ეკლესიას, ვინაიდან მონობაში იმყოფებოდა ჩვენი ეროვნული სიწმინდე“. შემდეგ ამბობს, რომ „მდაბიო ერად იყო გადაქცეული ქართველი ხალხი და ტანჯვის ცრემლებსა ჰღვრიდა, ხოლო ახლა სიხარულის ცრემლებს ვაფრქვევთო“. ბოლოს კი ამბობს, რომ „გაუმარჯოს თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ ეკლესიას!“

იმავე წლის სექტემბერში ჩატარდა საეკლესიო კრება. აი, ამ წმინდა ტაძარში შედგა ეს კრება და კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს კირიონ საძაგლიშვილი. გილოცავთ აი, ამ დიდ მოვლენას“, - განაცხადა მეუფე შიომ.


მისი თქმით, ავტოკეფალიისთვის ბრძოლა არ დასრულებულა.

„მას შემდეგ ჩვენ გვაქვს ავტოკეფალია, მაგრამ თქვე იცით, რომ ამით ავტოკეფალიისთვის ბრძოლა არ დასრულებულა, იმიტომ, რომ ჩვენ აღვადგინეთ ის, რაც გვქონდა მრავალი საუკუნის განმავლობაში, მაგრამ ამას სჭირდებოდა დამოწმება და აღიარება საერთაშორისო დონეზე. ეს კი უკვე ითავა ჩვენმა ამჟამინდელმა უწმინდესმა და უნეტარესმა, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, რომლის ღვაწლით, დიდი შრომით, დიდი სულიერებითა და დიდი ავტორიტეტის შედეგად მოხდა სწორედ აღიარება უძველესი დროიდან საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისა და გადმოგვეცა ორი სიგელი, სადაც დასტურდება ეს აღიარება და კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ. ჩვენ დღეს ვიხსენიებთ ჩვენს დიდ პატრიარქებს, დიდ მოღვაწეებს, ვინც იბრძოდა ავტოკეფალიის აღდგენისთვის და, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ვმადლობთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ამ დიდი ღვაწლისთვის.

უფალმა ინებოს, რომ ჩვენ ეს დიდი ტალანტი და ნიჭი შევინარჩუნოთ, გავამრავლოთ და ვიზრუნოთ ჩვენი ეკლესიისა და ერის კიდევ უფრო განვითარებისა და გაძლიერებისთვის. აი, ასეთ ურთულეს დროში ერთადერთი ხსნა ჩვენი, როგორც იყო ყოველთვის, არის ჩვენი სარწმუნოება. უფალი იესო ქრისტე ბრძანებს ერთ ადგილას, იგი ახსენებს თავისუფლებასაც, ახსენებს ჭეშმარიტებასაც და ამბობს, რომ „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ“.

უფალმა ინებსო, რომ ჩვენმა ხალხმა შეიცნოს ჭეშმარიტება და მოვიპოვოთ თავისუფლება, ჭეშმარიტი, სულიერი თავისუფლება, რის გარეშეც ნამდვილი თავისუფლება არ არსებობს.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ“, - განაცხადა მეუფე შიომ.

ანალიტიკა
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.