USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
მეუფე შიო - ყველა მორწმუნე ადამიანს აქვს გამოცდილება ღმერთთან შეხვედრისა, ღმერთთან შეხებისა
თარიღი:  669

ყველა მორწმუნე ადამიანს აქვს გამოცდილება ღმერთთან შეხვედრისა... რამდენ სიკეთეს და მშვენიერებას გვიხსნის ჩვენ წინაშე ღმერთი, რამდენი სიკეთე გაგვიკეთა ყოველ ჩვენგანს, ცალკე აღებულს და მთელ კაცობრიობას ერთად... მაგრამ რამდენია ისეთი ადამიანი, ვინც ამ სიკეთეებს ვერ აღიქვამს და ვერ გრძნობს?! , - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვალდებულები ვართ, დავამოწმოთ ის სიკეთე, რასაც ღმერთი გვაძლევს.

„დღევანდელ სახარებაში ჩვენ წავიკითხეთ, რომ ერთხელ უფალმა იესო ქრისტემ თავის მოწაფეებთან ერთად გენესარეთის ტბა გადაცურა და ღადარინელთა ქვეყანაში მივიდა. იქ უფალს შემოხვდა ერთი კაცი, რომელიც ისეთი საშინელი ეშმაკის ძალით იყო შეპყრობილი, რომ სასაფლაოზე ცხოვრობდა, მთელ მოსახლეობას აშინებდა და ატერორებდა. მან ყვირილით მიმართა მაცხოვარს: „რა გინდა ჩემგან, იესო, მაღალი ღმერთის ძეო?! გევედრები, ნუ მტანჯავ!“ (ლკ. 8, 28). უფალმა ჰკითხა: „რა არის სახელი შენი?“ (ლკ. 8, 30). მან მიუგო: „ლეგიონი!“ (ლკ. 8, 30), ვინაიდან, ბევრი ეშმაკი იყო შესული მასში. ამ ეშმაკებმა იცოდნენ, რომ უფალი მათზე ძლიერი იყო და განდევნიდა მათ. ამიტომ შეევედრნენ უფალს, არ ებრძანებინა მათთვის უფსკრულში ჩასვლა, არამედ იქვე ახლოს ღორების დიდი კოლტი ძოვდა და სთხოვეს, ნება დაერთო, ამ ღორების კოლტში შესულიყვნენ. მართლაც, უფალმა დართო ნება, ისინი გამოვიდნენ ამ კაციდან, შევიდნენ ღორების კოლტში, ეს კოლტი კლდიდან გადმოეშვა და წყალში დაიხრჩო. ეს რომ მწყემსებმა დაინახეს, სოფელში გაიქცნენ და ყველას აუწყეს ეს ამბავი.

მთელი სოფელი გამოვიდა, რომ ენახათ ეს მოვლენა და ნახეს ეს ეშმაკეული - განკურნებული, გონსმოსული, შემოსილი, ჩაცმული, რომელიც იესოს ფერხთით იჯდა. მათ ძალიან შეეშინდათ, რომ ეს ადამიანი, რომელიც აფრთხობდა და აშინებდა მთელ სოფელს, დაამარცხა იესო ქრისტემ, ე.ი. კიდევ უფრო დიდი ძალა მოვიდა მათ სოფელში, შეეშინდათ და სთხოვეს მას, რომ იქაურობას გასცლოდა. მათთვის, რა თქმა უნდა, სრულიად ცხადი იყო, რომ ქრისტეში მოქმედებს არა უბრალო ადამიანური, არამედ ღმერთის ძალა, რადგან ეს ადამიანი, რომელიც იტანჯებოდა და სხვებსაც ტანჯავდა, განიკურნა, დაუბრუნდა ნორმალურ ცხოვრებას. მიუხედავად ამისა, ეს ღადარინელები იმდენად იყვნენ შეპყრობილნი და მიჯაჭვულნი მატერიალურ სიკეთეებსა და მოგებაზე, იმდენად იყვნენ შეპყრობილნი მერკანტილურობით, როგორც დღეს ვიტყოდით, რომ ერჩივნათ, ეს კაცი დარჩენილიყო ისევ ისეთივე ეშმაკეული, ისევ ეტანჯა თავისი თავიც და მთელი მოსახლეობაც, მათ ერჩივნათ, უარი ეთქვათ ქრისტეზე, მის სიკეთეებზე, ოღონდ თავიანთი ღორები გადარჩენილიყვნენ. აი, ამიტომ სთხოვეს ქრისტეს, გასცლოდა მათ სოფელს.

რა თქმა უნდა, ეს ღორების კოლტი მათი შემოსავლის წყარო იყო, რომლის დაღუპვაც დიდი დანაკარგი იყო, თუმცა მათ რომ ერწმუნათ ღმერთი, ღმერთის ძალა, ამ ძალის მადლით, რა თქმა უნდა, ისინი ასმაგად აინაზღაურებდნენ დანაკარგს, მაგრამ როგორც გითხარით, იმდენად შეპყრობილნი იყვნენ ამ მერკანტილურობის ვნებით, რომ ამისთვის, რა თქმა უნდა, არ სცხელოდათ, ეს ამბავი საერთოდ არ ანაღვლებდათ.

შემდეგ ეს განკურნებული კაცი ევედრება მაცხოვარს, რომ თავისთან დატოვოს, მაგრამ უფალი გაუშვებს და ეტყვის: „დაბრუნდი შინ და ყველას უამბე, რაც გიყო ღმერთმა“ (ლკ. 8, 39) და ისიც წავიდა და მთელ ქალაქს ამცნობდა, რა გაუკეთა იესომ. ასე მთავრდება სახარების ეს მონაკვეთი.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ჩვენ დავფიქრდეთ, რომ მაცხოვრის ეს სიტყვები - „დაბრუნდი შინ და ყველას უამბე, რაც გიყო ღმერთმა“ - ეს მოწოდება განეკუთვნება ყოველ ჩვენგანსაც, ჩვენთვისაც არის ნათქვამი, ჩვენც გვიბრძანებს უფალი იესო ქრისტე, რომ დავამოწმოთ ქრისტე იმ გარემოში, სადაც ვცხოვრობთ და იმ ადამიანთა წინაშე, ვინც არის ჩვენ ირგვლივ.

ყველა მორწმუნე ადამიანს აქვს გამოცდილება ღმერთთან შეხვედრისა, ღმერთთან შეხებისა. შეიძლება ეს იყო ცხოვრებაში ერთხელ, შეიძლება ეს იყო წამიერად, მაგრამ ყოფილა. ჩვენ ვიცით, რა არის უფლის სიყვარული, რა არის უფლის მოწყალება, რა არის საღვთო ძალა და მადლი, რომელიც გვეხმარება, გამოვსწორდეთ და გავხდეთ უკეთესი, რამდენ სიკეთეს და მშვენიერებას გვიხსნის ჩვენ წინაშე ღმერთი, რამდენი სიკეთე გაგვიკეთა ყოველ ჩვენგანს, ცალკე აღებულს და მთელ კაცობრიობას ერთად; ჩვენ ვიცით, ეს საიდან არის, საიდან გვეძლევა; მაგრამ რამდენია ისეთი ადამიანი, ვინც ამ სიკეთეებს ვერ აღიქვამს და ვერ გრძნობს?! ამიტომ ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავამოწმოთ მათ წინაშე ის სიკეთე, რასაც ღმერთი გვაძლევს.

მაგრამ განა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამას ჯეროვნად ვაკეთებთ? რა თქმა უნდა, არა. ამიტომ უნდა შევისმინოთ უფალ იესო ქრისტეს ეს სიტყვები: „დაბრუნდი შინ და უამბე ყველას, რაც გიყო შენ ღმერთმა“ და მივბაძოთ ამ ადამიანს, რომელმაც შეასრულა უფლის ლოცვა-კურთხევა, წავიდა და მთელ ქალაქს ამცნობდა, რაც გაუკეთა იესომ.

ასევე პეტრე მოციქულიც შეგვახსენებს ამ მოწოდებას, როცა ის მიმართავს ყველა დროის ქრისტიანებს ასეთი სიტყვებით: „თქვენ ხართ რჩეული მოდგმა, წილხვედრი ხალხი, რომ ყველას აუწყოთ ღმერთის სიქველე, ვინც გამოგიხმოთ თქვენ სიბნელიდან, რათა გეხილათ მისი საოცარი ნათელი, ამინ“ (I პეტრ. 2,9).

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, ჩვენ ვლოცავთ თუხარელების გვარს. ღმერთმა დაგლოცოთ, გამრავლოთ და გაგახაროთ.

ასევე დღეს ვლოცავთ ქალაქ თბილისის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლ „აისის“ წევრებს, რომლებიც დღეს აქ ბრძანდებიან, ხელმძღვანელები: ილია, ბექა, ფიდო და გვანცა ესიავები. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ“,- აღნიშნა მეუფე შიომ.

 
 
 
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის