USD 2.6638
EUR 3.1012
RUB 3.6306
თბილისი
მეუფე შიო - ტანჯვის მიღება და მწუხარების დათმენა არის ჯვრის ზიდვა და ყოველ ჩვენგანს აქვს მოცემული მეტად თუ ნაკლებად მძიმე ჯვარი, ეს ჯვარი ჩვენ უნდა ავიღოთ და ვატაროთ
თარიღი:  645
ტანჯვა ყოველთვის არის გამომხსნელი, მიმყვანებელი ბოროტების დაძლევასთან, ზნეობრივ და სულიერ ამაღლებასთან, თუ ადამიანი გონივრულად და მართებულად იღებს მას, - განაცხადა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).
გთავაზობთ სრულად ქადაგების ტექსტს:
,,ჩვენი ერთადერთი იმედი, ნუგეში და სიხარული არის იმედი გადარჩენისა იესო ქრისტეში....
 ტანჯვა ყოველთვის არის გამომხსნელი, მიმყვანებელი ბოროტების დაძლევასთან, ზნეობრივ და სულიერ ამაღლებასთან, თუ ადამიანი გონივრულად და მართებულად იღებს მას...
ტანჯვის მიღება და მწუხარების დათმენა არის ჯვრის ზიდვა და ყოველ ჩვენგანს აქვს მოცემული მეტად თუ ნაკლებად მძიმე ჯვარი, ეს ჯვარი ჩვენ უნდა ავიღოთ და ვატაროთ... მხოლოდ ამ ჯვრიდან, მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ამას ვიღებთ და ვზიდავთ, გვეძლევა ნამდვილი და სრულყოფილი სიხარული, რომელსაც ვეძებთ და რომლისკენაც მივისწრაფვით..."
 საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება აღდგომიდან მეექვსე, ბრმის კვირას
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება ბრმის კვირა, ვინაიდან წირვაზე იკითხება სახარება უფალ იესო ქრისტეს მიერ ბრმადშობილი ადამიანის განკურნების შესახებ, რომელიც გზის პირას იჯდა და მათხოვრობდა. და აი, მოციქულებმა ჰკითხეს მაცხოვარს: - რისთვის იტანჯება ეს ადამიანი, თავისი ცოდვებისთვის თუ მშობლების ცოდვების გამო? წარმოიდგინეთ, მთელი მისი ცხოვრება იყო გაუთავებელი ტანჯვა. შეუძლებელია, რომ ეს სატანჯველი მისი ცოდვების გამო ჰქონოდა, ვინაიდან დაბადებიდან ბრმა იყო და უფალმა მიუგო: „არც მას შეუცოდავს, არც მის მშობლებს, არამედ რათა მასში განცხადდეს ღვთის საქმენი“ (ინ. 9,3). უფალმა შემდეგ მოახდინა დიდი სასწაული და ამ ადამიანს მიანიჭა მხედველობა. აი, აქ ეს საქმე ღვთისა, რომელზეც უფალი ამბობს, კიდევ უფრო მეტად აღსრულდა იმით, რომ ამ ადამიანს ფიზიკურ თვალებთან ერთად აეხილა სულიერი თვალებიც. მან მადლიერებით მიიღო ეს კურნება, იწამა უფალი და თაყვანი სცა მას. ე.ი. მოხდა მისი შეხვედრა ღმერთთან და მან იხილა ისეთი რამ, რასაც მის ირგვლივ თვალხილული ადამიანები ვერ ხედავდნენ. უფლის საქმეც სწორედ ეს არის, მთავარი საქმე უფლისა, მას სურს, რომ ყველა ადამიანმა იხილოს ღმერთი და გადარჩეს.
 სახარების ეს ეპიზოდი ჩვენი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ უფალი ასევე გვასწავლის, რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ტანჯვისადმი, მწუხარებისადმი, იმიტომ რომ ამ მიწიერ ცხოვრებაში ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად იტანჯება. ეს ჩვენც განგვიცდია და ჩვენ ირგვლივაც ვხედავთ ბევრ მწუხარებას და ტანჯვას: ომებს, ძალადობას, უსამართლობას, ავადმყოფობას, სიღატაკეს, პატიმრობას, დიდ ოჯახურ პრობლემებს და ა. შ. ვინ იცის, კიდევ რისი დათმენა უწევს ყოველ ადამიანს, ამის ჩამოთვლაც ძნელია ახლა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ცხოვრებაში ჭირი და მწუხარება უფრო მეტია, ვიდრე ლხინი და კეთილდღეობა. კიდევ რბილად ვამბობ ახლა. არიან დიდი წმინდანები და დიდი მოაზროვნეები, რომლებიც პირდაპირ წერენ და ამბობენ, რომ ეს წუთისოფელი ტანჯვაა, ჩვენი ერთადერთი იმედი, ნუგეში და სიხარული არის იმედი გადარჩენისა იესო ქრისტეში. ეს ასე იყო ყოველთვის, ახლაც ასეა და მომავალშიც ასე იქნება.
იმის გამო, რომ არასდროს არავის უნდოდა გაჭირვების გადატანა, ტანჯვა და მწუხარება, გაჩნდა ბევრი რელიგიური, ფილოსოფიური თუ სხვა სახის მოძღვრება, რომლებიც ცდილობენ, ახსნან, თუ რა არის ტანჯვა, რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მასთან. ყველა ეს სწავლება უარს ამბობს ტანჯვის მიღებაზე, უარყოფენ მას და ყოველგვარი საშუალებით ცდილობენ, გაექცნენ ტანჯვას და ადამიანი გაათავისუფლონ მისგან. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ გამოსდით და ერთადერთი მოძღვრება, რელიგიურიც, თუ გნებავთ, დავარქვათ ფილოსოფიურიც, რომელიც არ უარყოფს ტანჯვას, ეს არის ჩვენი ქრისტიანული სწავლება. თვით უფალი იესო ქრისტე გვასწავლის, რა არის ტანჯვა, მწუხარებათა დათმენა, რისთვის არის მწუხარება მოვლენილი ამ ცხოვრებაში და როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მისდამი.
რა თქმა უნდა, ტანჯვაც და მწუხარებაც ცოდვის შედეგია, ბოროტების შედეგია, დაცემის შედეგია, მაგრამ დღევანდელი სახარებიდან ვხედავთ, რომ მხოლოდ ცოდვის გამო როდი ეძლევა ადამიანს სატანჯველი, რადგან ეს ბრმადშობილი იტანჯებოდა იმისთვის, რომ მასში გაცხადებულიყო ღვთის საქმეები. ე.ი. ტანჯვას და მწუხარებას აქვს დიდი მიზანი და რადგან მიზანი აქვს ე.ი. აზრიც აქვს. ვიმეორებ, მხოლოდ ქრისტიანობა ხედავს ამ აზრს და კანონზომიერებას. თვით უფალიც, ძე ღმერთიც იტანჯა და მის ტანჯვას ჰქონდა დიადი მიზანი; ეს არის კაცობრიობის გამოხსნა.
 ამდენად, ტანჯვა ყოველთვის არის გამომხსნელი, მიმყვანებელი ბოროტების დაძლევასთან, ზნეობრივ და სულიერ ამაღლებასთან, თუ ადამიანი გონივრულად და მართებულად იღებს მას. მართალია, ზოგიერთი მწუხარებისა და ტანჯვისგან სასოწარკვეთილებაშიც ვარდება და იღუპება კიდეც, მაგრამ ეს ემართებათ ისეთ ადამიანებს, რომლებიც უარყოფენ ტანჯვას, არ აინტერესებთ მისი აზრი, არც უნდათ, გაიგონ და ამიტომ იღუპებიან. მაგრამ ჩვენ, ქრისტიანებმა, ვიცით, რომ ტანჯვას და მწუხარებას ყოველთვის მივყავართ გამოხსნამდე. ვიმეორებ, ბოროტების დაძლევამდე და სულიერი და ზნეობრივი ამაღლებისკენ მიმყვანებელი გზა არის ყოველთვის ქრისტეს ვიწრო გზა. ეს არის ჯვრის ზიდვის გზა. ამრიგად, ტანჯვის მიღება და მწუხარების დათმენა არის ჯვრის ზიდვა და ყოველ ჩვენგანს აქვს მოცემული მეტად თუ ნაკლებად მძიმე ჯვარი, ეს ჯვარი ჩვენ უნდა ავიღოთ და ვატაროთ.
 აი, ძვირფასო ძმებო და დებო, მხოლოდ ამ ჯვრიდან, მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ამას ვიღებთ და ვზიდავთ, გვეძლევა ნამდვილი და სრულყოფილი სიხარული, რომელსაც ვეძებთ და რომლისკენაც მივისწრაფვით ჩვენ ყველა.
ამიტომ არის, რომ ბევრი წმინდა მამა, მათ შორის, წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ გული არ უნდა გავიტეხოთ, როდესაც ჩვენ ან სხვას
შეგვხვდება რაიმე გასაჭირი ან უბედურება, არამედ თუ ყველაფერს დავითმენთ ღვთისადმი მადლიერებით, სიმამაცით, მაშინ ყოველგვარი უბედურება და განსაცდელი სასიკეთოდ დასრულდება ჩვენთვის. ამას კი აუცილებლად მოჰყვება მრავალი სიკეთე და ნუგეში. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული შესანიშნავ სიტყვებს: „ჩვენი მცირედი ჭირი შეიქმს ჩვენთვის უსაზომო დიდებას, როცა ხილულს კი არ მივაპყრობთ მზერას, არამედ უხილავს. რადგან, ხილული წარმავალია, უხილავი კი წარუვალი“ (2 კორ. 4:17-18).
ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. ღმერთმა გვაღირსოს ამ უხილავ, წარუვალ და მარადიულ დიდებას თავისი მადლითა და კაცთმოყვარებით, რამეთუ მას მხოლოსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 ქრისტე აღდგა!
თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
 25 მაისი, 2025 წელი"
საზოგადოება
საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის მისაღებად ახალი რეგულაციები შემოდის - წესდება ენობრივი ბარიერი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტს წარედგინა შსს-ს ავტორობით მომზადებული მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც „მიგრაციული ნაკადების ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს“.

კერძოდ, მისი თქმით, საკანონმდებლო დონეზე დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება, თუ მიზნად ისახავს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას.

ასევე, წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში უცხოელების მიერ სწავლის გაგრძელების საფუძვლად.

„საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა შსს-ს ავტორობით მომზადებული მორიგი მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიგრაციული ნაკადების ეფექტურ მართვას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პაკეტი შსს-მ საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა, ასევე იუსტიციის სამინისტროსთან კოორდინაციით მოამზადა და დაჩქარებული წესით პარლამენტს გადაეცა განსახილველად.

ცვლილებები შეეხება სხვადასხვა მიმართულებას და ძირითადად გაანალიზებულია პრაქტიკული გამოწვევები, რაც მიგრაციული ნაკადების მართვის მიმართულებით არსებობდა. ცვლილებები შეეხება სასწავლო ბინადრობებს. აღნიშნული ბინადრობები, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად გამოიყენებოდა. ჩვენ არაერთი შემთხვევა გამოვავლინეთ, როდესაც სასწავლო ბინადრობის მქონე პირები არადანიშნულებისამებრ იყენებდნენ აღნიშნულ უფლებას. შესაბამისად, წესდება კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციები. კერძოდ, წესდება ენობრივი ბარიერის ცენზი და საქართველოს მთავრობა დაადგენს იმ კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც მიჩნეული იქნება ქვეყანაში სწავლის გაგრძელების საფუძვლად.

გარდა ამისა, წესდება კონკრეტული აკრძალვა იმ უცხოელი ახალგაზრდებისთვის, ვინც ბოროტად იყენებს სასწავლო ბინადრობას.

საკანონმდებლო დონეზე დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება, თუ მიზნად ისახავს ეს ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას. სპეციალური კომისია შეისწავლის თითოეულ ასეთ შემთხვევას და თუკი გაჩნდება ეჭვი, რომ ადგილი აქვს ფიქციურ ქორწინებას, სისხლის სამართლის წესით მოხდება დანაშაულის ჩამდენი პირების წინააღმდეგ სანქციის გატარება.

მნიშვნელოვნად მარტივდება ადმინისტრაციული წარმოების პროცესები, კერძოდ: პრაქტიკაში, ხშირ შემთხვევაში ბინადრობის ნებართვაზე უარის გასაჩივრება გამოიყენებოდა ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად და ამ ქმედების პრევენციის მიზნით, მარტივდება, როგორც გასაჩივრების ვადები და წარმოების პროცესი, ასევე მთლიანად იცვლება საკანონმდებლო ჩარჩო ამ კუთხით. იზრდება შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობები და მას დაემატება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლება იმისათვის, რომ არალეგალური მიგრაციის თითოეული შემთხვევა, ოპერატიულად, სამძებრო სამუშაოების შედეგად იქნეს გამოვლენილი", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის