USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
მეუფე შიო - სხვათა განკითხვის მუდმივ ჩვევას უნდა დავუპირისპიროთ თვითგანკითხვა
дата:  497

ისე მივეჩვიეთ განკითხვას, რომ თითქმის ყოველ ნაბიჯზე განვიკითხავთ ერთმანეთს დიდი თუ პატარა ცოდვებისთვის, ხოლო განუკითხველობა სულის ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ფიქრითაც კი არ განვიკითხავთ ადამიანს. სადაც არის განკითხვა, იქ არ არის სიყვარული. მაშასადამე, არ არის სულის გადარჩენაც და ქრისტიანული ცხოვრებაც..., - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვისაც სურს სულის ცხონება და სწყურია ღვთის სასუფეველი, უნდა იაროს იმ გზით, რასაც არგანკითხვა ჰქვია.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, რომელსაც ეწოდება მიტევების კვირა. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

მიტევების კვირა იმიტომ ეწოდება, რომ დღეს წმინდა სახარებიდან იკითხება უფალ იესო ქრისტეს სწავლება მიტევების შესახებ. ასევე, ტრადიციისამებრ, სრულდება შენდობის წესი. „თუ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ მამა თქვენი ზეცათა თქვენს შეცოდებებს, ხოლო თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც მამა თქვენი მოგიტევებთ“ (მთ. 6, 14-15). აი, ასეთი სიტყვები მოისმინეთ დღეს თქვენ წმინდა სახარებიდან.

იმავე ქადაგებაში, იქვე, უფალი იესო ქრისტე ამბობს: „ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ“ (მთ. 7, 1-2) აი, ამ სიტყვებით მიგვითითებს ჩვენს გზას ღვთის სასუფევლისკენ, სულის ცხონებისკენ. ეს გზა კი მხოლოდ ერთია - გზა სიყვარულისა, რომელიც იწყება არგანკითხვით!

ჩვენ ისე მივეჩვიეთ ამ განკითხვას, რომ თითქმის ყოველ ნაბიჯზე განვიკითხავთ ერთმანეთს დიდი თუ პატარა ცოდვებისთვის, ხოლო განუკითხველობა სულის ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ფიქრითაც კი არ განვიკითხავთ ადამიანს. სადაც არის განკითხვა, იქ არ არის სიყვარული. მაშასადამე, არ არის სულის გადარჩენაც და ქრისტიანული ცხოვრებაც.

დავფიქრდეთ, გვაქვს ასეთი სიყვარული და განუკითხველობა? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ როგორ მოვიქცე, თუ არ მაქვს ასეთი სიყვარული, რომ არავინ განვიკითხო? რა გავაკეთო? ამაზე ყველა წმინდა მამა ერთნაირად სცემს პასუხს, რომ სხვათა განკითხვის მუდმივ ჩვევას უნდა დავუპირისპიროთ თვითგანკითხვა, ანუ ჩვენივე თავის განკითხვა. მაგალითად, შესცოდა მოყვასმა, დაეცა ცოდვით და შენ მოგდის აზრი, რომ ის განიკითხო. ამის ნაცვლად, უნდა ეცადო, შენი თავი განიკითხო და თქვა, იფიქრო, განიცადო, აღიარო შენს თავთან, რომ დღეს ეს ჩემი ძმა დაეცა ცოდვით, ხვალ კი შეიძლება მე დავეცე; შეიძლება უარესადაც კი დავეცე. ის შეიძლება ინანიებს ან უკვე მოინანია, მე კი სათანადოდ არ ვინანიებ.

მაშასადამე, არგანკითხვა დაკავშირებულია ასევე სინანულთან. სინანულიც ამით იწყება. ეს, რა თქმა უნდა, ძნელია და ღვაწლს მოითხოვს, მაგრამ ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში უნდა ვიაროთ სწორედ ძნელი გზით, ჯვარცმის გზით. ამდენად, ვისაც სურს სულის ცხონება და სწყურია ღვთის სასუფეველი, უნდა იაროს ამ გზით, რასაც ჰქვია არგანკითხვა.

დღეს წმინდა ეკლესია, რომელსაც შევყავართ დიდ მარხვაში, მოგვიწოდებს სწორედ ამისკენ - არგანკითხვისკენ, განუკითხველობისკენ, ამ სანატრელი სათნოებისკენ, რომლის გარეშეც სულის ცხონება შეუძლებელია, იმიტომ, რომ, როგორც გითხარით, სადაც არის განკითხვა, იქ არ არის სულიერი ცხოვრება, იქ არ არის სიყვარული. რა არის, აბა? მხოლოდ გარეგნული მხარეა ქრისტიანული ცხოვრებისა. ამიტომ უნდა ვევედროთ უფალს, შეგვეწიოს ამ თვისების მოპოვებაში, რომ ვისწავლოთ ჩვენი მოყვასების არგანკითხვა; და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას გვასწავლიან ეკლესიის წმინდა მამები, რომ როგორც კი მოგინდება განკითხვა, როგორც კი ეს აზრი მოგივა, მაშინვე უნდა განაგდო იგი შენგან, დაუპირისპირო შენივე თავის განკითხვა და იფიქრო, რომ ჩემმა ძმამ ახლა შესცოდა, ხვალ კი შეიძლება მე უარესად შევცოდო; და რომ მე უარესი ვარ მასზე. ჩვენ კი, როცა ადამიანებს განვიკითხავთ, როგორც წესი, ვფიქრობთ, რომ რაღაცით მე მაინც უკეთესი ვარ მასზე. თუ ვცდილობთ, ამ სულიერ გზას შევუდგეთ, ზოგჯერ ეს აზრიც გაგვიელვებს ხოლმე, რომ არა, მე არ ვარ სხვაზე უკეთესი, შეიძლება ამ კაცზე უარესიც ვარ, ახლა ვისაც განვიკითხავ. მაგრამ ეს წამიერად გაგვიელვებს ხოლმე და იქვე მალევე ისევ განვიკითხავთ ამ ადამიანს. ვინაიდან ასე მივეჩვიეთ განკითხვას, ამიტომაც შორს ვართ ნამდვილი ქრისტიანული და სულიერი ცხოვრებისგან, იმ გზისგან, რომელსაც შეჰყავს ცათა სასუფეველში.

ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. დავფიქრდეთ ამაზე, რომ მიტევებასთან, მიტევების ამ სათნოებასთან ძალიან მჭიდროდ დაკავშირებულია არგანკითხვის თვისება. ამიტომ წმინდა ეკლესია დიდ მარხვაში გვიდგენს ყოველდღიურ საკითხავად ღირს ეფრემ ასურის ლოცვას, რომელიც სრულდება შემდეგი სიტყვებით, თხოვნით, რომ უფალმა მოგვანიჭოს „განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისა“, ამინ“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати