USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
მეუფე შიო - სამსჯავროზე ყოველი ჩვენგანი უნდა წარსდგეს და პასუხი აგოს თავისი ცხოვრებისთვის, საქმეებისთვის, სიტყვებისთვის, აზრებისთვისაც კი
дата:  361

წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, მოვიკრიბოთ ძალები მარხვის წინ, თავი დავაღწიოთ ამ ყოველდღიური საზრუნავების მორევს და დავფიქრდეთ მთავარზე: ჩვენს სულზე, მომავალ მარადიულ ცხოვრებაზე, იმაზე, თუ რას ვთესავთ ჩვენს ცხოვრებაში და რა უნდა მოვიმკათ, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, უფალი მრავალმოწყალეა, მაგრამ წმინდა წერილიდან და წმინდა მამათა სწავლებიდან ვიცით, რომ უფალი მართლმსაჯულიც არის.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირას, რომელსაც ეწოდება „ხორციელის კვირა“ და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღევანდელ დღეს არის ასევე საშინელი სამსჯავროს ხსენება, რადგან იკითხება სახარებიდან მაცხოვრის სწავლება საშინელ სამსჯავროზე.

ჩვენი სარწმუნოების სიმბოლოში, რომელსაც ხშირად ვკითხულობთ, ვაღიარებთ, რომ გვწამს უფალი ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე, რომელმაც ხორცნი შეისხა სულისაგან წმინდისა და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცნა და რომელიც კვალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა.

აი, ამ სამსჯავროზე ყოველი ჩვენგანი უნდა წარსდგეს და პასუხი აგოს თავისი ცხოვრებისთვის, თავისი საქმეებისთვის, სიტყვებისთვის და უფრო მეტიც, აზრებისთვისაც კი. ე.ი. უნდა მოიმკას ის, რაც დათესა. ჩვენი ცხოვრება უმეტესწილად გადის ამსოფლიურ, ყოველდღიურ საზრუნავებში და ვერ ვიცლით ხოლმე იმისთვის, რომ დავფიქრდეთ უმთავრესზე, მარადიულზე, თავს ვიმშვიდებთ ხოლმე იმით, რომ უფალი მოწყალეა, რადგან მან მიიღო უძღები შვილი, შეისმინა მეზვერის სინანული, აპატია გონიერ ავაზაკს და ვფიქრობთ, რომ ჩვენც მსგავსადვე შეგვიწყალებს და გვაპატიებს უფალი...

მაგრამ გვავიწყდება, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ უძღებ შვილსაც, მეზვერესაც და გონიერ ავაზაკსაც ჰქონდათ ძლიერი რწმენა, უფლის სასოება და კიდევ რა ჰქონდათ, რა გამოავლინეს მათ? - დიდი სინანული. დავფიქრდეთ, გვაქვს ჩვენ ეს თვისებები? ანდა, დაგვრჩება დრო მათ მოსახვეჭად?

დიახ, უფალი მოწყალეა, რა თქმა უნდა, და მრავალმოწყალეა, მაგრამ წმინდა წერილიდან და წმინდა მამათა სწავლებიდან ვიცით ასევე, რომ უფალი მართლმსაჯულიც არის. წმინდა დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „უყვარს წყალობა და მსჯავრი უფალსა“. ამიტომ იგი ასევე ამბობს: „წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო“. წმინდა ბასილი დიდი წერს, რომ ღმერთი დიდი სიბრძნით ავლენს თავის მოწყალებასაც და მსჯავრსაც, იმიტომ რომ არ სწყალობს განსჯის და მსჯავრის გარეშე და არც სჯის მოწყალების გარეშე. ამიტომ ჩვენ ნახევრად არ უნდა ვიცნობდეთ ღმერთს და მისი სიყვარული არ ვაქციოთ ჩვენი სიზარმაცის საბაბადო, - ამბობს წმინდა ბასილი.

ასევე წმინდა მოციქული პავლე გვაფრთხილებს, რომ არ უგულებელვყოთ ღმერთის სიკეთე და მოწყალება. უნდა შევიგნოთ, რომ უფალს ამ დიდი სიყვარულითა და მოწყალებით მივყავართ სინანულისკენ და ჩვენი უნანელობით, ჩვენი სიჯიუტით, თავად ვიმზადებთ რისხვას ღვთის სამართლიანი მსჯავრის გამოცხადების დღისთვის. აი, წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები.

ამრიგად, ძვირფასო ძმებო და დებო, დიდმარხვამდე ერთი კვირით ადრე წმინდა ეკლესია თითქოს განგაშის ზარებს შემოკრავს და გვაფრთხილებს, რომ „სიკვდილი ცოდვილთა ბოროტ არს“ და რომ საშინელი სამსჯავრო არ არის ჩვენს შესაშინებლად მოგონილი ამბავი, არამედ ეს არის რეალობა, რომელზეც თავად უფალი იესო ქრისტე გვასწავლის. თუ გასულ კვირას უძღები შვილის იგავით ეკლესიამ გაგვახსენა ღმერთის მოწყალება და სიყვარული, დღეს ჩვენ მოგვიწოდებს სულიერი სიფხიზლისკენ, რომ დავფიქრდეთ, რადგან არ ვიცით, როდის დადგება ჩვენი ცხოვრების უკანასკნელი ჟამი და გვექნება თუ არა დრო და საშუალება, რწმენითა და სინანულით მივმართოთ უფალს.

ამიტომ წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, მოვიკრიბოთ ძალები მარხვის წინ, თავი დავაღწიოთ ამ ყოველდღიური საზრუნავების მორევს და დავფიქრდეთ მთავარზე: ჩვენს სულზე, მომავალ მარადიულ ცხოვრებაზე, იმაზე, თუ რას ვთესავთ ჩვენს ცხოვრებაში და რა უნდა მოვიმკათ.

და აი, ამ იგავით წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, რომ მოვემზადოთ სინანულისა და ღმერთთან შეხვედრისთვის. ინებოს უფალმა და შეგვაძლებინოს ღმერთმა, რომ ეს მოწოდება შევისმინოთ, ამინ!

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, ჩვენ ვლოცავთ ფართლაძეების გვარს. ღმერთმა გამრავლოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ”,-აღნიშნა მეუფე შიომ.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати