USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
Тбилиси
მეუფე შიო - იყო მართლმადიდებელი, ნიშნავს, გქონდეს მართებული ცოდნა ღმერთზე, რა თქმა უნდა, იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია ადამიანისთვის
дата:  834

იყო მართლმადიდებელი, ეს ნიშნავს, რომ გქონდეს მართებული ცოდნა ღმერთზე, რა თქმა უნდა, იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია ადამიანისთვის და ასევე, გქონდეს ცოდნა იმისა, თუ რა არის ზეციური სამყაროსკენ მიმყვანებელი გზა , - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დიდმარხვის პირველ კვირას, მართლმადიდებლობის ზეიმზე განაცხადა.

“სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ მართლმადიდებლობის ზეიმს.

ეს დღე დადგინდა IX საუკუნეში კონსტანტინოპოლის პატრიარქ, წმინდა მეთოდიოსის დროს, როგორც ხატმებრძოლეობაზე საბოლოო გამარჯვება და, საერთოდ, ყველა ცრუ სწავლებასა და მწვალებლობაზე გამარჯვება, ზეიმი ამ გამარჯვების.

რა არის მართლმადიდებლობა? დღეს ვფიქრობთ კიდევ ერთხელ ამაზე. ეს არის სარწმუნოება, რომელიც მართებულად ადიდებს უფალს. ეს არის ზეცა დედამიწაზე, ეს არის სწავლება, რომელიც ეფუძნება მოციქულებისგან მიღებულ წმინდა წერილს, წმინდა გადმოცემას, იმ მოციქულებისგან, რომლებიც თვით ძე ღმერთმა წარაგზავნა საქადაგებლად ყველა ხალხებში მათზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ. მათი ქადაგების შემდეგ მსოფლიო კრებებმა და წმინდა მამებმა მხოლოდ ის დაადგინეს, რაც ეთანხმებოდა წმინდა წერილსა და მოციქულთა სწავლებას.

იყო მართლმადიდებელი, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მართლმადიდებლური სწავლება ღმერთზე - ეს არის ის, რაც განაცხადა თვით ძე ღმერთმა, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ.

იყო მართლმადიდებელი, ეს ნიშნავს, რომ გქონდეს მართებული ცოდნა ღმერთზე, რა თქმა უნდა, იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია ადამიანისთვის და ასევე, გქონდეს ცოდნა იმისა, თუ რა არის ზეციური სამყაროსკენ მიმყვანებელი გზა.

ეს გზა, რომელიც არის ქრისტიანული ცხოვრების წესი, ანუ სულიერი ცხოვრების პრაქტიკა, ასევე ეფუძნება წმინდა სახარებას, წმინდა წერილს. ეს გახლავთ ერთადერთი სწორი გზა სიწმინდის მოსაპოვებლად, სულის გადასარჩენად. ეს დადასტურდა ცხოვრების მაგალითზე მრავალი დიდი მოსაგრისა, რომლებმაც მიაღწიეს დიდ სიწმინდეს და მრავალი სასწაული აღასრულეს.

მართლმადიდებლობა - ეს არის წმინდა ქრისტიანობა, თუ შეიძლება ასე ითქვას. ყოველგვარი ადამიანური მოსაზრებების შემოტანის გარეშე, მაგრამ მართლმადიდებლობა როდი იძლევა მხოლოდ განყენებულ ცოდნას, არამედ ის იძლევა სულიერ ძალებსაც სწორი სულიერი ცხოვრების წარმართვისთვის, ვინაიდან ჩვენ ეკლესიაში გვეძლევა სულიწმიდის ნიჭები, რომლებიც გვეხმარება სიკეთის ქმნასა და მოღვაწეობაში. ამიტომ ყოველი გადახვევა მართლმადიდებლობიდან, ეს არის ამ სწორი სულიერი ხედვის გამრუდება, დაზიანება და ყველას, ვინც გადაუხვევს მართლმადიდებლობიდან და არა მხოლოდ თვითონ გადაუხვევს, არამედ სხვებსაც აცდუნებს და გაიყოლიებს, წმინდა ეკლესია შეაგონებს, ამხელს და გამოუსწორებლობის შემთხვევაში განიშორებს თავისი წიაღიდან, როგორც მოიკვეთენ ხოლმე უკურნებელი სენით დაავადებულ სხეულის ნაწილს იმისთვის, რომ სხეულის ჯანმრთელი ნაწილი გადადებისგან და სიკვდილისგან დაიცვან.

დღევანდელი დღე არის ერთგვარი გამოცდაც ჩვენთვის, ყველასთვის, რომ ვკითხოთ ჩვენს თავს, ვარ თუ არა მართლმადიდებელი? ხომ არ ამებნა გზა ჩემს ფიქრებში, აზრებში? თუ ამებნა, უნდა შევინანო და გამოვსწორდე, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, მართლმადიდებლობა არ არის მხოლოდ სწავლება, არამედ ეს არის ცხოვრების წესიც. ამიტომ უნდა ვკითხოთ ჩვენს თავს, ვცხოვრობ თუ არა მე, როგორც მართლმადიდებელი? თუ ვერ ცხოვრობ, ამ დიდმარხვაში ამაზეც უნდა დავფიქრდეთ, ესეც გამოვასწოროთ და მოვინანიოთ.

დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ დიდ მოვლენას. 1990 წელს, ზუსტად ამ დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმზე, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა დიმიტრიოსმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს და მისი სახით მთელ ჩვენს ეკლესიას გადასცა ორი სიგელი, რომლებითაც აღიარებულია ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია და კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული.

ამ დღეს ჩვენ განსაკუთრებით მადლობას ვუხდით მის უწმინდესობასა და უნეტარესობას მისი დიდი ღვაწლისთვის, ვინაიდან ეს დიდი მოვლენა მოხდა მისი დიდი ავტორიტეტით და დიდი შრომის შედეგად. მისი დამსახურება არის არა მხოლოდ ის, რომ მოხდა ავტოკეფალიის აღიარება, არამედ ისიც, რომ ამ დოკუმენტში ჩაიწერა, რომ ჩვენს ეკლესიას ავტოკეფალია აქვს უძველესი დროიდან.

ასე რომ, განსაკუთრებით მივულოცოთ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს დღევანდელი დღე და ვუსურვოთ მას დღეგრძელობა და ჯანმრთელობა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერი, რომელიც მუდამ ცდილობდა, ჭეშმარიტების გზით ევლო და დაეცვა მართლმადიდებლობა და შეგვაძლებინოს უფალმა, რომ მომავალშიც ასე გაგრძელებულიყოს, ვინაიდან ეს ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი ერის გადარჩენის მთავარი საწინდარი, ამინ” , - განაცხადა მეუფე შიომ.

общество
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати