USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
მეუფე შიო - ღმერთი მხოლოდ მდაბალთა აძლევს მადლს
თარიღი:  

ღმერთმა აკურთხოს ჩვენი ძალისხმევა, რომ ვიყოთ წმინდა უფლის მოწოდებისამებრ, ვიყოთ წმინდა და ჩავწვდეთ ცხოვრების ერთადერთ უმთავრეს მიზანს - ვეძიოთ სასუფეველი ღვთისა და მოვიპოვოთ სიმდაბლე, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას განაცხადა.

მეუფემ მრევლს წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაული მიულოცა.

„როგორც იცით, წმინდა იოანე ნათლისმცემელი მონაზვნობის ფუძემდებლად ითვლება. ასე უწოდებს მას არაერთი წმინდა მამა. ასევე ათონელი მამებიც იყვნენ მონაზვნები, რომლებმაც საერო ცხოვრება დატოვეს და ქრისტეს შეუდგნენ. ამასთან დაკავშირებით დღეს იყო წაკითხული სახარებიდან მონაკვეთი, სადაც მოთხრობილია, რომ უფალი იესო ქრისტე მოუწოდებს თავის პირველ მოწაფეებს და ეტყვის: „მოდით და გამომყევით მე“ (მთ. 4, 19). უფლის ეს სიტყვები - „მოდით და გამომყევით“ - არის მოწოდება ყოველი ჩვენგანისადმი. ასევე ყოველ ჩვენგანს მიმართავს წმინდა პეტრე მოციქულიც, როდესაც ამბობს: „წმინდა იყოს ყოველი თქვენი ქცევა, როგორც წმინდაა თქვენი მხმობელი“ (1 პეტრ. 1, 15). იმავე მოწოდებით მოგვმართავენ ყველა წმინდანები, ვისაც ჩვენს ლოცვებში მივმართავთ. არსებითად შეიძლება ითქვას, რომ უფლის ეკლესია მხოლოდ ერთ რამეს ითხოვს ჩვენგან - სიწმინდეს და მხოლოდ სიწმინდეს.

ამ მოწოდებას მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში ადამიანის გული სიხარულით სცემს პასუხს. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანს სწყურია მარადისობის ღირსი ცხოვრება. მაგრამ განა ღირსია მარადისობის ის სულიერი განწყობები, რომლებზეც ხშირად ვიმყოფებით? ის წვრილმანი საზრუნავები, ამაოება, შფოთი ან გაღიზიანება, მრისხანება, უთანხმოება, რომელშიც ხშირად ვიმყოფებით; ან შური, ან სევდა და გამწარება ცხოვრებისეული წარუმატებლობის გამო, რომელიც ხშირად აქვს მრავალ ჩვენგანს, ეს ყველაფერი არ არის მარადისობის ღირსი. მაშ, რა არის ღირსი მარადიული ცხოვრებისა? ღირსია სიყვარული და სიყვარულთან დაკავშირებული შემოქმედება, ამ შემოქმედების ნაყოფები და ამ შემოქმედების ნაყოფებთან დაკავშირებული სიხარული.

შეგახსენებთ წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებს, რომ ეს არის სიხარული, მშვიდობა და სიმართლე სულიწმიდაში, რაც არის სასუფეველი ღვთისა, რომელიც ჩვენშია და რომელზეც უფალი იესო ქრისტე ამბობს: „ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ეს ყველაფერი შეგემატებათ თქვენ" (მთ. 6, 33). ეს არის სასუფეველი, რომელიც სულიწმიდის მადლით შემოდის ჩვენში.

ადამიანებმა, იციან რა, თუ რამდენი სიკეთე მოაქვს ამ ყველაფერს, უფლის მოწოდებას პასუხს სცემენ. თუმცა ხშირად ხდება, რომ ადამიანი პასუხს სცემს ამ მოწოდებას, მაგრამ მალევე ბრკოლდება და უკან იხევს. ეს რატომ ხდება? იმიტომ, რომ სიწმინდეს აქვს ორი მხარე, ძვირფასო ძმებო და დებო.

ერთი მხარე არის ქარიზმატული, ანუ მადლისმიერი. მასში, როგორც ამბობს პავლე მოციქული, თვით იესო ქრისტე გამოსახავს საკუთარ თავს და ჩვენ ამ სიწმინდეში ქრისტეს ვცემთ თაყვანს. მასში ვლინდება და გაცხადდება სულიწმიდა, ვლინდება მისი ნიჭები. აი, ეს არის ერთი მხარე სიწმინდისა.

მეორე მხარე არის ასკეტური მხარე, ვინაიდან სიწმინდის მოპოვება გულისხმობს ღვაწლს და დიდ სულიერ შრომას, ღვაწლი კი არის ჯვარი, ტანჯვა და სიმძიმილი, რაც ძალიან არ გვიყვარს და ყველანაირად გავურბივართ მას. ამიტომ ბრკოლდება ბევრი ადამიანი. მაგრამ ჩვენ ხომ გვახსოვს, რომ სასუფევლისკენ მიმყვანებელი გზა გადის გოლგოთაზე, ეკლესიისა და კაცობრიობის ისტორია გვასწავლის, რომ ტანჯვა, სიმძიმილი და მწუხარება, თუ მას ადამიანი გონივრულად შეხვდება, მიმყვანებელია ამაღლებისა და აღმასვლისკენ. ამიტომ ტანჯვის უარყოფა არის უარყოფა სრულყოფილებისა, ეს არის უარყოფა ამაღლებისა. ამიტომაც სცემენ პასუხს ადამიანები ღვთის ამ მოწოდებას.

ღმერთმა აკურთხოს ჩვენი ძალისხმევა, რომ ვიყოთ წმინდა უფლის მოწოდებისამებრ, ვიყოთ წმინდა და ჩავწვდეთ ცხოვრების ერთადერთ უმთავრეს მიზანს - ვეძიოთ სასუფეველი ღვთისა და მოვიპოვოთ სიმდაბლე, ვიქონიოთ სიმდაბლე, რამეთუ ღმერთი მხოლოდ მდაბალთა აძლევს მადლს და მხოლოდ მდაბალნი გულითა აცხონეს, - როგორც ამბობს დავით წინასწარმეტყველი“, - განაცხადა მეუფე შიომ.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის