USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები, ამიტომ გული გვტკივა და ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს დაპირისპირება
თარიღი:  1093

ამ კანონის [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის] მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, არიან ჩვენი სულიერი შვილები, მათ შორის ძალიან ბევრია ახალგაზრდობა, ამიტომ ჩვენ ამ ყველაფრის გამო განსაკუთრებით გული გვტკივა და ხშირად ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირმა ქაშვეთთან, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით შეკრებილი საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, მხოლოდ სიყვარულს შეუძლია გაყოფილი, დაპირისპირებული ადამიანების ერთად შეკრება და მათი ნების გაერთიანება.

„ჩვენ დიდი გულისტკივილით თვალყურს ვადევნებდით იმ დაპირისპირებას, დაძაბულობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა და რომელიც უკავშირდებოდა და უკავშირდება ჩვენი პარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებას. ამ კანონის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, არიან ჩვენი სულიერი შვილები, მათ შორის ძალიან ბევრია ახალგაზრდობა. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით გული გვტკივა ამ ყველაფრის გამო და ხშირად ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს, ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში. საერთოდ დაპირისპირებაზე ჩვენ გვპასუხობენ ჩვენი ეკლესიის წმინდა მამები, კერძოდ, ერთ-ერთი უდიდესი წმინდა მამა, ღირსი მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ მხოლოდ სიყვარულს შეუძლია გაყოფილი, დაპირისპირებული ადამიანების ერთად შეკრება და მათი ნების გაერთიანება. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია ადამიანებში თანხმობის და ერთსულოვნების შესანიშნავი განწყობა წარმოქმნას. იმიტომ, რომ როდესაც არის სიყვარული, მაშინ ღვთის მადლიც მოქმედებს და ნებისმიერი უთანხმოების დაძლევა შეიძლება მშვიდობიანად და როდესაც არ არის სიყვარული, მაშინ არც ღვთის შეწევნაც არ არის, მაშინ პატარა მიზეზმაც კი შეიძლება გამოიწვიოს დიდი მტრობა და დაპირისპირება. აი, ამიტომ სიყვარულს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სიყვარულის უმთავრესი სკოლა კი გახლავს სწორედ ოჯახი. ადამიანი სიყვარულს ოჯახში უნდა სწავლობდეს და სიყვარულში იზრდებოდეს, რაც არის ჩვენი სულის გადარჩენის უმთავრესი პირობა. ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით ოჯახურ ღირებულებებს და ვიცავთ მის სიწმინდეს. სწორედ, ეს არის დღეს ჩვენი შეკრების და ჩვენი ლოცვითი მსვლელობის მიზანი. ახლა ჩვენ წავიკითხავთ მცირე ლოცვას და შემდეგ ყველანი ერთად გავემართებით წმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც თქვენთან ერთად აღვავლებთ პარაკლისს“, - განაცხადა მეუფე შიომ.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის