აქ არც ნატოზეა ლაპარაკი და არც ევროკავშირზე, უბრალოდ არ მოსწონთ ის, რომ ვიღაცის მონა არ ხარ. მონობაში სიცოცხლეს სჯობს თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი - მინდა ჩემს ერს მოგმართოთ - დავფიქრდეთ თუ რის წინაშე ვდგავართ, ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს რომელიმე მხარეს დადგომა და შეშინებულები არ უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგების დროს განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ჩვენ უნდა დავდგეთ იმ მხარეს, სადაც თავისუფლების მოყვარული ხალხი დგას.
„როგორც კი ომი დაიწყო, ჩემთვის იქ დამთავრდა ერთ-ერთი მხარის სიმართლეზე ლაპარაკი, რადგან არ შეიძლება ბოლომდე შეიარაღებულებმა ბოლომდე დაჩაგრონ ვიღაც იმის გამო, რომ იარაღით ვერ ერევა მას. მე თუ თავისუფალი ვარ და დამოუკიდებელი, მე ჩემი არჩევანი უნდა მქონდეს. აქ არც ნატოზეა ლაპარაკი, არც ევროკავშირზე, უბრალოდ არ მოსწონთ ის, რომ ვიღაცის მონა არ ხარ. მონობაში სიცოცხლეს სჯობს თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი, მე პირადად ასე მირჩევნია.
დღეს საქართველო ძალიან დიდი განსაცდელის წინაშე დგას. არამარტო უკრაინა, მთელი მსოფლიო დიდი განსაცდელის წინაშე ვდგავართ. 2008 წელს ვის რა დავუშავეთ? გაგვჟლიტეს, წაგვართვეს მიწები და იქ სიკეთე შეიტანეს თუ რა? მოასხდნენ თავზე და არიან ისე, ამიტომ მინდა ჩემს ერს მოგმართოთ - დავფიქრდეთ თუ რის წინაშე ვდგავართ, ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს რომელიმე მხარეს დადგომა, შეშინებულები არ უნდა ვიყოთ და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს მაინც, ერთმანეთში შუღლი არ უნდა გვქონდეს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მან, უკრაინელებს სიმტკიცე უსურვა.
ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მკვდრეთით აღმსდგარი: დონალდ ტრამპი როგორც ამერიკული პოლიტიკის „ლაზარე“ (ავტორი - დერეკ ჰანტერი).
„სიტყვას „ისტორიული“ პოლიტიკაში ხშირად იყენებენ ხოლმე და მას ფეხბურთის ბურთივით ათამაშებენ, ზოგჯერ კი მიზანში ვერ ურტყამენ. დონალდ ტრამპთან მიმართებით კი ამ სიტყვის გამოყენება სამართლიანია. მისი მიღწევა მართლაც ისტორიულია. მან უდიდესი რევანში აიღო პოლიტიკაში.
დონალდ ტრამპი არამხოლოდ პოლიტიკური გვამი იყო, არამედ საერთოდ, „პერსონა ნონ-გრატა“ როგორც ვაშინგტონში, ასევე მშობლიურ ნიუ-იორკშიც. და როგორც ხდება ხოლმე პოლიტიკაში, მას საპყრობლეში გაგზავნითაც ემუქრებოდნენ... და ახლა იგი თეთრ სახლში ძლევამოსილად ბრუნდება - ისეთ თამაშში გამარჯვების შემდეგ, რომელიც მანამდე არავის უთამაშია.
აშშ-ის ისტორიაში დონალდ ტრამპამდე მისნაირად მხოლოდ 22-ე და 24-ე პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი იქნა არჩეული ორი ვადით („შუალედური შესვენებით“ 1885-1889 და 1893-1897 წლებში). მსგავსი შემთხვევა ჰქონდა რიჩარდ ნიქსონს, რომელმაც 1960 წელს საპრეზიდენტო არჩევნებიც წააგო, გუბერნატორის არჩევნებიც (1962 წელს) და განაცხადა - „მორჩა, მეგობრებო, რიჩარდ ნიქსონს ვეღარსად ვეღარ ნახავთ - იმიტომ, რომ ეს ჩემი ბოლო პრეს-კონფერენციაა“. ჩვენ მისი ნახვა მაინც მოგვიწია 1968 წელს, თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში. თუ რითი დაასრულა მან თავისი პრეზიდენტობა, გვახსოვს („უოტერგეიტით“), მაგრამ ფაქტია, რომ მისი დაბრუნება იმ დროისათვის ძალზე შთამბეჭდავი იყო.
დონალდ ტრამპმა კი რიჩარდ ნიქსონსაც გადააჭარბა. იგი ფაქტიურად „დამარხული“ იყო საკუთარი რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდანაც კი, სხვები კი მოთმინებით ელოდნენ, რომ იგი უბრალოდ გუდა-ნაბადს აიკრავდა და პოლიტიკიდან წავიდოდა. მაგრამ ასე არ მოხდა.
ამერიკელებმა თავისი პოზიცია გამოხატეს: მათ ცვლილებები სურდათ და კიდეც განახორციელეს. დონალდ ტრამპი ვერაფერმა ვერ შეაჩერა - ვერც ბრალდებებმა, ვერც თავდასხმებმა... ყველა მემარცხენე გაზეთი და ტელევიზია აკრიტიკებდა, ემუქრებოდა, აშინებდა, მაგრამ ისინი ყველა „ქაღალდის ვეფხვები“ აღმოჩნდნენ, დონალდ ტრამპმა ყველა „დაიკიდა“. რას იზამენ ახლა ტელეარხების MSNBC-სა და CNN-ის ხელმძღვანელები და მაყურებლები? ვინ აღმოჩნდა მარგინალი - ისინი თუ დონალდ ტრამპი? აღიარებენ თუ არა იმას, რომ არასწორად იქცეოდნენ - როცა ყველას, ვინც დონალდ ტრამპის გვერდით იდგა, გიჟებად და სულელებად თვლიდნენ?
მოკლედ, დონალდ ტრამპი „კონსტანტის“ (მუდმივის) განსახიერებაა: იგი იყო, არის და იქნება.
წყარო: https://thehill.com/opinion/campaign/4975713-donald-trump-greatest-comeback-since-lazarus/