USD 2.6042
EUR 2.9407
RUB 3.1195
თბილისი
მეუფე ანანია: ეკლესია – ქართული ქვეყნების გამაერთიანებელი
თარიღი:  1995

ტერმინ „საქართველოს“ განსაზღვრება, მისი ტერიტორიული მოცულობის თვალსაზრისით, თანამედროვე ისტორიოგრაფიაში ზოგჯერ არასწორადაა მოცემული. მაგალითად, X-XI სს-ის მიჯნის საქართველოს ტერიტორიის დაყოფის შესახებ წერენ: „საზღვარი საქართველოსა და კახეთის სამეფოს შორის მდ. ქსანზე გადიოდა“.

   აღნიშნული ეპოქის აღმწერი ქართული მატიანეები წერდნენ არა „საქართველოს სამეფოსა“ და „კახეთის“, არამედ აფხაზეთ-ტაო-კლარჯეთის გაერთიანებული სამეფოსა და კახეთის სამეფოს შორის საზღვარზე. „საქართველო“ არა მხოლოდ აფხაზეთ-ტაო-კლარჯეთის გაერთიანებულ სამეფოს ეწოდებოდა, არამედ ქართველთა ყოველ სახელმწიფოს, იმ დროს არსებულს, რადგანაც, როგორც თვით სიტყვა უჩვენებს – „საქართველო“ ნიშნავს ქართველების, ქართველთა ქვეყანას.

ქართველთა ქვეყნები იყვნენ არა მარტო კახეთის და ჰერეთის სამეფოები, არამედ თბილისის საამირო და ქვემო ქართლში მდებარე კვირიკიანთა სამეფოც, თუმცა თბილისს მაჰმადიანი, ხოლო ქვემო ქართლს მონოფიზიტი მმართველები მართავდნენ.

საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება, ერთ სამეფოდ გადაქცევა, გამოიწვია ზემოაღნიშნული ქვეყნების ეთნიკურმა ერთიანობამ – ქართველობამ. მიუხედავად იმისა, რომ თბილისი თითქმის 400 წლის მანძილზე მაჰმადიანური საამიროს ცენტრი იყო, მის  მცხოვრებთა უმრავლესობას ქართველი ქრისტიანები შეადგენდნენ. ასევე ითქმის ქვემო ქართლში მდებარე ე. წ. „სომეხთა“, ანუ ტაშირ-ძორაკერტის სამეფოს შესახებაც. ის იმ მიწებზე მდებარეობდა, სადაც არა მარტო ქართული, არამედ სომხური მატიანეების მიხედვით, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ყოველთვის ქართველები შეადგენდნენ. სამწუხაროდ, მათი ერთი ნაწილი „გასომხდა“, რამეთუ მათ მონოფიზიტი მეფეები მართავდნენ. აქ ქართულ ეკლესიას თავისი მრევლის საკმაო ნაწილი ჰყავდა. ეს ბუნებრივია, რადგან თვით დიდი სომხეთის ტერიტორიაზეც კი ანისს, ვალაშკერტსა, დადაშენსა თუ სხვაგან ქართველი მრევლი არსებობდა და იქაურ ქართულ ეკლესიებში ქართველ ეპისკოპოსებს ტახტები ედგათ. ასევე ითქმის ჰერეთის შესახებაც. უნდა ითქვას, რომ ჰერეთს ყველაზე უფრო მეტად არ გაუმართლა ქართულ ქვეყანათა შორის. მისი ბედი მხოლოდ ლაზეთის ბედს შეიძლება შევადაროთ, თუმცა, XVI საუკუნის შემდეგ მისი ბედი მესხეთის დიდმა ნაწილმაც გაიზიარა. ჰერეთი ვრცლად  გაჭიმული ქართული ქვეყანა იყო. დიდი ხნის მანძილზე, თითქმის VI-IX საუკუნეებში, ის სომხური ეკლესიის გავლენის სფეროში მოექცა ჯერ სპარსელების, შემდეგ კი არაბების ნებით. არაბთა ოდნავი შესუსტებისთანავე ამ ქვეყანაში აღდგა ქართული სახელმწიფოებრიობა. ქვეყანას ქართულენოვანი მმართველები მართავდნენ, რადგანაც ქართული ენა მოსახლეობის დედაენა იყო. მაშინაც კი, ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის დროს, ჰერეთი ოფიციალურად კვლავ გრიგორიანული ეკლესიის სამრევლოს წარმოადგენდა. X საუკუნეში დინარა დედოფლის წყალობით ჰერეთი დაუბრუნდა დედაეკლესიას. აქ ქართველობა სრულყოფილად აღდგა, მაგრამ ჰერეთის ეთნიკური სახე მალე შეიცვალა. XI საუკუნის I ნახევრიდან დაიწყო თურქული ტომების მიერ ჰერეთის საუკეთესო მიწების საძოვრებად გადაქცევა. მალე ისინი აქ დამკვიდრდნენ და დაეფუძნენ. ჰერეთს მეორე სახელიც ერქვა – რანი. ის დიდი ქვეყანა იყო, თითქმის ბარდავამდე გადაჭიმული. მისი დიდი ნაწილი თურქების (თურქმანების) სამკვიდრებლად იქცა. აღსანიშნავია, რომ  აქ, თურქულ-მაჰმადიანურ გარემოში მცხოვრები მრავალი ქართველი გათურქდა. მართალია, დავით აღმაშენებელმა მრავალჯერ ილაშქრა აქ დამკვიდრებული თურქების გასაძევებლად, მაგრამ საბოლოოდ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ჰერეთის დიდი ნაწილი საქართველომ დიდი თურქობის შემდეგ საბოლოოდ დაკარგა.

თურქ-სელჯუკების მიერ ბიზანტიისა და საქართველო-სომხეთის მიწების დაჭერის შემდეგ დავით აღმაშენებელმა შეძლო მათი გაძევება საქართველოს ძირითადი ტერიტორიიდან. ისინი განსაკუთრებით ფეხმოკიდებულნი იყვნენ კახეთ-ჰერეთსა და ქვემო ქართლში. კახეთიდან და თბილის-ქვემო ქართლიდან ამ დამპყრობლების განდევნამ საქართველოს შეუნარჩუნა ეს ტერიტორიები.

მართალია, XI საუკუნეში ძირითადად კახეთის საქორეპისკოპოსო, ჰერეთის სამეფო, თბილისის საამირო და ქვემო ქართლი დანარჩენი საქართველოს სამეფოსაგან დამოუკიდებლად არსებობდნენ, მაგრამ ქართული ეკლესია, ფაქტობრივად, აერთიანებდა ყველა ამ ქვეყანას. არა მარტო კახეთსა და ჰერეთში, არამედ ქვემო ქართლსა და თბილისშიც კი ქართულ ეკლესიას უდიდესი გავლენა ჰქონდა.

„კარგად ორგანიზებული და გავლენიანი ქართული ეკლესია მთელ შუა საუკუნეებში დიდი პოლიტიკური და იდეოლოგიური ძალა იყო და უაღრესად აქტიურ როლს თამაშობდა როგორც საერთოდ საქართველოში, ისე განსაკუთრებით XI საუკუნის თბილისში, რომლის ქრისტიანული (ქართული) მოსახლეობა მთელი ოთხი საუკუნის მანძილზე იყო მოკლებული უმაღლესი საერო ხელისუფლების მფარველობას“.

მაჰმადიანთა მმართველობის დროს ვინ მფარველობდა თბილისის ქართულ მოსახლეობას?

„…ისტორიკოსს უფლება არა აქვს დაივიწყოს ის ფაქტი, რომ მუსულმანთა გარდა თბილისის ქართულ ქრისტიანულ მოსახლეობას ჰყავდა საკუთარი, კარგად ორგანიზებული და ძლიერი პატრონი: ეს იყო ქართული ეკლესია! კაცობრიობის ისტორიამ არაერთი დამაჯერებელი მაგალითი იცის იმისა, რომ ამა თუ იმ ერის ნაწილს, როცა იგი დროთა ბრუნვის წყალობით საერო ხელისუფლებას მოკლებულია, ხელმძღვანელობას და მფარველობას უწევს მისი ეკლესია. ებრაელთა ერი რელიგიამ გადაარჩინა. შეიძლება მივუთითოთ აგრეთვე ჩვენი მოძმე სომეხი ერის მაგალითზე. ასეთი მაგალითების შემდეგ რა საფიქრებელია, რომ მდიდარი და გავლენიანი ქართული ეკლესია, რომელმაც არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც კი შექმნა ქართული კულტურის ბრწყინვალე ძეგლები, თბილისის ქართულ ქრისტიანულ მოსახლეობას დაივიწყებდა და მისი ინტერესების დასაცავად არაფერს იღონებდა. თბილისი ხომ ყოველთვის გარშემორტყმული იყო ქრისტიანული მოსახლეობით, თვით ქალაქშიც ბევრი იყო ქრისტიანული ეკლესია-მონასტრები, აგრეთვე ეკლესიის კუთვნილი ქარვასლები, სახელოსნოები და სავაჭრო დუქნები“.

პ. რატიანის აზრით, თბილისის მოქალაქეთა ძირითადი მასა ქართველებისაგან შედგებოდა და მუსულმანთა ბატონობისაგან გათავისუფლებაზე ოცნებობდა.

„აჯანყებულ თბილისელებს სასტიკად დაუმარცხებიათ მუსულმანი დამპყრობლები და მათთვის მთელი ქალაქი, მათ შორის ამირას სასახლეც წაურთმევიათ, მაგრამ მტრის სამხედრო ძალის მთლიანად განადგურება და მისი ციხესიმაგრეების აღება ვეღარ მოუხერხებიათ“5. ეს  მოხდა 1045 წელს. თბილისის მმართველობა თავის ხელში აუღიათ თბილისელ ბერებს. მათ ხელისუფლება საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე სჭერიათ. მაგრამ დიდი თურქობის დროს თბილისელ ქრისტიანებსაც გაუჭირდათ. აქამდე, 1080 წლამდე, პ. რატიანის თვალსაზრისით, ქართული ეკლესია თბილისის საამიროში დევნას არ განიცდიდა. მართლაც, XIII საუკუნეში ქართველმა სამღვდელოებამ მეფეს განუცხადა, თბილისის საამიროში არავინ იკადრებდა ქართული ეკლესიის ქონების მითვისებასო.

ცნობილია, რომ თბილისელმა ბერებმა მეფე ბაგრატ IV-ს ორჯერ, 1045 და 1048 წლებში, გადასცეს ქალაქი თბილისი. „თბილელი ბერები“, ანუ „ქალაქის ბერნი“, რომელთა შესანიშნავ მოქმედებაზე „ქართლის მატიანე“ გვაუწყებს, ალბათ იყვნენ თბილისში მოღვაწე განათლებული სასულიერო პირები, საეკლესიო-სამონასტრო ძმობის გამოჩენილი წარმომადგენლები, სამშობლოს პატრიოტები, რომლებიც გვერდში ედგნენ მეფის ცენტრალურ ხელისუფლებას და თავდადებით იბრძოდნენ პროგრესისათვის. ისინი ღვიძლი ძმები იყვნენ იოანე, ექვთიმე და გიორგი ათონელებისა, რომელთაც განუზომელი ღვაწლი დასდეს ერთიანი ქართული სახელმწიფოს მშენებლობასა და დაცვას…“.

პ. რატიანს მოჰყავს ნ. ბერძენიშვილის აზრი ქართული ეკლესიის მსახურთა შესახებ: „…ისინი აქტიური პოლიტიკური მოღვაწენი არიან, ქვეყნის პოლიტიკური მშენებლები“. ცხადია, ეს შეეხება მხოლოდ ერთ ნაწილს ქართველი ბერ-მონაზვნებისა.

„ივ. ჯავახიშვილს დადგენილი აქვს, რომ საქართველოს ეკლესიას, როგორც რომის ეკლესიას, სახელმწიფო ცხოვრებასა და წესწყობილებაში განსაკუთრებული უპირატესობანი ჰქონდა მოპოვებული და მინიჭებული, რომელთა წყალობითაც მას მარტო წმინდა საეკლესიო დაწესებულების ხასიათი კი არ ჰქონდა, არამედ სახელმწიფოებრივი სხეულისა და ერთეულის თვისებებიც მოეპოვებოდა“. ამ დებულებას სავსებით ადასტურებს სპეციალისტებისათვის კარგად ცნობილი ისეთი ფაქტები, როგორიცაა: ომებში სასულიერო პირთა, მათ შორის, თვით ეპისკოპოსთა  უშუალო მონაწილეობა, გაერთიანებული საქართველოს მეფის კარზე მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობის შექმნა, თანამდებობისა, რომელიც სახელმწიფოს პირველ ვეზირად ითვლებოდა და არა მარტო სასულიერო, არამედ საერო საქმეებსაც განაგებდა საქართველოს ზოგიერთ კუთხეში. კერძოდ კი, კახეთის სა¬მეფოში ქორეპისკოპოსთა ინსტიტუტის არსებობა, რის შედეგად სასულიერო პირები საქართველოს ამ მხარის მთელი სამხედრო ლაშქრის სარდლები იყვნენ; საქართველოს მთიან რაიონებში ხევისბერთა ინსტიტუტის არსებობა და მრავალი სხვა. „ქართული ეკლესიის დიდ გავლენას და სახელმწიფო საქმეებში მის აქტიურ მონაწილეობას მოწმობს ის ფაქტიც, რომ თითქმის ყველა დიდ ეკლესიასა და მონასტერს ჰყავდა საკუთარი კარგად გაწვრთნილი ლაშქარი, რომელიც საჭიროების დროს მეფის სადროშოს უერთდებოდა და მასთან ერთად ებრძოდა საქართველოს მტრებს. ქრისტიანული ეკლესია შუა საუკუნეების საქართველოში ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა“.

როგორც ზემოთ მოყვანილიდან ჩანს, ქართული ეკლესია თვით მუსულმანთა ბატონობის დროსაც კი ძალზე მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა, იმდენად მნიშვნელოვანს, რომ მან XI საუკუნის ერთ პერიოდში შეძლო ქალაქის მმართველადაც ყოფილიყო.

ასევე ითქმის კახეთის სამეფოს შესახებაც. მართალია, ეს სამეფო დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, მაგრამ ეკლესიურად დამოუკიდებელი არ ყოფილა. იქ ქართული ეკლესიის ძალა განუზომელი იყო. უფრო მეტიც, ქართულ ეკლესიას კახეთში სახელმწიფოებრივი მართვის სადავეებიც კი გარკვეულწილად ხელთ ეპყრა ქორეპისკოპოსთა ინსტიტუტის მეშვეობით, რომელთა ეკლესიური წარმომავლობა პ. რატიანს არ ეეჭვება და ისინი სამხედრო ლაშქრის სარდლობადაც მიაჩნია.

საერთოდ, ქორეპისკოპოსი ეწოდება ეპისკოპოსის (მთავარეპისკოპოსის ან მიტროპოლიტის) საქმეთა მმართველს, რომელსაც ევალება ეპარქიის საქმეების წარმართვა. ქორეპისკოპოსი ასრულებდა იმავე მოვალეობას, რასაც მოურავი ფეოდალის კარზე. ქორეპისკოპოსი მოურავია, გარკვეული თვალსაზრისით. ცნობილია, რომ სამოურავოთა სისტემა დამახასიათებელი იყო კახეთის სამეფოსათვის XVII საუკუნის შემდეგ. შეიძლება ეს იყო აღდგენა, რესტავრაცია ძველი კახეთის  სამეფოს მსგავსი სისტემისა, რომელიც მაშინ „საქორეპისკოპოსოთა“ სახელით იყო ცნობილი (იგულისხმება X-XI საუკუნეები).

ასეა თუ ისე, კახეთის სამეფოში ქართულ ეკლესიას დიდი ძალა ჰქონდა. ასევე ყოფილა საქართველოს მთიანეთშიც. მთის თემების მმართველი ხევისბერებიცა და დეკანოზებიც სასულიერო პირები იყვნენ და ქართულ ეკლესიასთან მათი კავშირი უეჭველია.

ასევე ითქმის საქართველოს სხვა კუთხეთა შესახებაც. მაგალითად, ცნობილია, რომ ბაღვაშების საგვარეულო საუკუნეების მანძილზე ებრძოდა საქართველოს გამაერთიანებელ მეფეებს. მიუხედავად ამისა, ისინი იყვნენ ქართული ეკლესიის ერთგული თაყვანისმცემლები, ერთგული შვილები და უანგარო დამხმარენი (ლიპარიტ ბაღვაში ათონის ივერთა მონასტრის ერთ-ერთ მაშენებლადაც კი ითვლებოდა). ისინი ყოველმხრივ მფარველობდნენ, ეხმარებოდნენ და თვითონაც აქტიურად იღვწოდნენ ქართული ეკლესიისათვის, ზოგჯერ ბერადაც იღკვეცებოდნენ. ცხადია, მათ სამფლობელოში (თრიალეთსა თუ არგვეთში) ქართულ ეკლესიას უდიდესი ძალა გააჩნდა.

ზემოთ მოყვანილიდან გამომდინარე, ალბათ, შეიძლება დავასკვნათ: თვით საქართველოს გაერთიანებამდე სხვადასხვა ქართულ პოლიტიკურ ერთეულებს ფაქტობრივად აერთიანებდა ქართული ეკლესია. ის საქართველოს უპირველესი და უზენაესი გამაერთიანებელი იყო. თუმცა, ცხადია, სხვაა პოლიტიკური ერთიანობა ერთი ერისა. ამიტომაც, ქართული ეკლესია ყოველთვის მხარში ედგა საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლ ყველა მეფეს, განსაკუთრებით კი დავით აღმაშენებელს.

ცნობილია, რომ ქვემო ქართლში ძირითადი ციხე-ქალაქები ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა აიღო დავით აღმაშენებლის დროს (იგულისხმება რუსთავი და სამშვილდე). ეს ეპისკოპოსი დავითმა განგებ უწინამძღვრა თავის ჯარს, რათა ამით ქვემო ქართლში მოსახლე ქართველი ქრისტიანები წაექეზებინა მის დასახმარებლად. ამით ქვემო ქართლის დაჭერას საღვთო ომის სახე მიეცა იქაური ქართველი ქრისტიანების თვალში, რამაც გააადვილა ჭყონდიდელის მოქმედება.

ქვემო ქართლში გრიგორიანი კვირიკიანების მეფობის დროს უამრავი ქართული ეკლესია მოქმედებდა. ამავე რეგიონში მდებარე თბილისში, რომელსაც არაბი მმართველები მართავდნენ, ასევე უამრავი ქართული ეკლესია მოქმედებდა.

„…თბილელ სასულიერო მამებს ყოველთვის გვერდში ედგა და საჭიროების შემთხვევაში ეხმარებოდა კიდევაც თბილისის საამიროს დანარჩენი ქალაქებისა და დაბა-სოფლების (რუსთავის, ბოლნისის, დმანისის, სამშვილდის, ბეთანიის და სხვა) სამღვდელოება. აგრეთვე ის დიდი ქართული სამონასტრო ცენტრები, რომლებსაც თბილისში საკუთარი სავაჭრო ქულბაქები და სახელოსნოები ჰქონდათ. ჩვენთვის ნათელი გახდება, თუ რა დიდ ძალას წარმოადგენდა თბილისის ქრისტიანული ეკლესია. თბილისში თავისი მეტოქი (ფილიალი) ჰქონდა თითქმის ყველა საზღვარგარეთულ ქართულ სავანეს, ხოლო ერთმორწმუნე ბიზანტიის ეკლესია-მონასტრებს აქ 7 თავიანთი მეტოქი ჰქონიათ. თბილისის მთაწმინდის მონასტერი ათონის მთაწმინდის მონასტრის მეტოქი (ფილიალი) იყო… გიორგი მთაწმინდელი, რომელიც ათონის ივერიის მონასტრის  წინამძღვარი იყო, ამავე დროს თბილისის მთაწმინდის მონასტრის წინამძღვრად და სულიერ მამადაც ითვლებოდა. განა შესაძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ გიორგი მთაწმინდელი, რომელმაც საქართველოში 5 წელი დაჰყო, თბილისის იმ მონასტრებში არ მისულიყო, რომლის სულიერი ხელმძღვანელიც თვითონ იყო?!“.

როგორც აღინიშნა, აფხაზთა სამეფოს, ტაო-კლარჯეთის (ანუ ქართველთა) სამეფოს, ჰერთა (ანუ რანთა) სამეფოს, კახეთის სამეფოსა და სომეხთა (ანუ ტაშირის) სამეფოს ძირითად მკვიდრ მოსახლეობას წარმოადგენდა ქართველი ხალხი. ამ სამეფოების გაერთიანებამდე მათ აერთიანებდა ქართული ეკლესია. ყველა ეს ქვეყანა საქართველოს ნაწილებს შეადგენდა.

კიდევ ერთხელ უნდა ითქვას იმის შესახებ, თუ  რატომ ეწოდებოდა ტაო კლარჯეთის სამეფოს „ქართველთა სამეფო“. ამ სამეფოს მართავდა დინასტია, რომლის ოფიციალური ტიტული იყო „ქართველთა მეფე“. ეს ტიტული მათ მოპოვებული ჰქონდათ ძველი ქართლის სამეფოს ხოსროიან-გორგასლიანი მეფეებისაგან, რომელთაც მსგავსი ტიტული „ქართველთა მეფე„ ჰქონდათ. ამ ტიტულის გადაღებით ტაო კლარჯელი მეფეები ამტკიცებდნენ, რომ ისინი პოლიტიკური მემკვიდრეები იყვნენ ხოსროიანი მეფეებისა. ამიტომაც სრული პოლიტიკური სუვერენული უფლება ჰქონდათ მთელ ქართველ ხალხსა და სრულიად საქართველოზე, რამეთუ ძველი ტრადიციით მიჩნეული იყო, რომ ხოსროიანების ძველი „ქართლის სამეფო„ მოიცავდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს, ანუ შემდეგდროინდელ აფხაზთა, ჰერ-კახთა და სომეხთა სამეფოებს. ამით იყო გამოწვეული ტაო-კლარჯელი მეფეებისათვის „ქართველთა მეფის“ ტიტულის მინიჭება. ეს ტიტული თავის თავში შეიცავდა პოლიტიკურ და არა ეთნიკურ შინაარსს, ანუ  მათ „ქართველთა მეფეები“ ეწოდათ არა იმის გამო, რომ მხოლოდ ტაო კლარჯელებს ეწოდებოდათ იმ დროს ქართველები, არამედ იმის გამო, რომ ამ კუთხეს მართავდა დინასტია,  რომელიც პირდაპირი პოლიტიკური მემკვიდრე იყო ძველი ქართველი მეფეებისა, ფარნავაზიან-ხოსროიანთა.
„როგორც ცნობილია, ერთიანი საქართველო სხვადასხვა „საქართველოსაგან“ შედგა, რომელსაც ერთ ქვეყნად გაერთიანების დროისათვის სახელმწიფოებრივი მმართველობის საკუთარი ხანგრძლივი ტრადიცია გააჩნდა. თავის მხრივ, კახთა თუ აფხაზთა სამეფოები, ჰერეთი და ქართველთა სამეფო სხვადასხვა ქართული ქვეყნების გაერთიანების შედეგად შეიქმნენ“.

წყარო:https://meufeanania.info

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის