USD 2.6047
EUR 2.9576
RUB 3.1039
თბილისი
მეუფე ანანია - ვასწავლოთ თუ არა საქართველოს ეკლესიის ისტორია სკოლაში
თარიღი:  1123

დაბეჭდილია ჟურნალში “რელიგია”, №9, 1992 წელი

უცხოეთში გასული ქართველობა ხდება მრევლი არაქართული ეკლესიებისა. ქართველობა არ ქმნის ეროვნულ-სარწმუნოებრივ სამრევლოებს, ეროვნულ ეკლესიებს, ეს მაშინ, როცა თითქმის ყველა მართლმადიდებელ ერს უცხოეთში საეპისკოპოსოებიც გააჩნიათ მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში. მაგალითად, ნიუ-იორკში რეზიდენცია აქვს მართლმადიდებელი და “აღმოსავლური” ეკლესიების ათ ეპისკოპოსს, მათ შორის კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ჰყავს – 4 ეპისკოპოსი, რუსულ ეკლესიას – 2, სომხებს – 4 ეპისკოპოსი. პარიზში ზის რუმინული ეკლესიის 2 ეპისკოპოსი, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს – 3 ეპისკოპოსი, სომხური ეკლესიის – 2 ეპისკოპოსი. ლონდონში რუსულ ეკლესიას ჰყავს ერთი ეპისკოპოსი, კონსტანტინეპოლს – 5, სომხებს ერთი ეპისკოპოსი. იერუსალიმშია კოპტური ეკლესიის ერთი ეპისკოპოსი, სომხური ეკლესიის 6 ეპისკოპოსი, ეთიოპიის – 2, სირიის ეკლესიის ერთი ეპისკოპოსი, ბეირუთში სომხებს ჰყავთ 5 ეპისკოპოსი, ანტიოქიის საპატრიარქოს – 3, სირიის ეკლესიას ერთი (ცნობები ამოღებულია წიგნიდან “ORTHODOXIA, 1982, ostkirchliches Institut, Regensburg, გვ. 134, 135, 137, 138, 139).
ეს მაშინ, როცა არა თუ საეპისკოპოსოები, ქართველებს უცხოეთში დამოუკიდებელი ეკლესიებიც კი არ გააჩნიათ (პარიზის წმ. ნინოს ეკლესია არა ქართულ საეკლესიო ცენტრს, არამედ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ექვემდებარება).


მაინც რაა მიზეზი ქართველების საოცარი სულიერ-საეკლესიო ნაკლოვანებისა საერთაშორისო ასპარეზზე?


მიზეზი ალბათ არის შემდეგი: – ყველა ჩვენს მეზობელ მართლმადიდებელ ერს აქვს ნაციონალურ-ეკლესიური თვითშემეცნება. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ეს თვისება დღევანდელ ქართველობას თითქმის არ გააჩნია. უცხოეთში გასული ქართველი, როგორც წესი, ხდება მრევლი სხვა რომელიმე, უფრო ხშირად რუსული, ანდა ბერძნული ეკლესიისა, მაშინ, როცა რუმინელი, სერბი, რუსი თუ ბერძენი მართლმადიდებელი ქრისტიანები უცხოეთში არ იქცევიან მრევლად სხვა ერის მართლმადიდებლური ეკლესიისა. ისინი მხოლოდ ეროვნულ-მართლმადიდებლურ ეკლესიებს აყალიბებენ უცხოეთშივე (ე. ი. უცხოეთში ქრისტიანები ქმნიან საეკლესიო სამრევლოებს ეროვნული ნიშნის მიხედვით, ხსნიან ეროვნულ ეკლესიებს, ხოლო შემდეგ კი – საეპისკოპოსოებსაც).


რევოლუციის შემდეგ უცხოეთში გასულმა რუსმა მოსახლეობამ შექმნა რუსული სამრევლოები, რის საფუძველზეც შეიქმნა უცხოეთის რუსული საეპისკოპოსოები. მაგალითად, მოსკოვის საპატრიარქოს უცხოეთში აქვს ეპარქიები და ჰყავს ეპისკოპოსები – სამხრეთ ამერიკაში (არგენტინაში), გერმანიაში (ბავარიასა და ბერლინში), ბელგიაში, ავსტრიაში, ნიდერლანდებში და სხვაგან (იხ. Православный церковный Календарь, 1991).
ხოლო ე. წ. “სინოდალურ” რუსულ ეკლესიას, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლად არსებობს, საეპისკოპოსო ეპარქიები აქვს აშშ-ში (ნიუ-იორკში, ბოსტონში, ჩიკაგოში, სან-ფრანცისკოში – 2), კანადაში, არგენტინაში, ვენესუელაში, ბრაზილიაში, გერმანიაში (მიუნხენში – 2), ავსტრალიაში. უცხოეთშივე აქვს მონასტრებიც. (იხ.Russich-Octhoxe im Ecxil~. ORTHODOXIA. გვ. 90-92).


ჩვენმა მეზობელმა სომხებმა უცხოეთში მრავალი ეპარქია და საეპისკოპოსო დააარსეს, მათ შორის, როგორც აღინიშნა, პარიზში, მარსელში, ლონდონში, ბუქარესტში, ნიუ-იორკში, ლოს-ანჟელესში, მონრეალში, ბუენოს-აირესში, იერუსალიმში, კაიროში, ბეირუთში, სტამბულში, სირიაში, ათენში, ნიქოზიაში, თეირანში, ჯულფაში, სან-ფრანცისკოში (იხ.ORTHODOXIA. გვ. 13-17).


ბულგარელმა მოსახლეობამ ორი საეპისკოპოსო დააარსა ამერიკაში – დასავლეთ ევროპაში. იუგოსლავიის სერბიელმა მოსახლეობამ სამი საეპისკოპოსო დააარსა ამერიკაში, ერთი ავსტრალიაში, ერთი დას. ევროპაში, ხოლო მაკედონიელებმა ეროვნული საეპისკოპოსოები დააარსეს კანადასა და ავსტრალიაში (იხ. იქვე, გვ. 70, გვ. 96). უცხოეთში გასულმა რუმინელებმა საეპისკოპოსოები დააარსეს ამერიკასა და საფრანგეთში (იხ. იქვე, გვ. 79). ცნობილია, რომ ბერძნულენოვან მართლმადიდებლებს მსოფლიოში რამდენიმე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ეკლესია გააჩნიათ (კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, იერუსალიმის საპატრიარქოები, ელადისა და კვიპროსის ეკლესიები) და ერთ მათგანს “მსოფლიო” (ეკუმენური) საპატრიარქოც კი ეწოდა და მაინც მათ თავიანთი ეკლესიების ფარგლებს გარეთ სამრევლოები და საეპისკოპოსოები აქვთ. ანტიოქიის საპატრიარქოს საეპისკოპოსოები აქვს არგენტინაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში (იხ. იქვე, გვ. 10-11) ელადის ეკლესიას – ამერიკაში. თვით უცხოეთში მცხოვრებმა უკრაინელებმა დააარსეს დამოუკიდებელი ეკლესია საეპისკოპოსოებით აშშ, დას. ევროპასა და კანადაში (Ukrainion Autocephalous ortodox church im Exile).


მაშასადამე, უცხოეთში მცხოვრები მართლმადიდებლები არ ხდებიან მრევლი სხვა ერის თუნდაც მართლმადიდებლური ეკლესიისა. ისინი თავიანთ ეროვნულ ეკლესიებს აარსებენ. ჩვენი ქართველები კი, არა თუ უცხოეთში გასულნი, თვით საქართველოშივეც კი გაუცნობიერებელნი არიან, არ იციან, არის თუ არა საჭირო ეკლესიათა მსგავსი შერჩევა, უფრო მეტიც, მეტმა ნაწილმა არ იცის, რას წარმოადგენს ეპარქია, საეპისკოპოსო, სამრევლო და თვით საპატრიარქოც კი, აქედან გამომდინარე, არც ის იცის, საერთოდ საჭიროა თუ არა ერთგულება ნაციონალური ეკლესიისა. ე. ი. არა აქვს ეკლესიური თვითშემეცნება. ეს რომ არ ჰქონდეს ჩვენს მეზობელ ერებს, ცხადია, ისინი უცხოეთში საეპისკოპოსოებს ვერ დააარსებდნენ. როგორ ინერგება მათში ნაციონალურ-ეკლესიური თვითშეგნება? ცხადია ოჯახის, სკოლის მეშვეობით, ეკლესიური აღზრდით. სკოლის როლი ამ სფეროში წარმმართველია. სკოლას კი მხოლოდ მშობლიური ეკლესიის ისტორიის შესწავლით თუ შეუძლია ყმაწვილში აღძრას ნაციონალური ეკლესიისადმი ერთგულება.


და მაინც, რა საჭიროა ნაციონალური ეკლესიისადმი ერთგულება? ხშირად ვხედავთ ჩვენი თვალით: არა თუ უცხოეთში, რუსეთში გასული ქართველი ხშირად უკვე მესამე – მეოთხე თაობის შემდეგ კარგავს ქართველობას და რუსდება. XVIII საუკუნეში ვახტანგ VI-ს მრავალრიცხოვანი ინტელიგენციისა და დიდებულების ნაღები გაჰყვა რუსეთში. არა თუ დღეს, ერთი საუკუნის წინათაც კი მათი შთამომავლები გარუსებულნი იყვნენ. XIX და XX საუკუნეებში მრავალი ქართველი გადასახლდა რუსეთში. დღეს ძირითადად ისინი განშორებულნი არიან ჩვენი ერისაგან. უცხოეთში გასული სხვა ერის ადამიანები ათასი წლობითაც კი ინარჩუნებდნენ ეროვნებას, მაგალითად, არც თუ დიდი ხნის წინ აღინიშნა ბალკანეთში (რუმინეთსა თუ ბულგარეთში) სომეხთა დასახლების ათასი წლისთავი. ცნობილია, რომ იქ მცხოვრებმა სომხებმა ამ ათასი წლის მანძილზე შეძლეს ეროვნების შენარჩუნება, ასევეა სხვა ერებიც. მაინც როგორ ხდება ეს? როგორც აღინიშნა ეროვნულ-ეკლესიური თემების შექმნით, ეროვნულ-სარწმუნოებრივი სამრევლოების დაარსებით. მაგალითად, ბაქოში, თბილისში, მოსკოვში, როსტოვში თუ სხვა ქალაქებში მცხოვრებ სომხებს აქვთ საკუთარი ეკლესიები, სკოლები, საზოგადოებანი და ეროვნული სასაფლაოებიც. ეს იმით მიიღწევა, რომ ამ უცხო ქალაქებში მათ ეროვნულ-სარწმუნოებრივი სამრევლოები შექმნეს. მის გარშემო გაერთიანდნენ არა ფორმალურად, არამედ მთელი არსებით. სწორედ იქ გამოხატავენ ღვთისადმი თავიანთ სიყვარულს. ეკლესია მათი ნაციონალური სიწმინდეც და საყრდენიც არის. თავის მხრივ ნაციონალურმა ეკლესიამ მრავალრიცხოვანი საშუალებებით დაიცვა თავისი ერი. მსგავსადვე იყო ძველ საქართველოშიც, ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს არსებობისას (XV-XVI საუკუნეებამდე). ძალზედ მაღალი იყო მაშინ ნაციონალურ-ეკლესიური თვითშემეცნება, რომელიც განსაკუთრებით დაკნინდა XVII-XVIII საუკუნეებში, ხოლო XIX საუკუნეში ქართული ეკლესიის თავისთავადობის გაუქმებამ და ქართველ ქრისტიანთა სულებზე რუსული ეკლესიის გაბატონებამ სასტიკად დასცა ქართველთა ნაციონალურ-ეკლესიური თვითშემეცნება. არა თუ უცხოეთში, თვით საქართველოშივე ქართველები გაუუცხოვდნენ მშობლიურ ეკლესიას, ხოლო რუსულ-ბოლშევიკური ბატონობისას ამ ბოლო 70 წლის მანძილზე ჩვენი ეროვნულ-ეკლესიური თვითშემეცნების დონე შემზარავია.


არა და ისტორიულად, ბოლო საუკუნეთა მანძილზე, “ქართველს” სწორედ საქართველოს სამოციქულო (მართმალიდებლური) ეკლესიის წევრს უწოდებდნენ. XVII-XVIII საუკუნეებში, ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის, საქართველოს სპარსეთისა და ოსმალეთის გავლენის სფეროში მოქცევის შემდგომ, ქართველთა შორის გავრცელება დაიწყო არაეროვნულმა სარწმუნოებებმა. ქართველი მართლმადიდებლები იძულებული გახდნენ მიეღოთ მაჰმადიანობა, გრიგორიანობა, კათოლიკობა. ხალხში ამ სარწმუნოებათა მიღების შემდგომ მხოლოდ და მხოლოდ ქართველ მართლმადიდებლებს უწოდებდნენ “ქართველს”, ქართველ მაჰმადიანებს – “მუსულმანებს”, ქართველ კათოლიკეებს – “ფრანგებს”, ქართველ გრიგორიანებს კი – “სომხებს”.


უცხო ეკლესიათა მრევლად გადაქცევისა და ეროვნულ-ქართული ეკლესიისაგან განდგომის შემდგომ მრავალი ქართველი განშორდა ჩვენს ერს, დაკარგეს ეროვნული თვითშემეცნება, შეემატნენ “თათრებსა” თუ “სომხებს” (ქართველი კათოლიკებიც მრავლად გასომხდნენ), უფრო მეტიც, საქართველოს მთიანი კუთხეების ქართველები (აღმოსავლეთ კახეთში (დღევანდელ საინგილოში), შიდა ქართლის მთიანეთსა და აფხაზეთში) ჩრდილო კავკასიელი ტომების – ლეკების, ოსებისა და აფსარების ჩამოსახლების შემდგომ მოწყდნენ ქართულ ეკლესიას, გაწარმართდნენ ან გამაჰმადიანდნენ, ამის შედეგად კი ეროვნულადაც გადაგვარდნენ, ნაწილობრივ აღნიშნული სარწმუნოებრივი მომენტითაც აიხსნება მეცნიერთა მიერ დადასტურებული ქართველთა გაოსების, გააფხაზებისა და გალეკების პროცესი. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ სამხრეთ საქართველოს ოსმალთა მიერ დაპყრობის შემდეგ ბასიანის, თორთუმის ხეობებში, გიუმიშხანესა, ლაზეთსა თუ არზრუმში დარჩენილი მრავალრიცხოვანი ქართველი მართლმადიდებლები იქცნენ მრევლად ბერძნული ეკლესიისა, რამეთუ ოსმალო ხელისუფლების მიერ ოსმალეთის იმპერიაში ბერძნული ეკლესია ოფიციალურად იყო აღიარებული, ხოლო ქართული ეკლესია დევნილი. ბერძნული ეკლესიის მრევლად გადაქცევის შემდეგ მრავალი ქართველი გაბერძნდა.


სპარსეთ-ოსმალეთი ებრძოდა არა ზოგად ქრისტიანობას, არამედ ძირითადად ქართულ ეკლესიას, ამ ეკლესიის წევრ ქრისტიანებს. ამ აზრს ადასტურებს უამრავი მაგალითი. ოსმალეთსა და სპარსეთის მტრობა ქართული ეკლესიისადმი გამოწვეული იყო რუსეთის მართლმადიდებელი სახელმწიფოს სიძლიერით, რომელიც აღნიშნული საუკუნეებისათვის ზედიზედ იპყრობდა ტერიტორიებს, უახლოვდებოდა კავკასიას, განადგურებით ემუქრებოდა მაჰმადიანურ სამთავროებსა და ოსმალეთ-სპარსეთის სახელმწიფოებს. ასეთ ვითარებაში მაჰმადიანთა აზრით ქართული მართლმადიდებლური ეკლესია და სამეფო-სამთავროები პლაცდარმს უქმნიდნენ რუსეთის აგრესიულ სახელმწიფოს მახლობელი აღმოსავლეთის დასაპყრობად. ამიტომაც სამხრეთ საქართველოს (მესხეთის) დაპყრობის შემდეგ “…ქართველობას შეურიგებელი ბრძოლა გამოეცხადა. მტრის პირველი დარტყმები პირველ რიგში ქართული ეკლესიის ზურგს ხვდებოდა. ოსმალებმა კარგად იცოდნენ, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დათრგუნვის გარეშე მათ მიერ დაწყებული საქმე შეიძლებოდა წარმატებით ვერ დაგვირგვინებულიყო” (შ. ლომსაძე, გვიანი შუასაუკუნეების საქართველოს ისტორიიდან, 1979 წ. გვ. 35).


“აღნიშნულ საუკუნეებში ოსმალები და სპარსელები ქრისტიან გრიგორიანებსა და ქრისტიან კათოლიკებს არ ებრძოდნენ, პირიქით მათ საეკლესიო ცენტრებს შეღავათებსა და უპირატესობას ანიჭებდნენ, ხოლო ქართული ეკლესიის წევრებს კი ყოველგვარ პირობებს უქმნიდნენ, რათა მათ უარეყოთ “ქართველობა” (ანუ ქართული მართლმადიდებლობა) სამაგიეროდ კი ქართული ეკლესიის ყოფილ წევრებს აიძულებდნენ მიეღოთ გრიგორიანული ანდა კათოლიკური აღმსარებლობანი, უფრო ხშირად კი აიძულებდნენ მიეღოთ მაჰმადიანობა. ისიცაა აღსანიშნავი, რომ ოსმალეთი საერთოდ მართლმადიდებლობას კი არ ებრძოდა, არამედ მხოლოდ ქართულ ეკლესიას და ქართულ მართლმადიდებლობას, ოსმალეთში სარწმუნოებრივი ავტონომია ჰქონდათ იმ მართლმადიდებლებს, რომლებიც კონსტანტინეპოლის პატრიარქს ექვემდებარებოდნენ, მათ განურჩევლად ეროვნებისა “ბერძნებს” უწოდებდნენ (იხ. ა. ჯაფარიძე, “საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია”, ტ. III, გვ. 351).
ქართველ მართლმადიდებლებს, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, XVII-XVIII საუკუნეებში გარკვეულ მიზეზთა გამო უწოდებდნენ “ქართველს” რადგანაც ისინი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მრევლს შეადგენდნენ. ხოლო იმ ქართველებს, რომელნიც განშორდნენ ქართულ ეკლესიას და აღიარეს უცხო სარწმუნოება “ქართველებად” არ მიიჩნევდნენ, მაგალითად ქართველ გრიგორიანებს, ქართველ მაჰმადიანებს და ასე შემდეგ.
მაჰმადიან სახელმწიფოთა მიერ შექმნილი მიზეზების გამო “ქართველად ყოფნა გაუსაძლისი გახდა… გლეხკაცობაც ავბედს დაემორჩილა… მესხთა ნაწილი პილიგრიმული სიჯიუტით მაინც არ ტოვებდა ქრისტიანობას და ზოგჯერ კათოლიკობასა და გრიგორიანობას ღებულობდა, უმეტეს შემთხვევაში თავის ერს მაინც ეკარგებოდა, მესხთა შორის მეტად უმცირესმა ნაწილმა შეინარჩუნა მართლმადიდებლური სარწმუნოება, როგორც ზემოთ ვთქვით, ყარსის, არზრუმის, ვალაშკერტის და ნაწილობრივ არტაანის მხარის ქართველობის დიდი ნაწილი გაგრიგორიანდა, როგორც ჩანს, მათი გაგრიგორიანება XVII ს. ბოლოსა და XVIII ს. დასაწყისში უნდა მომხდარიყო” (შ. ლომსაძე, დასახ. ნაშრ. გვ. 46).


ოსმალეთში ისტორიულ მიწა-წყალზე მცხოვრები და ასევე სპარსეთში მცხოვრები ქართველები მასობრივად კარგავდნენ ეროვნებას საქართველოს სამოციქულო ეკლესიასთან კავშირის გაწყვეტის გამო, ანუ რაც იგივეა, მათ ადგილებზე ვერ შეძლეს ნაციონალური სამრევლოებისა და საეპისკოპოსოების შექმნა, ხოლო მსგავს (მაჰმადიანურ) გარემოში მცხოვრებმა სხვა ქრისტიანმა ერებმა, მაგალითად, სომხებმა და ბერძნებმა, შეძლეს ნაციონალური სარწმუნოებრივი თემების, სამრევლოებისა და საეპისკოპოსო ცენტრების დაარსება, რაც მათ ეროვნებას ანარჩუნებინებდა მაჰმადიანურ ოკეანეში.


ჩვენში რატომღაც მიჩნეულია, რომ ქართველები საქართველოს არ ტოვებდნენ და ნაკლებად გადიოდნენ უცხოეთში, მაშინ, როცა ასეულ ათასობით ქართველმა დატოვა საქართველო XVII-XVIII საუკუნეებში (საქართველოს მთელი მხარეები, ჩვენი სამშობლოს თითქმის ერთი მესამედი – მესხეთი, კახეთის თითქმის ნახევარი (ჭარ-ბელაქანი), ქვემო ქართლისა და დასავლეთ საქართველოს მთელი მხარეები უცხო სახელმწიფოთა ნაწილებად იქცნენ მრავალრიცხოვანი ქართული მოსახლეობით). XIX საუკუნეშიც ქართველების არამცირედი ნაწილი გადასახლდა რუსეთსა და უცხოეთში, სად გაქრნენ ისინი? ვინ არიან მათი შთამომავალნი? თითქმის ყველანი ასიმილირდნენ უცხო ტომებსა და ერებში, დაეკარგნენ საქართველოს, კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ მათ ვერ შეძლეს უცხოეთში ეროვნული ეკლესიების დაარსება, რამეთუ მათ არ გააჩნდათ ნაციონალურ-ეკლესიური თვითშემეცნება. იქცნენ უცხო ეკლესიათა მრევლად, რის შედეგადაც სწორედ იმ ერებს შეემატნენ, რომელთა ეკლესიათა წევრებადაც იქცნენ (არსებობდა უმნიშვნელო გამონაკლისი).


ევროპელ მისიონერთა, ასევე თურქულ-სპარსულ წყაროებში არსებული ცნობების თანახმად XVII-XVIII საუკუნეებში ქართველების კოლოსალურმა რაოდენობამ დატოვა საქართველოს ქრისტიანული ნაწილი.


პიეტრო დელა ვალეს გადმოცემით – “არა იპოვება არც ერთი სახლი მთელ სპარსეთში, რომელიც სავსე არ იყოს ქართველი დედაკაცებით და მამაკაცებით” (მ. რეხვიაშვილი “დასავლეთ საქართველო XVII საუკუნეში”. 1976 წ. გვ. 14).


ასევე ქართველები დიდი რაოდენობით იმყოფებოდნენ ოსმალეთის იმპერიაში.


XV საუკუნის ერთი იტალიური ქრონიკის თანახმად საქართველო იმ დროისათვის წარმოადგენდა “ვრცელ ქვეყანას მრავალრიცხოვანი მოსახლეობით”, ამ ცნობის სისწორე იქიდანაც დასტურდება, რომ თვით XIX საუკუნის დასაწყისშიც კი ქართველები ამიერკავკასიის მოსახლეობის უმრავლესობას – 44% შეადგენდნენ. საქართველო დაიცალა მოსახლეობისაგან XVII-XVIII საუკუნეებში. “როგორც დონ ჯუსტი პრატო, ასევე სხვა კათოლიკე მისიონერები აღნიშნავდნენ, სპარსელები და თურქები ყველა საშუალებას მიმართავდნენ, რათა საქართველოდან წაეყვანათ ახალგაზრდები. ისინი მათ იყენებდნენ პირველ რიგში თავიანთი ლაშქრის გასაძლიერებლად და ასევე ამით დიდ ზიანს აყენებდნენ საქართველოს… რის გამოც საქართველო განუწყვეტლივ იცლებოდა და ნადგურდებოდა” (ი. ტაბაღუა, საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, III, 1987, გვ. 191).


მისიონერების დაკვირვებიდან ჩანს, რომ ჩვენი ქვეყნიდან მოსახლეობა მასობრივად გაჰყავდათ ქრისტიანობისა და ქართველობის აღმოფხვრის მიზნით. თურქეთისა და სპარსეთის არა მარტო ცენტრალური ოლქები, არამედ პროვინციებიც (ეგვიპტე, ერაყი და სხვ.) მრავალრიცხოვანი ქართველების საცხოვრისი იყო. ქალაქებში ქართველობა ვაჭრობის ობიექტს წარმოადგენდა. მაგალითად, ევლი ჩელებს ქართველი ტყვეები შეუძენია თავის მოგზაურობისას: თავრიზში, ახალციხეში, ყარსში, არზრუმში, ბაქოში, ერევანში და სხვაგან.


ყველგან, არა მარტო უცხოეთში, არამედ თვით საქართველოშიც კი ამ პერიოდში ქართველები ეროვნებას კარგავდნენ ქართულ ეკლესიასთან კავშირის გაწყვეტისთანავე, მაგალითად, 1628 წელს გორში მისულმა ავგუსტინელმა ბერმა პატრი ამბროზიმ 1640 წელს რომში გაგზავნა მოხსენება, რომელშიც კერძოდ წერს: “ამ ქრისტიანების ქვეყანაში კვალად შეიძლება ბევრი კეთილის ქმნა რამდენიმე მამულ-სოფლების ყიდვით, როგორადაც შვრებიან სომხები, რომლებისაც თუმცა დიდი სიმძულვარე აქვთ ქართველებს სარწმუნოების საქმეში, მაგრამ რაკი მათი ხელქვეითი გახდებიან, ბევრი მათგანი გადადის სომხების წესზეც. ამაზე უარესიც ვნახეთ – ზოგიერთმა საქართველოში მცხოვრებმა მდიდარმა ურიებმა გააურიავეს რამდენიმე თავიანთი ყმა და მოსამსახურე” (მ. თამარაშვილი, პასუხი სომხის მწერლებს, გვ. 237).


როგორც ევროპელი მისიონერების დაკვირვება უჩვენებს, ქართველები ეროვნული გადაგვარებისაგან დაცულნი არ იყვნენ თვით საქართველოში, მით უფრო უცხოეთში.


“განსაკუთრებით სპარსეთში ბევრი იყო ქართველი: “დღეს მთელი სპარსეთი სავსეა ქართველებით, რჯულგანდგომილებით – წერს დონ ჯუსტი პრატო – მათ ხელშია ყველა დიდი თანამდებობაც კი სახელმწიფოში” (ი. ტაბაღუა, გვ. 111).


“სპარსელთა სისხლი გაკეთილშობილებულია ორი ეროვნების – ქართველებისა და ჩერქეზების სისხლით, რომლებიც ყველა სხვა ხალხზე ლამაზები არიან. სპარსეთში თითქმის არ არის არც ერთი წარჩინებული, რომლის დედა ქართველების ან ჩერქეზების შთამომავალი არ იყოს (იქვე).
საქართველოში ტყვეთა ყიდვა ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, რის გამოც, ჟარ შარდენის ცნობით, სამეგრელოს 40000-იანი მოსახლეობა 1640-იანი წლებიდან მოყოლებული სულ რაღაც 30 წლის განმავლობაში 20000-მდე შემცირდა.


უცხოეთში ქართველების ტყვეთა სახით გასვლის გარდა, საქართველოს მოსახლეობას ძალზე ამცირებდა ქართველების გადასახლებაც. შაჰ-აბას I-მა საქართველოში ზედიზედ სამი ლაშქრობის შედეგად ასეულ-ათასობით კაცი გადაასახლა უცხოეთში. ქართველების ეროვნული ცნობიერება ირყეოდა თვით საქართველოშივე. მაკარი ანტიოქიელი ასახავს XVII საუკუნის 60-იან წლებში არსებულ ვითარებას დასავლეთ საქართველოში: “მთელი ვაჭრობა ქართველთა ხელქვეითი სომხების, ებრაელებისა და ზოგიერთი ბერძნის ხელთაა… ეს სომხები და ებრაელები წარმოადგენდნენ მდიდართა კლასს საქართველოში და მათ წინაშე ყველა ქართველი დავალებულია განურჩევლად წარჩინებულობისა და მმართველობისა. ყოველ ამ ვაჭართაგანს ოჯახში ჰყავს ქართველი გოგო-ბიჭები მსახურად, რომელთაც როგორც უნდათ ისე ექცევიან” (შ. მესხია, საისტორიო ძიებანი, ტ. II, 1983 წ. გვ. 316). სწორედ მსგავს არამართლმადიდებელ (“არაქართველ”) მებატონეთა ხელში მოხვედრილი ქართველები კარგავდნენ ეროვნებას.
ასე რომ, ჩვენში მიღებული თვალსაზრისი, თითქოს და ქართველებმა ისტორიულად ნაკლებად დატოვეს სამშობლო, არასწორია, სწორია ის, რომ ისინი ასიმილირდნენ.


ჩვენში ახლახან გამოქვეყნდა ევგენი დალეჯიო დ, ალესიოს წიგნი “ქართველები კონსტანტინეპოლში”. ამ ევროპელსაც შეუმჩნევია, რომ ქართველები უცხოეთში განიცდიან დენაციონალიზაციას და ეკარგებიან ჩვენს ერს. ის წერს უცხოეთში მცხოვრები ქართველების შესახებ: “სამწუხაროდ, ბევრმა ქართველმა და მათმა ოჯახმა დაივიწყეს თავიანთი მშობლიური ენა და უარყვეს თვით ქართველობაც”, ავტორი დაასკვნის “ქართველი ერის ისტორიაში ეს ხშირი და დასაგმობი მოვლენაა”.


დალეჯიო წერს: “ჩვენ კიდევ გვესმის, როდესაც რომელიმე ქართველი მუსულმანი ივიწყებს თავის ენას და ეროვნებას, რადგანაც მისი რჯული თურქულ-პოლიტიკურია და ასე თუ ისე, გარეშე პირობებიც იძულებულს ჰყოფს მას გადაგვარდეს. მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გამოგვიკვლევია რამ აიძულა კონსტანტინეპოლის ქრისტიანი ქართველების ნაწილი, რომელთაც უარყვეს ქართველობა. მათ შორის უმრავლესობამ სომხებად აღიარეს თავი და თვით თავიანთი გვაროვნობის სახელწოდებაც დაივიწყეს. ამ გადაგვარებულთა შორის შედარებით ცოტანი არიან, რომელთაც თავიანთი გვარი კიდევ ახსოვთ. სხვათა შორის დავასახელებ ლიკონტას (ცხადაიას), გურჯიანების (ქართველიშვილების), აზიზიანების, თუმანიანების, ზურაბიანების ოჯახებს, რომლებიც, თუმცა უარს არ ყოფენ, რომ ქართველების შთამომავალნი არიან, მაგრამ დღეს თავიანთ თავს ქართველებად აღარ აღიარებენ.


სასურველია, ქართველმა საზოგადოებამ პრაქტიკული ყურადღება მიაპყროს არა მარტო ოსმალეთის და კონსტანტინეპოლის ქართველ მუსულმანებს, არამედ თვით ქართველ ქრისტიანებსაც, რომელთაც კულტურული დაწესებულებაც კი არა აქვთ, სადაც ყველა რწმენისა და მისწრაფების ქართველსაც თავისუფლად შეეძლება მისვლა და პრაქტიკულად მუშაობა, როგორც ეს აქვთ სხვა ხალხთა ახალშენებს” (“ქართველები კონსტანტინეპოლში და სპარსეთში” თბ. 1990 წ. გვ. 20).


ამ 70-დე წლის წინ დაწერილი ევროპელის ეს სიტყვები ისე ჟღერს, თითქოს დღეს იყოს ნათქვამი. ფაქტიურად ქართველმა საზოგადოებამ ვერ შეძლო უცხოეთში ეროვნულ-კულტურულ სარწმუნოებრივი დაწესებულებების შექმნა და ამის გამო უცხოეთში მცხოვრები ქართველები დენაციონალიზაციას განიცდიან.


როგორც ცნობილია, უკვე მიღებულია და რამდენიმე წელში მოქმედებას შეუდგება კანონი, რომლის ძალითაც მოქალაქეებს უფლება მიეცემათ უცხოეთში გასვლისა. ამ კანონის ძალით, ალბათ, ქართველობა, როგორც სხვა ქვეყნების შრომისუნარიანი მოსახლეობა, მასობრივად გავა უცხოეთში სამუშაოდ, სასწავლებლად თუ საცხოვრებლად. მაგრამ, როგორც ზემოთ აღნიშნულიდან ჩანს, ჩვენ ვიცით, რომ უცხოეთში გასული ქართველები სამი-ოთხი თაობის შემდეგ უკვე დენაციონალიზაციას განიცდიან, იმის გამო, რომ მათ არა აქვთ ეროვნულ-კულტურულ-სარწმუნოებრივი დაწესებულებები.


როგორც აღინიშნა, ჩვენი მეზობელი ერები უცხოეთში გასვლისთანავე ქმნიან ეროვნულ სამრევლოებს, ეკლესიებს და საეპისკოპოსოებსაც კი, რომლებიც იქცევიან ხოლმე ცენტრებად მათი ეროვნულ-კულტურული დაწესებულებებისა. ამის მიღწევა მათ შეაძლებინა იმან, რომ სამშობლოშივე უკვე გამომუშავებული ჰქონდათ ნაციონალურ-ეკლესიური თვითშემეცნება: უცხოეთში გასვლისთანავე ისინი მხოლოდ ეროვნული ეკლესიის მრევლად იქცევიან ხოლმე, რაც ხელს უწყობს მათ ეროვნების შენარჩუნებაში არა ასეული, არამედ ათასეული წლების მანძილზეც კი.


მაშასადამე, იმისათვის, რათა ქართველი ადამიანი ყოველთვის და ყველა პირობებში თავის თავს თვლიდეს ქართული ეკლესიის წევრად, საჭირო არის ქართველ ყმაწვილში სკოლის ასაკიდანვე ჩაინერგოს ნაციონალურ-ეკლესიური თვითშემეცნება, ანუ შვილური ერთგულება მხოლოდ და მხოლოდ ქართული ეკლესიისადმი. ამისათვის კი საჭიროა სკოლებში ისწავლებოდეს ქართული ეკლესიის ისტორია.
შეიძლება ითქვას, რომ ძველ საქართველოშიც წიგნი, რომლითაც ყმაწვილი იზრდებოდა – “ქართლის ცხოვრება”, უხვად შეიცავდა ცნობებს ქართული ეკლესიის ისტორიიდან. წმ. სახარება “ქართლის ცხოვრებასთან” ერთად ყმაწვილის უმთავრეს სახელმძღვანელოს წარმოადგენდა. პირველი მასში ნერგავდა სარწმუნოებისა და ღვთისადმი სიყვარულს, ხოლო მეორე კი სიყვარულს მშობლიური ერისა და ეკლესიისადმი. სწორედ მშობლიური ეკლესიის ისტორიის მეოხებით ქართველი ყმაწვილი იგებდა, თუ როგორ იქცა მისი სამშობლო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად, ხოლო უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე კი მუდმივ მფარველად და პატრონად ქართველი “საზეპურო” ერისა.
ამჟამად თუკი ჩვენ გვსურს, რომ ქართველი საზოგადოება დაუბრუნდეს თავის უკვდავ საწყისებს, უთუოდ საჭირო არის სკოლებში ისწავლებოდეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია.


საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია უნდა ისწავლებოდეს როგორც დისციპლინის ერთი დარგი, მიუხედავად ყმაწვილის მშობელთა სარწმუნოებრივი აღმსარებლობისა. საქართველოს ეკლესიის ისტორია ისეთივე განყენებული და სავალდებულო შესწავლის საგანი უნდა იყოს როგორც, ვთქვათ, საქართველოს გეოგრაფია ან საქართველოს ისტორია.

http://meufeanania.info

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის