USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
თბილისი
მეუფე ანანია - საქართველოს საპატრიარქოს ადგილი მართლმადიდებლურ დიპტიხში
თარიღი:  772

X და XI საუკუნეთა მიჯნაზე საქართველო გაერთიანდა, რისთვისაც საუკუნეთა მანძილზე იღწვოდა იბერიის ეკლესია. სხვადასხვა ქართული პოლიტიკური ერთეულების გაერთიანებამ ერთიან მძლავრ სახელმწიფოდ გამოიწვია საქართველოს ჰეგემონობა მთელ კავკასიაში. აღმოსავლეთის ეკლესია განსაკუთრებით სავალდებულოდ ხდიდა სამოქალაქო-საერო დაყოფის გადაღებას საეკლესიოში, ასე რომ, ყოველ ცვლილებას საეროში შესაბამისი ცვლილებები უნდა მოჰყოლოდა საეკლესიოში. ამიტომაც, სახელმწიფოს გაერთიანებას თან მოჰყვა ქართული ეკლესიის გაერთიანება. აქამდე აფხაზეთის სამეფოში არსებობდა “აფხაზეთის საკათალიკოსო”. ქართლის სამეფოში კი “ქართლის საკათალიკოსო”. სამეფოთა გაერთიანების შემდეგ გაერთიანდა ეკლესიებიც და ერთიან ქართულ სახელმწიფოში წარმოიქმნა ერთიანი ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს სახელწოდებით. საქართველოს საპატრიარქო, გარდა აფხაზეთისა და ქართლის საკათალიკოსოებისა, შეიცავდა აგრეთვე საქართველოს სახელმწიფოს გავლენის სფეროში შემავალ ჩრდილო კავკასიის ქრისტიანებს, აგრეთვე სომხეთისა და ყოფილი ალბანეთის მართლმადიდებელ მოსახლეობას.

ჩრდილო კავკასიის ქრისტიანები უშუალოდ საქართველოს პატრიარქს ექვემდებარებოდნენ, რასაც მოწმობს ეპიგრაფიკული მასალა, ხოლო XV საუკუნისათვის ჩრდილო კავკასიის აღმოსავლეთით შექმნილი იყო ხუნძეთის საკათალიკოსო, რომელიც იბერიის საპატრიარქოში შედიოდა. საქართველოს საპატრიარქოში შევიდა სომხეთის სამიტროპოლიტო, რომელიც ისტორიული საქართველოს საზღვრებს გარეთ მდებარეობდა _ სომხეთის (ანისის) ყოფილ სამეფოში. საქართველოს საპატრიარქოს შექმნის შემდეგ საკათალიკოსოები არ გაუქმებულან, ისინი არსებობას განაგრძობდნენ ისე, როგორც ბიზანტიურ საპატრიარქოში არსებობდნენ სამიტროპოლიტოები. როგორც წესი, პატრიარქი იმავე დროს მცხეთის, ანუ ქართლის კათალიკოსიც იყო, მას სვეტიცხოვლის პატრიარქიც ეწოდებოდა სასაყდრო ტაძრის მიხედვით. საქართველოს საპატრიარქო კავკასიის მასშტაბით ძალზე დიდი ეკლესია იყო. ის მოიცავდა არა მარტო კავკასიის მართლმადიდებლობას, არამედ ძალზე სცილდებოდა კავკასიის საზღვრებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებით. სამხრეთით საქართველოს საპატრიარქოს ესაზღვრებოდა ვანის ტბა და ტერიტორიები, რომელიც დავით კურაპალატმა შეიყვანა ქართველთა სამეფოში.

საქართველოს საპატრიარქოს წარმოშობამდე არ არსებობდა ქართული ეკლესიის მეთაურის ღირსების ბიზანტიელ იერარქების ღირსებასთან შედარების საჭიროება, ამიტომაც, ალბათ, ქართულ ეკლესიაში დიპტიხი არ გამოიყენებოდა. ვითარება შეიცვალა საპატრიარქოს შექმნის შემდეგ. ახალმა მდგომარეობამ წარმოშვა საკითხი, თუ პატრიარქთა რიგში რომელ ადგილზე უნდა დაეყენებინათ, ანდა რომელი პატრიარქის შემდეგ უნდა ეხსენებინათ ახალი პატრიარქი  ქართული ეკლესიის მეთაური. მართალია, იმ დროს ზოგიერთ არამართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს ჰქონდა პატრიარქის ტიტული, მაგრამ მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიაში მხოლოდ ხუთი პატრიარქი არსებობდა, რასაც მსოფლიო საეკლესიო კრებებიც ადასტურებდა. იმ დროს გადახედეს არსებულ პატრიარქების რიგს და დაადგინეს, რომ ახალი ქართველი პატრიარქი იყო მეექვსე პატრიარქი რომის პაპის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის პატრიარქების შემდეგ. ასე შედგა ქართული ეკლესიის დიპტიხი. ქართული ეკლესიის დიპტიხი უკვე არსებობდა საეკლესიო გამოყოფამდე რომსა და კონსტანტინოპოლს შორის, და ამიტომაც ამ განყოფამდე უკვე არსებული დი პტიხი საუკუნეების მანძილზე უცვლელად გადადიოდა საბუთიდან საბუთში. XVIII საუკუნის დოკუმენტშიც ასეთი დი პტიხია დაცული: “…ჩუენცა, გლახაკი, ქრისტეს მიერ, შემდგომად ხუთთა პატრიარქთა და უპირველეს მათსა… სუეტისცხოვლის მეექუსისა პატრიარქის და ქრისტეს მიერ ყოვლისა საქართველოს კათალიკოზი ნიკოლოზ ვამტკიცებ და წარვსწერ…” აქედან ჩანს, რომ ქართული ეკლესიის მეთაურს დიპტიხის პატრიარქთა რიგში VI ადგილი უჭირავს, მაგრამ მას თავისი ღირსება არც ერთი პატრიარქის ღირსებაზე ნაკლებად არ მიაჩნია. დიპტიხში ქართველ პატრიარქს VI ადგილზე XI საუკუნის დასაწყისშივე რომ აყენებდნენ, ეს შემდეგიდან ჩანს: საქართველოს საპატრიარქო შეიქმნა მსოფლიო ქრისტიანობის კათოლიკებად და მართლმადიდებლებად გაყოფამდე, რაც 1054 წელს მოხდა.

ამის შემდეგ ქართული ეკლესია მარად მართლმადიდებელთა დიდი ოჯახის წევრი იყო, ამიტომაც გაყოფის შემდგომ შედგენილ ქართულ საბუთებში რომის პაპი აღარ იხსენიებოდა მართლმადიდებლობასთან და მართლმადიდებელ პატრიარქებთან კავშირში. გამონაკლისია ქართული ეკლესიის დიპტიხი, მასში რომის პაპის სხვა აღმოსავლელი პატრიარქების გვერდით დაყენება მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ეკლესიის დიპტიხი შედგენილია საეკლესიო განხეთქილებამდე, ხოლო შემდგომი საუკუნეების საბუთებში დიპტიხის შეუცვლელად გადატანა მიუთითებს საეკლესიო ტრადიციულობაზე, რომელიც განსაკუთრებით იყო დაცული ქართულ ეკლესიაში. გარდა ამისა, ქართული ეკლესია მუდამჟამს ერთგული იყო საეკლესიო კრებათა კანონებისა, განსაკუთრებით კი ქალკედონის კრებისა, ქალკედონის კრებამ კი თავის 28-ე კანონში დაადგინა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი უნდა მდგარიყო არა პირველ ადგილზე, არამედ მეორეზე. პირველი ადგილი რომის პატრიარქს უნდა დაეკავებინა. კონსტანტინოპოლი “…მეორე იყო შემდგომად მისსა…” იგივე დაადასტურა იუსტინიანემ თავის 131-ე ნოველაში, კერძოდ, “საეკლესიო კანონების განსაზღვრების თანახმად, უწმიდესი პაპი ძველი რომისა იყო პირველი ყველა მღვდელმთავართა შორის. ახალი რომისას კი ექნება მეორე ადგილი ძველი რომის წმიდა სამოციქულო საყდრის შემდეგ, მაგრამ ადგილს დაიჭერს სხვა საყდრების მაღლა”.

ტრულის საეკლესიო კრების 36-ე კანონმაც გაიმეორა ძველი კანონები და საპატრიარქოთა ადგილები ასე განსაზღვრა “…განვასაზღვრებთ, რაითა საყდარსა კონსტანტინეპოლისასა სწორი პატივი აქუნდეს ჰრომისა საყდრისაი და ვითარცა იგი განდიდნების საეკლესიოთა შინა საქმეთა,მეორე იყოს ესე შემდგომად მისსა, რომლისა შემდგომად იყავნ ალექსანდრიელთა დიდისა ქალაქისაი და შემდგომად მისსა იერუსალემელთა ქალაქისაი”. ტრულის კრებამ, გაიმეორა რა კონსტანტინოპოლის საყდართან დაკავშირებით II მსოფლიო კრების მე-3 კანონი და 28-ე კანონი IV მსოფლიო კრებისა, განსაზღვრა, რომ პირველი ყოფილიყო რომის საყდარი, მეორე კონსტანტინოპოლისა, მესამე  ალექსანდრიისა, მეოთხე ანტიოქიისა და მეხუთე იერუსალიმისა. მცხეთელის (საქართველოს) საპატრიარქო საყდარი დადგა იერუსალიმის საყდრის შემდეგ. ქართული დიპტიხის შედგენისას გათვალისწინებული იქნა II მსოფლიო კრების მე-3, ქალკედონის 28-ე, ტრულის 36-ე კანონები და მიიღო ასეთი სახე: 1. რომის საყდარი; 2. კონსტანტინოპოლის საყდარი; 3. ალექსანდრიის საყდარი; 4. ანტიოქიის საყდარი; 5. იერუსალიმის საყდარი; 6. მცხეთის (სვეტიცხოვლის) საყდარი. ქართული დიპტიხის მიხედვით, საქართველოს ეკლესიის მეთაურს სხვა ავტოკეფალური ეკლესიების მეთაურთა რიგში ეჭირა მე-6 ადგილი. ქართული ეკლესიის მეთაურის მე-6 ადგილზე მოხსენიებას ქართულ ეკლესიაში საუკუნეების მანძილზე ჰქონდა ისტორიულ-ტრადიციული მნიშვნელობა და ისევე შეუცვლელად ითვლებოდა, როგორც საეკლესიო კრებათა და მამათა კანონები. დიპტიხის ზემოთ მოყვანილი სახე მიუთითებს იმაზე, რომ ის შედგენილია საეკლესიო განყოფამდე.

ბიზანტიის იმპერიაში გაბატონებული იყო “პენტარხიის თეორია”, მსოფლიოში ხუთი ავტოკეფალური ეკლესიის არსებობის შესახებ. ეს თეორია იყო გამონაგონი ბიზანტიის საიმპერატორო და საპატრიარქო კარისა. თვით იმპერიაშივე არსებობდა მეექვსე ავტოკეფალური ეკლესია კვიპროსისა, ხოლო იუსტინიანემ დააარსა ახალი ავტოკეფალური ეკლესია `პირველი იუსტინიანეს~ სახელწოდებით, იმპერიის გარეთ ძველთაგანვე იბერიის (საქართველოს) ავტოკეფალური ეკლესია არსებობდა, მიუხედავად ამისა, აღმოსავლეთის ეკლესიებში და მათ შორის საქართველოშიც, იცნობდნენ პენტარხიის თეორიას და მასში კორექტივებიც შეჰქონდათ. საქართველოში გაბატონებული მოსაზრების თანახმად, ხუთი მსოფლიო პატრიარქის შემდგომ იდგა საქართველოს, ანუ მცხეთის კათალიკოს-პატრიარქი. საქართველოს საპატრიარქოს დაარსებიდან მცირე ხნის შემდეგ, 1057 წელს მეფე ბაგრატ IV-ის შეწირულების სიგელს შიომღვიმისადმი აქვს ქართული ეკლესიის მეთაურის მინაწერი, რომლის თანახმადაც ის დგას მეექვსე ადგილზე მსოფლიოს ხუთი პატრიარქის შემდეგ. ვინც ეს სიგელი დაარღვიოსო, წერს ის “…კრულმცა არს… ხუთთა პატრიარქთა ჯუარითა… და ჩემ გლახაკისაცა ჯუარითა”. 1245-1250 წლების დაწერილს შიომღვიმისადმი აქვს მინაწერი: `…ხუთთა პატრიარქთა ჯუარითა, წმიდისა სამოციქულოისა კათოლიკე ეკლესიისა მადლითა და რაოდენნი მას შინა წმიდანი ქართლისა კათალიკოზნი სხდომილ არიან და დასხდებიან მათ ყოველთა ჯუარითა”. წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესია იყო ქართული ეკლესიის სახელწოდება და ყოველთვის ამ ფორმულით მოიხსენიებოდა ის.

ეს სიგელიც ხუთი მსოფლიო საპატრიარქო საყდრის შემდეგ ქართულ ეკლესიას ასახელებს. 1259 წლის შეწირულების დაწერილს რკონის მონასტრისადმი ამტკიცებს საქართველოს ეკლესიის მეთაური “…ჩუენცა, შემდგომად ხუთთა პატრიარქთა… მეექუსისა პატრიარქის… ვამტკიცებ…” ზემოთ მოყვანილიდან ჩანს, რომ უკვე XI საუკუნეშივე, საქართველოს საპატრიარქოს ჩამოყალიბებისთანავე, საქართველოს პატრიარქს მართლმადიდებლურ დიპტიხში ეჭირა მეექვსე ადგილი ხუთი პატრიარქის შემდეგ. მართალია, ქართული ეკლესიის დი პტიხში ქართველ პატრიარქს ეჭირა მე-6 ადგილი, მაგრამ ცნობდნენ თუ არა ამას მსოფლიოს სხვა საპატრიარქოები, აღიარებდნენ თუ არა ისინი ქართველი მამამთავრის საყდარს მეექვსე ადგილზე? ჩვენ დაბეჯითებით უნდა ვთქვათ, რომ როგორც რომის პაპები, ისე აღმოსავლეთის ოთხი პატრიარქი ცნობდა იბერიის ეკლესიას მეექვსე ადგილზე იერუსალიმის საპატრიარქოს შემდეგ. ამას მიუთითებს ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრების დიპტიხი. ამ კრებაზე ქართულ ეკლესიას ეჭირა VI ადგილი რომის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის საყდრების შემდეგ. ეს რომ შემთხვევით არ იყო და ეკლესიათა ადგილების განაწილებას ამ კრებაზე, ისე როგორც “XII მსოფლიო~ კრებაზე, საგანგებო ყურადღება ექცეოდა, იქიდანაც ჩანს, რომ ფლორენციის კრებამ 1438 წელს უნიის შესახებ დეკრეტში დაადგინა: “კონსტანტინოპოლის პატრიარქი იქნება მეორე წმიდა რომის პაპის შემდეგ ალექსანდრიელი მესამე, შემდეგ მეოთხე ანტიოქიელი და მეხუთე  იერუსალიმელი…” მართალია, ამ კრებას არ გამოუცია დოკუმენტი, თუ როგორ უნდა განაწილებულიყო შემდეგი ადგილები, რადგანაც კრება ეხებოდა არა დი პტიხის საკითხს, არამედ სარწმუნოების საკითხს, მაგრამ საერთოდ ეკლესიათა (კათედრათა) ადგილების განაწილებას ძალზე დიდი ყურადღება რომ ექცეოდა, ზემოთ მოყვანილი დადგენილებიდანაც ჩანს. ქართული, ანუ იბერიის ეკლესიის წარმომადგენელს ამ კრებაზე ეჭირა VI ადგილი. 1438 წლის 5 თებერვალს ფერარაში გახსნილ და ფლორენციაში გაგრძელებულ “მსოფლიო” საეკლესიო კრებას, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის წარმომადგენლები და რომლის აქტებსაც აღმოსავლეთის საპატრიარქოებმა ხელი მოაწერეს, “თანაბარი უფლებით ესწრებოდა იბერიის მიტროპოლიტი”.”იბერიის მიტროპოლიტი იჯდა მართლმადიდებელთა მხარეს მეხუთე ადგილზე კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის წარმომადგენლების შემდეგ.”პირველი კარდინალის პირდაპირ იდგა პატრიარქის სავარძელი… პატრიარქის შემდეგ ოთხ სკამზე განლაგებულნი იყვნენ… იერუსალიმის პატრიარქის წარმომადგენელი მენზიის არქიეპისკოპოსი და იბერიის მეფის წარმომადგენელი იბერიის მიტროპოლიტი”. კრების მონაწილენი ისხდნენ შემდეგი რიგის მიხედვით: ცენტრიდან თანაბარ მანძილზე იდგა ორი ტახტი რომის იმპერატორისა და ბერძენთა იმპერატორისა.

სასულიერო პირები განლაგებულნი იყვნენ შემდეგი რიგის მიხედვით: ერთ მხარეს ისხდნენ ლათინთა წარმომადგენლები, მეორე მხარეს ისხდნენ მართლმადიდებელთა წარმომადგენლები. ჩვენთვის საინტერესო მართლმადიდებელთა რიგი იყო შემდეგი სახისაა: მართლმადიდებელთა რიგში პირველად იდგა 1. კონსტანტინოპოლის პატრიარქის სავარძელი (პატრიარქი ამ სხდომას არ ესწრებოდა); პატრიარქის შემდეგ ოთხ სკამზე განლაგებულნი იყვნენ 2. ალექსანდრიის პატრიარქის წარმომადგენელი არქიეპისკოპოსი; 3. ანტიოქიის პატრიარქის წარმომადგენელი არქიეპისკოპოსი; 4. იერუსალიმის პატრიარქის წარმომადგენელი არქიეპისკოპოსი; 5. იბერიის პატრიარქის (დოკუმენტშია “მეფის”) წარმომადგენელი მიტროპოლიტი. ამის შემდეგ დიპტიხის მიხედვით ისხდნენ სხვა მართლმადიდებელი ეპისკოპოსები. `ნაწყვეტი ფლორენციის წმიდა მსოფლიო საეკლესიო კრების ოქმიდან… სასულიერო პირების განლაგების შესახებ… პირველი კარდინალის პირდაპირ იდგა პატრიარქის სავარძელი (პატრიარქი, შეუძლოდ ყოფნის გამო, იმ დღეს კრებას ვერ ესწრებოდა)… პატრიარქის შემდეგ ოთხ სკამზე განლაგებულნი იყვნენ ჰერაკლიის არქიეპისკოპოსი, რომელსაც ალექსანდრიის პატრიარქის კანონიერი მანდატი ჰქონდა და მისი ადგილი ეკავა; ანტიოქიის პატრიარქის მიერ გამოგზავნილი ეფესიის არქიეპისკოპოსი; იერუსალიმის პატრიარქის წარმოგზავნილი მენეზიის არქიეპისკოპოსი და იბერიის მეფის წარმომადგენელი იბერიის მიტროპოლიტი; ამათ შემდეგ ისხდნენ ტრაპეზუნტის, რიზეს, ნიკეის… არქიეპისკოპოსები… მიტროპოლიტები… ბერები, თავიანთი წესის მიხედვით”. ფლორენციის კრებაზე არა მარტო ეკლესიათა წარმომადგენელი სასულიერო პირები ისხდნენ “წესის”, ანუ დიპტიხის მიხედვით, არამედ საერო პირებიც ასევე (წესის მიხედვით) ისხდნენ. ფერარა-ფლორენციის `მსოფლიო~ საეკლესიო კრებიდან ჩანს, რომ ქართული ეკლესიის მეექვსე ადგილი მსოფლიო ეკლესიათა რიგში, ხოლო V ადგილი მართლმადიდებელთა რიგში აღიარებული და ცნობილი იყო როგორც რომის პაპის, ასევე მსოფლიო (კონსტანტინოპოლის) პატრიარქის და სხვა აღმოსავლეთის პატრიარქების მიერ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთ, თავისი დროისათვის ძალზე მნიშვნელოვან კრებაზე, რომელიც მსოფლიო ეკლესიის გაერთიანებას ისახავდა მიზნად, რომისა და აღმოსავლეთის ქრისტიანები ერთმანეთთან უთანხმოებაში არ შევიდოდნენ იბერიის ეკლესიის ადგილის ძიებისათვის. იბერიის ეკლესიის ადგილი დიპტიხში ძველთაგანვე ცნობილი იყო, ამიტომაც მან ამ “მსოფლიო~ კრებაზე ყოველგვარი დავის გარეშე თავისი ადგილი დაიკავა. XV საუკუნის პირველი ნახევრის დიპტიხი, დაცული ფერარა-ფლორენციის კრებაზე, ასეთია: 1. რომის პაპი; 2. მსოფლიო (კონსტანტინოპოლის) პატრიარქი; 3. ალექსანდრიის; 4. ანტიოქიის; 5. იერუსალიმის; 6. იბერიის; 7. ტრაპეზუნტის; 8. რიზეს; 9. ნიკეის; 10. ლაკედემონიის; 11. ნიკომედიის; 12. ტრივონიის; 13. ამასიის; 14. მიტილენის; 15. ტოლოზინოს; 16. სტავროპოლის; 17. ტუსტრიცის; 18. გარინის; 19. მელენტინის; 20. აქილის; 21. მულდულის პატრიარქები და არქიეპისკოპოსები.211 მართალია, ამ კრებაზე ასე ისხდნენ ეკლესიის იერარქები, მაგრამ მათგან ავტოკეფალურ ეკლესიად მიიჩნეოდა მხოლოდ ხუთი ეკლესია: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმისა და იბერიისა, ამიტომაც ამ ავტოკეფალურ ეკლესიათა წარმომადგენლებს ამ კრებაზე ეჭირათ განსაკუთრებული, სხვებისაგან განსხვავებული სკამები კრების მონაწილეთა პირველ რიგში, ხოლო იბერიის მეფის ელჩი, რომელსაც აგრეთვე ტრაპეზუნტის იმპერატორის მანდატი ჰქონდა, პაპის თანმხლები პირის პირდაპირ იჯდა.

ასეთი სახის იყო “მსოფლიო” ეკლესიის დი პტიხი. მართლმადიდებლური დიპტიხიდან კი ამოიღეს რომის პაპის მოხსენიება, მაგრამ ამას არავითარი გავლენა არ მოუხდენია ქართული ეკლესიისათვის კანონიკურად მიჩნეულ მეექვსე ადგილზე. კერძოდ, მართალია, მართლმადიდებლური დიპტიხიდან გავიდა რომის პაპის მოხსენიება, რამაც ვაკანტური ადგილი წარმოშვა ადგილობრივი ეკლესიების მეთაურთა ექვსეულში, მაგრამ მალე ვაკანტური ადგილი დაიჭირა რუსეთის ეკლესიამ მსოფლიო საპატრიარქოსა და სხვა საპატრიარქოთა გადაწყვეტილებით, რაც ცნო ქართულმა ეკლესიამ.”კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გენადი სხოლარიმ (1453-1460) სხვა აღმოსავლელ პატრიარქებთან ერთად ცნო რუსული ეკლესიის დამოუკიდებელი არსებობა და განსაზღვრა ჩათვლილიყო ავტოკეფალური რუსული მიტროპოლია თავისი ღირსებით იერუსალიმის საპატრიარქოს შემდეგ, ე.ი. მეხუთე ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა დი პტიხში”. აქამდე ქართულ ეკლესიას დიპტიხში ადგილი იერუსალიმის პატრიარქის შემდეგ ეჭირა, ამის შემდეგ კი მან თავისი ტრადიციული მეექვსე ადგილი დაიჭირა (რუსეთის ეკლესიის შემდეგ). 1589 წელს რუსეთის საპატრიარქოს დაარსების შემდეგ მისმა პატრიარქმა დი პტიხში მაღალი ადგილი დაიკავა. “როცა დიდმა კრებამ 1593 წელს განსაზღვრა მოსკოვის საპატრიარქოს მდგომარეობა, მას გამოეყო უფრო მაღალი ადგილი, ვიდრე მაშინ არსებულ არქიეპისკოპოსებს ავტოკეფალურ და თვითმმართველ ეკლესიებისა არხიდიისას, კვი პროსისას, ივერიისას და პეკიისას, მაგრამ არა ალექსანდრიის პატრიარქის შემდეგ, როგორც სურდა რუსეთის მეფეს, არამედ მხოლოდ იერუსალიმის პატრიარქის შემდეგ, იმასთან დაკავშირებით, რომ კრების მამებმა შესაბამის მიმართვაში განაცხადეს წმიდა მამათა კანონების შეუცვლელობა”.

რუსეთის მეფეს სურდა და აღმოსავლეთის საპატრიარქოებიც არ იყვნენ წინააღმდეგნი რუსეთის პატრიარქს დიპტიხში დაეჭირა ადგილი ალექსანდრიის პატრიარქის შემდეგ, მაგრამ რადგანაც წინა საუკუნეებში წმიდა მამათა მიერ დადგენილი იყო დი პტიხში ალექსანდრიის საპატრიარქოს შემდეგ ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქთა ხსენება, რაც დადასტურებული იყო ტრულის კრების კანონით, ამიტომაც აღმოსავლეთის პატრიარქებმა გადაწყვიტეს რუსეთის პატრიარქის ადგილი მართლმადიდებლურ დიპტიხში ყოფილიყო იერუსალიმის პატრიარქის შემდეგ. ეს ადგილი რუსეთის საპატრიარქომ მიიღო თავისი არა მარტო სიდიდისა და ეკონომიკური სიძლიერის გამო, არამედ იმიტომაც, რომ იმ დროს მაჰმადიანურ ქვეყნებში არსებული აღმოსავლეთის ყველა პატრიარქი რუსეთის ქრისტიანულ სახელმწიფოს იმედის თვალით შესცქეროდა. ასევე იყო საქართველოშიც. ამიტომაც ქართულმა ეკლესიამ ცნო და აღიარა რუსეთის საპატრიარქოს ადგილი იერუსალიმის საპატრიარქოს შემდეგ, მაგრამ დი პტიხში VI ადგილზე კვლავ ქართული ეკლესია უნდა ყოფილიყო. ქართულმა ეკლესიამ რუსეთის პატრიარქის ადგილი იერუსალიმის პატრიარქის შემდეგ რომ აღიარა, ამას მიუთითებს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ანტონის მიმართვა რუსეთის იმპერატრიცა ელისაბედისადმი. 1757 წელს ანტონ I, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი წერდა: “…ყოველსა, რასაცა აღიარებს და დაამტკიცებს, შეიწყნარებს და მიიღებს დღეს წმ. ეკლესია აღმოსავლეთისა, რომელ არს კონსტანტინეპოლისა, ალექსანდრიისა, ანტიოქიისა და იერუსალიმისა და ყოვლისა რუსეთისა მეცა აღვიარებ…” აქედან ჩანს, რომ უკვე XVII საუკუნის შემდგომ, ქართული ეკლესიის დიპტიხი ასეთი იყო: 1. კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო; 2. ალექსანდრიის; 3. ანტიოქიის; 4. იერუსალიმის; 5. რუსეთის საპატრიარქოები; 6. საქართველოს საპატრიარქო. ამჟამადაც, მართლმადიდებლურ დიპტიხში ქართულ ეკლესიას უჭირავს ისტორიულ-ტრადიციული მეექვსე ადგილი, რაც სავსებით კანონიერია.

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.