USD 2.7215
EUR 3.2155
RUB 3.4658
თბილისი
მერის განცხადებები დღევანდელ თბილისის მთავრობის სხდომაზე
თარიღი:  212

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტი ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც სადგურის მოედანთან არსებულ ერთ-ერთ ბაზრობაზე რამდენიმე დღის წინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

კახა კალაძის ინფორმაციით, მერიამ სარეზერვო ფონდიდან საჭირო სახსრები გამოყო და მოვაჭრეთა თხოვნის გათვალისწინებით, შესაბამისმა კომპანიამ შემთხვევის ადგილზე სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყო.

„როგორც იცით, გასულ კვირას ხანძარი გაუჩნდა სადგურის მოედანთან არსებულ ერთ-ერთ ბაზრობას, რომლის შედეგადაც, დაახლოებით, 400 ადამიანი დაზარალდა. სამწუხაროდ, მთლიანად არის განადგურებული პროდუქცია და ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა. იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შემთხვევის ადგილზე ჯერ კიდევ მუშაობს. თბილისის მერიამ მყისიერად დაიწყო კომუნიკაცია დაზარალებულ მოვაჭრეებთან, რომელშიც ჩართულია ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე. გაიმართა არაერთი შეხვედრა, სადაც ჩვენი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, დაზარალებულებს ყველა მიმართულებით დახმარება აღვუთქვით. პირველი, რაც მათ ითხოვეს, ხანძრის შედეგად დამწვარი ბაზრობის ტერიტორიის დასუფთავება და დაზიანებული კონსტრუქციების დემონტაჟი გახლდათ. მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან საჭირო სახსრები გამოყო და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნულმა კომპანიამ შემთხვევის ადგილზე სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დაზარალებულ მოვაჭრეთა საინიციატივო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები ინტენსიურად გაგრძელდება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ჩვენ მოვისმინეთ ბევრი ტყუილი, სიბინძურე, თუმცა ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და ყველამ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ. გვერდით უნდა დავუდგეთ ამ ადამიანებს, რომელთა უკან დგას ოჯახები, მათ ჰყავთ შვილები, შვილიშვილები და ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარება უნდა აღვუთქვათ მხარდაჭერა. გარდა ამისა, ჩვენ ინტენსიურად ვმართავთ სამუშაო შეხვედრებს დაზარალებულ მოვაჭრეთა საინიციატივო ჯგუფთან. მუნიციპალიტეტი ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც დაზარალებულებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გავუწევთ. მესმის, რომ ეს დახმარება ვერ იქნება იმის საპირწონე, რა ზიანიც მოვაჭრეებმა მიიღეს, თუმცა, საქმიანობის გასაახლებლად, გარკვეულწილად ხელს გაუმართავს. უკვე მზად ვართ, მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, საინიციატივო ჯგუფის ჩართულობით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აქვე მერმა მადლობა გადაუხადა საბანკო სექტორს, რომელმაც გაითვალისწინა მომხდარი და დაზარალებულ მოვაჭრეებს შეღავათები დაუწესა.

„ვინაიდან მოვაჭრეებს ფინანსური ვალდებულებები აქვთ აღებული, მომხდარის გამო, გარკვეული პერიოდით, საქმიანობის შეჩერება მოუწევთ. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია როგორც „საქართველოს ბანკთან, ისე „თიბისი ბანკთან“. მინდა, მათ პირადად გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის ამ ოჯახების მიმართ, ვინაიდან მათი მხრიდან გამოთქმული იყო მზაობა, რომ ამ ადამიანებს, რომელთაც ფინანსური ვალდებულებები აქვთ აღებული, საშეღავათო პერიოდი ექნებათ. შემდეგ უკვე თავისუფლად მიეცემათ შესაძლებლობა, გააგრძელონ ეკონომიკური საქმიანობა, რასაც აქამდე ეწეოდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ტერიტორიის მოწესრიგების საკითხს, კახა კალაძის ინფორმაციით, კონტრაქტორ კომპანიასთან მუშაობის შედეგად, დადგენილია, დაახლოებით, ერთთვიანი ვადა სადემონტაჟო სამუშაოებისა და ნარჩენების გასატანად. მისივე თქმით, შემდეგი ეტაპი აღდგენითი სამუშაოები იქნება.

„ჩვენ აქაც ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ, რაც იყო მორიგი ტყუილი, პოლიტიკური სპეკულაცია და სიბინძურე. რა თქმა უნდა, ყველაფერი იქნება აღდგენილი. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან, რომელიც ოპერირებს აღნიშნულ ტერიტორიაზე და იჯარით აქვს ამ ადამიანებზე გაცემული ფართები. მან აიღო ვალდებულება, რომ მთლიანად მოაწესრიგებს ტერიტორიას, მას შემდეგ, რაც დასუფთავდება ჩვენი კონტრაქტორი კომპანიის მიერ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ნაძალადევის რაიონის გამგეობა ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ის მცხოვრებლებს, სადაც ავარიული კორპუსის იატაკი ჩამოიშალა, დროებითი თავშესაფრის მიცემის მიზნით, ქირით გაყვანას კიდევ ერთხელ სთავაზობს.

მისივე თქმით, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებლებმა გასულ წელს უარი განაცხადეს მუნიციპალიტეტის შეთავაზებაზე - ესარგებლათ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით, მანამდე კი გამგეობა მათ ქირით უზრუნველყოფდა.

„გასული კვირის ბოლოს ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ში ჩამოიშალა ავარიული კორპუსის იატაკი. ნაძალადევის რაიონის გამგეობამ, იმავე დღესვე, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები 34 ოჯახი სასტუმროში გადაიყვანა და დააბინავა. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს უფლება, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის გარეშე ესა თუ ის პროგრამა განვახორციელოთ და ხალხი საცხოვრებელი სახლებიდან იძულებით გამოვიყვანოთ. ამიტომ, აღნიშნულ მისამართზე, რამდენიმე დღის წინ სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, ადგილობრივ მცხოვრებლებს რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე შეხვდა და ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია კიდევ ერთხელ მიეწოდა.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კორპუსის ამხანაგობის წარმომადგენლები იმსჯელებენ, თბილისის მერიის პროგრამაში ჩაერთვებიან თუ კერძო ინვესტორთან განაგრძობენ მოლაპარაკებას. საკითხის გადაწყვეტამდე, მოსახლეობას რაიონული გამგეობა, დროებითი თავშესაფრის მიცემის მიზნით, ქირით გაყვანას სთავაზობს. ადგილზე მუშაობას განაგრძობენ სახელმწიფო უწყებებისა და მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები. მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიებაც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოუწოდა ანალოგიური პრობლემის მქონე მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში.

„მინდა, მოვუწოდო ყველას, ვისაც ანალოგიური პრობლემა გააჩნია - იაქტიურეთ, მიმართეთ ადგილობრივ გამგეობებს. სამწუხაროდ, გვაქვს 10 ათასამდე ავარიული შენობა-ნაგებობა, მაგრამ ამ პროგრამით შეგვიძლია, მათ ნაცვლად თანამედროვე საცხოვრებლები ავაშენოთ. ქალაქში ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა და გამოწვევა გაგვაჩნია, თუმცა ადამიანის უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი და პასუხისმგებლობაა. ამიტომ, გთხოვთ, ჩაერთეთ მუნიციპალურ პროგრამებში, რათა თქვენ, თქვენივე შვილებით იცხოვროთ უსაფრთხოდ და არ გქონდეთ კორპუსის ჩამოშლისა თუ სხვადასხვა სახის დაზიანების მიღების შიში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობა სულხან ცინცაძის ქუჩაზე, N46-დან N50-ისა და N79-დან N83-ის ჩათვლით, ექვსი რეკრეაციული სივრცის მოწყობა-რეაბილიტაციას ახორციელებს.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეების შექმნის დიდი პოტენციალი არსებობს, რაც მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული.  

„თქვენ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია მწვანე სივრცეების არსებობა დედაქალაქისთვის. ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ ქალაქს ძალიან დიდი რესურსი აქვს ამ მიმართულებით და გვინდა, ყველა სივრცე, თუნდაც უბნების დონეზე, გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეფექტურად, რათა შევქმნათ დასვენებისთვის, ვარჯიშისთვისა და განტვირთვისთვის საუკეთესო სივრცეები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საერთო ჯამში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე, 7 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა; მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები, განათებისა და სარწყავი სისტემები; ტერიტორია გამწვანდება, დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე.

ანალიტიკა
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.