USD 2.6393
EUR 3.0167
RUB 3.4624
თბილისი
მერიის რომელ ტენდერს უკავშირდება მეტროს ვაგონების სარემონტო კომპანიაში პროკურატურის შესვლა?
თარიღი:  416

გენერალური პროკურატურის განცხადებით, დიდი ოდენობით თანხების სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე საგამოძიებო სამსახური სს "ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალში" შევიდა. ეს კომპანია თბილისის მეტროს ვაგონების ტექნიკური მომსახურების გაწევით არის დაკავებული.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ საქმე უკავშირდება 12 ვაგონის შეკეთებისთვის, 2023 წელს გაფორმებულ 13.7 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტს, რომლის შესრულებაშიც მერიის შიდა აუდიტის სამსახურის თანახმად, მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნები არსებობს, რის გამოც მერიამ მთავარ პროკურატურას მიმართა. საქმე ეხება 2023 წლის ივნისში გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც მომსახურების მიწოდება 2023-2024 წლებში ხდებოდა.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ თავად სს "ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანა" არის ერთობლივი საწარმო, რომლის 50%-ის წილს ფლობს მერიის დაქვემდებარებაში არსებული "თბილისის სატრანსპორტო კომპანია", 50% კი კერძო საკუთრებაშია და ის "ინდუსტრიულ ინვესტმენტს" ეკუთვნის. თავის მხრივ აღნიშნული კომპანიის 50-50%-ის წილი ეკუთვნით გვანცა სალაყაიას და ნოდარ გაგუას. კომპანიის დირექტორია ბიზნესმენი გელა ძიძიკაშვილი. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი გიორგი შარკოვი.

პროკურატურის განცხადებაში არაა მითითებული თუ უშუალოდ რამდენი მილიონი ლარის სავარაუდო გაფლანგვაზე მიმდინარეობს გამოძიება.

" აუდიტის ფარგლებში შესწავლილი იქნა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და სს ,,ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალს“ შორის მეტროს მოძრავი შემადგენლობის 12 ვაგონის მოდერნიზაციის მომსახურების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება.

მასალების შესწავლით გაჩნდა კითხვები, რომელიც საჭიროებს პასუხის გაცემას, შესაბამისად, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილი იქნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში", - განაცხადეს მერიაში.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის პასუხისმგებელი პირების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 3 თებერვალს რამდენიმე მისამართზე საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ჩხრეკა, ჩატარდა.

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის