USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
თბილისი
მერცი შოლცის ნაცვლად?!
თარიღი:  728

2025 წლის 23 თებერვალი გერმანიის ფედერალური არჩევნების დღეა, ოთხმოცმილიონიანი ქვეყანა საკანონმდებლო ორგანოს ახალ შემადგენლობას ირჩევს. 21-ე მოწვევის ბუნდესტაგი ევროპის მოწინავე ქვეყნის მომდევნო მთავრობას დააკომპლექტებს. აღსანიშნავია, რომ გერმანელებს საარჩევნო უბნებზე გამოცხადება ნახევარი წელიწადით ადრე უწევთ, მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის უთანხმოებამ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გარდაუვალი გახადა.

  • რატომ დაინიშნა ვადამდელი არჩევნები?

2021 წელს გერმანიის ისტორიაში უპრეცენდენტო მოვლენა მოხდა – საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოყალიბებას სამი პარტიის გაერთიანება დასჭირდა (აქამდე ორი ძალის შეთანხმებაც საკმარისი იყო). სოციალ-დემოკრატების თაოსნობით შეიქმნა ე.წ. „პროგრესული კოალიცია“, რომლის შემადგენლობაში მშრომელთა პარტიის გარდა თავისუფალი დემოკრატები (ლიბერალები) და მწვანეებიც გაერთიანდნენ. სამსუბიექტიანი მინისტრთა კაბინეტის მუშაობა ურთულეს პერიოდს დაემთხვა, კანცლერად არჩეულ ოლაფ შოლცს ერთდროულად მოუწია რამდენიმე უმნიშვნელოვანესი გამოწვევის დაძლევა. პანდემიის შემდგომი ეკონომიკური კრიზისი, უკრაინაში გაჩაღებული ომი, რუსეთის ნახშირწყალბადოვანი რესურსების გამოყენებაზე უარის თქმის შედეგად წარმოქმნილი ენერგოდეფიციტი თითქმის ერთსა და იმავე დროს დაატყდა თავს „შუქნიშანს“ (სოციალ-დემოკრატების ფერი წითელია, ლიბერალების ყვითელი, მწვანეების ფერის გამოცნობა არ გაგიჭირდებათ. პარტიათა ფერების შესაბამისად საზოგადოება სამსუბიექტიან კოალიციას ამ სახელით მოიხსენიებდა). ახალი მთავრობის მუშაობაზე გავლენას ახდენდა ისიც, რომ მათ ხელისუფლების სათავეში მერკელის თექვსმეტწლიანი მმართველობის შემდეგ მოუწიათ მოსვლა, ხალხს დიდი მოლოდინები ჰქონდა.

„შუქნიშანი“ ენერგიულად შეუდგა მუშაობას, შოლცის კაბინეტმა მრავალი ცვლილების განხორციელება შეძლო: კოალიციის მონდომების წყალობით შემოიღეს ბავშვთა დაზღვევის განახლებული პაკეტი, დაიწყო საბავშვო ბაღების დაფინანსების ეტაპობრივი ზრდა, 12 ევრომდე გაიზარდა საათში მინიმალური ხელფასის ოდენობა, დაწესდა სოციალური შეღავათები დაბალშემოსავლიანი მშრომელებისთვის, საფუძველი ჩაეყარა საბინაო პროგრამას ახალგაზრდებისათვის, გაიწერა ქარისა და მზის ენერგიის მოპოვების ახალი სტრატეგიები. ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოშლამ ბიძგი მისცა ბუნდესვერისა და უსაფრთხოების დაფინანსების გადააზრებას.

თუმცა, სამსუბიექტიანი კოალიციის ფუნქციონირების პირველივე თვეებიდან ნათელი გახდა, რომ სოციალ-დემოკრატებს, ლიბერალებსა და მწვანეებს სხვადასხვა საკითხებზე შეთანხმება და კოორდინირებულად შრომა ძალიან გაუჭირდებოდათ. 2021-2024 წლების განმავლობაში თითქმის ყოველი საპარლამენტო სესიის მიმდინარეობისას წამოიჭრებოდა საკითხი, რომელზეც მთავრობის წევრები ერთმანეთთან საჯაროდ კამათობდნენ, უმწვავეს დისკუსიებს ხშირად მოჰყვებოდა რამდენიმეკვირიანი განხილვები მინისტრთა კაბინეტში, კოალიციის ინტერპარტიულ ჯგუფში და ა.შ. დიდი დავი-დარაბის შემდეგ, მძიმედ, განსაკუთრებული ხალისის გარეშე მთავრობაში შემავალი პარტიები ახერხებდნენ ხოლმე დაზავებას. კოალიციის წევრები ძირითადად ბიუჯეტის, სოციალური სისტემის გარდაქმნისა და ე.წ. „გათბობის კანონის“ გამო ხოცავდნენ ერთმანეთს.

2024 წლის ნოემბერში დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. გფრ-ის კონსტიტუციის მიხედვით, მიწების ხელმძღვანელობასა და ფედერალურ მთავრობას ეკრძალებათ მშპ-ის 0,35%-ზე მეტი ოდენობით კრედიტების აღება, გამონაკლისი მხოლოდ ეკონომიკური კრიზისებისა და ბუნებრივი კატასტროფების დროს არის დასაშვები. ოლაფ შოლცის აზრით, გერმანიას აღარ აქვს რესურსები, რომ უკრაინასაც დაეხმაროს და თან სოციალური სახელმწიფოს საჭიროებებიც დააფინანსოს. დამატებითი კრედიტების გარეშე ფედერალურ მთავრობას ერთ-ერთი მიმართულებით ბიუჯეტის შემცირება მოუწევს. სოციალ-დემოკრატები და მწვანეები აცხადებდნენ, რომ ვინაიდან გერმანია ვალებით დამძიმებული სახელმწიფო არ არის, მას აქვს ფუფუნება სხვადასხვა წყაროებიდან მოიძიოს დამატებითი თანხები, რათა სოციალური სახელმწიფოს ფუნქციონირებაც არ შეაფერხოს და უკრაინაც არ დატოვოს თანადგომის გარეშე. ინიციატივას კატეგორიულად შეეწინააღმდეგა თავისუფალი დემოკრატების პარტია, ფინანსთა მინისტრმა ლინდნერმა უარი თქვა პარტნიორთა შემოთავაზებაზე. დაბალი გადასახადები, მცირე სახელმწიფო, ვალების მინიმუმამდე შემცირება ყოველთვის გახლდათ ლიბერალთა დნმ-ის ნაწილი. თუმცა, ლინდნერის მოტივაცია მხოლოდ ფასეულობების თაობაზე უთანხმოება არ ყოფილა. სამთავრობო კოალიციაში ყოფნა კომპრომისებს მოითხოვს, ლიბერალებმა ვერ შეძლეს თავიანთი ტაქტიკური გადაწყვეტილებების ახსნა საკუთარი ამომრჩევლებისთვის. აქედან გამომდინარე, FDP-ს რეიტინგი მთავრობაში არჩევის შემდეგ 11%-დან 4%-მდე შემცირდა, ლიბერალებმა დაკარგეს წარმომადგენლობა არაერთ რეგიონალურ პარლამენტში. ფინანსთა მინისტრმა და პარტიის თამჯდომარემ ვეღარ გაუძლო მხარდაჭერის შეუქცევადი შემცირების წნეხს და ჯერ კიდეც ზაფხულიდან დაიწყო კოალიციის დაშლის გეგმების შემუშავება. საბოლოოდ, მოსახდენი 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას მოხდა, კანცლერმა შოლცმა თანამდებობიდან გადააყენა ლიბერალთა ლიდერი, რაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნის წინაპირობა გახდა.

სოციალ-დემოკრატებს სურდათ, რომ ახალი კენჭისყრა გაზაფხულზე გამართულიყო, რათა პარტიებს მეტი დრო ჰქონოდათ წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად, მაგრამ ბუნდესტაგის უმრავლესობას მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების კვალდაკვალ ახალი არჩევნების სასწრაფოდ დანიშვნა განიზრახა. ფაქტობრივად, პარტიებს სამი თვეც კი არ ჰქონიათ თავიანთი იდეების ამომრჩევლებამდე მისატანად.

  • მთავარი თემა

სიმბოლურია, გერმანიის მთავრობის დაშლა აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის დღეს დაემთხვა. ცხადია, გერმანელთა ერთ-ერთ მთავარ თავსატეხს ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრები წარმოადგენს: ევროპა-ამერიკის ურთიერთობები, უკრაინის ომი და მისგან გამომდინარე ეკონომიკური თუ ენერგეტიკული კრიზისი რიგით მოქალაქეთა უპირველესი საზრუნავია. თუმცა, არის კიდევ ერთი კატასტროფა, რომელმაც დაღი დაასვა გფრ-ის პოლიტიკურ ცხოვრებას.

2024 წლის აგვისტო, ქალაქის ზოლინგენი, ადგილობრივ ფესტივალზე დანით შეიარაღებული სირიელი შევარდა, რომელმაც სამი ადამიანი დახოცა, რვა კი დაჭრა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ტერაქტამდე 26 წლის დამნაშავეს გერმანიამ უარი უთხრა თავშესაფარზე, მაგრამ იგი მაინც ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

2024 წლის დეკემბერი, მაგდებურგის საშობაო ბაზრობა, არაბმა ტერორისტმა ავტომობილით გადაუარა საზეიმოდ შეკრებილ ადამიანებს, ექვსი მოქალაქე დაიღუპა, სამასი დაშავდა.

2025 წლის იანვარი, ბაიერნი, აშაფენბურგი, 28 წლის ავღანელი დანით თავს დაესხა საბავშვო ბაღის მოსწავლეებსა და მათ ირგვლივ მყოფ ხალხს. მასაც არ ჰქონდა გერმანიაში ლეგალური ყოფნის უფლება.

2025 წლის თებერვალსაც არ ჩაუვლია უმსხვერპლოდ. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად მიმდინარე პროფკავშირულ დემონსტრაციას ავტომობილით დაესხა თავს 24 წლის ავღანელი, რომელმაც ოცდაათი ადამიანი გადაჯეგა. საუბედუროდ, ტერორისტულ თავდასხმას ამ შემთხვევაშიც მსხვერპლი მოჰყვა.

ერთი სიტყვით, ბოლო რამდენიმე თვეა გერმანელები ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობენ. ყველა აქტის კვალი კი ისლამურ ექსტრემიზმთან და დაურეგულირებელ არალეგალურ მიგრაციამდე მიდის.

შესაბამისად, მიგრაციის საკითხი წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ თემად არის ქცეული.

  • კანცლერობის ორი მემარცხენე და ორი მემარჯვენე კანდიდატი

შოლცი

გფრ-ის კანცლერის თანამდებობის შენარჩუნებისთვის იბრძვის ოლაფ შოლცი. ის გერმანელებისთვის ნაცნობი ფიგურაა, შოლცს თავის კარიერაში პოლიტიკური მოღვაწეობის თითქმის ყველა საფეხური აქვს გავლილი: იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ლიდერი, სათავეში ედგა პარტიის რეგიონალურ ორგანიზაციას, გახლდათ მემარცხენე-ცენტრისტთა გენერალური მდივანი, თავმჯდომარე (კომისარული წესით). სხვადასხვა დროს შოლცი იყო ჰამბურგის ობერბურგერმაისტერი, გერმანიის შრომისა და სოციალურ საკითხთა ფედერალური მინისტრი, ფინანსთა ფედერალური მინისტრი და ვიცე-კანცლერი, ბოლოს მთავრობის მეთაურიც გახდა. მედიაში მოქმედ კანცლერს ხშირად მოიხსენიებენ „შოლცომატად“ (პოლიტიკოსის გვარისა და სიტყვის „ავტომატის“ კომბინაცია), რითაც მის მოსაწყენ ხასიათზე, მცირე ქარიზმასა და მანქანისთვის დამახასიათებელ დისციპლინაზე მიანიშნებენ. სოციალ-დემოკრატს უკანასკნელი წლების განმავლობაში სახელი გაუტყდა, მას ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ დააგვიანა უკრაინის კრიზისზე რეაგირება, ვერ მოახერხა კოალიციის წევრებს შორის მიმდინარე დავების გადაწყვეტა, ვერ შეძლო რეცესიის შეჩერება.

მიუხედავად ამისა, სოციალ-დემოკრატები, მათი ლიდერი უკან დახევას არ აპირებენ და საკმაოდ ამბიციური პროგრამით ცდილობენ კუთვნილი ადგილის შენარჩუნებას. SPD-ს მთავარი წინასაარჩევნო დაპირება გადასახადებს უკავშირდება, მათი პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია დაბალი და საშუალო ფენის მოქალაქეებისთვის უპრეცენდენტო საგადასახადო შეღავათების დაწესება. სანაცვლოდ, სოციალ-დემოკრატები მხარს უჭერენ გადასახადების გაზრდასა და ახალი საურავების დაკისრებას ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფენისთვის.

სოციალ-დემოკრატთა გეგმა ითვალისწინებს მინიმალური ხელფასის 15 ევრომდე ზრდას, თავდაცვის ბიუჯეტის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ისთვის გატოლებას, პირველადი მოხმარების საგნების ფასების რეგულირებას. შოლცი ერთგულია კლასიკური სოციალ-დემოკრატიული ღირებულებებისა, ამიტომ მხარს უჭერს საინვესტიციო ფონდის შექმნას, რომელიც სახელმწიფოს თანამონაწილეობით წაახალისებს გერმანული ადგილობრივი მრეწველობისა და მწვანე ტექნოლოგიების განვითარებას.

SPD ამაყოფს, რომ მიგრაციის რეგულირების თვალსაზრისით შოლცის მთავრობაზე მეტი წესები და შეზღუდვები გერმანიის არცერთ ყოფილ მინისტრთა კაბინეტს არ დაუწესებია. მათი აზრით, მიგრაციის საკითხი საერთო ევროპულ დონეზე უნდა გადაწყდეს, აუცილებელია საერთო ევროპული საზღვრის დაცვა და არა გერმანიის ჩაკეტვა მეზობლებისაგან.

პროევროპული მემარცხენე პარტიის რეიტინგი კატასტროფულია და მხოლოდ 15-17%-ს უტოლდება.

მერცი

სამაგიეროდ, ზურგის ქარს არ უჩივის ფრიდრიხ მერცი. მის ბიოგრაფიას დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს ვლოგში. თუმცა, აქვე მოგახსენებთ ქრისტიან-დემოკრატთა ლიდერის რამდენიმე მახასიათებლის შესახებ. ის უმსხვილეს ბიზნესს წარმოადგენს, თავადაც მულტიმილიონერია, ნამუშევარი აქვს გერმანიის ყველა წამყვან საწარმოსა თუ საფინანსო დაწესებულებაში. მერცი სწორუპოვარი მებრძოლია, სამჯერ დამარცხდა ქრისტიან-დემოკრატთა ლიდერობისთვის წამოწყებულ შეჯიბრში, მაგრამ მეოთხეჯერ მაინც სცადა ბედი და გაიმარჯვა კიდეც, დაახლოებით თხუთმეტი წელი გამოთიშული გახლდათ აქტიური პოლიტიკიდან, მაგრამ მაინც შეძლო უკან შემობრუნება.

დამკვირვებლები 70 წლის მერცს „ანტიმერკელსაც“ უწოდებენ. ის მიიჩნევს, რომ ყოფილმა კანცლერმა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი ზედმეტად დაუახლოვა ცენტრსა და სოციალ-დემოკრატიულ, მწვანე დღის წესრიგს. ქრისტიან-დემოკრატთა ახალი ლიდერის ხედვა ორ ძირითად მიდგომას ეფუძნება.

ეკონომიკური თვალსაზრისით მერცი ლიბერალია, მისი ფორმაციის CDU ემხრობა გადასახადების შემცირებას, ბიუროკრატიის დაშლას, „ვალების მუხრუჭის“ შენარჩუნებას, წახალისების მერიტოკრატიული მექანიზმების ჩამოყალიბებას, კლიმატთან დაკავშირებული რეგულაციების მნიშვნელოვანი ნაწილის გაუქმებას, ატომური ელექტროსადგურების ხელახლა ამუშავებაზე ფიქრის დაწყებას და ა.შ.

მეორე მხრივ ფრიდრიხ მერცის გუნდი სოციალურ და კულტურულ საკითხებში მკვეთრად კონსერვატიულ პრინციპებს ეყრდნობა. მათ პროგრამაში საზღვრების უმკაცრესი კონტროლიდან დაწყებული, მიგრანტთა მესამე უსაფრთხო ქვეყნებში გასახლებით გაგრძელებული, კანაფის ლეგალიზაციის გაუქმებით დასრულებული – ყველაფერს აღმოაჩენთ. მეტიც, მულტიმილიონერს იმდენად სურს თავისი კონსერვატიული პროფილის გამოკვეთა, რომ ულტრამემარჯვენეებთან ცეცხლგამძლე კედლის მოშლასაც არ ერიდება (იხ. მცირე წერილი).

თუმცა, აღსანიშნავია, რომ CDU არ ღალატობს თავის უძველეს ტრადიციას, ქრისტიან-დემოკრატები ერთიანი ევროპისა და ტრანსატლანტიკური კავშირების გულმხურვალე გულშემატკივრებად რჩებიან და არ აპირებენ უკრაინის ბედის ანაბარა მიტოვებას, მეტიც შოლცისგან განსხვავებით მერცი ღიად ემხრობა ოფიციალური კიევისთვის „ტაურუსის“ რაკეტების გადაცემას (გამოარჩევს მრავალდანიშნულებიანი, მაღალი სირთულის სამიზნეზე მორგებული, შემღწევი Smart ქობინა).

შეიძლება ითქვას, რომ CDU-ის კონსერვატიული შემობრუნება დაფასდა. 2021 წელს პარტიამ ისტორიული ანტირეკორდი დაამყარა და არჩევნებზე ხმების 25%-ზე ნაკლები მოიპოვა. ამჯერად, ქრისტიან-დემოკრატები წინასაარჩევნო გამოკითხვებში ლიდერობენ და 30%-იანი ნიშნულის გადალახვის შანსი აქვთ.

ვაიდელი

აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, რომლის შუაგულშიც აქამდე არნახული პოლიტიკური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური ძალაუფლებაა თავმოყრილი, მონდომებით ესწრაფვის ერთიანი ევროპის იდეის დისკრედიტაციას და ევროსკეპტიკური ძალების უკიდურეს გაძლიერებას. შეიძლება ითქვას, რომ ტრამპისტი რესპუბლიკელები პირდაპირ არიან ჩართულნი გერმანიის წინასაარჩევნო კამპანიაში. ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გასაძლიერებლად ორჯერ შეიწუხა თავი ილონ მასკმა. თავდაპირველად, მან პლატფორმა X-ის გამოყენებით მონაწილეობა მიიღო ხანგრძლივ ვიდეო-კონფერენციაში. კონფერენციის მიმდინარეობისას მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი და AfD-ს ლიდერი გერმანიის, ევროპისა და მსოფლიოს მომავალზე მსჯელობდნენ. მოგვიანებით, ტრამპის მთავრობის მთავარი რეფორმატორი პირდაპირ ეთერში ჩაერთო რადიკალთა ყრილობას. შეიძლება ითქვას, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ულტრამემარჯვენეთა მხარდასაჭერი მიტინგი მოაწყო ვიცე-პრეზიდენტმა ვანსმაც (იხ. მცირე წერილი).

ტრამპისტთა რჩეული პარტიის ლიდერი 45 წლის ალის ვაიდელია, ძალიან უცნაური და კონტროვერსიული ფიგურა. მისი პარტია ოჯახის იდეალად მამაკაცის, ქალისა და ბავშვების ერთობას მიიჩნევს, ალის ვაიდელი კი ქალზეა დაქორწინებული და ორ შვილს ზრდის. AfD-ს წევრები ხშირად აღვივებენ ზიზღს უცხოელების მიმართ, გამოირჩევიან რასისტული გამონათქვამებით, ალის ვაიდელის მეუღლე კი შვეიცარიელი მღვდლის ოჯახის მიერ ნაშვილები შრი-ლანკელი ქალია. ულტრამემარჯვენეები გერმანიის ბუნების, ქალაქების განსაკუთრებულობას ქადაგებენ, ალის ვაიდელი კი უკანასკნელ პერიოდამდე ოფიციალურად მეზობელ ქვეყანაში ცხოვრობდა.

რა პოლიტიკურ პლატფორმაზე დგას პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“?

ულტრამემარჯვენეებს სურთ ევროს ზონის გაუქმება და ეროვნული ვალუტის – გერმანული მარკის აღდგენა, ემხრობიან ევროკავშირის დაშლას, კრიტიკულად არიან განწყობილნი ნატოს მიმართ, ცდილობენ თანაუგრძნონ რუსეთს და გაგებით შეხვდნენ მის იმპერიალისტურ განზრახვებს. ისლამოფობია, არალეგალებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შუღლის ჩამოგდების მცდელობები AfD-ს სხვა პარტიებისგან გამოარჩევს. პარტია არ ერიდება მიგრანტთა ნაწილის დეპორტაციაზე მსჯელობას, მხარს უჭერს ქარისა და მზის ენერგიის გამოყენების უკიდურესად შეზღუდვას. რადიკალებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ გერმანიის წარსულის მიმართ, არ იზიარებენ ნაციზმთან დაკავშირებულ მეხსიერების პოლიტიკას, რომელიც საყოველთაოდაა დამკვიდრებული გერმანულ საზოგადოებაში. ისინი შედარებით მსუბუქად უყურებენ მესამე რაიხისა და შოას გამოცდილებას. რაც მთავარია, პარტიის წევრები შემჩნეულნი არიან ექსტრემისტული იდეების გავრცელებასა და ძალადობრივ ჯგუფებად ფორმირებაში, ამიტომ AfD-ს ზოგიერთი სტრუქტურა არის კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ.

პარალელურად, გაერთიანების არაერთი წევრის მსგავსად, ეკონომიკის დოქტორი ალის ვაიდელი წლობით ირიცხებოდა ფრიდრიხ ფონ ჰაიეკის საზოგადოებაში, გახლდათ ჰაიეკის სახელობის სტიპენდიანტი, იზიარებს ავსტრიელი ავტორის ლიბერტაიანულ ხედვებს ეკონომიკაში, რაც AfD-ს პროგრამაზეც აისახება.

„ალტერნატივა გერმანიისათვის“ პოზიციები საკმაოდ მყარია. მიგრაციის თემის პოპულარობამ და მწვანე, სოციალ-დემოკრატიულ დღის წესრიგთან მკაფიო ოპონირებამ პარტია წინასაარჩევნო კვლევებში საგრძნობლად დააწინაურა. ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, AfD-ს 25%-მდე მხარდაჭერის მობილიზების შესაძლებლობა აქვს.

ჰაბეკი

„მსოფლიოს მოწინავე ეკონომიკა საბავშვო წიგნის ავტორს აბარია!“ – გაიძახიან გერმანელი მემარჯვენეები და ამგვარად თავს ესხმიან მწვანეთა პარტიის ლიდერს, ეკონომიკისა და კლიმატის ფედერალურ მინისტრ რობერტ ჰაბეკს. ისინი არ იტყუებიან, რობერტ ჰაბეკი გერმანისტი და ლიტერატურათმცოდნეობის დოქტორია, წიგნებს წერს ხოლმე, მაგრამ მას ზურგს ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერაც უმაგრებს. გერმანისტი მწვანეთა პარტიის ყველა რგოლშია ნამუშევარი. იყო ადგილობრივი, რეგიონალური და ცენტრალური ორგანიზაციების ლიდერი, 2012-2018 წლებში გახლდათ შლეზვიგ-ჰოლშტაინის ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი. მაშასადამე, მთლად მხოლოდ საბავშვო ავტორიც არ გამოდის.

საარჩევნო კამპანია ჰაბეკმა მძიმედ დაიწყო. მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა მწვანეების რჩეული სასარგებლოდ არ მეტყველებს. ჩრდილოგერმანელის ბიოგრაფიას შავ ლაქად გამოჰყვა დებატები ე.წ. Heizungsgesetz-ის შესახებ. 2021-22 წლებში, გაგანია კრიზისის ჟამს ჰაბეკმა და მწვანეებმა მოინდომეს ქვეყნის გათბობის სისტემების კლიმატის მიმართ მეგობრულ ტექნოლოგიებზე ეტაპობრივი გადაწყობა. უკრაინის ომის, რუსეთიდან გაზის მიწოდების შეზღუდვის, რეცესიის პირობებში ეს გადაწყვეტილება საყოველთაო კრიტიკის ობიექტად იქცა.

ჰაბეკმა შეცდომები აღიარა და კვლავ დაბრუნდა ბრძოლაში. აღსანიშნავია, რომ ტრადიციული მწვანე საკითხების (მულტიკულტურალიზმი, ფემინიზმი, კლიმატი, გარემოს დაცვა, სოციალური სახელმწიფო და ა.შ.) გარდა, მწვანეებმა სპეციალური 10 პუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს, რომელიც პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების გაძლიერებას ითვალისწინებს.

ჰაბეკის ფორმაციის მწვანეებს 14-15%-ისთვის უწევთ შრომა.

  • პატარა პარტიები

ალბათ, ზოგიერთ თქვენგანს მაინც მიუდევნებია თვალი საფეხბურთო ბუნდესლიგისათვის. ამ ტურნირს ხშირად ერთი გარემოება გამოარჩევს ხოლმე (ბოლო დროინდელ ტენდენციებს თუ არ გავითვალისწინებთ) –  გამარჯვებული თავიდანვე ცნობილია, უფრო საინტერესო ორთაბრძოლები აუტსაიდერებს შორის იმართება. 2025 წლის არჩევნები აღნიშნული მახასიათებლით პირდაპირ უკავშირდება ბუნდესლიგის დინამიკას.

23 თებერვალს 5%-იანი ბარიერის გადალახვისთვის სამი პარტია იბრძოლებს.

FDP ყოველთვის შლის კოალიციებს, კოალიციებში ყოფნის დროს ვერ ახერხებს საკუთარი იდენტობისა და მთავარი ხაზის შენარჩუნებას, ბოლოსდაბოლოს, მსხვილი ბიზნესის ინტერესებს კრისტიან ლინდნერზე უკეთესად ქრისტიან-დემოკრატები და ულტრამემარჯვენეები იცავენ, პარტიას განახლება უჭირს, წევრებთან უშუალო კავშირს ვერ ამყარებს. ერთი სიტყვით, ლიბერალები შავ დღეში არიან, 4%-სა და 5%-ს შორის მერყეობენ. სავარაუდოა, რომ ისინი მომავალ პარლამენტში ვერც ერთ ადგილს ვერ დაიკავებენ. სხვათაშორის, 2013 წლის სცენარი მეორდება, მერკელთან ოთხწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, მინისტრთა კაბინეტში მუშაობის შემდეგ თავისუფალმა დემოკრატებმა მაშინაც ვერ მოახერხეს ბარიერის დაძლევა.

პირველად ფედერაციული რესპუბლიკის ისტორიაში ერთმა ადამიანმა თავისი სახელობის პარტიის ჩამოყალიბება შეძლო და თვალშისაცემ წარმატებასაც მიაღწია. 2024 წელს ასპარეზზე გამოვიდა ახალი პარტია „სარა ვაგენკნეხტის გაერთიანება გონიერებისა და სამართლიანობისათვის“ (BSW). გაერთიანების მესაძირკვლეები Die Linke-ს ყოფილი წევრები გახდნენ, თავად ქ-ნი ვაგენკნეხტის ფესვებიც მემარცხენე პარტიაშია. გასულ წელს აღმოსავლეთ გერმანიის მიწებზე ჩატარებულ კენჭისყრებში BSW-მ ყველა ადგილობრივ პარლამენტში მოხვედრა შეძლო, ვაგენკნეხტის თანაგუნდელები ბრანდერბურგისა და ტურინგიის მთავრობის შემადგენლობაშიც შევიდნენ. სოლიდური შედეგი აჩვენა პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებზე, სადაც BSW-ს ამომრჩეველთა რაოდენობა დაახლოებით 7% იყო.

ქარიზმული ლიდერის ირგვლივ დარაზმულ პარტიას ბუნდოვანი პოლიტიკური პროფილი აქვს, ეკონომიკური ხედვებით ის ლუდვიგ ერჰარდის ქრისტიან-დემოკრატიულ ხედვებს ენათესავება, მიგრაციის პოლიტიკის თვალსაზრისით BSW-ს ბევრი რამ აერთიანებს ულტრამამარჯვენეებთან, პარტიის სოციალური პოლიტიკის კი ულტრამემარცხენე ჯგუფებსაც კი შეშურდებოდათ. თუმცა, ვაგენკნეხტის მთავარი ლოზუნგი სამშვიდობო პოლიტიკას უკავშირდება, დამკვირვებლები BSW-ს რუსეთის სასარგებლო ქმედებებშიც ადანაშაულებენ (იხ. ინტერვიუ). აღნიშნული პარტიაც 4 და 5 პროცენტს შორის არის გაჩხერილი.

ვაგენკნეხტის მიერ პარტიის გახლეჩის შემდეგ, Die Linke ბევრმა გამოაცხადა მკვდრად. მემარცხენეების მაჯისცემა 3%-იან მაჩვენებლამდე შემცირდა. თითქოს გდრ-ის სამართალმემკვიდრეებისა და SPD-ს განაყოფის შერწყმის შედეგად შექმნილ პარტიას საქმიანობა უნდა დაესრულებინა, მაგრამ შემობრუნება შედგა. Die Linke კვლავ რადარებზეა, რაც ორ გფაქტორს უკავშირდება.

პარტიის უხუცესმა და გამოჩენილმა, ყველა გერმანელისთვის ნაცნობმა წევრებმა „ჭაღარათმიანთა კამპანია“ დაიწყეს. გერმანიის საარჩევნო კანონმდებლობა ერთ განსაკუთრებულ წესს ითვალისწინებს: თუ პარტია ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს, მაგრამ მოახერხებს სამ მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებას, მას ბუნდესტაგში იმდენი მანდატი ერგება რამდენი პროცენტის მოპოვებაც შეძლო საერთო ეროვნულ დონეზე. გაჭირვებაში მყოფი პარტიის „დინოზავრებმა“ კამპანია ამ წესის გამოყენებით პარლამენტში მოსახვედრად წამოიწყეს. ტურინგიის ექს-პრემიერმა ბოდო რამელოვმა ერფურტის ერთ-ერთი ოლქის დალაშქვრის პირობა დადო, Die Linke-ს პატრიარქმა – ოთხმოც წელს მიტანებულმა გრეგო გიზიმ ბერლინის წითელი ოლქის წითლად დატოვება გადაწყვიტა, ხოლო მრავალი წლის განმავლობაში პარტიის საპარლამენტო წარმომადგენლობის ლიდერმა – დიტმარ ბარჩმა როსტოკში გამარჯვება დაისახა მიზნად.

ძველი, მოხუცი ლიდერების თავდადებამ პარტიის მხარდამჭერთა მობილიზებას შეუწყო ხელი, მაგრამ მხოლოდ მათი თავგამოდება საქმეს ვერ უშველიდა. Die Linke-ს სული შთაბერა ქრისტიან-დემოკრატთა ლიდერისა და ულტრამემარჯვენეების ფაქტობრივმა თანამშრომლობამ, თანამშრომლობის პირველივე ნიშნების გამოკვეთისთანავე მემარცხენეთა ახალგაზრდა და ქარიზმატული ლიდერი – ჰაიდი რაინიხეკი ანტიფაშიტური პოზიციიდან უმწვავესად თავს დაესხა ფრიდრიხ მერცს. მის საპარლამენტო გამოსვლას მილიონობით ადამიანმა მიადევნა თვალი სოციალურ ქსელებში, რაინიხეკი ბევრი სტუდენტისთვის საკულტო ფიგურად იქცა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია პარტიის ახალი თავმჯდომარის – იან ვან აკენის პოზიციებიც. ვან აკენმა Die Linke-ს სოციალური ოპოზიციის ნიშა დაუბრუნა. ბიოლოგიის დოქტორი თავის ყველა გამოსვლას იწყებს სიტყვებით: „ჩემი სახელია იან ვან აკენი და მე ვფიქრობ, რომ მილიარდერები არ უნდა არსებობდნენ“. ცხადია, ამ ფრაზას მოსდევს ხანგრძლივი მსჯელობა მაღალი გადასახადებისა და ბინის ქირის ზედა ზღვრის დაწესების თაობაზე.

ჭაღარათმიანთა კამპანიის, ანტიფაშისტი ქალისა და სოციალისტი ბიოლოგის წყალობით Die Linke-მ „ქამბექი“ დადო, დღეს ისინი 5-დან 7%-მდე შედეგს ელოდებიან ელოდებიან.

  • ვინ იქნება მომავალ კოალიციაში?

მომავალ კოალიციაზე საუბრის დროს ჯერ აქცენტი პატარა პარტიებზე უნდა დავსვათ. თუ სამი აუტსაიდერი პარტიიდან (Die Linke, BSW, FDP) მხოლოდ ერთი გადალახავს 5%-იან ბარიერს მაშინ მთავრობის ჩამოყალიბება ორი სუბიექტისგანაც შესაძლებელი იქნება. თუ აუტსაიდერთაგან ორი აღმოჩნდება პარლამენტში, მაშინ საქმე რთულდება და შეიძლება ორი დიდი პარტიის კოალიცია აღარ იყოს საკმარისი უმრავლესობის შესადგენად.

ყველაზე დიდი შანსი „დიდ კოალიციას“ (ქრისტიან-დემოკრატებისა და სოციალ-დემოკრატების ალიანსს) აქვს. გერმანიის ისტორიაში ორ უმთავრეს პარტიას არაერთხელ უმართავთ ქვეყანა მხარდამხარ. თუმცა, სოციალ-დემოკრატები მერცისა და AfD-ს თანამშრომლობის შემდეგ უკიდურესად კრიტიკულად არიან განწყობილნი ქრისტიან-დემოკრატის მიმართ. SPD-ს შეიძლება ძალიან გაუჭირდეს თავისი პარტიის წევრების დარწმუნება „დიდ კოალიციაში“ მონაწილეობაზე.

მეორე ვარიანტი ქრისტიან-დემოკრატებისა და მწვანეების თანამშრომლობაა. გერმანიის არაერთ ფედერალურ მიწას, მათ შორის უზარმაზარ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიას დღეს უპრობლემოდ მართავენ კონსერვატორები და ეკოლოგისტები. აღნიშნული მოდელის ფედერალურ დონეზე გადმოტანა თავისუფლად არის შესაძლებელი. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი დეტალი. ბაიერნის ქრისტიან-სოციალურ კავშირს წლებია განსაკუთრებული მტრობა აკავშირებს მწვანეთა პარტიასთან. ბავარიელი მორწმუნე ბიურგერების, ფერმერების, ბიზნესმენების პარტია ვერ იტანს მწვანეთა მულტიკულტურალისტურ და მიგრაციისადმი მეგობრულად განწყობილ პოლიტიკას, კლიმატთან დაკავშირებულ რეგულაციებს სოფლის მეურნეობაში და ა.შ. ბავარიის პრემიერ-მინისტრი ზოდერი, რომელიც გავლენიანი ფიგურაა კონსერვატიულ ბანაკში, ითხოვს კოალიციის გამორიცხვას მწვანეებთან.

განიხილება ქრისტიან-დემოკრატების, სოციალისტებისა და მწვანეების ერთობის ფორმირების საკითხიც, უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება უმცირესობის მთავრობაც შეიქმნას (ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ რეგიონებში უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა), მაგრამ არავინ არ აპირებს AfD-ს მინისტრთა კაბინეტში შეყვანას, ამ პოსტულატზე ყველა დიდი პარტია თანხმდება.

დიდი ალბათობით მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი იქნება, მას შოლცზე მყარი მთავრობა გაუმაგრებს ზურგს, სტაბილურმა გერმანულმა შიდაპოლიტიკამ კი მერცი შეიძლება გავლენიან, სარგებლის მომტან ევროპელ ლიდერად აქციოს, რომელიც რუსეთის იმედად არ მიატოვებს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს.

ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი

წყარო:regional-dialogue.com

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის