გერმანიაში კორონავირუსის საკითხებში ერთ-ერთმა წამყვანმა ექსპერტმა და შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის ვირუსოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ქრისტიან დროსტენმა The Guardian-თან ინტერვიუში კორონავირუსის წარმოშობის შესახებ, საკარანტინო ზომების გაუქმების რისკებზე, კოლექტიურ იმუნიტეტზე, მომავალ პანდემიებზე, ვირუსის გადამტან შუალედურ ცხოველებსა და სხვა საკითხებზე ისაუბრა.
გთავაზობთ ამ ინტერვიუს სრულ თარგმანს:
გარდიანი: ორშაბათიდან გერმანია კარანტინის ზომების თანდათანობით შემსუბუქებას იწყებს. რა ხდება შემდეგ?
ამჟამად გერმანიაში ნახევრად ცარიელი რეანიმაციული განყოფილებები გვაქვს. ასე იმიტომაა, რომ დიაგნოსტიკა ადრეული და ფართომასშტაბიანი გვქონდა, რის შედეგადაც შევაჩერეთ ეპიდემია, ანუ ვირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელი 1-ზე (ანუ რამდენ ადამიანს გადასდებს ერთი ინფიცირებული ვირუსს) ნაკლებამდე ჩავიყვანეთ. ახლა ადგილი აქვს იმას, რასაც მე „პრევენციის პარადოქსს“ ვუწოდებ. ხალხს მიაჩნია, რომ ჩვენი რეაგირება გადამატებული იყო. ადგილი აქვს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. ფედერალურ ხელისუფლებას აქვს ზომების შემსუბუქების თანმიმდევრული გეგმა, მაგრამ რადგანაც ცალკეული ფედერალური მიწები საკუთარ წესებს იმუშავებენ, ვშიშობ, ამ გეგმის ინტერპრეტაციისას ბევრ კრეატიულობას ვნახავთ. ვდარდობ, რომ [ვირუსის] რეპროდუქციის მაჩვენებელი კვლავ ზემოთ ავა და მეორე ტალღა გვექნება.
საკარანტინე ზომების უფრო დიდხანს შენარჩუნების შემთხვევაში, შეიძლება დაავადების სრული „განადგურება?“
გერმანიაში ერთმა ჯგუფმა შექმნა მოდელირება, რომლის თანახმადაც, კარანტინის რამდენიმე კვირით გაგრძელებით, რეალურად, შეგვეძლება ვირუსის ცირკულაცია ძალიან დაბალ დონემდე დავიყვანოთ და რეპროდუქციის მაჩვენებელი 0,2-ზე ნაკლები გავხადოთ. მე ვიხრები მათი მხარდაჭერისკენ, მაგრამ ბოლომდე ჩამოყალიბებული მაინც არ ვარ. რეპროდუქციის მაჩვენებელი მხოლოდ საშუალო მაჩვენებელია. ის არ ითვალისწინებს მაღალი გავრცელების დონის მქონე წერტილებს, მაგალითად, მოხუცებულთა სახლს. იქ დაავადების განადგურებისთვის უფრო ბევრი დრო იქნება საჭირო და კარანტინის რეჟიმის გახანგრძლივების შემთხვევაშიც კი, შეიძლება მეორე ტალღა სწრაფად აღმოცენდეს.
ვირუსის ხელახლა აღმოცენების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი შეკავება?
კი, თუმცა ეს ვერ მოხდება მხოლოდ ადამიანების კონტაქტების ძიებით (ტრეკინგით). ახლა გვაქვს ცნობები, რომ ინფიცირების შემთხვევების ნახევარი ხდება მაშინ, როცა დაავადებულს სიმპტომებიც კი არ აქვს — დაავადებულები სიმპტომების გამოჩენამდე ორი დღით ადრე არიან გადამდები. ეს ნიშნავს, რომ ადამიანების კონტაქტების ტრეკინგი დაავადებულთა გამოსავლენად დროის წინააღმდეგ ბრძოლაა. საჭირო იქნება ყველა პოტენციურად დაავადებულის ტრეკინგი, თან რაც შეიძლება მალე, ამისთვის კი კონტაქტების ელექტრონული ტრეკინგია საჭირო.
რამდენად ახლოს ვართ კოლექტიურ იმუნიტეტთან?
კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად საჭიროა, რომ მოსახლეობის 60-70 პროცენტს ვირუსის [წინააღმდეგ მებრძოლი] ანტისხეულები ჰქონდეს. ევროპასა და აშშ-ში ვირუსების ანტისხეულებზე ჩატარებული ტესტები გვაჩვენებს, რომ პროცენტული მაჩვენებელი დაბალია — ერთციფრიანი, მაგრამ ეს ტესტები სანდო არაა — ყველა მათგანს აქვს პრობლემა არასწორ პოზიტიურ შედეგთან. თანაც, კოლექტიური იმუნიტეტის პრობლემა ისაა, რომ ის არ წარმოადგენს მთელ სურათს. კონცეფცია ითვალისწინებს მთლიან მოსახლეობას, მაგრამ არსებობს მიზეზები (ნაწილობრივ განპირორებული ადამიანების მიერ ფორმირებული სოციალური ჯგუფებით), რატომაც მთლიანი მოსახლეობა შეიძლება ვერ იყოს ინფიცირებისთვის ხელმისაწვდომი კონკრეტულ დროში. ცვლილება სოციალურ ჯგუფში და უკვე ახალ ადამიანებს ექნებათ დაინფიცრების რისკი. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ინფექციის რამდენიმე ტალღით გავრცელება. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს კოლექტიურ იმუნიტეტზე, არის ის, თუ რამდენად შეუძლიათ სხვა კორონავირუსებს — მათ, რომლებიც, მაგალითად, იწვევენ გაციებას- ამ კორონავირუსისგან დაცვა გამოგვიმუშაონ. არ ვიცით, მაგრამ ესეცაა შესაძლებელი.
საჭიროა, რომ ყველა ქვეყანამ ყველას ჩაუტაროს ტესტი?
არა მგონია. გერმანიაშიც კი, ჩვენი ტესტირების დიდი შესაძლებლობით, რომლის უდიდესი ნაწილიც სიმპტომების მქონე ადამიანებისკენაა მიმართული, [ტესტირებით გამოვლენილი] პოზიტიური შედეგის მაჩვენებელი 8 პროცენტზე მაღალი არ გვქონია. ამიტომ მიმაჩნია, რომ უმჯობესია მიზნობრივი ტესტირება იმ ადამიანების, ვინც მართლაც მოწყვლადია — საავადმყოფოების თანამშრომლები და მოხუცებულთა სახლები. ეს პრაქტიკა ბოლომდე გერმანიაშიც არაა დანერგილი, თუმცა ჩვენ ამისკენ მივდივართ. კიდევ ერთი მიზანი უნდა იყოს პაციენტები, რომლებიც სიმპტომების პირველ კვირაში არიან და განსაკუთრებით, მოხუცი პაციენტები, რომლებსაც სჩვევიათ დაგვიანებით მოსვლა — უკვე მაშინ, როცა მათი ტუჩები ლურჯია და ინტუბაცია სჭირდებათ. გვჭირდება, აგრეთვე, ეპიდსიტუაციის სათვალთვალო სისტემა, რათა რეგულარულად ჩავატაროთ მოსახლეობის ნიმუშების ტესტირება და თვალი ვადევნოთ რეპროდუქციული მაჩვენებლის განვითარებას.
რა არის ცნობილი ვირუსის სეზონურობაზე?
ბევრი არაფერი. ჰარვარდის მოდელირების ჯგუფი, რომელსაც მარკ ლიფსიჩი ხელმძღვანელობს, ვარაუდობს, რომ ზაფხულში შესაძლოა გადაცემა შენელდეს, მაგრამ ამას მცირე ეფექტი ექნება. უკეთესი მონაცემები არ მაქვს.
შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ პანდემია ჩინეთში დაიწყო?
ასე ვფიქრობ. თუმცა არ მიმაჩნია, რომ პანდემია ვუჰანის ველური ცხოველების ხორცის ბაზარში დაიწყო. უფრო დიდი ალბათობით, პანდემია დაიწყო იქ, სადაც ვირუსის შუალედური მატარებელი გამრავლდა.
რა ვიცით შუალედურ მატარებელზე — არის ეს პანგოლინი?
ვერ ვხედავ მიზეზს ვიფიქროთ, რომ ვირუსმა ადამიანებისკენ გადასვლის გზაზე პანგოლინებიც გაიარა. არსებობს ერთი საინტერესო ინფორმაცია SARS-ის ძველი ლიტერატურიდან. ვმაშინ ირუსი ვივერების გარდა ენოტებშიც აღმოაჩინეს, რასაც მედიამ ყურადღება დიდად არ მიაქცია. ენოტები ჩინეთში დიდი ინდუსტრიაა, მათ ამრავლებენ ფერმებში და იჭერენ ველურ ბუნებაში – ბეწვისთვის. ვინმეს ჩემთვის რომ რამდენიმე ასიათასი დოლარი და ჩინეთში თავისუფლად გადაადგილების საშუალება მოეცა, ვირუსის შუალედური გადამტანის საპოვნელად ენოტების გამრავლების ადგილებში წავიდოდი.
იქნება თუ არა გამოსადეგი ნულოვანი პაციენტის პოვნა?
არა. ნულოვან პაციენტს დიდი ალბათობით ჰქონდა ვირუსი, რომელიც ძალიან ჰგავს პირველ სეკვენსირებულ ვირუსებს, ამიტომ ეს არ დაგვეხმარება ამჟამინდელი პრობლემების მოგვარებაში. იმასაც ვერ ვიტყვი, ჩემი აზრით, რომ მისი პოვნა მომავალი პანდემიების პრევენციაში მოგვეხმარება. მომავალში კაცობრიობა იქნება იმუნური SARS-თან დაკავშირებული კორონავირუსის მიმართ, მაგრამ საფრთხეს შეიძლება სხვა ტიპის კორონავირუსი წარმოადგენდეს — პირდაპირი კანდიდატია MERS, მაგრამ მისი საფრთხის გასაგებად, უნდა შევისწავლოთ, როგორ ევოლუციას განიცდის ახლო აღმოსავლეთის აქლემებში.
არის თუ არა ადამიანთა აქტივობა პასუხისმგებელი კორონავირუსის ცხოველებიდან ადამიანებზე გადაცემისთვის?
კორონავირუსებს სჩვევიათ მატარებლების ცვლილება, როცა ამის შესაძლებლობა არსებობს. ჩვენ ასეთ შესაძლებლობას ვქმნით — ცხოველების, კორონავირუსის რეზერვუარების არაბუნებრივი გამოყენებით. ეს ცხოველები დიდხანს არიან ველურ ბუნებაში, ცხოვრობენ დიდ ჯგუფებში და ადამიანებს აქვთ მათთან კონტაქტი — მაგალითად, ხორცის ჭამით, ამიტომ ისინი შეიძლება წარმოადგენდნენ კორონავირუსის აღმოცენების ტრაექტორიას. მაგალითად, აქლემები არიან MERS-ის ვირუსისა და კორონავირუს 229e-ს (გაციების გამომწვევი) რეზერვუარი. რქიანი საქონელი, თავის მხრივ, კორონავირუს OC43-ის პირველადი მატარებელია.
გრიპს ყოველთვის მიიჩნევდნენ პანდემიის წარმოქმნის ყველაზე დიდ რისკად. ახლაც თუ გვაქვს ამგვარი ფიქრის საბაბი?
ნამდვილად, მაგრამ ვერ გამოვრიცხავთ კორონავირუსის კიდევ ერთ პანდემიას. 1976 წელს, ებოლას პირველი აფეთქების შემდეგ, ადამიანებს ეგონათ, რომ ის არასდროს დაბრუნდებოდა, მაგრამ მას ამისთვის 20 წელიწადზე ნაკლები დასჭირდა.
არის თუ არა ამ კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა სახის სამეცნიერო მუშაობა კარგი?
არა! ადრე, თებერვალში, იყო არაერთი საინტერესო პრეპრინტი (ნამუშევარი, რომელსაც ჯერ არ გაუვლია სხვა მეცნიერების შეფასება). ახლა ასეთ 50 ნამუშევარს შეიძლება გაეცნოთ, ვიდრე რამე მართლა საინტერესოს აღმოაჩენთ. კვლევის ბევრი რესურსი, უბრალოდ, ტყუილად იხარჯება.
ანგელა მერკელს აქებენ ამ კრიზისის დროს გამოვლენილი ლიდერობისთვის. რა აყალიბებს მას კარგ ლიდერად?
ის ძალიან კარგადაა ინფორმირებული. ისიც ეხმარება, რომ თავადაც მეცნიერია და ციფრების ესმის. მაგრამ მიმაჩნია, რომ ძირითადად ყველაფერს მაინც მისი ხასიათი განაპირობებს— დაფიქრებულობა და შესაძლებლობა, სხვები დაარწმუნოს. შესაძლოა, კარგი ლიდერების გამორჩეუი თვისება ისაა, რომ ისინი არ იყენებენ ამჟამინდელ სიტუაციას პოლიტიკური მიზნებისთვის. იციან, ეს რამდენად კონტრპროდუქტიული იქნება.
თქვენი გადმოსახედიდან, როგორ ართმევს თავს გაერთიანებული სამეფო?
ნათელია, რომ გაერთიანებულ სამეფოში ტესტირება დაგვიანებით დაიწყო. ინგლისის ჯანდაცვის სიტემას შეეძლო დაავადების აღმოჩენა ძალიან ადრეულ ეტაპებზეც — მათთან ერთად ჩვენ ტესტებზეც ვმუშაობდით, მაგრამ ტესტირების გავრცელებას გერმანიაში ხელი შეუწყო ნაწილობრივ საბაზრო ძალებმა, რაც გაერთიანებულ სამეფოში არ მომხდარა. თუმცა, ახლა ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ გაერთიანებული სამეფო ამ საკითხში სულ უფრო ძლიერდება და ტესტირების თვალსაზრისით გერმანიაზე უკეთეთ უწევს კოორდინირებას ამ ყველაფერს.
რა გაიძულებთ, ღამე არ გეძინოთ?
გერმანიაში ხალხი ხედავს, რომ საავადმყოფოები არაა გადავსებული და არ ესმით, რატომ უნდა იყოს დაკეტილი მაღაზიები. ისინი მარტო იმას უყურებენ, რა ხდება აქ და არა იმას, როგორია სიტუაცია, მაგალითად, ნიუ-იორკში ან ესპანეთში. ესაა პრევენციის პარადოქსი და ბევრი გერმანელისთვის მე ვარ ბოროტი კაცი, რომელიც ეკონომიკას ანადგურებს. ვიღებ სიცოცხლის მოსპობის მუქარებს, რომლებსაც პოლიციას გადავცემ. უფრო მეტად მაღელვებს სხვა წერილები ხალხისგან, ვინც მწერს, რომ სამი შვილი ჰყავს და მომავალის შესახებ დარდობს. ეს ჩემი ბრალი არაა, მაგრამ ზუსტად ეს არ მაძინებს ღამით.
წყარო: netgazeto.ge