“კრიმინალლური სუბკულტურის გავლენა პენიტენციური დაწესებულების მართვაზე” – ამ კვლევის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა საპატიმრო დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის ანალიზი ჩატარდა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოს საპატიმრო დაწესებულებების უმეტესობაში სიტუაციას ძირითადად ე.წ კრიმინალური ავტორიტეტები განაგებენ.
დოკუმენტის ავტორებმა გამოიკვლიეს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ პრაქტიკაში აქამდე არსებული კვლევების ანალიზები. ამასთან ავტორებმა თვისობრივი მეთოდოლოგიის ფარგლებში გამოიკითხეს 51 რესპოდენტი, მათ შორის 17 ყოფილი პატიმარი, პენიტენციური სისტემის 18 ყოფილი თანამშრომელი და საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ყოფილი და მოქმედი 16 წევრი ან ამ სფეროს ექსპერტი. თუმცა აღსანიშნავია, რომ კვლევა არ მოიცავს ქალთა საპატიმროებს და ისეთ დაწესებულებებს, სადაც ყოფილი სამართალდამცავები იხდიან სასჯელს.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოს საპატიმრო დაწესებულებების უმეტესობაში მოქმედებს შიდა, ე.წ “პატიმართა კოდექსი”, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც მსჯავრდებული კონკრეტული ჯგუფიდან ირიყება, ხშირ შემთხვევაში მასზე ხდება ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ეკონომიკური და იშვიათ შემთხვევებში სექსუალური ძალადობაც.
როგორც კვლევის მხარდამჭერი ერთ-ერთი ორგანიზაციის, “ღია საზოგადოების ფონდის” წარმომადგენელმა, ქეთი ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, საპატიმროებში კრიმინალური ავტორიტეტების გაძლიერება განსაკუთრებით 2012-2013 წლებში იწყება, როდესაც სუსტდება ციხის ადმინისტრაციის როლი საპატიმრო დაწესებულებების განკარგვის საკითხში:
“2012 წლისთვის დადგინდა, რომ ციხეებში ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ხორციელდებოდა სისტემური ძალადობა პატიმრების მიმართ, ამჟამად თითქოს აღარ არის სისტემური წამება ადმინისტრაციის მხრიდან, მაგრამ მოხდა სხვა დრამატული ფაქტი – აღდგა კრიმინალური სუბკულტურა ციხეებში. ციხეების უმეტესობაში მოხდა ძალიან მკვეთრი იერარქიული დაყოფა, იმ ტიპის გავლენის ჯგუფებად, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან გვახსოვს, სადაც კრიმინალურ ელემენტებს ეძლევათ საშუალება რომ თავად გადაანაწილონ ჯგუფებში პატიმრები და მათთან ციხის ადმინისტრაცია მდუმარედ თანამშრომლობს”, – განმარტა ხუციშვილმა.
ხუციშვილის თქმით, ციხის ადმინისტრაციების წარმომადგენლები უმეტეს შემთხვევაში იერარქიის სათავეში მოქცეულ პირებს აძლევენ საშუალებას, რომ ქვემდგომებს შეუზღუდონ ჯანდაცვაზე, განათლებასა და სხვა ძირითად უფლებებზე წვდომა.
რაც შეეხება კრიმინალური სუბკულტურის გავლენების შედეგებს, კვლევაში გამოყოფილია რამდენიმე ძირითადი მიმართულება, მათ შორის:
ამ ყველაფერს კი, კვლევის თანახმად, ხელს უწყობს სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის საპატიმრო დაწესებულების ზომა და პატიმრების რაოდენობა, ციხის პერსონალისა და პატიმრების არაპროპორციული თანაფარდობა, ინფორმატორების ფართოდ გამოყენება, ციხეებში არასათანადო რესურსები, ბარაკული ტიპის არქიტექტურა, დაკანონებული წახალისების მექანიზმის არ არსებობა, პერსონალის კორუფცია და პატიმრებსა და თანამშრომლებს შორის უნდობლობა.
უშუალოდ საქართველოში ჩატარებული კვლევების და ინტერვიუების გაანალიზების შედეგად კი გამოიკვეთა, რომ არაფორმალურ ჯგუფებს საპატიმროებში სათავეში ე.წ “მაყურებლები”, იგივე “პალაჟენეცები” უდგანან. მათი პასუხისმგებლობაა დაწესებულებებში ე.წ “ქურდული პალაჟენიის” დამყარება და შემდეგ ამის კონტროლი. კვლევის მიხედვით, სწორედ “მაყურებლებს” აქვთ პირადი ურთიერთობები ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და გარკვეულ შემთხვევებში ადმინისტრაციის გზავნილებს მსჯავრდებულებს სწორედ ისინი აწვდიან.
კვლევაში აღნიშნულია, რომ კრიმინალური იერარქიის სათავეში ყოფნა მხოლოდ სხვებზე კონტროლის და გავლენის მომნიჭებელი არ არის, არამედ “მაყურებლები” ხშირ შემთხვევაში სარგებლობენ სხვადასხვა ქონებრივი პრივილეგიით, მათ შორის შეუძლიათ იქონიონ დიდი ტელევიზორი, რომელიც არ იყიდება დაწესებულების მაღაზიაში, ასევე ჰქონდეთ “იქს ბოქსი”, ატარონ ჯინნსის შარვალი და ა.შ, ეს ყველაფერი კი საპატიმროს ადმინისტრაციასთან არის შეთანხმებული:
“რესპონდენტთა განმარტებით, ეს ჯგუფი უფრო ახლო კონტაქტშია ადმინისტრაციასთან და შეუძლიათ თანამდებობის პირებთან შეხვედრა მათთვის ნებისმიერ სასურველ დროს. რესპონდენტებმა გაიხსენეს შემთხვევები, როდესაც კონკრეტული პატიმრების თხოვნით, ოფიციალური განცხადების გარეშე, მათ სანახავად გადასულა როგორც დირექტორის მოადგილე, ასევე მისულან სხვა თანამდებობის პირები”, – განმარტებულია კვლევაში.
კვლევის ერთ-ერთი რესპოდენტის, ყოფილი პატიმრის თქმით, ხშირ შემთხვევაში სწორედ საპატიმროების ადმინისტრაციის წარმომადგენლები ეხმარებიან კონკრეტულ პირებს “მაყურებლად” ქცევაში:
“ადმინისტრაციას აწყობს სიწყნარე რომ იყოს და რომელსაც მეტი ავტორიტეტი აქვს, უწყობენ ხელს, რომ იმან მართოს, ამისთვის რაღაც პრივილეგიებს უკეთებს. დავუშვათ, შემოიტანონ სიგარეტი, ან გახსნან პაემანი, დიდ რაოდენობაზეა სიგარეტის საუბარი, მერე გარეთ აგზავნიან, იცვლება ფულში და მთელი ამბებია”, – განმარტავს ყოფილი მსჯავრდებული.
თუმცა, როგორც კვლევაშია აღნიშნული, ძალაუფლება და ქონებრივი უპირატესობები არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მსჯავრდებულები შეიძლება “მაყურებლად” ქვცებისკენ მიილტვოდნენ. ამ “პოზიციის” დაკავება ხშირ შემთხვევაში შესაძლოა გამოწვეული იყოს უსაფრთხოების გარანტიის მისაღებადაც, რადგან “რაც უფრო მაღალ საფეხურზეა პატიმარი, მით უფრო მეტად აქვს დაცულობის განცდა”.
ამასთან, კვლევაში განმარტებულია, რომ გარკვეულ შემთხვევებში, საპატიმროში მოპოვებული “მაღალი იერარქია”, მსჯავრდებულებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ ციხეში არსებული უკეთესი სამედიცინო სისტემით, საჭიროზე მეტ ხანს გაჩერდნენ ციხის საავადმყოფოში ან რიგ შემთხვევებში აუცილებელი საჭიროების გარეშე დატოვონ საპატიმრო დაწესებულება და ქალაქის კლინიკაში გადავიდნენ. კვლევაში ნათქვამია, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი სწორედ ციხის ადმინისტრაციაა, რომელიც ხელს უწყობს ავტორიტეტებს ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების სრულყოფაში.
კვლევის თანახმად, იერარქიული წყობების მიხედვით, საქართველოში შედარებით ნაკლებად პრობლემური მდგომარეობაა N16 დაბალი რისკის დაწესებულებაში, სადაც არ არის “მაყურებლები” და “კაი ბიჭები”. ასევე ამ საპატიმროში ჩაგრულ ჯგუფს არ წარმოადგენენ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები. ამ დაწესებულებაში ძირითადად სამეურნეო მომსახურების ჯგუფის წარმომადგენლები, ე.წ “პატიოსნები” არიან.
“კვლევის რესპონდენტების განმარტებით, დაწესებულების სპეციფიკიდან გამომდინარე, ის თავისუფალია სუბკულტურული გავლენებისგან და თვისებრივად განსხვავდება სხვა პენიტენციური დაწესებულებებისგან. თუმცა, რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ სუბკულტურის მიმდევართათვის მე-16 დაწესებულებაში გადასვლა არ ითვლება მისასალმებელ საქციელად და ყოფილა შემთხვევა, რომ პატიმრისთვის, რომელიც ე.წ. „კაი ბიჭის“ სტატუსზე აცხადებდა პრეტენზიას, შეუხსნებიათ, რომ თუ „კაი ბიჭი“ იყო ამ დაწესებულებაში არ უნდა გადასულიყო”, – განმარტებულია კვლევაში.
ამასთან კვლევაში საუბარია ეკონომიკურ ძალადობაზეც, კერძოდ საპატიმროებში ე.წ “საერთო” თანხის შეკრებაზე. კვლევის მიხედვით, რესპოდენტების აბსოლუტური უმრავლესობა ამობს, რომ “საერთოში” მხოლოდ ფულის შეგროვება არ ხდება და ძირითადად სიგარეტი, ჩაი, სატელეფონო ბარათები და სხვა მატერიალური ღირებულების მქონე პროდუქტები გროვდება.
ასევე “საერთოს” შეგროვება ხორციელდება პატიმრების ბარათებზეც, რომელსაც დაწესებულებაში პროდუქციის შესაძენად გამოიყენება, ასევე კომპანია “აჭარაბეთის” ანგარიშებზე თანხების დარიცხვითაც. როგორც რესპოდენტები კვლევის ავტორებს ეუბნებიან, ამ ფაქტების შესახებ ინფორმირებულია დაწესებულების ადმინისტრაცია, რომლის წარმომადგენლებიც ცდილობენ არ შეამოწმონ ის საკნები, სადაც აღნიშნული “საერთო” იანხება.
“რაც მახსოვს, იყო ასეთი რაღაცა, ერქვა “სატასაო”, რომელიც “მაყურებლის” კამერაში დევს და როგორც მახსოვს, თვეში ერთხელ 15 ლარის რაღაც უნდა შეგეძინა, ნუ, ხარკს იხდიდი, უხეშად რომ ვთქვათ, რა! მოვიდა 15 რიცხვი და ჩემი ფულიდან უნდა გამოვყო, რომ მივცე იმათ. მაგალითად, უნდა ვიყიდო სიგარეტი, უნდა ვიყიდო დასარეკი ბარათები, ტუალეტის ქაღალდი, კბილის ჯაგრისი და ასეთი რაღაცეები”,- ეუბნება კვლევის ავტორებს ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი.
აღნიშნული კვლევა ორგანიზაციების “ევროკავშირი საქართველოსთვის”, “ღია საზოგადოების ფონდი”, “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის” (RIVG) და Penal Reform International მხარდაჭერით ჩატარდა.
კვლევის უშუალო ავტორებმა: საერთასორისო მკვლევარმა, გევინ სლეიდმა, RIVG-ის წარმომადგენელებმა ტატო ქელბაქიანმა და ნატალია ცაგარელმა და სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა შემდეგი რეკომენდაციები შეიმუშავეს: