USD 2.6942
EUR 3.1282
RUB 3.3717
თბილისი
„მასობრივი მკვლელის კულტი: რატომ დადიან რუსები მომლოცველებად საქართველოში, იოსებ სტალინის მშობლიურ ქალაქში“ - «Berliner Morgenpost» (გერმანია)
თარიღი:  504

გერმანულ გაზეთ „ბერლინერ მორგენპოსტში“ (Berliner Morgenpost) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მასობრივი მკვლელის კულტი: რატომ დადიან რუსები მომლოცველებად საქართველოში,  სტალინის მშობლიურ ქალაქში“ (ავტორი - ჯო ანგერერი)

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ვისაც დიქტატორობა და დიქტატორის ნახვა სურს, უნდა მოძებნოს და წავიდეს იმ ქალაქში, სადაც იოსებ სტალინი დაიბადა - გორში, საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან 85 კილომეტრის მოშორებით. იქ, ქალაქის განაპირას მდებარე ბანაკში პირქვე დამხობილ იოსებ სტალინის ძეგლს ნახავს, რომელსაც „მეფოლადეს“ უწოდებენ.

საბჭოთა ბელადის ძეგლისადმი ასეთი მოპყრობა საქართველოს მიერ თავისი ისტორიისადმი დამოკიდებულების ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს. 2010 წელს ქალაქის ხელმძღვანელობამ გორის ცენტრში მდგარი სტალინის ძეგლი პოსტამენტიდან ჩამოაგდო. იმ დროს, რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოს უკვე დიდი ხნის ჰქონდა აღებული ორიენტაცია ევროკავშირზე. ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის მიხედვით, საქართველოში არ უნდა დარჩენილიყო არავითარი სიმბოლო, რომელიც ადამიანებს საბჭოთა პერიოდს გაახსენებდა მას შემდეგ გორში ძეგლთან დაკავშირებით დავა არ წყდება.

„ეს ჩვენი ისტორიის ნაწილს წარმოადგენს“, - ამბობს გაზეთის კორესპონდენტთან საუბარში ქეთევან ახობაძე, „სტალინის მუზეუმის ფონდის“ მთავარი მცველი. მას სურს ძეგლის აღდგენა არა ქალაქის ცენტრში, არამედ მუზეუმის ტერიტორიაზე: „რასაკვირველია, არიან ადამიანები, რომლებსაც იოსებ სტალინის მმართველობის წლებში ტკივილი განიცადეს და დღემდე ვერ შეძლეს მისი დავიწყება. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც იოსებ სტალინში საქართველოს ისტორიის ნაწილს ხედავენ და ამ საკითხს ეგუებიან, მის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება აქვთ“, - აღნიშნავს ქეთევან ახობაძე.

გორის მუზეუმი რუს ტურისტებს იზიდავს

გორში მდებარე იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმი ტურისტებს აქტიურად იზიდავს: გასულ წელს მუზეუმი მოინახულა 89 ათასმა დამთვალიერებელმა, ძირითადად რუსეთიდან. მუზეუმი 1957 წელს გაიხსნა, იოსებ სტალინის გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ. როცა საბჭოთა კავშირი დაისალა, დროებით დაიხურა, მაგრამ მოგვიანებით ისევ გაიხსნა. 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ კავკასიაში რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო: მოსკოვმა მხარი დაუჭირა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს - აფხაზეთ/სამხრეთ ოსეთს, მათ დასახმარებლად საქართველოში შეიჭრა  და მათი ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა,

საქართველოს იმდროინდელ კულტურის მინისტრს ნიკოლოზ ვაჩეიშვილს იოსებ სტალინის მუზეუმი „რუსეთის აგრესიის მუზეუმად“ სურდა გადაექცია. რამდენიმე წლის განმავლობაში შენობის შესასვლელში ეკიდა პლაკატი წარწერით, რომ მუზეუმში საქართველოს ისტორიის ფალსიფიცირება ხდებაო, თუმცა ის უკვე დიდი ხანია რაც გაქრა. 2012 წელს ქალაქის ადმინისტრაციამ ხმა მისცა დადგენილებას, რომლის თანახმად, ექსპოზიციის რეკონსტრუქცია არ განხორციელდებოდა.

მუზეუმის ექვს დარბაზში წარმოდგენილია იოსებ სტალინის ცხოვრებისა და საქმიანობის ამსახველი მრავალრიცხოვანი ექსპონატები - ადრეულ ასაკში დაწერილი ლექსები, ფოტოები, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებისაგან მიღებული საჩუქრები, თვით სიკვდილისშემდგომი ნიღბების ჩათვლით. შეიძლება დაათვალიეროთ მისი კაბინეტი, აგრეთვე დაჯავშნული 83-ტონიანი სარკინიგზო ვაგონი, რომლითაც ბელადი სარგებლობდა. მოკლედ, დარბაზებში განდიდებულია სტალინი და მის მიერ სსრკ-ში განხორციელებული ტერორი მხოლოდ მეზობელ პატარა ოთახში თუ არის მოხსენიებული.

რუსეთი: სტალინის აღორძინებული კულტი პუტინის იმპერიაში

იოსებ სტალინი განასახიერებს დიქტატურას, რეპრესიებს, თავისუფალი აზრისა და დამოუკიდებელი პოზიციის ყოველგვარი გამოვლენის ჩახშობას, მკაცრ „წმენდებს“. მილიონობით ადამიანი დაიღუპა „გულაგის“ შრომით გამომასწორებელ ბანაკებში, სადაც პატიმრები იძულებულნი იყვნენ არაადამიანურ პირობებში ემუშავათ. მათიაგებულია ტრანსციმბირის მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი, თეთრი ზღვა - ბალტიის ზღბის არხი და უამრავი საბჭოთა ობიექტი. ბევრი პატიმარი შიმშილისა და ორგანიზმის გამოფიტვისაგან გარდაიცვალა, რადგან მათ მხოლოდ დრეში ერთი ჯამი სუპი და 300 გრამი პური ეძლეოდათ - და ეს ყველაზე მძიმე და დამღლელეი ფიზიკური შრომის პირობებში. იოსბ სტალინის სავარაუდო პოლიტიკური მეტოქეები დაპატიმრებულები იქნენ და განაჩენი საჩვენებელ სასამართლო სხდომებზე გამოუტანეს.

მაგრამ იმავდროულად იოსებ სტალინი მეორე მსოფლიო ომში გერმანელ ფაშისტებზე სანჭოთა ხალხის გამარჯვების სიმბოლოსაც წარმოადგენს - იმ ომში, რომელსაც დღეს რუსეთში „დიდ სამამულო ომს“ უწოდებენ. გამარჯვების დღე ყოველწლიურად ჯერ საბჭოთა კავშირში და ახლა რუსეთის დედაქალაქში წითელ მოედანზე დიდი სამხედრო აღლუმით აღინიშნება ხოლმე. „სპეცოპერაციის“ პირობებში (ასე უწოდებს კრემლი უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს) იოსებ სტალინის გამარჯვებამ გერმანიასთან ომში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ბოლოს და ბოლოს, უკრაინასთან ომის დაწყებაც ხომ მისი „დენაციფიკაციის“ მიზნით განხორციელდა.

პუტინისეულ ახალ რუსეთში, რომელსაც შეიძლება „სსრკ II“ ვუწოდოთ, იოსებ სტალინის კულტი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. მოსკოვში რეტრო-რესტორნების ბუმია - მაგალიტად რესტორანი „საბჭოთა დრო“, რომელიც რუსეთის დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს, სპეციალურად არის გაფორმებული ორიგინალური საბჭოური სტილით, კედლებზე ჰკიდია პროპაგანდისტული პლაკატები, აგრეთვე საბჭოთა სახელმწიფოს ყოფილი ლიდერების დიდი ფოტოსურათები - სტალინიდან გორბაჩოვამდე.

რუსეთში ხშირად იდგმება სტალინის ახალი ძეგლები - მაგალითად, მილიონიან ქალაქ ვოლგოგრადში, რომლის მოსახლეობა ითხოვს რეფერენდუმის მეშვეობით ქალაქს სტალინის დროინდელი სახელი „სტალინგრადი“ დაუბრუნდეს. სხვატა შორის,  ვოლგოგრადის მერი თავის გამოსვლებში ხშირად უსვამს ხაზს ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მცდელობას, მათ სურვილს, რომ თავიანთი ხალხის მახსოვრობაში ფაშისტებზე გამარჯვებისას იოსებ სტალინის როლი დააკნინონ და საერთოდ წაშალონ.

საქართველო: ადამიანები საკუთარ წარსულს ებრძვიან

რუსეთისაგან განსხვავებით, ის, რაც საქართველოში ხდება, უფრო მეტად ნოსტალგიას ჰგავს. გორის მცხოვრებლები სტალინს თავიანთი ქალაქის შვილად თვლიან. მუზეუმის დახურვა? არავითარ შემთხვევაში. ბოლოს და ბოლოს, მუზეუმს ქალაქისათვის ფული მოაქვს და რაც მეტი ტურისტი დაათვალიერებს, გორის ბიუჯეტს უფრო მეტი შემოსავალი ექნება. ყველგან შეიძლება სტალინური სუვენირების ყიდვა. მაგალითად, ასორტმენტში შეიძლება მოძებნოთ პატარა ბიუსტები და „სტალინის წინდებიც“ კი.

რატომაა საბჭოური ნოსტალგია ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს? „ჩვენ ხშირად გვეკითხებიან, გვიყვარს თუ არა სტალინი“, - ამბობს ქეთევან ახობაძე, - მაგრამ ეს საკმაოდ სულელური კითხვაა. იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს ისტორიის შენარჩუნებას ნიშნავს. სხვათა შორის, იოსებ სტალინის პოლიტიკით ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლობლების წინა თაობამაც წარმოუდგენელი ტანჯვა განიცადა“.

წყარო: https://www.morgenpost.de/politik/article238393989

 

ანალიტიკა
13.08.2025 - საბრძოლო მოქმედებების მიმოხილვა დონეცკის ოლქში - გიორგი კობერიძე
ალასკის კონფერენციამდე რუსები დიდი მსხვერპლისა და ტექნიკის განადგურების ხარჯზე დაწოლას ახორციელებენ უკრაინული პოზიციების წინააღმდეგ და მაქსიმალურად დიდი ტერიტორიის დაკავებას ცდილობენ. კრემლი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებისას რაც უფრო უკეთესი პოზიცია გაქვს სამხედრო თვალსაზრისით, მით უფრო ადვილად შეგიძლია მოითხოვო პოლიტიკური თვალსაზრისით.
 
ფრონტის ხაზი დონეცკის ოლქში პირველი მსოფლიო ომის ვითარებას მოგვაგონებს. სანგრები, სპეციალური ფორტიფიკაციები და საარტილერიო ჭურვების დაცემისაგან გაკეთებული კრატერები გვხვდება განსაკუთრებით პოკროვსკისა და დობროპოლიას მონაკვეთზე.
- რუსებმა წარმატებული გარღვევა განახორციელეს პოკროვსკის ჩრდილოეთით, დობროპილიას სიახლოვეს. ამ ყველაფერს ჯერ მასირებული საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა უძღოდა წინ, შემდეგ გვერდი აუარეს რამდენიმე უკრიანულ საყრდენ პუნქტს და ბოლო ერთ კვირაში დაახლოებით 10 კილომეტრი წაიწიეს წინ, რაც საკმაოდ დიდი წინსვლაა ომის მოცემული დინამიკიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს დივერსანტებისა და მცირე ჯგუფების შეტევას ჰგავდა, როგორც ჩანს რუსებმა საკმაოდ დიდი ძალები ჩართეს ამ გარღვევის განსახორციელებლად.
 
- ამის საპირისპიროდ და რუსული გარღვევის შესაკავებლად გუშინ უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა, რამაც დღეს ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. კონტრშეტევაში ჩაბმულია აზოვის ბრიგადაც. რუსები საკმაოდ დიდ ფსონს დებენ ამ გარღვევაზე და ცოცხალი ძალის შტურმითა და საარტილერიო დარტყმებით ცდილობენ უკრაინული კონტრშეტევის ჩაშლას, თუმცა მათი მხრიდან გარღვევის ვიწრო ყელი 5 კილომეტრია, რაც უკრაინელთა მხრიდან გადაჭრისა და მათი დატყვევების საშუალებას ქმნის.
 
დეტალები რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი (თუმცა გარკვეული პოზიტიური სიგნალები და რუსი ტყვეების შესახებ ინფორმაცია არის, მაგრამ სრულ სურათში როგორია ვითარება ნაადრევია თქმა). თუკი რუსული შეტევა ჩავარდება, ეს მათთვის მნიშვნელოვანი დემორალიზების წყარო გახდება. შესაძლოა ვიხილოთ ტყვეებიც. წარმატების შემთხვევაში კი მათი მხრიდან დობროპილიასათვის საფრთხის შექმნა ან ფორტიფიცირებულ უკრაინულ ქალაქ დრუჟკივკასაკენ გადახვევა გამორიცხული არ იქნება, ისევე როგორც კრამატორსკი-დობროპილიას გზის გადაჭრის საშუალებაც.
 
- უფრო სამხრეთით, რუსები ცდილობენ დობროპილია-პოკროვსკის მომარაგების ხაზი გადაჭრან. პოკროვსკი-მირნოჰრადის აგლომერაციისაკენ მაგისტრალური ორი მთავარი გზა მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ რუსები მათ აქტიურად ბომბავენ, უკრაინელები მაინც ახერხებენ ორივე მათგანის შენარჩუნებას და ტვირთების გატარებასაც. რუსული მომარაგება ძირითადად რკინიგზით ხდება, ხოლო შეტევისას ისინი სამანქანო გზებსა და მათ მომიჯნავე ტერიტორიებს მიუყვებიან. საბრძოლო წარმატება მომარაგებაზეცაა დამოკიდებული. უკრაინული დრონები განსაკუთრებით აქტიურობენ ამ სექტორში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს რუსების შეტევის სისწრაფესა და მათი ლოჯისტიკისათვის საფრთხის შექმნას. იმავეს ცდილობენ რუსებიც.
 
- დონეცკის ოლქში, პოკროვსკისა და დობროპილიას გარდა, უკრაინას ოთხი მთავარი ქალაქი აქვს ფორტიფიცირებული: კოსტიანტინივკა, დრუჟკივკა, კრამატორსკი და სლოვიანსკი. ამ ქალაქების აქტიური ფორტიფიცირება 2022 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა შეტაკებები ჯერ კიდევ 2014 წელს დაფიქსირდა, როდესაც რუსი ბანდფორმირებები აღნიშნული დასახლებებიდან ბრძოლით გაყარეს და შემდეგ უკრაინული თავდაცვის ზღუდეები შეიქმნა აქ. სანამ ეს ქალაქები დგას, მანამდე დონეცკის ოლქის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უკრაინელთა ხელში რჩება. ამ ქალაქების დაცემის შემთხვევაში არამხოლოდ დონეცკის ოლქს იგდებენ რუსები ხელში, არამედ დანარჩენ აღმოსავლეთ უკრაინასაც დაემუქრება საფრთხე.
 
სწორედ ამ ქალაქების დათმობას სთხოვს რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების წინაპირობად. ანუ ჯერ დათმე ეს ქალაქები და მერე შევძლებთ მოლაპარაკებებსო. და თან ეს ყველაფერი ზაპორიჟიას, ხერსონისა და ლუგანსკის ოლქების დათმობასთან ერთად. თავი რომ დავანებოთ დანარჩენ რეგიონებს, ამ ოთხი ფორტიფიცირებული ქალაქის დაკარგვა, უკრაინის უსაფრთხოებისათვის ძალიან სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა. დნიპროპეტროვსკის ოლქში, პავლოგრადამდე დიდი დასახლება აღარცაა. შესაბამისად, ის, რასაც რუსები ითხოვენ, უკრაინული უსაფრთხოების სისტემისათვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.
 
- შედარებით უკეთესი სიტუაციაა სლოვიანსკის აღმოსავლეთით, ლიმანის მიმართულებაზე, ლუგანსკის ოლქის მომიჯნავედ, სადაც უკრაინელებმა რუსეთის მხრიდან წარმოებული რამდენიმე მასირებული შეტევის მოგერიების შემდეგ თავად დაიწყეს ჯერჯერობით ლოკალური კონტრშეტევა. გამოითქვა მოსაზრება, რომ თუკი წელს კონტრშეტევა იქნება, უკრაინელებმა სწორედ ლუგანსკის მიმართულებაზე უნდა გააკეთონ აქცენტი კვლავ. ეს პოლიტიკურადაც გამართლებული იქნება და სამხედრო თვალსაზრისითაც. პოლიტიკურად იმიტომ, რომ იმ რეგიონში დაბრუნდება საბრძოლო მოქმედებები, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ სრულად აკონტროლებს (თუმცა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს), ხოლო სამხრედრო თვალსაზრისით იმიტომ, რომ ამ რეგიონს ახლა რუსული საუკეთესო ნაწილები არ იცავენ, თუმცა მომარაგების ხაზების ნაწილი სწორედ მასზე გადის, ისევე როგორც სამეთაურო პუნქტები (კრემინასა და ლისიჩანსკში). შეტევის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი ხარკივის ოლქში, ქალაქ კუპიანსკისაც მოეხსნება საფრთხე. თუმცა 2022 წლის ბოლოდან ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილი საკმაოდ ფორტიფიცირებულია რუსეთის მიერ.
 
- რაც შეეხება მოლაპარაკებებს. ტრამპის რიტორიკა ტერიტორების დათმობა-გაცვლასთან დაკავშირებით რას გულისხმობს არაა ნათელი, მაგრამ უკრაინა და ევროპა მას ვერ დასთანხმდება. ტერიტორიების გადაცემა რუსეთისათვის არამხოლოდ პოლიტიკურად იქნება ძალიან მძიმე დარტყმა საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის, არამედ შეაჩერებს თუ არა ომს ესეც საკითხავია, რადგან რუსეთი უბრალოდ არ აღიარებს უკრაინის უფლებას იყოს სუვერენული სახელმწიფო. ამასთან ცნობილია რომ 2003 წელს უკრაინა-რუსეთს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება დაიდო, რომელზეც რუსეთის მრიდან პუტინმა მოაწერა ხელი, მაგრამ რატიფიცირებიდან 10 წელიწადში თავადვე დაარღვია ის - რუსული სტილია ის, რომ ის ომს იწყებს და არღვევს შეთანხმებებს მაშინვე, როდესაც ის თავს ძლიერად იგრძნობს. დღეს კი უფრო სწრაფად ვითარდება მოვლენები. შესაბამისად, დაპყრობითი ომის წარმატება მიეცეს რუსეთს და უკრაინამ სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტია თუ ვერ მიიღო, ეს უკრაინასთან ერთად ევროპის (და ჩვენი) უსაფრთხოების სისტემის ჩამოშლაც იქნება.
 
ევროპელები და უკრაინელები მოლაპარკებების წინაპირობად უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ასახელებენ, რომლის უარყოფის შემთხვევაშიც რუსეთს ტოტალური სანქციები უნდა დაედოს.
 
2018 წელს როდესაც პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა შედგა ჰელსინკიში ისე ჩანდა თითქოს პუტინი უფრო მძლავრად გამოიყურებიდა, ტრამპი კი დაბნეული იყო, მაგრამ მალევე შეიცვალა ვითარება და რუსეთმა ამ შეხვედრიდან ბევრი ვერაფერი მიიღო გარდა პოლიტიკური კაპიტალისა. შესაძლოა ახლაც იგივე სურათი ვიხილოთ.
 
თუმცა აშშ-ს ძალიან გამოცდილი დიპლომატი და ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი აღნიშნავს, რომ ტრამპი ახლა უფრო სერიოზულად ემზადება შეხვედრისათვის, ვიდრე ეს 7 წლის წინ იყოო. მან იცის, რომ ამ შეხვედრამ შეიძლება მისი პრეზიდენტობის საგარეო პოლიტიკური მემკვიდრეობაც კი განსაზღვროსო, თუმცა ძალიან სერიოზული პრობელმაა ის, რომ ტრამპს ახლა შეთანხმება უფრო უნდა ვიდრე მაგიდაზე ხელის დაკვრაო. მიუხედავად ამისა, შეიძლება ტრამპს არ მოუნდეს სუსტ და დამთმობ ლიდერაც წარმოჩენა. მისი გუნდიც კარგად ემზადება შეხვედრისათვის. თუმცა ომის დანაშაულებისათვის ძებნილ პუტინთან შეხვედრა უკვე გარკვეული დათმობაა.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.