წყარო hppt//www.magma.ge
(მარია მონტესორის წიგნის - "მონტესორის ენციკლოპედიის" - მასალების მიხედვით)
მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე
მარია მონტესორის სახელი ყველა მშობლისთვის ცნობილია. ეს ის ადამიანია, რომლის დახმარებით ათასობით ბავშვი ჭკვიანი და თავდაჯერებული გაიზარდა, რომელსაც უყვარდა ისინი და ყოველ პატარა ადამიანს, როგორც პიროვნებას ეპყრობოდა. მისი მცნებების მიმდევარმა ტიმ სელდინმა, რომელიც 40 წლის განმავლობაში მონტესორის სკოლაში ასწავლიდა, შესანიშნავი წიგნი "მონტესორის ენციკლოპედია" დაწერა.
ეს წიგნი ბედნიერი, ჭკვიანი და თავდაჯერებული ბავშვის აღზრდასა და მშობლის ყველა საკითხის მოგვარებაში შეგიწყობთ ხელს.
გთავაზობთ მარია მონტესორის და ტიმ სელდინის ბავშვის განვითარების და აღზრდის 40 პრინციპს.
1. ყველა მასწავლებელი მშობელი არ ხდება, მაგრამ ყველა მშობელი უნდა იყოს მასწავლებელი.
2. ნუ განუსაზღვრავთ თქვენს შვილებს მიმართულებას, არამედ მიყევით მათ. ბავშვებს თავიანთ საჭიროებებსა და ინტერესებზე ბევრი რამ შეუძლიათ "მოგვითხრონ", თუ დროს გამოვძებნით და ყურადღებას მივაქცევთ.
3. ძველი ანდაზა ამბობს: ბავშვებს ცხოვრება ასწავლის. მარია მონტესორიც ასე თვლის.
4. ნუ შეარცხვენთ ბავშვს მისი საქციელის გამო, წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ ერთს ისწავლის: მრისხანებას.
5. სიცოცხლის პირველ წლებში მუსიკის მოსმენა ბავშვისთვის მნიშვნელოვანია და განვითარების სტიმული ხდება. დაბადებიდანვე ესაუბრეთ და უმღერეთ. იავნანა და სიმღერები ადრეული ბავშვობის მოგონებებში ღრმად აღიბეჭდება. ბავშვის ოთახში აჟღერებული მუსიკის ჰანგები და რიტმი მუსიკალური განათლების საფუძველს აყალიბებს.
6. ბავშვები, რომლებსაც პატივისცემით ეპყრობიან და მხარს უჭერენ, ემოციურად უფრო მდგრადები არიან, ვიდრე ისინი, რომელთაც მუდამ ყველაფრისგან იცავენ.
7. პატარები ოცნებობენ, იყვნენ მოზრდილთა სამყაროს ნაწილი. მათ შრომა ისევე მოსწონთ, როგორც თამაში, თუკი ამის ნებას აძლევენ.
8. ძალიან პატარებსაც სურთ დამოუკიდებლად მოახერხონ ბევრი რამ. როდესაც ბავშვებს ეხმარებით თავად იმოქმედონ, თქვენ მას საკუთარი ძალების რწმენას უნერგავთ.
9. თუ ბავშვს ვასწავლით, რომ ყოველ ნივთს საკუთარი ადგილი აქვს, რომელიც გამოყენების შემდეგ კვლავ უნდა მივუჩინოთ, ის ამას სწრაფად აითვისებს და წესრიგის მოთხოვნილება ჩამოუყალიბდება.
10. თუ ბავშვი სათამაშოს გატეხავს, არ გადააგდოთ ის, შეეცადეთ შეაკეთოთ და შეკეთების პროცესი სახალისო თამაშად აქციეთ.
11. ასწავლეთ ბავშვს ფრთხილად მოექცეს სათამაშოებს და ნივთებს. არ გაუბრაზდეთ, თუკი რამეს გატეხავს, აჯობებს აჩვენოთ, როგორ გამოიყენოს სწორად ესა თუ ის სათამაშო.
12. დართეთ ნება ბავშვს, რამე გააფუჭოს ან გატეხოს. ეს გამოცდილება მას მომავალში დაეხმარება, სწორად გამოიყენოს ჭურჭელი.
13. შეცდომები - კარგი მეთოდია იმის საჩვენებლად, ესა თუ ის მოქმედება როგორ უნდა შესრულდეს სწორად და გადაიჭრას წარმოქმნილი პრობლემები. ნება მიეცით ბავშვებს, შეცდომები დაუშვან, ისინი ასე სწავლობენ.
14. საკუთარ თავზე ზრუნვა - ხელების დაბანა თუ კბილების გამოხეხვა - ბავშვს საკუთარ ძალებში რწმენას უმყარებს.
15. ბავშვებმა არ იციან, თავი როგორ გაართვან ყოველივე იმას, რასაც მოზრდილები აკეთებენ, ჩვენ კი ხშირად გვეჩვენება, რომ უფრო მარტივია, ყველაფერი თავად ვაკეთოთ. მაგრამ თუ ხელსაყრელ პირობებს შევუქმნით და ბავშვს მოთმინებით ნაბიჯ-ნაბიჯ ვასწავლით, ახალ ჩვევებს გამოვუმუშავებთ და შრომას მივაჩვევთ.
16. პატარები არად დაგიდევენ დისციპლინას, წესებს და სასჯელს, მაგრამ უტყუარად გრძნობენ უპირობო სიყვარულს. ჯერჯერობით ვერ არჩევენ, რა არის სწორი და რა არა. ისინი აწმყოთი ცხოვრობენ და თუ რაიმე სურთ, აუცილებლად "ახლავე".
17. მართალია ბავშვები ბევრად განსხვავდებიან ზრდასრულთაგან, მაგრამ ყოველი მათგანი - პატარა პიროვნებაა, რომელიც ჩვენს გვერდითაა და ყველა სურათს, ბგერას, სუნსა და შეხებას იმახსოვრებს. როდესაც ამას ვაცნობიერებთ, უფრო შეგნებულად ვეკიდებით იმას, თუ რა შთაბეჭდილებას ახდენს ჩვენი მოქმედებები და სიტყვები ბავშვზე.
18. დაბადებიდან პირველი საათები ჩვილის ცხოვრების სენსიტიური პერიოდია, როდესაც მას მშობლებთან განსაკუთრებულად ახლო კავშირი უყალიბდება.
19. ბავშვებს მოსწონთ, როცა მათ ნაზად ეჟღურტულებიან, უმღერიან, ესაუბრებიან. ეს მათ ყურადღებას იპყრობს. მტირალი ჩვილის დასაწყნარებლად ყველაზე უკეთესია, მას ლექსები წავუკითხოთ, იავნანა ვუმღეროთ და ფრთხილად დავარწიოთ.
20. პატარა ბავშვები სიცოცხლის პირველივე წლებში უნდა გრძნობდნენ, რომ მშობლიურ სახლს ეკუთვნიან. საბავშვო ავეჯი ბავშვს ეხმარება, თავი კომფორტულად იგრძნოს სამყაროში, სადაც ყველაფერი ზრდასრულებზეა გათვლილი.
21. პატარებს უყვართ და წესრიგის ძლიერი მოთხოვნილება აქვთ. ოთახებში, სადაც ბავშვი დიდ დროს ატარებს, სივრცე იმგვარად მოაწყვეთ, რომ მისთვის სისუფთავის შენარჩუნება ადვილი იყოს. ამან საოცარი ზაგავლენა შეიძლება იქონიოს მისი პიროვნების განვითარებაზე.
22. გახსოვდეთ, რომ ბავშვი პატარა ადამიანია! ის შეიძლება შეშინდეს, მოიწყინოს ან მარტოსულდ იგრძნოს თავი. ან საშინელება დაესიზმროს. ბავშვს ყურადღებით დააკვირდით, მოუსმინეთ მას. და სულ მალე შეუცდომლად მიხვდებით, რის თქმას ცდილობს ის თქვენთვის.
23. სიყვარულის და პატივისცემის ატმოსფეროში პატარას სწრაფად უვითარდება თქვენი სიტყვების გაგების უნარი და მათზე გაცნობიერებულ რეაგირებას იწყებს. ბავშვი აგვყვება, როცა მას თავაზიანად ვექცევით და იმეორებს ჩვენს ქცევებს.
24. ყველა მშობელი ზნეობის მასწავლებელია. ჩვენი მიზანია, ბავშვს მორალური ღირებულებები ვაჩვენოთ და მათ შესაბამისად ცხოვრება ვასწავლოთ. ამ დროს ბავშვს საკუთარი თავის პატივისცემა უყალიბდება და შედეგად ძლიერ მეგობრობასაც ადვილად შეძლებს. ის ურთიერთობაში ლაღი და სასიამოვნო იქნება.
25. უმჯობესია, ბავშვს სწორი საქციელი ვუკარნახოთ, ვიდრე დაველოდოთ, როდის მოუვა შეცდომა და შემდეგ დავტუქსოთ.
26. ბავშვი თავიდანვე უნდა გრძნობდეს, რომ შეუძლია იყოს ის, რასაც წარმოადგენს. თუ ის ჩათვლის, რომ მშობლების მოლოდინს არ ამართლებს და მათ იმედს უცრუებს, თავს უბედურად იგრძნობს.
27. როცა ბავშვი ისტერიკაშია, მშობლებს უჭირთ თავის გაკონტროლება. მაგრამ გახსოვდეთ: თქვენ უფრო ასაკოვანი და გამოცდილი ხართ, ამიტომ მოიქეცით როგორც ზრდასრული.
28. ბევრი მშობელი დარწმუნებულია, რომ "დისციპლინა" "დასჯას" ნიშნავს. სინამდვილეში ეს "აღზრდას" ნიშნავს.
29. წესების სიმკაცრეს ყველა ბავშვი ამოწმებს. ეს მომწიფების პროცესის ნაწილია. ამგვარად ბავშვი უფრო იმ გრძნობებს ამჟღავნებს, რომლებიც თავად არ ესმის, და ზრდასრულის რეაქციით საკუთარ ემოციებთან გამკლავებას სწავლობს.
30. შეეცადეთ ბავშვებს არასოდეს მიმართოთ რიტორიკული კითხვებით, მაგალითად: "რამდენჯერ გაგიმეორო?" პასუხად მიიღებთ: "არ ვიცი, მამა, რამდენჯერ უნდა გამიმეორო!" სულელურ კითხვაზე სულელურ პასუხს მიიღებთ.
31. უაზრო სიჯიუტეს თითქმის გააქარწყლებთ, თუ ბავშვს გონივრულ ფარგლებში დამოუკიდებლობას და პასუხისმგებლობას მიანიჭებთ, რათა მან თავი ზრდასრულად და დამოუკიდებლად იგრძნოს.
32. ბავშვს ეთამაშეთ ისე, რომ მან დახვეწილი ქცევა ისწავლოს, და ამგვარად ის თავაზიანი და კარგად აღზრდილი იქნება.
33. ბავშვი სამყაროს საკუთარი სიმაღლიდან აღიქვამს. შეეცადეთ სამყაროს მისი თვალით შეხედოთ და თქვენ ამქვეყნად ყველაფრით გაოცებას ისწავლით.
34. ბავშვის სამყაროში დრო უფრო ნელა გადის. მოერგეთ მის რიტმს, შეჩერდით და მასთან ერთად შეისწავლეთ ის, რამაც დააინტერესა, იქნება ეს ჭიანჭველა თუ უჩვეულო ყვავილი. იყავით მომთმენი.
35. ბავშვისთვის სამყაროს შეცნობა მაშინაა საინტერესო, როდესაც თავად აკეთებს რამეს და არა მაშინ, როდესაც მას ამის შესახებ უყვებიან.
36. ცოცხალი ბუნების შესწავლისგან მიღებულ სიხარულს ვერ გადაწონის ვერანაირი წიგნი ბუნებაზე, თუნდაც ლამაზი სურათებითა და საინტერესო ფაქტებით.
37. მშობლებს შეუძლიათ, შვილებს ადამიანებთან მშვიდობიანად და ჰარმონიაში ცხოვრება ასწავლონ. ამისთვის საჭიროა, ბავშვს სხვადასხვა ქვეყნები გავაცნოთ და სხვადასხვა კულტურებისადმი ინტერესი გავუღვივოთ, სანამ ბავშვები ჯერ კიდევ შიშებისა და ცრურწმენებისგან თავისუფალი არიან.
38. სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის თქვენი სახლი იდეალური ადგილია, რომლებიც ბავშვს ეხმარება გაიგოს, როგორაა სამყარო მოწყობილი.
39. სიცოცხლის პირველი ექვსი წელი ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდისთვის.
40. ბავშვის საკუთარი მნიშვნელობის გრძნობა პირდაპირ კავშირშია, როგორ შეძლებს ის სწავლას, როგორ გამოიმუშავებს ახალ უნარებს და როგორ აითვისებს ახალ ინფორმაციას.
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.