ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ქოლცენტრების შესახებ კომისიის შექმნას, ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ საქართველოს პარლამენტი არის საგამოძიებო ორგანო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ქართველი სამართალდამცავები ევროპელ კოლეგებთან ერთად წლებია მუშაობენ.
„ამ თემაზე წლების განმავლობაში მუშაობენ ქართველი სამართალდამცავები ევროპელ, განსაკუთრებით გერმანელ სამართალდამცავებთან ერთად და კონკრეტული შედეგები აქვთ, მაგრამ მათ [ოპოზიციას] თავისი აწუხებთ. ეს იყო მათი დაფინანსების მთავარი თემა და წყარო. ეს გაიშიფრა. ძალიან ავტორიტეტულმა უცხოურმა ტელევიზიამ, BBC-მ გაშიფრა და ახლა უნდათ, რომ ისრები რამენაირად სხვაგან გადაიტანონ, ამიტომ არიან ამით შეშფოთებულები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს, დეპუტატები მიმდინარე კვირაში პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/