ნიშნის მოგებით არ გეუბნებით, ეს ქვეყანა ასე ვერ განვითარდება, მეგობრებო. ეს სადღეგრძელოები და გამოსვლები, რაც აქ დღეს მოვისმინე, რომ „ყველაფერი კარგად არის“, დამთავრდება დიდი კრახით, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბოიკოტის პირობებში 6 თვე დასჭირდა შეთანხმების მიღწევას, ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიც არის საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, სასამართლოს რეფორმა. ასევე, დასჭირდა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ჩართულობა, დასჭირდა 6 თვე, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ამისთვის 8 წელი ჰქონდა.
„დღეს, არ ვაპირებდი გამოსვლას. ვიფიქრე, მაინც პირველი დღეა და ცოტა შევეგუები, გავიგებ, საერთოდ რა ხდება პარლამენტში. 30 წლის შემდეგ პირველად ვარ, როდესაც დაქირავებული ვარ ქართველი ხალხის, ამომრჩევლის მიერ და მხოლოდ ამიტომ ვარ აქ, თქვენთან. ამ 8 წლის განმავლობაში ქვეყანა მოექცა ჩაკეტილ წრეში, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს, თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება. ამ პროცესში ყველაზე მთავარი - ადამიანი იქნა დავიწყებული. ადამიანი, რომლისთვისაც უნდა მუშაობდეს პარლამენტიც, მთავრობაც. რამდენიმე ფაქტს გეტყვით იმისათვის, რომ უფრო ნათელი იყოს, სად ვართ და სად ვიყავით 8 წლის წინ. 2012 წელს ჩვენი შიდა პროდუქტი იყო 16,5 მილიარდი, 2020 წელს ჩვენი შიდა პროდუქტი არის 15,9 მილიარდი. პირდაპირი ინვესტიციები ისტორიულ მინიმუმზეა, ბოლო 8 წელიწადში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 100%-ით გაუფასურდა, ისტორიულ მაქსიმუმზეა სოციალური დახმარებების რაოდენობა იმ ადამიანებისა, ვისაც სახელმწიფო ეხმარება. ისტორიულ მაქსიმუმზეა ქვეყნიდან გასული ადამიანების რაოდენობა, ისტორიულ მაქსიმუმზეა უმუშევრობა. ბედნიერების ინდექსში თითქმის ბოლო ადგილზე ვართ. ამ პერიოდში თქვენ 6 პრემიერი გამოცვალეთ და არცერთმა პრემიერმა არ გააგრძელა წინა პრემიერის მიერ დაწყებული თუნდაც რაღაც იდეა და პროექტი, იმიტომ, რომ არ არსებობს ქვეყნის განვითარების სტრატეგიული პროექტი. ამ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური რევოლუცია, სულ რევოლუციაზე მიდის საუბარი.
მოდის არჩევნები. ასფალტასაც ვერ აგებთ წესიერად. ქვეყანა ჩაფლულია ნეპოტიზმის და კორუფციის ჭაობში. ბიზნესი ტენდერების საშუალებით გარიგებაშია შესული. აი, ამაში ვართ დღეს. ახლა, მე მოვისმინე ახალგამოყოფილი ოპოზიციონერების პოზიციები და ისე გსაყვედურობენ, („ქართულ ოცნებას“) თითქოს, ერთი თვის წინ თვითონ არ იყვნენ ამ ქვეყნის მმართველები. თუ ამ ტყუილს თავი არ დავანებეთ, არაფერი გამოგვივა. ნიშნის მოგებით არ გეუბნებით, ეს ქვეყანა ასე ვერ განვითარდება, მეგობრებო. ეს სადღეგრძელოები და გამოსვლები, რაც აქ დღეს მოვისმინე, რომ „ყველაფერი კარგად არის“, დამთავრდება დიდი კრახით“, - განაცხადა ხაზარაძემ
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/