USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
მაია ბიწაძე - 10 ყალბი ნარატივი “შინაურ ბინადარ ცხოველთა” შესახებ კანონპროექტზე
Date:  

პალამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ, დღეს  ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის  ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ ისაუბრა:

1.ამბობენ რომ თითქოს: კანონპროექტით გათვალისწინებულია ცხოველების მასიური ევთანაზია, მათ შორის, მეპატრონისა და მიმკედლებლის მიერ ცხოველის მიტოვების შემთხვევაში, და რომ ამ მეთოდებით 2 წელში აღარ იქნება ქუჩაში უპატრონო ცხოველი. ასევე, თითქოს იმ შემთხვევაში თუ 3-ზე მეტი ძაღლი გვეყოლება საკუთრებაში ან თუ მიკედლების აკრძალულ ადგილებში ვერ მივიკედლებთ, ეს ძაღლები რეგისტრაციის გარეშე დარჩებიან რაც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს დააპატიმროს და შემდეგ დააძინოს უპატრონო ცხოველები.
სინამდვილეში: ეს არის ყველაზე ბინძური და ბოროტი ცილისწამება და მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაცია, კანონპროექტში მსგავსი არაფერი წერია!
მოქმედი კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს 2023 წლის მარტიდან და ასევე, კანონპროექტით ევთანაზიის შემთხვევები პირდაპირ უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებს, მათ შორის, ცოფს (რომელსაც 100%-იანი ლეტალობა აქვს), დადგენილია ვეტერინარის სპეციალური დასკვნის სავალდებულოობა, დადგენილია სხვადასხვა შემთხვევებისათვის ცხოველზე დაკვირვების 10 დღიანი, 45 დღიანი და 6 თვიანი დაკვირვების ვადები. აღნიშნული რეგულაცია ვეტერინარების, ცხოველთა დამცველებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავებულია და დადგენილია მთავრობის დადგენილებით, რომელიც ბევრად ჰუმანურია, ვიდრე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი წესები.
2.ამბობენ რომ თითქოს , რომ თითქოს კანონპროექტით დაუშვებელია უპატრონო ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში, საავადმყოფოში, საბავშვო და სპორტულ მოედანზე, ასევე კვების ობიექტებში.
სინამდვილეში: ეს არის მავნებლური დეზინფორმაცია, რომელიც მიმართულია ცხოველთმოყვარულების ემოციებზე მანიპულირებისათვის. კანონპროექტით აღნიშნული შეზღუდვა არასდროს ყოფილა გათვალისწინებული. მოქმედი კანონმდებლობით წლებია აკრძალულია და ისჯება 8 ლარით პატრონიანი ცხოველის შეყვანა კვების ობიექტებში, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში. კანონპროექტით უფრო მოქნილად არის ჩამოყალიბებული მოქმედი აკრძალვა, კერძოდ შესაძლებელი იქნება მცირე და დეკორატიული ცხოველის შეყვანა ხელში აყვანით, ჩანთით ან გადამყვანით (მეპატრონის სურვილის შესაბამისად) ყველგან, გარდა იმ საზოგადოებრივი დაწესებულებებისა, რომლებიც თავად აკრძალავენ ცხოველის შეყვანას. გარკვეული აკრძალვა იმოქმედებს მხოლოდ პატრონიანი დიდი ძაღლების შემთხვევაში.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების, სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, საავადმყოფოების, კვების ობიექტების შიდა ტერიტორიებზე, საბავშვო და სპორტულ მოედნებზე, ასევე, იმ საზოგადოებრივ დაწესებულებებში, რომლის მეპატრონეებიც თავად აკრძალავენ პატრონიანი დიდი ზომის ძაღლის შეყვანას. ამ შემთხვევაში, ისინი ვალდებულნი იქნებიან საგანგებოდ განათავსონ ცხოველის მისაბმელი ‼
3.ამბობენ რომ თითქოს: მიკედლება დაუშვებელია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, სამედიცინო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიებზე, ავტოსადგურებსა და სასაფლაოს ტერიტორიებზე, აგრეთვე, რომ თითქოს ამ ტერიტორიებზე მიკედლებული ძაღლის გავლის ან შესვლის გამო მიმკედლებლები 300 ლარით დაჯარიმდებიან.
სინამდვილეში: მიკედლება დაუშვებელი იქნება მხოლოდ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადასაგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების შენობებში (ანუ შიდა სივრცეში), ასევე, საბავშვო და სპორტული მოედნების, მეტროპოლიტენისა და ბაზრის ტერიტორიაზე. ამასთან, მიკედლების ადგილების დარღვევისათვის არასოდეს ყოფილა გათვალისწინებული ჯარიმა კანონპროექტით.
4.ამბობენ რომ თითქოს: საზოგადოებრივ ტრანსპორტში კატის ან დეკორატიული ჯიშის მცირე ზომის ძაღლის აყვანა შესაძლებელია მხოლოდ ერთდროულად ალიკაპის და საბელის გამოყენებით.
სინამდვილეში: ეს შეზღუდვა მოქმედებს უკვე წლებია, სანქცია განსაზღვრულია 8 ლარის ოდენობით. კანონპროექტით უფრო მოქნილად არის ჩამოყალიბებული მოქმედი აკრძალვა, კერძოდ შესაძლებელი იქნება მცირე და დეკორატიული ცხოველის გადაყვანა ხელში აყვანით, ჩანთით, გადამყვანით ან საბელით (მეპატრონის სურვილის შესაბამისად), ხოლო დიდი ძაღლის შემთხვევაში აუცილებელი იქნება მოკლე საბელის გამოყენება.
5. ამბობენ, რომ თითქოს კანონის მიღებისთანავე აიკრძალება 3-ზე მეტი ცხოველის ყოლა საკუთრებაში, ხოლო, 3-ზე მეტი ძაღლის ყოლის შემთხვევაში სავალდებულო იქნება მეზობლების უმრავლესობის თანხმობა.
სინამდვილეში: 2025 წლის 1 ივლისიდან ვეღარ ვიყიდით და კორპუსის ბინაში ვეღარ ვიყოლიებთ 3-ზე მეტ ძაღლს და კატას, ხოლო უპატრონო ან მიკედლებული ცხოველის მეპატრონედ რეგისტრაციის შემთხვევაში არანაირი შეზღუდვა არ იარსებებს. ამასთან, არანაირი თანხმობის საჭიროება მეზობლებისგან არ არის დადგენილი. მეზობლების თანხმობა საჭირო იქნება მხოლოდ ე.წ “თბილისურ ეზოში” ცხოველის მიკედლებისთვის, ისიც, მხოლოდ 2025 წლის 1 ივლისიდან მიკედლების შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ძალაში იქნება ცხოველთა რეგისტრაციის ერთიანი ელექტრონული ბაზა.
პროექტით იკრძალება ცხოველების
ე.წ “შემგროვებლობა”. 
6. ამბობენ, რომ თოთქოს კანონის ამოქმედებიდან მიმკედლებლებს ექნებათ ვალდებულება გაუკეთეონ მიკედლებულ ცხოველს, როგორც ანტირაბიული, ასევე კომპლექსური ვაქცინაცია და გაუწიონ ვეტერინარული მომსახურება.
სინამდვილეში: კანონპროექტით ყველა მუნიციპალიტეტს უდგინდება ვალდებულება, უზრუნველყონ უპატრონო და მიკედლებული ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია, ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეტაპობრივად გამოიყოფა ათეულობით მილიონი ლარი. რაც შეეხება ანტირაბიულ ვაქცინაციას, სახელმწიფოს მხრიდან ასევე გაგრძელდება უპატრონო ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაცია, ხოლო მიკედლებული ცხოველების შემთხვევაში, რადგან კანონპროექტით არ დგინდება მიკედლებული ცხოველების რაოდენობრივი შეზღუდვა, სახელმწიფო ანტირაბიულ ვაქცინაციას უზურნველყოფს 2027 წლის ბოლომდე.
კანონის პროექტი არ ითვალისწინებს მიმკედლებლისათვის, არც კომპლექსური ვაქცინაციის და არც სხვა ვეტერინარული მომსახურების გაწევის ვალდებულებას
7. ამბობენ,რომ თითქოს თუკი მიკედლებული ძაღლი ვინმეს დადორბლავს ან გაკაწრავს, მიმკედლებელი 500 ლარით დაჯარიმდება.
სინამდვილეში: კანონპროექტში საუბარია არა მიკედლებული ძაღლის მიერ არამედ პატრონიანი ძაღლის, კერძოდ, შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის ვალდებულებების დარღვევაზე, რასაც შედეგად მოჰყვა დაკბენა-დაკაწვრის გზით სხვა ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. დადორბვლაზე საუბარი არ არის, ხოლო დაკბენა/დაკაწვრას უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის დაზიანება იმისათვის რომ 500 ლარით დაჯარიმდეს მეპატრონე რომელიც უპასუხისმგებლოდ მოიქცა.
8.ამბობენ, რომ თითქოს: თუ უპატრონო ძაღლი ან კატა აღმოჩნდება სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში ან საავადმყოფოში ამ დაწესებულების მესაკუთრეები დაჯარიმდებიან 50 ლარის ოდენობით.
სინამდვილეში: ეს არის სრული დეზინფორმაცია და მიზანმიმართულია კანონპროექტის დისკრედიტაციისკენ და ხალხის მასობრივი დაზაფვრისკენ.
9. ამბობენ, რომ თითქოს: 3-ზე მეტი ძაღლის ყოლაზე შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ, საკუთრების უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს.
სინამდვილეში: როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით საკუთრების უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.
10. საჯარო სივრცეში ამბობენ, რომ თითქოს: 26 თებერვალს დაგეგმილია გარემოს კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის მიღება.

სინამდვილეში: გარემოს დაცვის კომიტეტი წამყვანი კომიტეტია და მის სხდომამდე ოთხმა დასკვნის მიმცემმა კომიტეტმა უნდა განიხილოს კანონის პროექტი (ჯანდაცვა, რეგიონული, უფლებები, საფინანსო). ამის შემდგომ წამყვანმა კომიტეტმა სამი მოსმენით უნდა განიხილოს იმისათვის რომ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით ეყაროს კენჭი. ჯამში უნდა ჩატარდეს 7 საკომიტეტო და 3 პლენარული მოსმენა, ჯამში 10 მოსმენა.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way