USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«Bloomberg» (აშშ): „ომისაგან უცხოეთში გაქცეულ უკრაინელთა ნახევარი სამშობლოში, ალბათ, არასოდეს არ დაბრუნდება“
თარიღი:  682

ამერიკული გამოცემა „ბლომბერგი“ (Bloomberg) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისაგან უცხოეთში გაქცეულ უკრაინელების ნახევარი სამშობლოში, ალბათ, არასოდეს არ დაბრუნდება“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

კიევში არსებული ეკონომიკური სტრატეგიის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, 3,3 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი ანუ ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 8% - შეიძლება სამშობლოში არ დაბრუნდეს.

საინტერესოა, რომ მსგავსი კვლევა გასული წლის დეკემბერშიც გამოქვეყნდა და თუ მათ ერთმანეთს შევადარებთ, განსხვავება თვალშისაცემია - არდამბრუნებელთა რაოდენობა უკვე 600 ათასითაა გაზრდილი. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, უცხოეთში დამრჩენთა მომატება განპირობებულია ომის გაგრძელებით, რომელიც უკვე წელიწადნახევარზე მეტია მიმდინარეობს, რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოსისტემაზე განხორციელებული დარტყმებით და უკრაინელთა ადაპტაციით საზღვარგარეთული ცხოვრების პირობებისადმი.

რაც უფრო დიდხანს გასტანს ომი, მით უფრო მეტი უკრაინელი დარჩება სამუდამოდ საზღვარგარეთ. ეკონომიკური სტრატეგიის ცენტრის შეფასებით, მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 6,7 მილიონი იქნება. ამასთან, რადგან უკრაინელ ლტოლვილთა დიდი უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან, შესაბამისად, სულ უფრო მეტი უკრაინელი ქალი იქნება დაინტერესებული თავიანთი შვილებისათვის თავშესაფრის უზრუნველყოფით.

„ადამიანებს, რომლებმაც საომარი მოქმედებების ზონა დატოვეს, მათ, პრინციპში, უკან დასაბრუნებელი მიზეზი არ აქვთ, მათი სახლები და ქონება განადგურებულია“, - ნათქვამია გამოკვლევაში, - ამიტომაც მათი დაბრუნება დამოკიდებული იქნება, იმაზე, თუ რამდენად სწრაფად აღდგება მშობლიური მხარე, ქალაქი თუ სოფელი და მიიღებენ თუ არა ისინი მთავრობის მხარდაჭერას ქვეყნის სხვა რეგიონში დასახლების საკითხში“.

უკრაინელი ტოლვილების სამშობლოში დაუბრუნებლობის პერქპექტივა უკრაინას დიდ პრობლემებს შეუქმნის ომისშემდგომი აღდგენის გეგმებთან დაკავშირებით. როგორც გამოკვლევაშია აღნიშნული, უკრაინის მოსახლეობის პოტენციური ყოფნა საზღვარგარეთ ქვეყნის ეკონომიკას შემდგომი დარღვევით ემუქრება (უკრაინის ეკონომიკა ისედაც ძლიერაა დაზარალებული ომისაგან). მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) შემცირება წელიწადში 6,9%-ით არის მოსალოდნელი.

უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, იმისთვის, რომ 2032 წლისათვის ქვეყნის ეკონომიკი ზრდა გაორმაგდეს, უკრაინას 4,5 მილიონი მცხოვრები აკლდება, მუშებისა და მეწარმეების სახით. შედარებისათვის: რუსეთთან ომამდე უკრაინის მოსახლეობა 43 მილიონ მცხოვრებს შეადგენდა.

ეკონომიკური სტრატეგიის ცენტრის დასკვნით, საზღვარგარეთ უკრაინელთა რაოდენობის მატება დემოგრაფიისათვის საშიშ ზღვარს უახლოვდება. 6,7 მილიონი უკრაინელიდან ნახევარზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრობს, განსაკუთრებით პოლონეთში და გერმანიაში. სამწუხაროდ, გამოკვლევის მიხედვით, თავდაპირველად ისინი სოციალური შეღავათებით სარგებლობდნენ, ამჟამად კი ლტოლვილთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა შემოსავლები დაკარგა.

ანალიტიკური ცენტრი მოუწოდებს უკრაინის მთავრობას, რომ ითანამშრომლოს ევროკავშირის ქვეყნებთან, გაუადვილოს ლტოლვილებს სამშობლოში დაბრუნება, გაუწიოს რეპატრიანტებს დახმარება ქონების აღდგენისა და სახლების მშენებლობის საქმეში, დაეხმაროს ბავშვებს რეინტეგრაციაში. ცენტრმა ასევე მოუწოდა ევროკავშირს, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინელებს მატერიალურად დაეხმაროს.

წყარო: https://www.bloomberg.com/news/articles/2023-09-05/more-ukrainians-who-fled-war-may-never-return-study-shows?srnd=premium-europe#xj4y7vzkg

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის