USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
ლევილის მამულის ტერიტორიაზე ქართული ვენახი გაშენდება
თარიღი:  826

ლევილის ქართველთა მამულის ტერიტორიაზე ქართული ვენახის გაშენებას და ღვინის კულტურის პოპულარიზაციისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება/ხელშეწყობას ისახავს მიზნად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და შპს “შატო ზეგაანს“ შორის გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და შპს “შატო ზეგაანის“ დირექტორმა ლიანა ზუბაშვილმა.

მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე და მოადგილე გიორგი მირცხულავა ესწრებოდნენ.

მემორანდუმს საფუძვლად უდევს 2016 წლის 23 სექტემბერს ხელმოწერილი სანოტარო აქტი, რომელიც ითვალისწინებს ლევილის მამულის პარკის მოვლა-განვითარებას, სადაც საპატიო ადგილს ქართული ჯიშის ხეები და ხეხილი დაიკავებს, ხოლო მიწის ერთ მონაკვეთზე უნდა გაშენდეს ქართული ვენახი.

ეროვნულ მუზეუმთან და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით, შპს “შატო ზეგაანი“ ლევილის მამულის ტერიტორიაზე ვენახის გაშენების მიზნით, უსასყიდლოდ, თავისი ფინანსური რესურსითა და პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს შესაბამის ღონისძიებებს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საკუთარი დარგობრივი კომპეტენციის ფარგლებში მეთოდურ დახმარებას და კონსულტაციას გაუწევს შპს “შატო ზეგაანს“ და ეროვნულ მუზეუმს.

ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

საზოგადოება
დღეს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის