ლევან მურუსიძის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ცდილობდა გავლენა მოეხდინა მოსამართლეებზე, რათა შემდგომ ამ მოსამართლეებისგან სასამართლო სისტემაში დაპირისპირება მომხდარიყო.
„ეს წლების განმავლობაში გრძელდება. რეალური მიზეზი არის სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება. დასაწყისში მცდელობები იყო ჯერ არასამთავრობო სექტორის მეშვეობით, შემდგომ ამაში ჩაერთნენ პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად წერდნენ ე.წ. სასამართლო კლანზე და ამზადებდნენ პოზიციებს, მაგრამ აღნიშნულ შედეგს ვერ მიაღწიეს, ვერ მოხდა სასამართლოს ხელში ჩაგდება და მიტაცება.
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, საელჩოს ყოველთვის ჰქონდა მცდელობა, რომ სასამართლო სისტემა გაეკონტროლებინა. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მიიღეს. რატომ უნდა გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა ამის მაგალითს მოგიყვანთ.
ქალბატონი დეგნანი კონკრეტულ საქმეებზე რამდენჯერმე გამოდიოდა და ამბობდა, რომ სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე არის უკანონო და არ არის დასაბუთებული. ჩემთვის ყოველთვის გასაკვირი იყო, ელჩი რატომ უნდა ერეოდეს კონკრეტულად საქმეებში, მაგრამ ზუსტად აქ ჩანდა მისი მიზანი. რეალურად, ამ დასანქცირებით, სასამართლო სისტემას გაეგზავნა მესიჯი და ეს მესიჯი მდგომარეობს შემდეგში - თუ მოსამართლეები არ გაითვალისწინებენ ელჩის და საელჩოს პოზიციებს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და არ მიიღებს მოსამართლე იმ გადაწყვეტილებას, რაც ელჩისთვის არის მისაღები და რაც მის პოლიტიკას შეესაბამება, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით იმ მოსამართლეებს, რომლებიც დავასანქცირეთ. ამის მაგალითი არის ლაშა ჩხიკვაძის მაგალითი, რომელმაც კონკრეტულ საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, მას შეხვდნენ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები, მოსთხოვეს კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის ჩაბარება და სანქციის სახით მის მიმართ გამოიყენეს ის, რომ აშშ-ში არ წაიყვანეს.
ჩემთან წლების განმავლობაში მოდიოდნენ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათთვის სასურველი იქნებოდა ყოფილიყო ესა და ის მოსამართლე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ყოფილიყო ესა და ის გადაწყვეტილება, კონფერენცია ჩატარებულიყო ამა და ამ დღეს, ამის მტკიცებულებებიც მაქვს. შესაბამისად, როცა ამას საჭიროდ ჩავთვლი, როდესაც კონკრეტული ჩარევები ხდებოდა აშშ-ს მხრიდან, საჭიროების შემთხვევაში საზოგადოება ამასაც ნახავს. დაასანქცირეს ოჯახის წევრები. რეალურად, ახლა ხდება მორალური ტერორი საელჩოს მხრიდან. ქალბატონი ელჩი დადიოდა სასამართლო სასამართლო, ხვდებოდა მოსამართლეებს, რაც მიმაჩნია, რომ წარმოუდგენელია. შესაბამისად, ცდილობდა მისი გავლენები მოეხდინა სათითაოდ მოსამართლეებზე და შემდგომ ამ მოსამართლეებისგან მომხდარიყო სასამართლო სისტემაში დაპირისპირება“,-განაცხადა მურუსიძემ.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/