რეზო შატაკიშვილი
ამოდის მზე. შვილი დედის მეზობლებს აგებინებს დედის დაღუპვის ამბავს.
მიუხედავად იმისა რომ მოხუცი ქალიც დიდი არტისტია და შვილიც, ეს არც სცენაზე ხდება და არც გადასაღებ მოედანზე, მათ წინ არც პარტერია და არც კამერა. აქ ყველაფერი ნამდვილი და ტრაგიკულია.
მიუხედავად იმისა რომ დედა ელენე ყიფშიძეა, ქალი-ლეგენდა, ის ნამდვილად კვდება და შვილი – ზურა ყიშიძე, რომელსაც არაერთხელ ჰყავს ატირებული მაყურებელი, თავად ტირის ნამდვილი და არა გლიცერინის ცრემლებით.
ისინი არასოდეს მდგარან სცენაზე ერთად, ისინი მხოლოდ ცხოვრებაში იდგნენ ერთად.
ელენე ყიშშიძე – ჩემი თაობისთვის ზურას დედა, დღევანდელი თინეიჯერებისთვის “ყიფშოს” – გიორგი ყიფშიძის ბებია. თუმცა იყო დრო ზურა იყო “ლენას ბიჭი”.
ელენე ყიფშიძე – სცენაზე ფეხის ადგმის დღიდან მითიური არტისტი.
იყო მითიური და იქით ამსხვერვდა მითებს, მითს იმაზედ რომ პოპულარობა მხოლოდ კინოს მოაქვს, რომ თეატრი უძლურია დიდი პოპულარობისთვის. ის არ გააკარეს ქართულ კინოს, სულ რამდენიმე ეპიზუდური როლი ითამაშა კინოში, მაგრამ იყო პოპულარული, ისე პოპულარული რომ ამ დონის პოპულარობა ბევრ კინოვარსკვლავს არც დასიზმრებია. ის იყო არტისტი რომლის გულისთვისაც დადიოდნენ თეატრში, იყო ქალი, რომლის მჩქეფარე პირადი ცხოვრება აღელვებდა ყველას, მასზე თხზავნდნენ მითებს, ჭორისა და სინამდვილის კოქტეილს, სახელად “ლენას” სვამდა ყველა, მას მთელი ცხოვრება თან სდევდა მითიური შლეიფი, რომელიც თან ჩაიტანა სამარეში. დასრულდა მისი სცენიური და ამქვეყნიური სიცოცხლე, მაგრამ არ დასრულდა ლეგენდა ლენაზე.

1925 წელს, ილია ჭავჭავაძის მარჯვენა ხელისა და თანამებრძოლის გრიგოლ ყიფშიძის ვაჟს – ვასილ ყიფშიძეს ნაბოლარა ქალიშვილი შეეძინება. ელენე მეხუთე შვილია. მაგრამ ლენაჩკას შინ ორი და – ნინა, ქეთო და ერთი ძმა გიგა ხვდებიან. უფროსი ძმა – ზურიკო უკვე დაღუპულია.
პატარა ლენა ბავშვობიდან სცენაზეა, ბალეტითაა გატაცებული.
ზურა ყიფშიძე: “კოტე მახარაძე და დედაჩემი “შჩელკუნჩიკში”ცეკვავდნენ სოლოს, ერთ-ერთ დიდ პარტიას, მოსკოვშიც იყვნენ გასტროლებზე, ლენა დიდ თეატრშია ნაცეკვი, ბებიაჩემი ყოფილა მეცხრე ცაზე – “ნაშა ლენაჩკა ტანცუეტ ბალშომ ტეატრე… “
ყველას ჰგონია რომ ლენა ბალერინა გახდება, მაგრამ ის ბავშვობასთან ერთად ემშვიდობება ბალეტს და მსახიობი ხდება, 1948 წელს თეატრალურ ინსტიტუტს ამთავრებს და მარჯანიშვილის თეატრში იწყებს მოღვაწობას. აღიარებას მალევე იხვეჭს, “ხარატანთ კერაში” მისი განსახიერებული ნუცკია ქართული თეატრის ისტორიაში ინაღდებს ადგილს.

სცენაზე იმარჯვებს, ცხოვრებაში მარცხდება – პირველი ქორწინება დაშორებით სრულდება.
ზურა: “დედას პირველი მეუღლე იყო ეროსი მანჯგალაძე, სტუდენტობისას ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაქორწინდნენ, მაგრამ ვერ აეწყო მათი ურთიერთობა, დაშორდნენ, ეროსის ცოლი აღარც მოუყვანია. ის კი არა, მახსოვს, ეროსის დამ დაწერა გაზეთში, სიცოცხლის ბოლომდე ლენა უყვარდა ეროსისო”.
მალე სრულიად ახალგაზრდა, 27 წლის ლენა ცხოვრებაში მთავარი როლის თამაშს იწყებს – დედა ხდება. შვილს უმამოდ აჩენს, ბიჭს ზურას არქმევენ, უდროოდ დაღუპული ბიძის სახელს. პატარა ზურას გვარს და მამის სახელს ბაბუა აძლევს. ამ თამამი (იმ დროისათვის მითუმეტეს) ნაბიჯის გადადგმას ლენას ოჯახში არ უშლიან, არ ეწინააღმდეგებიან.
ზურა: “ბავშვის მოშორებაზე მე მგონი არც ყოფილა საუბარი, არ ვიცი შეიძლება მე არ მეუბნებიან, მაგრამ მე ეს არასოდეს მიგვრძნია მათგან. პირიქით ბაბუის სახელი მიწერია მამის სახელად. საერთოდ, ისეთი ოჯახი იყო არა მგონია ბავშვის მოშორებაზე ყოფილიყო ლაპარაკი”.
დაიბადა ზურა და მასთან ერთად დაიბადა მითიც – რომ ზურა ეროსის ბიჭია. ამ მითის თვითონ ზურასაც სჯერა კარგა ხანს. უფრო სწორად არ იცის ვინაა მამა, მართლა ეროსი? თუ სხვა? იზრდება ქალების – დედის, ბებიის, დეიდების გარემოცვაში.
ბიძას, გიგა ყიფშიძეს, პოლიტკურზე იჭერენ და აციმბირებენ.
ზურა: “გიგა 24 წლის ასაკში უკვე სევასტოპოლის მთავარი არქიტექტორი იყო. რესტორანში, მთვრალმა დანით ხრუშოვის სურათი დახია, ისევ ქართველებმა “ჩაუშვეს” და გაუშვეს ციმბირში, სადაც ჭაბუა ამირეჯიბი იჯდა. მოსკოვში ოლიმპიადა იყო, ლენა თამაშობდა იქ და ხშრუშოვის ბანკეტზე დაპატიჟეს, ხრუშოვის ხელმოწერილი მოსწავევით კი ლენა ძმასთან წავიდა კოლონიაში, კოლონიის უფროსი გაგიჟდა – გრიშკა ხრუშოვის სურათის დახევის გამო ზის და იმის დას ხრუშოვი საქეიფოდ პატიჟებსო…”

ზურიკო კი იზრდება. ლენამ არ იცის, რომ ქართველები მის ბიჭსაც “ჩაუშვებენ” მომავალში, “ჩაშვება” ჯერ ადრეა, ზურიკო ჯერ უნდა გაიზარდოს, მოსკოვში წავიდეს სასწავლად…
ზურა: “დედაჩემს გაუთავებლად სპექტაკლები, რეპეტიციები, გასტროლები ჰქონდა… პირადი ცხოვრება – არეულ-დარეული, ძირითადად დეიდები მივლიდნენ, ასე მეუბნებოდნენ – სამი დედა გყავსო. ისინიც მუშაობდნენ, ერთი უნივერსიტეტში ფიზიკას ასწავლიდა, მეორე ინგლისურს სკოლაში. მეტწილად ბებიასთან ვიყავი და სკოლაში რომ წავედი ქართული არ ვიცოდი საერთოდ, ბებია ნახევრად პოლონელი, ნახევრად “კაზაჩკა” რუსი იყო. ყველაზე ნაკლებად დედაჩემს მიუძღოდა ჩემს გაზრდაში წვლილი, მაგრამ მე მაინც ყველაზე მეტად დედა მიყვარდა. ეს აღიზიანებდათ “ზოგ-ზოგიერთებს”, იყო ერთი ეჭვიანობა…”

ბიჭს უყვარს დედა სიგიჟემდე, ყველაფერი თითქოს კარგადაა, მაგრამ განიცდის უმამობას, ნაცნობ-უცნობების ალმაცერ მზერას და დამოკიდებულებას. პატარა ხელებით იმკის დედის თამამი ნაბიჯის შედეგს. საზოგადოებას ჯერც სისხლში აქვს გამჯდარი რომ ბავშვი “ზაქსში” ხელმოწერერის შემდეგ უნდა გაჩნდეს.
ზურა: “სასწაული პრესი იყო, ფაქტიურად ნაბიჭვრად მთვლიდნენ და ასე შემდეგ… განვიცდიდი ამას ჩემებურად, მაგრამ რატომღაც შინაგანად ვიცოდი და მჯეროდა, ინტიუციით ვგრძნობდი რომ დედაჩემი მართალი იყო თავის ცხოვრებაში, სწორად ცხოვრობდა. მე მაღიზიანებდა და კონფლიქტი მქონდა საზოგადოებასთან და არა დედაჩემთან… რამდენიმე წელი მის მეუღლესთან, ბონდო მაჭავარიანთან ერთად ვცხოვრობდი, რახან დედას ეს უნდოდა…”

მითი ეროსის ბიჭობაზე გარდატეხის ასაკში იმსხვრევა. ბიჭი მამას პოულობს და ის სულაც არაა ეროსი მანჯგალაძე.





















