სხვადასხვა წყაროებში გაფანტული ღვინოსთან დაკავშირებული ბევრი ძველი ამბავი, უმეტეს შემთხვევაში, ლეგენდა უფროა, ვიდრე რეალობა. თუმცა, თითქმის ყველა ძველი ისტორიკოსი თავს ვალდებულად მიიჩნევდა, რომ ამა თუ იმ მეფის ცხოვრების აღწერისა და საერთოდ მათ ეპოქაზე საუბრისას, იმდროინდელი ნადიმის სცენებიც აღეწერათ და თითქმის ყველგან ჩანს, რომ მემატიანეს მიერ ამ ამბების თხრობის მთავარი მიზანი, ნადიმებზე არსებული ღვინის ქებათა-ქებაა.
ღვინის განსაკუთრებული სიყვარულით კახეთის მეფეები და თავადები გამოირჩეოდნენ. ზოგიერთზე არსებობს დაუჯერებელი ლეგენდები, რომ თითქოს, 30 და მეტ ლიტრ ღვინოს სვამდნენ, რაც ნაკლებად სარწმუნოა. ერთი ლეგენდის თანახმად, კახეთის პირველ მეფეს, გიორგი მერვეს, სატახტო ქალაქიდან ახლოს მდებარე სოფლამდე თიხის მილი გაუყვანია, საიდანაც ნადიმების დროს ღვინო მოედინებოდა და მოქეიფეები ეგრევე მილიდან ივსებდნენ ჭიქებს. ეს ყველაფერი დაუჯერებელია, მაგრამ თუკი ჩვენი ქვეყნის ისტორიას გადავხედავთ, ღვინოსთან დაკავშირებულ ამაზე ბევრად საინტერესო ლეგენდებსაც წავაწყდებით.
ყველამ კარგად იცით ლეგენდა კავკასიონზე მიჯაჭვულ ამირანზე. ამ ლეგენდას მთელს მსოფლიოში მრავალი ინტერპრეტაცია აქვს, მაგრამ მე სვანეთში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინტერპრეტაცია მოვისმინე. სვანეთში არსებობს ერთი ძალიან პატარა მთა, რომელიც მეტად უცნაური ფორმისაა და იმერულ მოგრძო ჭურს ჰგავს. სვანური ლეგენდის მიხედვით, ზევსმა ამირანი (პრომეთე) როდესაც დასაჯა, ბოლომდე მაინც არ გასწირა და სწორედ ამ კლდეზე მიაჯაჭვა.
ეს კლდე იყო ღვინით სავსე უზარმაზარი ჭური, რომელიც მუდამჟამს ღვინით იყო სავსე და ამირანი ასწლეულების მანძილზე ამ უზარმაზარი ქვევრიდან მწვეთავი ღვინის წვეთებით საზრდოობდა. ამირანის შესახებ არსებულ, ხშირად ურთიერთგამომრიცხავ ლეგენდებს შორის, ეს მთა-ჭურის ლეგენდა ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია მართლაც უძველესია.კლდეზე მიჯაჭვულ ამირანზე შექმნილი ლეგენდის სვანური ინტერპრეტაციით, ადამიანს საზრდოდ მხოლოდ ღვინის წვეთების მიღებამაც კი შეიძლება შეუნარჩუნოს სიცოცხლე.
ნებისმიერი ადამიანი იტყვის, რომ მსგავსი რამ მხოლოდ ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება. თუმცა, ღვინის საოცარი ძალის შესახებ არსებობს კიდევ ერთი, ამჯერად უფრო დამაჯერებელი ამბავი-ლეგენდა, რომელიც მართლმადიდებლურ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე დიდ წმინდანს, სვიმეონ მესვეტეს უკავშირდება.
სვიმეონ მესვეტემ ამა ქვეყნიდან განდგომის შემდეგ, ათეულობით წელიწადი ქვის სვეტზე, ფეხზე მდგომმა გაატარა. მის საკვებს მხოლოდ პურის მცირეოდენი ნამცეცები შეადგენდა, რომელსაც წმინდა სვიმონი ღვინოში ასველებდა და ისე ჭამდა. სვიმონ მესვეტის უდავოდ საოცარი გამძლეობის მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, რწმენაა. მაგრამ, ნუ დავივიწყებთ ღვინის საოცარ თვისებებსაც, რომელმაც წმინდანს სიცოცხლე ათწლეულების მანძილზე შეუნარჩუნა.
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.