USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
თბილისი
«Sky News» (დიდი ბრიტანეთი): „დასვლეთი ისევ მხარს უჭერს უკრაინის კონტრშეტევას, მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკის საბოლოო მიზნების მიმართ სკეპტიციზმი მატულობს“
თარიღი:  397

ბრიტანულმა ტელეარხმა „სქაი ნიუსმა“ (Sky News) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სამხედრო ანალიტიკოსის შონ ბელის სტატია სათაურით „დასავლეთი ისევ მხარს უჭერს უკრაინის კონტრშეტევას, მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკის საბოლოო მიზნების მიმართ სკეპტიციზმი მატულობს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დასავლეთი ერთიანი იყო უკრაინაში რუსეთის არმიის უკანონო შეჭრის დაგმობაში. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ არის, ალიანსის წევრებმა კიევს უპრეცედენტო სამხედრო დახმარება გაუწიეს რუსეთის აგრესიის მოსაგერიელებლად.

მაგრამ ომის სტაგნაციის გათვალისწინებით, ემთხვევა თუ არა ისევ უკრაინისა და დასავლეთის სტრატეგიული მიზნები ერთმანეთს? და თუ აღარ ემთხვევა, რა იქნება შემდეგ?

ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ პოლიტიკური რიტორიკის მიუხედავად, ქვეყნების უმრავლესობას თავიანთი საკუთარი ვიწროსპეციფიკური ინტერესები ამოძრავებთ.

ისიც ყველამ იცის, რომ ომები მთელ დედამიწაზე ბობოქრობენ, მაგრამ მათ უმრავლესობაში საერთაშორისო საზოგადოება იარაღით და სამხედრო ძალით იშვიათად ერევა.

ისმება კითხვა: მაშ რატომ უჭერს მხარს დასავლეთი იმ ქვეყანას, რომელიც ნატოს წევრი არ არის, თანაც გლობალური პანდემიის შემდეგ, შიდაეკონომიკური კრიზისისა და ცხოვრების გაძვირების პირობებში?

რუსეთი უკვე დიდი ხანია ისეთ ქვეყანად არის შერაცხული, რომელიც დასავლეთის ინტერესებისათვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, თავდაცვითი ბიუჯეტებიც შესაბამისი სახით იქნა ფოკუსირებული.

საბჭოთა კავშირის დამამცირებელი დაშლის შემდეგ ვლადიმერ პუტინი შეეცადა, რომ ამჯერად უკვე რუსეთის „ძველი დიდება და გავლენა“ აღდგენილიყო, ქვეყანა ზესახელმწიფოდ გადაქცეულიყო და ნატოს გაფართოებისათვის წინააღმდეგობა გაეწია.

ნავთობისა და ბუნებრივი გაზის დიდი რეზერვებმა რუსეთის ეკონომიკური ძლიერების საფუძველი უზრუნველყო, ხოლო დასავლეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დონით „მიბმა“ რუსულ ენერგომატარებლებზე ვლადიმერ პუტინს გაბედულებას მატებდა.

არავინ არ ელოდებოდა რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრას, მაგრამ როცა შეიჭრა, რუსეთის დიდი ზომის მიუხედავად, შედარებით პატარა უკრაინა მას გმირულ და ეფექტურ წინააღმდეგობას უწევს.

როცა რუსეთის წინსვლა შეჩერებული იქნა, დასავლეთმა თავის სამომავლო ვარიანტებს გადახედა. რადგანაც უკრაინა ჩრდილატლანტიკური ალიანსის წევრი არ იყო, დასავლეთს ნამდვილად არ ჰქონდა სურვილი რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში ჩაბმულიყო.

მაგრამ იმავდროულად რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე ევროპისთვის პირდაპირ მუქარას წარმოადგენს და თუ უკრაინა დამარცხდება, რა იქნება შემდეგ?

დასავლეთს არ შეეძლო იმის დაშვება, რომ რუსეთს უკრაინა დაემორჩილებინა. საღმა აზრმა სტიმული მისცა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაეწია.

რა არის დასავლეთის უკრაინისადმი დახმარების მიზანი? - ის, რომ ევროპას რუსული საფრთხე და მუქარა თავიდან ააცილოს. რაში გამოიხატება უკრაინის ინტერესები და მიზნები? - რუსეთის მიერ ოკუპირებული საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებაში

სხვადასხვა მიზნებია, მაგრამ ერთმანეთთან საკმაოდ შეთანხმებული, რათა ერთიანი ფრონტი შექმნილიყო რუსეთის ძალადობრივი მოქმედების წინააღმდეგ.

ომის მიმდინარეობის კვალობაზე რუსეთის არმია საკმაოდ „შეიფერთხა“, გამომჟღავნდა მისი შიდა სისუსტეები: რუს სამხედროებს ათწლეულები დაჭირდებათ ძალების აღდგენისა და გადაიარაღებისათვის.

დასავლურმა სანქციებმა რუსეთის ეკონომიკას ზიანი მიაყენა. რუსეთი მსოფლიო არენიდან გარიყული აღმოჩნდა, ხოლო მის პრეზიდენტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბრალდებები წაუყენა და დაპატიმრების ორდერი გასცა.

ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა საეჭვო კომერციული გარიგებები დაედო ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან, იარაღის ყიდვის მიზნით, რათა სამხედრო მოქმედებები გაეგრძელებინა. პარალელურად ნატო გაფართოვდა - კრემლის სურვილების საწინააღმდეგოდ. ფაქტიურად, სწორედ რუსეტის აგრესიამ დააჩქარა ალიანსის გაფართოება.

და პუტინი თავისი ავტორიტეტის დაცემის ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დადგა, ევგენი პრიგოჟინის ამბოხების გამო.

სიტუაცია იმ წერტილამდე მივიდა, რომ რუსეთი ევროპისათვის რეალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ამ ომში დასავლეთმა, შეიძლება ითქვას, თავის სტრატეგიულ მიზანს მიაღწია. დადგა დრო, რომ დასავლეთის დემოკრატიულმა მთავრობებმა საკუთარ ქვეყნებს მიხედონ, საკუტარ მოსახლეობას ცხოვრების გაძვირება შეუმსუბუქონ, შეარჩიონ შიდა პრიორიტეტები და იარაღის მარაგი შეივსონ.

მაგრამ უკრაინა ისევ ომობს, რათა რუსეთის ჯარები თავისი ტერტორიიდან გააძევოს. რა ქნას დასავლეთმა, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა და, შესაბამისად, ომის ესკალაცია?

„სი-ენ-ენის“ მიერ ჩატარებულმა ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების უმრავლესობა წინააღმდეგია, რომ კონგრესი დათანხმდეს უკრაინისათვის დამატებითი ფინანსების გამოყოფას, რუსეთთან ომის გასაგრძელებლად. მეტ-ნაკლებად მსგავსი მდგომარეობაა სხვა ქვეყნებშიც. თუმცა დასავლელი პოლიტიკური ლიდერები საჯაროდ აცხადებენ, რომ არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს იმაში, რომ ისინი უკრაინას, „რადაც არ უნდა დაუჯდეთ“, მაინც მხარს დაუჭერენ.

დიახ, გასაგებია. მაგრამ მკაცრი რეალობა ისაა, რომ უკრაინისა და მისი მხარდამჭერ-მოკავშირეთა მიზნები ერთმანეთს აღარ ემთხვევა.

ამრიგად, „რა რჩებათ ხელში“ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინას?

რა თქმა უნდა, დასავლეთში კონტრშეტევის წარმატებისადმი იმედი ისევ არსებობს, მაგრამ უახლოეს პერსპექტივაში სკეპტიციზმი და ეჭვები მოიმატებს - მიღწევადია თუ არა საერთოდ ვოლოდიმირ ზელენსკის საბოლოო მიზნები და ილუზია ხომ არ იქნება ამ მიზნებისადმი მხარდაჭერა?

ევროპისათვის აუცილებელია უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უკრაინისათვის კი დანგრეული ეკონომიკის აღდგენა, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემის მოგვარება.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავი გამოჩინა როგორც სამხედრო პერიოდის დიდმა ლიდერმა, მან განახორციელა საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაცია უკრაინის გადასარჩენად. მაგრამ ახლა უდიდესი სახელმწიფოებრივი სიბრძნის გამოჩენაა საჭირო დამოუკიდებელი, აყვავებული და თავისუფალი უკრაინული სახელმწიფოს საფუძვლების შექმნისათვის.

ბევრ უკრაინელს სურს, რომ მტერი საკუთარი ტერიტორიიდან გააძევოს. ეს უკრაინის უფლებაა, იბრძოლონ მომავლისათვის და ეროვნული ინტერესების რეალიზებისათვის.

რა თქმა უნდა, ამას ისევ ნგრევა და სისხლისღვრა მოჰყვება. მსხვერპლი მოიმატებს, უამრავი ადამიანი გაწამდება და ტანჯვა შთამომავლობას მემკვიდრეობით გადაეცემა.

როგორია ომისა და მშვიდობის ფასი? რომელი უფრო მისაღებია?

ეს თვითონ უკრაინელებმა უნდა განსაზღვრონ.

წყარო: https://news.sky.com/story/the-west-remains-committed-to-ukraines-counteroffensive-but-theres-scepticism-over-zelenskyys-ultimate-objectives-12957480

 

ანალიტიკა
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.