USD 2.6935
EUR 2.9925
RUB 2.9961
თბილისი
კულტურის სამინისტრო კინოცენტრში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თარიღი:  702

განცხადება კინოცენტრში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებასა თუ სოციალურ ქსელში ბოლო დღეების მანძილზე სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (კინოცენტრი) გარშემო ატეხილ სრულიად უსაფუძვლო აჟიოტაჟს, რომელმაც კამპანიური ხასიათი მიიღო და ემსახურება საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიზანმიმართულად მიწოდებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, სწორედ კინოცენტრს აყენებს მნიშვნელოვან ზიანს.

მიმდინარე რეორგანიზაცია და სამომავლო რეფორმა 2023 წლის 10 ივნისს, კინოცენტრში გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელიც 12 ივლისს დასრულდება და სისტემის რეფორმის პირველ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. მოცემული რეორგანიზაციის მიზანია, კინოცენტრის არსებული მენეჯმენტისა და ბიუროკრატიული პროცესების გაჯანსაღება/გამარტივება კინოხელოვანთა და კინოს ინტერესების გათვალისწინებით, ხოლო რეფორმა, რომლის კონკრეტული შინაარსიც რეალურად საქმით დაინტერესებული პირებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ უნდა განისაზღვროს, გულისხმობს დღეს არსებულ ფინანსური მართვის სისტემაში ხარვეზების აღმოფხვრა-გაუმჯობესებას, სახელმწიფო თანხების ხარჯვის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის მიღწევას, ასევე, ნეპოტიზმის აღმოფხვრას, კონკურსების გამართული და მეტად სამართლიანი მოდელის დანერგვას, საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კინოს კიდევ მეტად წარმოჩენას, კერძო ინვესტორების მოზიდვაში ხელოვანთა მხარდაჭერას, კოპროდუქციებისათვის ხელშეწყობას, ახალი თაობის კინოხელოვანთა ხელშეწყობას და, საბოლოო ჯამში, კინოცენტრის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებას.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, არასერიოზულად გამოიყურება ზოგიერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს კინოცენტრის რეფორმა და მისი გაძლიერების პრიორიტეტი კინოს დარგში ცენზურას ისახავდეს მიზნად. მოცემულ უსაფუძვლო განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესის ნაწილია და ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის ოფისში ქართული კინოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული ნაბიჯია, თავის მართლებას არავინ აპირებს არც ახლა და არც - მომავალში.

როგორც 2023 წლის 7 ივნისს წარადგინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მის მიერ 2022 წელს დარგის მოწვეული სპეციალისტების მიერ შემუშავებული სახელოვნებო განათლების რეფორმა ფართო საზოგადოების წინაშე დისკუსიისათვის, ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. სამინისტრო კინოხელოვანებთან შეხვედრების სერიას ზუსტად ისევე გამართავს, როგორც ეს მოხდა თეატრის შესახებ კანონისა და სახელოვნებო განათლების რეფორმების შემთხვევაში, როდესაც, არაერთი თვის მანძილზე, დარგის სპეციალისტების ჩართულობით შექმნილი ჯგუფები სამინისტროსთან ერთად მუშაობდნენ არაერთი საჭირბოროტო საკითხის გადასაჭრელად. მხოლოდ, კინოს შემთხვევაში, პირველ ეტაპზე, საჭიროა, თავად კინოცენტრს სურდეს რეფორმა ქართული კინოს ინტერესების გათვალისწინებით, იყოს ამისათვის მზად და, საკუთარი თავით ტკბობის ნაცვლად, საკუთარი თავის ჩაყენება თანაბრად სურდეს ყველა თაობის კინოხელოვანის სამსახურში მის ხელთ არსებული ფინანსური, ბიუროკრატიული, საერთაშორისო და სხვა რესურსით. ვთვლით, რომ ტელეფონით და მეგობრობით მოგვარებული საქმეები არ არის მდგრადი სისტემა და ამგვარი სისტემის არარსებობა ზიანს აყენებს ქართულ კინოსა და შემოქმედებით თავისუფლებას. მოცემულ და სხვა თემებზე კონსტრუქციული დიალოგისათვის, სამინისტრო სხვადასხვა დაინტერესებულ პირთან და პირთა ჯგუფთან სამუშაო შეხვედრებს მიმდინარე კვირის ბოლოს დაიწყებს.

კინოცენტრის დროებითი მმართველი ზემოხსენებული რეორგანიზაციის პროცესში, რომელიც სამომავლო რეფორმის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ აუცილებლად ჩათვალა დროებითი მმართველის სახით, კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის ტექნიკურად შესრულება სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის, ბატონი კობა ხუბუნაიასათვის ეთხოვა. უნდა აღინიშნოს, რომ ვერც სამინისტროსათვის, ვერც მინისტრისა და ვერც კობა ხუბუნაიასათვის უარყოფითი ეპითეტები ზემოაღწერილი რეფორმის გზაზე შემაფერხებელი ფაქტორი ვერ იქნება. ამასთან, გარდა უარყოფითი ეპითეტებისა და შეურაცხყოფისა, ბოლო დღეებში, გაისმა განცხადება იმასთან დაკავშირებითაც, რომ თითქოს კობა ხუბუნაია ციხეში მუშაობდა ბადრაგად.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საჯაროდ უდასტურებს პატივისცემას ყველა იმ ბადრაგს (ესკორტის ოფიცერს), პენიტენციური სისტემის კონტროლიორს, სამედიცინო პერსონალსა და ნებისმიერ სხვა თანამშრომელს, რომლებიც, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, სამაგალითო სტანდარტით იცავენ პატიმრების უფლებებს ჩვენს პენიტენციურ დაწესებულებებში. სწორედ მათი შრომის შედეგია ის, რომ ქართულმა პენიტენცურმა სისტემამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

შესაბამისად, დღეს უწოდო ვინმეს ბადრაგი, ჩვენს თვალში მხოლოდ კომპლიმენტია. ეს სიტყვა კომპლიმენტად არ ითვლებოდა მაშინ, როცა, 2012 წლის ოქტომბრამდე, ქართულ ციხეებში სისტემური დანაშაული, მათ შორის, პატიმრებზე ძალადობა და წამება იყო გამეფებული და საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილეები, პროკურატურისა და სასჯელაღსრულების სისტემების მეშვეობით, პირდაპირ ძალადობდნენ ქართველ ხალხზე.

ერთ-ერთი ასეთი მოადგილის უშუალო გარემოცვის წარმომადგენელი, დღემდე მართავს კინოცენტრს კინოსა და შემოქმედებითი თავისუფლებისათვის მიუღებელი მეთოდებით, რის გამოც, მისი თანამდებობიდან გათავისუფლება კინოცენტრში „ცენზურის“ ან კიდევ ადამიანის უფლებების დარღვევად ვერ იქნება აღქმული. ასევე ვერ იქნება დაწუნებული ის ნაბიჯი, რომელიც კინოცენტრის მმართველობით რგოლში დრომოჭმული, ე.წ. სამინისტროს კვოტის გაუქმებას გულისხმობს.

რეორგანიზაციის მიზანიც სწორედ ეს არის.

დავუბრუნდეთ ბატონ კობა ხუბუნაიას, რომელსაც, დღეს უკვე კომპლიმენტად ქცეული სიტყვა ბადრაგი არ შეეფერება, რადგან მსგავს პოზიციაზე არასოდეს უმუშავია.

ბატონი კობა ხუბუნაია 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებს და მისი ამ თანამდებობიდან გათავისუფლება არ იგეგმება. შესაბამისად, ის დიდხანს ვერ შეასრულებს კინოცენტრში მისთვის ამჟამად დაკისრებულ ფუნქციებს.

სამინისტრო მადლიერია, რომ ის დათანხმდა, გარდამავალ პერიოდში, ტექნიკური და ამავდროულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული და ფინანსურ-ეკონომიკური ფუნქციები ეკისრა კინოცენტრში ამ უკანასკნელის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ქართული კინოს ზოგიერთ გულშემატკივარს განვუმარტავთ, რომ ბატონი კობა ხუბუნაია პროფესიით ეკონომისტია.

ის სხვადასხვა დროს გახლდათ ეკონომიკური სამსახურის მრჩეველი და ეკონომიკური სამსახურის უფროსი სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში, სააგენტოს უფროსის მოადგილე ეკონომიკური მიმართულებით სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, საფინანსო დეპარტამენტის უფროსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში და ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი საქმის ცოდნითა და პატიოსნებით.

მმართველობის ხარვეზები და კანონდარღვევები საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ ბატონი გაგა ჩხეიძის ხელმძღვანელობის პერიოდში, კინოცენტრში აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევები სამინისტრომ ჯერ კიდევ 2022 წლის 15 მარტს გაასაჯაროვა (იხილეთ: https://www.facebook.com/MinistryofCultureSportandYouth/posts/271407805175249) მანამდე კი, 14 მარტს, კინოცენტრის მაშინდელი დირექტორი, ბატონი გაგა ჩხეიძე, თანამდებობიდან გათავისუფლდა მის მიერ დაშვებული არაერთი კანონდარღვევის გამო და მისი საქმიანობის შესახებ აუდიტის დასკვნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნა შემდგომი რეაგირებისთვის. (იხილეთ: https://www.facebook.com/MinistryofCultureSportandYouth/posts/270841491898547).

ბატონი გაგა ჩხეიძის საქმიანობის შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები ეხებოდა, სხვებს შორის, ფინანსური სახსრების არასათანადო ხარჯვას, შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სისტემატური დარღვევის ფაქტებს, კონტროლის სისტემის ნაკლოვანებებს, ცალკეული კონკურსანტების მიმართ არაობიექტური და არასამართლიანი მიდგომის ფაქტებსა თუ ისეთ დარღვევებს, რაც მიუთითებდა კინოცენტრში არსებული მენეჯმენტისა და ფინანსური სისტემის სერიოზულ ნაკლოვანებებზე. შედეგად, საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოში დაიწყო გამოძიება (სს N 074020522803) კინოცენტრის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნებით. ამასთან, აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორებისა და მათი შემდგომში თავიდან აცილების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ კინოცენტრის მიმართ გაიცა 18 რეკომენდაცია.

თუმცა, ბოლო ერთი წლის მანძილზე, კინოცენტრმა ოთხჯერ მომართა სამინისტროს სამოქმედო გეგმის წარმოდგენისა და მათი შესრულების ვადების გადაწევის თხოვნით. ამჟამად, 7 მნიშვნელოვანი რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელია. საგულისხმოა, რომ შეუსრულებელ რეკომენდაციათა ნაწილი ეხება საექსპერტო კომისიების დაკომპლექტებას, კომისიის წევრთა შერჩევისა და მათ მიერ ობიექტური შეფასების კრიტერიუმებს. ცალკე და ღია მსჯელობის საგნად უნდა იქცეს დაუსრულებელი ფილმების თემაც.

მხოლოდ 2019 წლიდან 2021 წლის პირველ კვარტალში დაფინანსებული ფილმებიდან, შეჩერებულია 22 ფილმის წარმოება. ანალიზის შედეგად უნდა დადგინდეს მიზეზები და დაისახოს მათი აღმოფხვრის გზები. თუ აღმოჩნდება, რომ კინოცენტრში, წლების მანძილზე, ზოგიერთი გამარჯვებული პროექტის ბიუჯეტის არასათანადო შეფასება ხდებოდა, ან რეალური დასაბუთების გარეშე ან კიდევ ე.წ. ჩაწყობით ხორციელდებოდა მათი ჩაბარების ვადის არაერთგზის გადავადება თუ თანხის დამატება, უნდა დაინერგოს ისეთი სისტემა, რომელიც გამორიცხავს მსგავს ნაკლოვანებებს მომავალში.

თუ აღმოჩნდება, რომ დაუსრულებელი ფილმების სრული ოდენობა ან გარკვეული ნაწილი ობიექტური მიზეზების გამო ვერ დასრულდა, აუცილებელია, დაინერგოს მექანიზმი, რომელიც კინოცენტრს აქცევს ამგვარი პროექტების ხელშეწყობის ინსტრუმენტად და არა - ავტომატურად ჯარიმების დამრიცხველ ორგანოდ. კინოცენტრის თანამშრომლები რეორგანიზაციის პროცესში, კინოცენტრში დასაქმებული ყველა თანამშრომელი მიმდინარე წლის 12 ივლისამდე ირიცხება თანამშრომლად და, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი, ამბოხის მოტივით, არ ასრულებს დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს, ყველა მათგანი შესაბამის გასამრჯელოს შეუფერხებლად იღებს. ა

რცერთ თანამშრომელს არ ჰქონია და არ აქვს რაიმე სახის შეზღუდვა საკუთარი საქმიანობის განხორციელებასა თუ შენობაში შესვლასთან დაკავშირებით. ამის მაგალითია, თუნდაც, ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამჟამინდელი უფროსი ბატონი კონსტანტინე ჩლაიძე, რომელსაც რეორგანიზაცია საერთოდ არ ეხება, ის ამის შესახებ ინფორმირებულია, მაგრამ, ტელევიზიების დასანახად, მაინც კარზე აკაკუნებს. კადრს მიღმა კი, ბატონი კონსტანტინე ჩვეულებრივ შედის კინოცენტრში და აქვს აქტიური კომუნიკაცია ბატონ კობა ხუბუნაიასთან.

ასევე გაუგებარია ერთ-ერთი მოქმედი თანამშრომლის, ბატონი ლევან აბდუშელიშვილის კარზე კაკუნი, რომელსაც, ამჟამად არა ერთი, არამედ ერთდროულად ორი პოზიცია უჭირავს კინოცენტრში და ორივე პოზიციაზე სამუშაოდ კინოცენტრის კარი მისთვის კაკუნის გარეშეც ღიაა. თუმცა, 12 ივლისიდან, მას მოუწევს მხოლოდ ერთ პოზიციაზე მუშაობა გამართული მენეჯმენტის პრინციპიდან გამომდინარე, რაც, სავარაუდოდ, უნდა იყოს მისი გაღიზიანების მიზეზიც. ვფიქრობთ, მსგავსი თანამშრომლების მხრიდან უსაფუძვლო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კონკურსების გამოცხადება მოხდება კონკრეტული თემების მითითებით, რომ თითქოს კინოცენტრი გახდება ხალხისთვის ჩაკეტილი ორგანიზაცია და მსგავსი მითების ტირაჟირება საკუთარი შეცდომების გადაფარვას უფრო ემსახურება, ვიდრე კინოცენტრსა და ქართულ კინოზე ზრუნვას, რისთვისაც თითოეულ მათგანს მრავალი წელი ჰქონდა.

ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორია აღმაშენებლის გამზირზე

ქართული კინოს მომავლითა და ბედით რეალურად დაინტერესებული მოქალაქეებისთვის გვსურს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ქართული კინოს მხარდაჭერა და კინოინდუსტრიის აღორძინება, ასევე, ეროვნული კინოცენტრის რეპუტაციის ამაღლება სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. კინოხელოვნების ხელშეწყობა რომ სამინისტროსათვის მხოლოდ კინოცენტრის გაძლიერება არაა, ამის ნათელი მაგალითია თბილისში, დ. აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიის შენარჩუნებასა და განვითარებაზე მუშაობა.

დაახლოებით 4 ჰექტარ ტერიტორიაზე სწორედ კულტურის მინისტრის ინიციატივით 2022 წლიდან მასშტაბური ინფრასტრუქტურული განახლება მიმდინარეობს. 2021-2023 წლებში ამ მიზნით გამოყოფილი ბიუჯეტი 6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. 2021 წლის ივლისში, როდესაც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მოცემული სახელმწიფო ქონება მართვაში კულტურის სამინისტროს გადმოეცა, ჩამოქცევის პირას მყოფი უნიკალური ისტორიის მქონე კინოსტუდიის ტერიტორიაზე 70-მდე კომპანია საქმიანობდა.

არაერთ მათგანს ფართი საბაზრო ღირებულებაზე რამდენჯერმე დაბალ ფასად ჰქონდა მიქირავებული, რამაც ქართულ კინოს მიუღებელი შემოსავლების სახით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. მოიჯარეების საქმიანობა კი არ უკავშირდებოდა ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრულ მიზნებსა და საქმიანობის სფეროებს. მაგალითად, ფუნქციონირებდა სამკერვალო, ბარი, სამშენებლო ნარჩენების გატანის კომპანია, ხის საამქრო, საწყობი, ტურისტული სააგენტო, სამზარეულოს კარადებისა და ლეიბების დამზადება, ე.წ. პროფილაქტიკა და სხვა. ამასთან, ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე, სახელმწიფო ქონებაში, საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ნაკლებ თანხად, ხელშეკრულებით იყო გადაცემული საცხოვრებელი ფართი კინოცენტრის მაშინდელი დირექტორის, გაგა ჩხეიძისთვის, რომელიც იმავდროულად იყო ყოფილი კინოსტუდიის გამგეობის წევრიც.

ასევე, ყოფილი კინოსტუდიის ერთ-ერთ შენობაში იჯარის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული ა(ა)იპ კინოხელოვნების ცენტრ პრომეთეს, რომლის დირექტორიც იყო იგივე გაგა ჩხეიძე. შესაბამისად, მოცემულ სახელშეკრულებო ურთიერთობებში სრულად უგულებელყოფილი იყო ინტერესთა კონფლიქტის პრინციპები და როგორც კინოცენტრი, ასევე ყოფილი კინოსტუდიის გარკვეული გადაწყვეტილებები ბატონ გაგა ჩხეიძეს საკუთარ თავსა და პირად ინტერესზე ჰქონდა მორგებული. ახალი მმართველობის პირობებში, სამინისტრომ გაწყვიტა ყველა საიჯარო ხელშეკრულება და ტერიტორიიდან გაყვანილ იქნა ყველა მოიჯარე, რომელთაგან არაერთი არ იხდიდა საიჯარო თანხას და დღემდე ინარჩუნებს დავალიანებას სახელმწიფოს წინაშე. ასეთი ყოფილი მოიჯარეების მიმართ მიმდინარეობს სასამართლო დავები დავალიანებების დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომლის ოდენობა ჯამურად შეადგენდა 121 320 ლარს. სწორედ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორია, რომლის მხოლოდ ერთი ნაწილის რეაბილიტაციაა ამჟამად დასრულებული, ხელოვნებას ემსახურება - მასპინძლობს გამოფენებს, მსახიობების კასტინგის სააგენტოს, მეთოჯინეების სახლს, ფოტოგრაფის სტუდიას და ემზადება ანიმაციის სტუდიის განახლებისა და კინოდარბაზის მოსაწყობი სამუშაოებისთვის. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა მძიმე მდგომარეობაში მყოფი შენობების, მათ შორის, ორი საუკუნოვანი კინოპავილიონის გამაგრებისა და ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციის მიზნით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

უცნობი ნაცნობი
გვერდით მივყვებოდი სიონიდან ფეხით წამოსულს და მთელი ქუჩა ჩვენ გვიყურებდა...
თუ რამ ჭირი და სიავე ჰქონდა წუთისოფელს, თითქოს ყველაფერი გაიმეტა იღუმენია ელეონორა დადიანისთვის.

ათი შვილიდან მხოლოდ ორმა დაიტირა: - ჯერ ალექსანდრე შეიწირა გასაბჭოებამ, შემდეგ - გრიგოლი და 26 წლის ქეთევანი...

სიყრმიდანვე ღვთისმოშიშმა, უმრწემესმა დავითმა კი, რომელმაც უმაღლესი განათლება ოქსფორდში მიიღო, უსამშობლობა ვერ აიტანა, 1928 წელს საქართველომდე ჩამოაღწია, მალევე ბერად აღიკვეცა და მძიმედ სნეულმა დედის კალთაში დალია სული...

გვესაუბრება პაატა ქურდოვანიძე, თეკლათის მონასტრის იღუმენია ელეონორა დადიანის შთამომავალი:

- გასაბჭოებულმა სამშობლომ დავითისთანებს არც ადგილი დაუტოვა და არც არჩევანი...

გაუსაძლისმა დროებამ მალე ოჯახის ემიგრირების აუცილებლობა მოიტანა, მაგრამ სქემიღუმენია ელეონორამ და საუკუნეს მიტანებულმა ბებია მაიამ (დედა ელეონორას დედამთილი - ავტ.) აქაურობა არ დატოვეს, საბოლოოდ კი ოჯახის წევრთა უმრავლესობაც სამშობლოში დარჩა, უკანასკნელ წუთს ემიგრაციაზე უარი თქვეს და ბათუმიდან უკან მობრუნდნენ...

ხორშში (სადაც დედა ელეონორას ოჯახი ცხოვრობდა) დარჩა მისი უფროსი ვაჟი კოკი (გრიგოლი), რომელიც მძიმე შრომით გაჭირვებით არჩენდა წვრილშვილიან ოჯახს და არც 1924 წლის ცნობილ აჯანყებაში ჩარეულა, მაგრამ უბედურება მაინც არ ასცდა: - ამ ამბოხის მონაწილე მისი სამი ძმა - გელა, კონსტანტინე და ლევანი ხელისუფლებამ რომ ვერსად მოიხელთა, ჯავრი კოკიზე იყარა, - აგვისტოს ერთ დღეს მოჰკიდა მასაც და კოკის სტუმარ სტუდენტ ბიძაშვილებს ხელი და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ადგილზევე მიახვრიტა..

ჭირისუფალთ მათი ქრისტიანულად დაკრძალვის ნებაც კი არ დართეს, - ავაზაკთა დარად, სახელდახელოდ დაფლეს და ზედ ორიოდ მუჭი მიწა მიაყარეს...

დაბინდებისას კი კოკი დადიანის სიყრმის მეგობრებს, ხორშელ გლეხებს - ბეგო კაბიშაძეს და მიხა გოგიას ცხედარი მოუპარავთ, წესისამებრ გაუპატიოსნებიათ და სანამ ინათებდა, მამისეულ საძვალეში - წმინდა გიორგის ტაძარში მოუსწრიათ დაკრძალვა...

გამთენიისას მიუყვანიათ სახლში თავზარდაცემული დედა, თურმე აცრემლებული პირჯვარს იწერდა და ჩურჩულებდა: - ყოველი ღვთის ნებააო...

სახლი ვახსენე, მაგრამ იგი დიდი ხნის დაქცეული იყო, ისევე, როგორც წმინდა გიორგის ტაძარი - ოჯახს ყველაფერი ჩამოართვეს, ანტირელიგიურმა ფსიქოზმა კი ხორშში კიდევ სამი ეკლესია შეიწირა...

ამ ტრაგედიის მომსწრენი იგონებენ, იმის შიშით, რომ კოკის ცხედარი ხელმეორედ არ შეურაცხეყოთ, გამწარებული მეუღლე და ნათესავები მოთქმითაც კი ვერ ტიროდნენო... იმ წელს ქრისტეშობა ისე შემოსულა, რომ მის მეუღლეს არ გაუხსნილებია... სვეგამწარებულ დედას თავადვე გაუკითხავს მეზობლებში მეძუძური რძლისთვის ორიოდ ნაჭერი შაშხი, მაგრამ კოკის სულის პატივსაცემად ახლომახლო კი არა, ნახევარ სოფელს ღორი არ დაეკლა.

კოკი დადიანის პატივისმცემელ, ვაჟკაცობით სახელგანთქმულ კუკუ ქაჯაიას კი დედა ელეონორასთვის უთხოვია: - ლოცვა-კურთხევა მიბოძეთ და მის მკვლელებს გავუსწორდებიო, მაგრამ სქემიღუმენიას შორს დაუჭერია: - დედაშვილობას, ნუ შესცოდავ, უფალი მაღალია, უბრალო მოკვდავთ ვინ მოგვცა ნება, ცოდვით მოვკითხოთ შეცოდებანიო.

გლეხობას უყვარდა ეს ოჯახი. ძიძიშვილობა-მორდუობის, ნათლულ-გაზრდილობის ძირძველი ტრადიციები და ზნეობის საუკუნოვანი საფუძვლები, მიუხედავად წეს-წყობილების ცვლილებისა და ხელისუფლების დიდი მცდელობისა, ჯერ კიდევ არ იყო შერყეული.

უფროსი ძმის დახვრეტის შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გადარჩენილ შეფიცულებთან ერთად სამშობლო სამუდამოდ დატოვა სიმამაცითა და სიჩაუქით ცნობილმა ლევან (ჯონჯი) დადიანმა.

რიგ-რიგად დააპატიმრეს და გადაასახლეს კონსტანტინე (ჯუგუ), გელა, სიძეები: კონსტანტინე შერვაშიძე და გაგი ძიძავა. მათი ხვედრი გაიზიარეს მეუღლეებმაც... გამზრდელებში დაიფანტნენ შვილიშვილები, რომლებსაც სწავლის უფლებასაც კი არ აძლევდნენ... სიდუხჭირემ და ავბედობამ ოთხი მათგანის სიცოცხლე შეიწირა...

მსგავსი ამბები ხდებოდა მთელ სანათესაოში. მამაკაცთაგან ვინც 1924 წლის სისხლიან კალოს გადაურჩა, შემდგომი ათწლეული ვეღარ გადალახა...

როდესაც სქემიღუმენია ელეონორას შვილიშვილები გამოვლილ განსაცდელს იგონებდნენ, განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ, რომ არასოდეს უნახავთ წონასწორობიდან გამოსული დიდი ბებია, რომელიც მუდამ ღვთისა და მოყვასის სიყვარულსა და სათნოებაზე ესაუბრებოდათ...

ჩემს არქივში ვინახავ იმდროინდელი ავბედითობის დამადასტურებელ ერთ წერილს, რომელსაც ქუთაისში პატიმარ ვაჟს, ჯუგუ დადიანს სწერს დედა ელეონორა.

"დამტირებელო შვილო ჯუგუ!

შენს სახელს ენაცვალა დედაშენი. მივიღე შენი წერილი, რომელმაც გამახარა, მარა პაუსიას (ჯუგუს მეუღლე) გულის ტკივილები აქვს და ნუ აწუხებ მას... არ ვიცი, რა ჩემი სიკვდილია მისი ასე ავადმყოფობა, ასეთი გაგრძელებული ავად ყოფნა. ერთ ოჯახს არჩენდა მისი შრომით, მარა მიბრძანა უფალმა ჭირის მოთმენა. მართალია, ახლა ასე არის, მაგრამ ღვთისმშობელი მომირჩენს მის თავს. მხოლოდ, რასაკვირველია, ჩვენ გვეჩქარება მისი კარგად ყოფნა, რაკი ყოველივე ჩვენი გაჭირვება მას უყურებს. ღმერთი არას გაუჭირვებს, მის თავს მაჩუქებს ჩემი მოწყალე მაცხოვარი, დაენაცვლა ჩემი თავი.

ჩვენ ახლა ვერ მოგაკითხეთ. ხომ იცი, დიდის მიმდევარმა ცოტა ვერ შეძლოო, ისე დაგვემართა. ჩვილის ბრალია. რაც სენაკში ჩამოიყვანეს, სულ ავად არის და მისი სიყვარულით პაუსიაც დარჩა წამოუსვლელი. შეწუხებული ვარ, იცოდე, მარა აწი მალე წამოვლენ ბავშვებიანად, გენაცვალე.

ჯუგუ, ახლა ზუგდიდს წასვლის შესახებ. მარტოკა მე წამოვედი ქუთაისიდან კვირა ღამეს. ოთხშაბათს სადგურში ჩამოვედი ზუგდიდს წასასვლელად. იქ დამხვდნენ ჩვენები და დამაბრუნეს, არ მირჩიეს წასვლა. სამი დღის შემდეგ ჩეკაში დამიბარეს, დიდი პასუხი მომთხოვეს. შინსახკომელმა - პრაპავედნიკი ხარო და პროვოკატორიო. მე გავჩუმდი, მერე ვკითხე, - რომელ ნაწილს მიეკუთვნება ეს სახელი, გამაგებინეთ-მეთქი. რომელს და - ჩვენს საწინააღმდეგოსო. მერე დიდი ვიბრძოლე, ასე რომ, ათი საათიდან დაწყებული მესამე საათამდინ ვიბრძოდი. მოვიკითხე მოღვაწე პირი. მანაც ზოგი რამ შემეკითხა. მე ისეთი სიტყვებით მივუგე, რომ თვითონვე შეჩერდა და რატომღაც სიცილი დაიწყო. ასე გადავრჩი. მერე მეც გავჩუმდი, რადგან ბევრი ხალხი დაიჭირეს, ამის გამო ვერ წავედი, ჩვენებმაც არ მირჩიეს. ახლა ცოტა სიწყნარეა, წავალ უსათუოდ. ამ წერილის წაკითხვა თუ გაახერხე, კარგი იქნება, მარა არ ვიცი... მრავალს იწერები, წამომსვლელი ვერ ვიშოვნე და ყველაფერს ერთად ჩვენები წამოიღებენ. გენაცვალა დედაშენი შენი ცოლშვილიანად, შვილო. საჩვენიანოსი არ ვიცი რა და ვიშიშვი.

ჩემი ნაწერი არ წაიკითხება, მარა რა ვქნა, მარტო დავრჩი და დამწერი ვერ ვიშოვე... დაგენაცვლოს დედაშენი ციცუ.

ნუ გეშინია, ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი კარგად იქნება".

საკმარისია, გონებით მიმოვიხილოთ 1924 წლის აგვისტოს აჯანყებისშემდგომი დაბა სენაკის რეალობა და თვალწინ დაგვიდგება უღმერთო ხელისუფლების მიერ მდინარე ცივისა და ტეხურის პირას ასობით დახვრეტილი, ათასობით დაპატიმრებული ადამიანი და მათი რეპრესირებული ოჯახები.


როგორც წერილიდან ჩანს, ჯუგუს დედისთვის უთხოვია, ზუგდიდს წასულიყო (იმჟამად იქ ჩეკას მისი ძიძიშვილი, ლადი როგავა თავკაცობდა და ალბათ მისი შუამდგომლობისა ეიმედებოდა).

როგორც თავად წერს, დილის ათიდან სამ საათამდე იბრძოლა დედა ელეონორამ ჩეკაში... წარმოიდგინეთ, სიდარბაისლით და ღირსებით სავსე სქემიღუმენიას რა დღეში ჩააგდებდა ის უვიცი შინსახკომელი, ხეირიანადაც რომ ვერ მეტყველებდა... რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ აზრი ვერ გამოიტანა, რაში ადანაშაულებდნენ... როგორც ჩანს, იმდენად აბსურდული იყო იღუმენიასადმი წარდგენილი ბრალდებანი, რომ სიცილით გადაბჟირებულ "მოღვაწეს" უმალ გაუთავისუფლებია.

ბედად, ჯუგუ დადიანი მაშინ დახვრეტას გადაურჩა, მაგრამ შემდგომში არაერთგზის დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1943 წელს აქტიუბინსკის ციხეში გარდაიცვალა. უბედო აღმოჩნდა წერილში ნახსენები ნაბოლარაც.

- ბატონო პაატა, რამდენადაც ვიცი, სქემიღუმენია ელეონორა 1918-1933 წლებში, სიცოცხლის ბოლომდე წინამძღვრობდა თეკლათის დედათა მონასტერს. მაშინ მონასტრის წინამძღვრობა კი არა, ღვთის სახელის ხსენებაც ხშირად სასიკვდილო განაჩენი იყო... ამდენად, მისი ცხოვრების ყოველი დეტალი საგულისხმოა. რა არის ცნობილი მისი ბიოგრაფიიდან?

- დედა ელეონორა (ერში ციცუ, ნათლობის სახელით ოლღა) დადიანი (1865-1933) ნოქალაქევში დამკვიდრებულ დადიანთა საგვარეულოს იმ შტოს ეკუთვნოდა, სათავეს სამეგრელოს მთავრის, ბეჟან დადიანის ძმის, მანუჩარ ბატონიშვილის შთამომავლობიდან რომ იღებდა.

მე-19 საუკუნის დასასრულისთვის ამ ოჯახს ბატონიშვილობა უკვე აღარ ჰქონდა პატივად და გაღარიბებულ თავადთა წრეს ეკუთვნოდა. ობლობაში დაიზარდნენ ოლღა და მისი და-ძმა - მალაქია (გუჯუ), პეტრე, მიხეილი, ნინო და პელაგია (პაშა).

მაღალი, ცისფერთვალება, სევდიანი, სათნოებისა და სიკეთის განსახიერება, ადრე გაჭაღარავებული, ჩუმი და აუღელვებელი, მტკიცე და ჭირთამთმენი, ბოლომდე წელგამართული - ასეთი ახსოვთ ციცუ ბები, "ბებული-ბაბული" შვილიშვილებს...

სათნოებითა და სილამაზით განთქმული ციცუ გამორჩევით ჰყვარებია მის აღმზრდელ ბიძას, ელიზბარ დადიანს. სწორედ მის ოჯახში გაიცნო იგი სამეგრელოს მთავრის ძმისწულმა, გრიგოლ ბატონიშვილმა, რომელსაც თავდავიწყებით შეუყვარდა პირმშვენიერი ოლღა. რაინდულ ტრადიციებზე აღზრდილმა დიდგვაროვანმა სასიძომ შეძლო, მოეხიბლა ქალიშვილი და რამდენიმედღიანი სტუმრობის შემდგომ მისი თანხმობაც მიიღო...

სამთავრო სახლის უფროსი თაობის უკმაყოფილების (განსაკუთრებით გრიგოლის დედის, მაია დადიანის წინააღმდეგობის) მიუხედავად, გრიშამ მაინც მიიღო მისი ლოცვა-კურთხევა და ჯვარიც დაიწერა.

მაია ბატონიშვილმა, მართალია, უფროს ვაჟს უმამობა არ აგრძნობინა და საკადრისი ქორწილიც გადაუხადა, მაგრამ ურჩობისთვის მაინც დასაჯა და ცალკე, მისთვის განკუთვნილ ხორშის მამულში, საგამზრდელოში, თავად ჩიჩუათა სამოსახლოს ახლოს დაუდო ბინა.

გრიშას დედა ოჯახის შექმნამდეც განაწყენებული ჰყავდა, რადგან მამისა და უმცროსი ძმისგან განსხვავებით, გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელებაზე უარი თქვა და არც სამხედრო სამსახურში ისურვა ყოფნა.

თავისუფალი კაცი გახლდათ, მოსწონდა ყველაფერი ტრადიციული და მამაპაპური, ღირსებით ატარებდა მთავრის შვილიშვილობის პატივს... ლხინი, მუნასიბი, პოეტური გაბაასება მისთვის უცხო არ გახლდათ. ბოჰემურ ცხოვრებას აყოლილი არაერთგზის გაკიცხა დედამ, მაგრამ შვილი იმპერატორის ოფიციალურ სამსახურში ჩადგომაზე ვერაფრით დაითანხმა...

უფროს ბიძაშვილთან, ნიკო მინგრელსკისთან ერთად გრიშამაც გარკვეული წვლილი შეიტანა მთავრობის რუსიფიკატორული განზრახვის - სამეგრელოს სამრევლო სკოლებში ქართულის ნაცვლად მეგრულის შემოღების ჩაშლაში.

ის არ ესწრაფოდა უმაღლეს ოფიციალურ წრეებთან ურთიერთობას და ამრეზით უყურებდა იმ "სიკეთეებს", რუსეთის ტახტის სამსახური რომ სთავაზობდა.

ზნემაღალ და სხვა უამრავ ღირსებათა მქონე გრიშა დადიანს საზოგადოება ემადლიერებოდა და გლეხობასაც უყვარდა.

ხორშის სასახლე იმდროინდელი სამეგრელოს ერთგვარ კულტურულ ცენტრად იქცა. იქ დასახლების დღიდან ბებიამ სულიერ მოძღვრად მღვდელი ხარიტონ ძიძავა აირჩია, შემდეგ კი - აწ წმინდანად შერაცხული ალექსი შუშანია. გრიშა ბატონიშვილის სულიერი მოძღვარიც წმინდა ალექსი ყოფილა.

თურმე იმდენად აღმერთებდა გრიშა ბატონიშვილი მეუღლეს, რომ თუ ქალბატონი ლოცვად იდგა, რაგინდ ნაღვინევი ყოფილიყო, ფეხს არ შედგამდა საწოლ ოთახში. ხან კი ხუმრობანარევი ღიმილით იტყოდა: - ციცუს ოჯახში მხოლოდ ჩემი სიცოცხლე აჩერებს, თორემ როგორც კი მოვკვდები, იმ დღესვე მონაზვნად აღიკვეცებაო...

1913 წელს 47 წლის საღ-სალამათი გრიგოლ დადიანი უეცრად გარდაიცვალა... გლოვის შემდეგ ბებია თეკლათის მონასტერში ელეონორას სახელით აღიკვეცა მონაზვნად.

1917 წელს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, აწ წმინდანად შერაცხულმა ამბროსი ხელაიამ კი, თეკლათელი დედების თხოვნით, იღუმენიად დედა ელეონორა დაადგინა, რომელმაც ჯერ არ იცოდა, რომ შუათანა ვაჟი, ალექსანდრე, მოსკოვის კადეტთა კორპუსის სტუდენტი, გასაბჭოებამ შეიწირა...

უბედურება თითქოს ფეხდაფეხ დაჰყვებოდა დედა ელეონორას, მაგრამ ავბედით ამბებს, როგორც არაერთგზის მსმენია, უდიდესი სულიერი სიმშვიდით ხვდებოდა და ღვთისადმი მადლობის გარდა არაფერი წამოსცდენია...

ქალბატონმა ბაბო დადიანმა მიამბო: - "არაერთხელ შევხვედრივარ სქემიღუმენია ელეონორას. თუ თბილისში ჩამობრძანდებოდა, სიონში წირვა-ლოცვას არ დააკლდებოდა. ღვთისმშობლის ხატთან უყვარდა დგომა. სიტყვა არ მყოფნის ცრემლმდინარე მლოცველის სულიერი თუ ხორციელი სილამაზის აღსაწერად. ოციან წლებში ტაძარში წირვაზე მხოლოდ სარწმუნოებისთვის თავდადებულნი თუ დავდიოდით, ყველგან ჩეკას მეთვალყურეები იდგნენ, შიშით დაზაფრული ხალხი ეკლესიას ვერ ეკარებოდა. წარმოიდგინე, უწმინდესი ამბროსი, უკვე ავადმყოფი, დაუძლურებული, მაგრამ რწმენით ძალამიცემული, ან ჩემთვის განსაკუთრებულად მოსაგონარი კალისტრატე ცინცაძე, მაშინ მიტროპოლიტი, როგორი გრძნობით და სულიერი აღმაფრენით აღავლენდნენ ღვთის სადიდებელს და... ამ დროს საკათედრო ტაძარში კანტიკუნტად მდგარი მრევლი...

წუთისოფლის გაუტანლობით გულნატკენი, მაგრამ საოცრად მშვიდი იღუმენია მორჩილად მოელოდა ამ ქვეყნიდან განსვლის ჟამს, მხოლოდ სახეზე მომრავლებული ნაოჭები და თვალთა უძირო სევდა თუ მიგანიშნებდა ნეტარხსენებულის გულის ღადარზე".

თამარ დადიანი-კეშელავა კი ასე იგონებდა: - "ჯერ კიდევ ბავშვი ბედნიერი მივყვებოდი ბებიას სიონში, როდესაც ის პატიმრობიდან გათავისუფლებულ კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ეახლა. მე მათ საუბარს ვინ დამასწრებდა და ამაზე ვერც ვერაფერს გიამბობ, მაგრამ დღესაც თვალწინ მიდგას მისი საოცრად შთამაგონებელი და, ამავე დროს, ნამტირალევი სახე, უწმინდესის ოთახიდან რომ გამოვიდა...
eklesiis istoria- teklatis monasteri
                                                                             თეკლათის დედათა მონასტერი

მოვდიოდით და მთელი ქუჩა ჩვენ შემოგვყურებდა. საწინამძღვრო ჯვრით დამშვენებულს, ხელში კვერთხით, მდუმარედ მომავალს, უნებურად გზას უთმობდნენ შემხვედრნი და სულისა და გარეგნული მშვენებით შემკულს აღფრთოვანებულნი მოადევნებდნენ თვალს...

ბებია გრძნობდა ამ ჩუმ თაყვანისცემას და შინაგანად შეწუხებული, ფეხაჩქარებით ცდილობდა განრიდებოდა ქუჩის ორომტრიალს".

მოგეხსენებათ, რა დროც იდგა 20-იან წლებში საქართველოში. თითქოს ამ ტრაგიკული ამბების თანაზიარად წარიმართა დედა ელეონორას ცხოვრებაც. ორი ეპოქის დაუნდობელი შეჭიდების ჟამს ეკლესია-მონასტრების არნახული რბევა-აწიოკების, სასულიერო პირთა სასტიკი დევნის და ახლობელთა საშინელი ხვედრის უშუალო მომსწრე და მხილველი შეიქმნა სულკურთხეული.

დევნას და დარბევას, რაღა თქმა უნდა, ვერც თეკლათის მონასტერი გადაურჩა. შეუძლებელია სრულად აღწერო, რაც იმ წლებში ცოდვის მორევში ჩათრეულმა მოთარეშეებმა ჩაიდინეს. 20-იანი წლები ყველაზე ტრაგიკული დროა მონასტრის ისტორიაში. ათასგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად, წინამძღვარი ჩვეული სულიერი სიმშვიდით განკარგავდა მონასტრის სარწმუნოებრივ, სამეურნეო თუ ზნეობრივ განაწესს. უკიდურესი განსაცდელის წინაშე მდგომი სქემიღუმენია ელეონორა პირადი მაგალითით ამხნევებდა დედათა კრებულს.

სიდუხჭირეში მცხოვრები დასი კვლავინდებურად სიკეთესა და სათნოებას ქადაგებდა, მონაზვნები ქრისტესმიერი სიყვარულით განიკითხავდნენ ქვრივ-ობოლთ, ნუგეშს სცემდნენ სნეულთ და ეხმარებოდნენ შეჭირვებულთ.

თბილისში, საპატრიარქოში, ლოცვა-კურთხევის მისაღებად არაერთგზის ჩამოსული დედა იღუმენია საქართველოს ეკლესიის მამამთავართ, ამბროსისა თუ კალისტრატეს დაწვრილებით უამბობდა წინააღმდეგობებზე და დარიგებამიღებული მომეტებული ძალისხმევით განაგრძობდა ტიპიკონის აღსრულებას...

იცით, როგორ მიიცვალა ამ დიდი დასის უკანასკნელი მონაზონი, მარიამ გიგინეიშვილი? მას ჭიჭე (პატარა) მარიამს ეძახდნენ და თეკლათის მონასტრის მედავითნე გახლდათ... თეკლათის მონასტრის არქიმანდრიტი კონსტანტინე ქვარაია წირვას აღავლენდა (თუ ვინმეს გაგაჩნიათ რაიმე ცნობა ან დოკუმენტური მასალა მამა კონსტანტინეს შესახებ, უმორჩილესად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ. წინასწარ გიხდით მადლობას, - ავტ.). უეცრად მეფსალმუნე დედა მარიამი დადუმებულა... არც მამა კონსტანტინეს სიტყვას გამოპასუხებია, მხოლოდ მდუმარედ იდგა. მამა კონსტანტინე იძულებული გამხდარა, წირვა დროებით შეეწყვიტა. მიახლებია და ხელი შეუხია. დედა მარიამი, რომელიც ფეხზე მდგომი მიცვლილა, ჩაკეცილა... როგორც ჩანს, ასეთ მდგომარეობაში არცთუ მცირე ხანს იყო...

კიდევ ერთ ძალზე ამაღელვებელ მოგონებას გავიხსენებ იღუმენია ელეონორაზე, რომელიც დეიდაჩემს, კიკი ძიძავას ეკუთვნის: - "ეკლესიასთან დაგვხვდნენ მონაზვნები, მიგვიყვანეს საფლავებთან... ამ დროს გამოჩნდა მთავარ ბილიკთან საყდრისკენ მომავალი სულგანაბული ბებია ციცუ - ღმერთქალივით წინ ხელგაშლილი... მონაზვნებმა - მიეგებეთო. მივეგებეთ. მოგვეხვია, თავის ქოხში წაგვიყვანა. თვითონ დაბალ სკამზე, ბუხართან ჩამოჯდა. მოპირდაპირე კუთხეში ტკბილეულით გაწყობილი მრგვალი მაგიდა იდგა. ღმერთი გამიწყრა და ხელი ვერაფერს ვახლე. ასევე ჩემმა დამ, თამარმაც... ბებია კი ცრემლად იღვრებოდა. ეს ჩემი პირველი შეცოდება იყო ღვთისა და ამ ყოვლადსათნო ადამიანის, ციცუ ბებიას წინაშე. ეს იყო აგრეთვე პირველი და უკანასკნელი შეხვედრა ნეტარხსენებულთან".

ვეღარ გაუძლო ამდენ გასაჭირს, ფიზიკურად დაძაბუნდა და გატყდა... 1933 წლის შემოდგომაზე უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, ხორშში მეუღლის, უფროსი ვაჟის და შვილიშვილების საფლავები მოილოცა და რძლის ხელში დალია სული...

თეკლათის მონასტრის ტერიტორიაზე არსებული მებოცვრეობის მეურნეობის იმდროინდელ უფროსს, წარმოშობით ებრაელს, გვარად შვარცს, ხელისუფლებამ მკაცრად აუკრძალა ჭიშკრის გადაღმა გარდაცვლილი მონაზვნის დასაფლავებაზე ნებართვის გაცემა, მაგრამ ამ პატიოსანმა კაცმა დიპლომატიურად ორი დღით დატოვა იქაურობა და მონასტრის დასსა და ნათესავებს საშუალება მისცა, მონასტრის წიაღში დაეკრძალათ დიდი ქალბატონი...

P.S. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ნებისმიერი სახის მასალა სარწმუნოებისთვის წამებულ და ღვაწლმოსილ ადამიანებზე. საკონტაქტო ტელეფონებია: 899-93-48-40; 899-54-82-29

წინასწარ გიხდით მადლობას.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.