USD 2.7354
EUR 3.0177
RUB 2.8748
თბილისი
კულტურის სამინისტრო გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით „იუნესკოს“ დასკვნას აქვეყნებს
თარიღი:  651
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ იუნესკოს დასკვნაზე ისაუბრა. ეს ერთობლივი დასკვნაა და შედგენილია მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის, ICOMOS-ისა და ICCROM-ის მიერ გელათში ჩატარებული ინსპექტირების საფუძველზე. ინსპექტირების ჯგუფი სამინისტროს მიერ 2022 წლის ივლისში გაგზავნილი მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში. ექსპერტთა ჩამოსვლა კი მხოლოდ 2022 წლის ნოემბრის ბოლოს (28 ნოემბერი-2 დეკემბერი) მოხერხდა.
ეს დასკვნა ჩვენს საზოგადოებაში იუნესკოს დასკვნის სახელით არის ცნობილი.
მინისტრმა აღნიშნა, რომ დასკვნა არ არის საბოლოო, ვინაიდან იუნესკოს პროცედურული წესების თანახმად, შეიძლება ზოგიერთი მონაკვეთი ან ფაქტობრივი გარემოება დაზუსტდეს.
კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ სამინისტრო დათქმულ დროს საბოლოო დასკვნასაც გაუზიარებს საზოგადოებას. ამავე დროს, სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება აქვს, იუნესკოსაგან არ მოითხოვს, დასკვნა დარჩეს გამოუქვეყნებელი: „არცერთი სხვა დოკუმენტი ან დასკვნა, რომლებიც სამინისტროში შემოვიდა ჩემი მინისტრობისას საიდუმლო არ გამხდარა. რა სახეცვლილებაც უნდა განიცადოს მომავალში ამ დასკვნამ, ჩვენ დღეს უკვე ვაქვეყნებთ მას და წარმოგიდგენთ დასკვნის მნიშვნელოვან მიგნებებსა და რეკომენდაციებს.“ - განაცხადა მინისტრმა.
იუნესკოს მისიის აზრით, მათი ვიზიტი იყო წარმატებული და ამისათვის მათ სახელმწიფოს წარმომადგენლებისადმი დასკვნაში მადლიერება გამოხატეს. წარმატებად კი ითვლება ის, რომ მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ ყველას, ვისთან შეხვედრაც საჭიროდ ჩათვალეს. კერძოდ, შეხვედრები გაიმართა სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, საქართველოს საპატრიარქოს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ICOMOS-საქართველოს“ წარმომადგენლებთან.
2022 წლის 26 ნოემბერს სამინისტრომ იუნესკოს მისიას, რომელიც უკვე ემზადებოდა ჩამოსასვლელად, შესთავაზა, თავის დღის წესრიგში შეეტანა გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრთან შეხვედრაც, რადგან ეს არის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაცია, რომელიც მუდმივად ავლენდა პრეტენზიულ დამოკიდებულებას და გამოთქვამდა კრიტიკულ შენიშვნებს სამინისტროსადმი კონკრეტული გამოსავლის შემოთავაზების გარეშე. სწორედ ამიტომ სამინისტრო თვლიდა, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა, იუნესკოს მისიას მათთვის მოესმინა. იუნესკოს მისიის პასუხი იყო, რომ ჩუბინაშვილის ცენტრთან შეხვედრას იმ ეტაპზე ვერ განიხილავდა.
„ვიზიტი, რომელიც მისიის მიერვე წარმატებულად ფასდება, არის საწინდარი სარწმუნო და სამომავლოდ გასათვალისწინებელი რჩევებისა და რეკომენდაციებისა“ - აღნიშნა მინისტრმა.
✔ თეა წულუკიანმა ასევე განაცხადა: „ეს დასკვნა, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ და მასში მოცემული რეკომენდაციები იქნება სამინისტროსათვის ერთადერთი სახელმძღვანელო და საბაზისო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც გაგრძელდება გელათის სამონასტრო კომპლექსში 2008-2020 წლებში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა.“
რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, იუნესკოს დასკვნაში აღნიშნულია:
✔ დღეს გელათის პრობლემები უკავშირდება სახურავს, რომლის მონტაჟიც 2015-2018 წლებში განხორციელდა. იუნესკოს დასკვნაში ასევე დადასტურებულია, რომ ტაძარში წყალი ჩადიოდა 2020 წლის ჩათვლით. მინისტრმა შეახსენა ოპონენტებს, რომ მისი მოადგილეები და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი არ მუშაობდნენ მოცემულ პერიოდში კულტურის სამინისტროში და რომ ის თავად კულტურის მინისტად დაინიშნა მხოლოდ 2021 წლის 19 მარტს. მანამდე პროცესებს ხელმძღვანელობდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე, რომელსაც კულტურის სამინისტროსგან ოფიციალურად და სამართლებრივად ჰქონდა დელეგირებული ძეგლებზე ზრუნვის ყველა უფლებამოსილება.
„როდესაც თავს პოლიტიკურად მესხმიან ისინი, ვისი ვალიც იყო ძეგლზე ზრუნვა, მე მაქვს პასუხის უფლებაც და ვალდებულებაც.“ - განაცხადა მინისტრმა.
იუნესკოს დასკვნა მკაფიოდ და ნათლად ადასტურებს, რომ იტალიელ ექსპერტთა ის გუნდი, რომელიც გელათზე მუშაობს, სამინისტრომ მოიწვია „იუნესკოს შეთავაზების საფუძველზე“.
✔ იუნესკო სამინისტროს აძლევს რეკომენდაციას, 2022 წლის ოქტომბერში სრულად შეჩერებული სამუშაოები (რაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ ყოფილა), შეძლებისდაგვარად სწრაფად განახლდეს იმ პროგრამის მიხედვით, რომელიც სამინისტრომ წარადგინა და ამ პროგრამის განხორციელებისას გათვალისწინებული იქნეს დასკვნაში შემოთავაზებული რეკომენდაციები.
✔ აღსანიშნავია, რომ იუნესკოს დასკვნაში არ არის რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამჟამად მომუშავე პროფესიონალების გუნდი შეიცვალოს. პირიქით, არაერთი მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი თუ გადაწყვეტილება არის შეფასებული „ჯანსაღად“, „გარდაუვლად აუცილებლად“, „სწორად“. „რასაკვირველია, გაცემულია რეკომენდაციები, რაც არის სამუშაო პროცესი და არა - პოლიტიკური. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი თემის პოლიტიზება ხდება, მაგრამ ძეგლთან დაკავშირებით ეს დაუშვებელია“ - განაცხადა მინისტრმა.
✔ იუნესკო გვსაყვედურობს, რომ არ არსებობს გელათის კომპლექსის მართვის სამოქმედო გეგმა. გეგმა არ არსებობს, რადგან 2017 წელს უნდა დამტკიცებულიყო და არ დამტკიცდა. როცა კულტურის სამინისტრო, 2021 წლიდან, შეუდგა პრობლემების აღმოფხვრას, 2017 წლამდე შემუშავებული სამოქმედო გეგმის პროექტი აღმოჩნდა მოძველებული, ახლის შემუშავებას კი სჭირდება პრობლემების სრულყოფილი ანალიზი და საჭიროებებზე დაფუძნებული ახალი გეგმა. ძეგლზე შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, იუნესკოს მისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ იუნესკოსთვის გასაგებია, პირველ ეტაპზე რატომ მიენიჭა უპირატესობა ფიზიკური ჩარევების განხორციელებას და არა ძეგლის მართვის გეგმის განახლებას.
✔ იუნესკოს მისიის აზრით, სამინისტროს მიერ გელათში არსებული ვითარების გამოსწორების მიზნით გამოყოფილი ფინანსური და ყველა სხვა სახის რესურსი, მათ შორის იტალიელი ექსპერტების დახმარება, და მიზანმიმართული მუშაობა ხარვეზებზე არის „ძალზედ დადებითი“ (highly commendable).
✔ იუნესკოს მისია ეთანხმება იმას, რასაც კულტურის მინისტრი აღნიშნავს უკვე მეორე წელია, კერძოდ, რომ: „2020 წლამდე განხორციელებული სამუშაოების შესახებ დოკუმენტაცია არ არსებობს“. მოცემული დოკუმენტაციის წარმოება კი კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მაშინდელი ხელმძღვანელობის პირდაპირი ვალდებულება იყო.
✔ იუნესკო ადასტურებს, რომ 2022 წლის სექტემბერში იტალიელი ექსპერტების მიერ შემოთავაზებული ახალი სახურავის დიზაინი მისაღებია, მათი საქმისადმი დამოკიდებულება არის „ჯანსაღი“ და სამინისტრო სწორედ ამ გეგმას უნდა მიჰყვეს. თავის მხრივ, იუნესკო იძლევა რეკომენდაციას, რომ მოცემულ დიზაინზე მუშაობისას განხილულ იქნეს ახალ გადახურვაში სპილენძის გამოყენების საკითხი.
✔ ეს, გარდა იმისა, რომ გასაზიარებელი რეკომენდაციაა და ამით დასტურდება იტალიელი ექსპერტების რჩევების სისწორე, მოწმობს იმასაც, რომ მეცნიერ გიორგი გაგოშიძისა და მისი გუნდის მიერ გელათზე დაგებული კრამიტი იუნესკოს მიერ მოწონებული არ არის, მეტიც - სრულად უარყოფილია. დასკვნაში ნათლად წერია, რომ კრამიტი მედეგობისა და ეფექტურობის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, ის სათანადოდ გამოწრთობილიც კი არ არის. ამ საკითხის მიმართ ყურადღება ზოგიერთ კვლევით ცენტრს თავის დროზე უნდა გამოეჩინა, თუმცა ეს არ მოხდა. იუნესკო ადასტურებს, რომ კრამიტი არამცთუ ვარგა, ის არასწორად არის დაგებული და ლურსმნებიც კი, რომლებიც გამოყენებულია, არ არის უჟანგავი. მოცემული ვარაუდი თეა წულუკიანის მიერ ჯერ კიდევ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეობისას გამოითქვა, რამაც მწვავე კრიტიკა დაიმსახურა ოპონენტების მხრიდან.
✔ იუნესკო იწონებს 2021 წლის ივნისიდან უცხოელი ექსპერტ-კონსულტანტებისა და ქართველი სპეციალისტების მიერ ძირითადი ტაძრის სახურავზე ჩატარებულ გამოკვლევებს, რეკომენდაციებსა და ჩარევებს. მისიის აზრით, ეს უმნიშვნელოვანესი იყო ტენიანობის პრობლემის დროულად მოსაგვარებლად.
✔ იუნესკო დადებითად აფასებს 2021 წლის მაისში, იტალიელი ექსპერტების რჩევების შესაბამისად, ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავზე სახურავის გახსნას და მის მეთოდს. უფრო მეტიც, იუნესკო ურჩევს სახელმწიფოს, რომ იგივე განხორციელდეს სახურავის სხვა ადგილებშიც.
✔ „იუნესკო გვეთანხმება იმაში, რომ ჩვენ მიერ სახურავის გახსნისას აღმოჩენილი ნახეთქები დიდი წუხილის საგანია... იუნესკო ამბობს, რომ ნახეთქების აღმოჩენის მერე, 2021 წლის მაისში, ჩვენ მიერ მისი დროებით გაკერვის მეთოდოლოგია არის სწორი, საბოლოო გამოსავალზე კი ერთად მას შემდეგ უნდა ვიფიქროთ, რაც უცხოეთიდან ჩამოგვივა ძეგლის სტაბილურობის დეტექციისათვის აუცილებელი აპარატურა, რომლის პარამეტრები და შესაძლებლობებიც იუნესკოსთან ერთად უნდა განისაზღვროს. კითხვა ისმის, რატომ დაეხურა ქვაზე ნაპრალებს სახურავი ისე, რომ ნაპრალების საკითხი არ ყოფილა განხილული.“ - განაცხადა მინისტრმა.
✔ იუნესკო იწონებს ალესანდრო მასარის რჩევებს სტრუქტურების ჰიგრომეტრიული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მიკროგარემოს მონიტორინგთან დაკავშირებით.
✔ კედლის მხატვრობასთან დაკავშირებით, იუნესკო იწონებს გამოყენებული მეთოდებიდან არაერთ მათგანს და შესწორება შეაქვს ზოგიერთი ნივთიერების შემადგენლობის განსაზღვრაში (ზედაპირიდან კარბონატების გაწმენდის, საღებავის ფენის დამაგრებაის, ფხვიერი ბათქაშის უბნების დროებით დასამაგრებლად სინთეზური პოლიმერების გამოყენებისას ნივთიერებების შემადგენლობა და მათში წყლის შემცველობა). კერძოდ, იუნესკო ამბობს, რომ წყლის შემცველობა მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. თუმცა, განსაზღვრული არ არის პროცენტური მაჩვენებელი იმის ასახსნელად, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს „მაქსიმალური“ შემცირება.
✔ იუნესკო გამართლებულად მიიჩნევს დაზიანებული კედლის მხატვრობიდან მარილების მექანიკურ მოცილებას რბილი ჯაგრისებით და რეკომენდაციას უწევს ამ დროს ულტრაიისფერი სხივების გამოყენებას.
✔ იუნესკო იძლევა რეკომენდაციას ძირითადი ტაძრის ყველა ნაწილში, მათ შორის, საკურთხეველშიც, ხარაჩოების დაყენების შესახებ.
✔ იუნესკო დადებითად აფასებს ექსპერტ მარკო პულიერის რჩევას, რომ გადაუდებელი მკურნალობის დროს გამოყენებულ იქნეს ნანოკირი.
✔ ფერის ინტეგრაცია აკვარელთან დასავლეთის მკლავის ჩრდილოეთ კედლის ერთ ადგილას, რომელიც განხორციელდა როგორც ტესტი, რათა გარკვეულიყო კედლის მხატვრობის უკეთ წაკითხვის შესაძლებლობა, იუნესკო არ მიიჩნევს ძეგლის დაზიანებად (როგორც ამას ზოგიერთი მეცნიერი აცხადებს). პირიქით, იუნესკო ამბობს, რომ ეს შექცევადი პროცესია, მაგრამ ამ ეტაპზე ამ მეთოდის გამოყენება საჭირო არ არის.
✔ იუნესკო კარგი შედეგების მქონედ აფასებს მეოთხეული ამონიუმის მარილების (2% დეიონიზირებული წყალი) გამოყენებას, ვინაიდან ეს დიდი ხნის ნაცადი მეთოდია, ასევე, ნაკლებ ტოქსიკური მასალების გამოყენებას და იძლევა რეკომენდაციას, რომ დამატებით განხილულ იქნეს ეთერზეთების გამოყენების საკითხიც.
✔ იუნესკო საინტერესო მეთოდად აფასებს ამონიუმის ოქსალატის გამოყენებას გადაუდებელ ეტაპზე. მისი რეკომენდაციით, უნდა ჩატარდეს ხანგრძლივი მონიტორინგი, რათა დადასტურდეს ამ მეთოდის ეფექტურობა ხსნადი მარილების მუდმივი არსებობის პირობებში.
✔ იუნესკოს მისიის მოსაზრებაა, რომ ძველი შეკეთებების შიგთავსის მოცილება კედლის მხატვრობის მკურნალობისას სრულიად ადეკვატური მეთოდია. განსაკუთრებით, მაშინ როდესაც შიგთავსები აღარ არის შესაბამის მდგომარეობაში, ან როდესაც შიგთავსები ჩრდილავენ ორიგინალ მხატვრობას. მისიისვე მოსაზრებით, ეს მეთოდი აუცილებელია გადაუდებელი მკურნალობის ადრეულ ეტაპზე, ვიბრაციის თავიდან ასაცილებლად.
✔ იუნესკო იზიარებს, რომ გადაუდებელი ჩარევების დროს კირზე დაფუძნებული მასალების გამოყენება რეკომენდირებულია.
✔ იუნესკოს აზრით, ზედაპირზე მბზინავი ფენის მოსაშორებელი ტესტის განხორციელება აკრილის ფისით და აცეტონით ადეკვატური იყო. ის აღნიშნავს, რომ სწორი იყო რესტავრატორ მარიო პულიერის მიერ 2022 წლის 23 ნოემბრით დათარიღებული ანგარიშის მე-8 გვერდზე შემოთავაზებული რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ გასუფთავების ეს მეთოდი გამოყენებულ იქნას მკურნალობის შემდეგ ეტაპზე.
✔ იუნესკო გვაძლევს რეკომენდაციას, რომ დაუყოვნებლივ დავიწყოთ დაპროექტება ქოლგისებრი დროებითი გადახურვისა, რომელიც ტაძარს ზემოდან დროებითი სახურავის სახით დროებით დაეფარება. სამინისტროში ეს პროცესი უკვე დაწყებულია და შემდგომი დაპროექტებისათვის აუცილებელი ესკიზის პირველადი ვერსია უკვე არსებობს, რომელიც გერმანელმა ექსპერტებმა შეიმუშავეს. გადასაწყვეტი იქნება, რამდენად მდგრადი იქნება ასეთი გადახურვა, რადგან იუნესკო სავსებით სამართლიანად უთითებს ამის აუცილებლობაზე. დიდი სტიქიის შემთხვევაში, ქოლგისებური სახურავი არ უნდა გადაიქცეს, რაც ძეგლის სამუდამოდ დაზიანებას გამოიწვევდა.
✔ იუნესკო გვირჩევს, რომ იმ უცხოელ ექსპერტებთან ერთად, ვინც მუშაობს ადგილზე, უფრო მეტი ქართველი რესტავრატორი ჩაერთოს პროცესში და იქვე დასძენს, რომ ამგვარი პროფესიის დეფიციტის შემთხვევაში, დეფიციტის აღმოფხვრის გეგმა უნდა არსებობდეს.
✔ იუნესკო დადებითად აფასებს 2021 წელს მინისტრი თეა წულუკიანის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფის ფაქტს, რომლის ზოგიერთმა წევრმა იუნესკოს ადგილზე ვიზიტისას განუცხადა, რომ სამინისტროსთან კომუნიკაცია არასოდეს ჰქონია. ეს მარტივად გაბათილდა. იუნესკო ახლა გვაძლევს რჩევას, რომ ამგვარი ჯგუფური მუშაობა კვლავ გაგრძელდეს. „მეც ასე მეგონა, როცა 2021 წელს ჯგუფს ვქმნიდი, რომ ერთად მუშაობა ჯობდა, მაგრამ ზოგიერთმა წევრმა მაშინ მუშა პროცესს სამინისტროსთან პიკეტი, პოლიტიკური პროცესი და ფეისბუქზე ყოფნა არჩია ძეგლის დაცვას. მოგიწოდებთ ყველა ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ კვლევით ცენტრს, რომ დავტოვოთ ეს წარსულში და წინ წამოვწიოთ ისევ გელათი და მისი ინტერესი. ჩვენ ამ ჯგუფს განვაახლებთ და მისი პირველი სხდომა ჩაინიშნება 17 თებერვალს“. - განაცხადა მინისტრმა.
„მოცემულ ჯგუფში, როგორც ადრე, წამყვანი იქნება სახელმწიფოსა და საქართველოს საპატრიარქოს როლი. სახელმწიფო გახლავთ იუნესკოს წევრი და ხელშემკვრელი მხარე და ის აგებს პასუხს იუნესკოს წინაშე, ხოლო ეკლესია გახლავთ ძეგლთა მესაკუთრე და ასევე მზრუნველი კულტურულ მემკვიდრეობაზე. სახელმწიფოს წარმომადგენლობა იქნება კვლავ მრავალფეროვანი, როგორიც იყო 2021 წელს.
საქართველოს საპატრიარქოდან ჩვენ ვისურვებდით მაქსიმალურ ჩართულობას. ჩვენ აუცილებლად მოვიწვევთ შემდეგ სასულიერო პირებს: მაღალყოვლადუსამღვდელოესი დავითი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის, მოადგილე; მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოანე, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელი; მაღალყოვლადუსამღვდელოესი ანდრია, გორისა და ატენის მიტროპოლიტი საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი; ყოვლადუსამღვდელოესი ვახტანგი, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი; არქიმანდრიტი კირიონი საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე. გარდა ამისა, ჯგუფში მოწვეულნი იქნებიან მოწვეული პროფესიონალები და შესაბამისი კომპეტენციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები.“ - აღინიშნა ბრიფინგზე.
იუნესკოს ექსპერტების დასკვნა იხილეთ ბმულზე ➡ https://cutt.ly/E3gOIL0
 
 
 
 
რეგიონი
კახეთის 4 -ზოლიანი მაგისტრალის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა, მაგისტრალური გზა სამჯერ გაზრდილ გამტარობასთან ერთად ანახევრებს გადაადგილების დროს

კახეთის 4 - ზოლიანი მაგისტრალური გზის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა და თბილისიდან საგარეჯომდე ტრანსპორტი უკვე ჩქაროსნული გზით ისარგებლებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზა სრულ შესაბამისობაშია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებთან და უზრუნველყოფილია განათების სისტემით.

„მაგისტრალი გვერდს უვლის ოთხ მჭიდროდ დასახლებულ სოფელსა და ქალაქს (ვაზიანს, სართიჭალას, ნინოწმინდას, საგარეჯოს), რითაც განტვირთავს მოძრაობას დასახლებებში, გაანახევრებს გადაადგილების დროს და სამჯერ გაზრდის ავტოტრანსპორტის გამტარობას.

თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალურ გზაზე აშენდა 35 კმ-იანი ასფალტ-ბეტონისა და ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი გზა, 46 საავტომობილო, 4 სარკინიგზო და 1 სამელიორაციო ხიდი, მოეწყო 8 მიწისქვეშა გადასასვლელი, 148 წყალგამტარი და 19 სამელიორაციო მილი.

გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 533 502 661 მილიონი ლარით დაფინანსდა.

თბილისი-სგარეჯოს 35 კმ-იანი საერთაშორისო მაგისტრალური გზა თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი საგზაო ქსელის და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის ნაწილია.

კახეთის 4 ზოლიანი საერთაშორისო მაგისტრალის განვითარებისთვის, საერთო ჯამში, აშენდება 85 კმ-იანი გზა ბაკურციხემდე, რისთვისაც უკვე მიმდინარეობს საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა.

კახეთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, თბილისიდან თელავამდე მგზავრობა მხოლოდ 1 საათსა და 20 წუთში იქნება შესაძლებელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.