წყარო:https://bm.ge/
ციფრული აქტივების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დავა კრიპტოკომპანიის გამარჯვებით დასრულდა. ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა მოსამართლემ, ანალიზა ტორესმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და კრიპტოვალუტა XRP გაამართლა.
საქმე ეხება 2020 წელს დაწყებულ დავას, რომლის მიხედვით, XRP-ის შემქმნელ კომპანია Ripple-ს ბრალად ედებოდა ფასიანი ქაღალდების უნებართვოდ გამოშვება და ამერიკული კანონმდებლობის დარღვევა.
მოსამართლის განცხადებით, XRP თავისი არსით ფასიანი ქაღალდი ანუ Security არ არის და ამიტომაც ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისიის (SEC) საჩივარიც უსაფუძვლოა.
მოსამართლის მიერ XRP-ის რაობის დადგენას ინდუსტრიისათვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს გადაწყვეტილება მომავალში პრეცედენტულად იქნება განხილული და სხვა მრავალ სასამართლო დავაზეც გავრცელდება.
ამ დავის საკვანძო ნაწილი სწორედ კრიპტოვალუტის სტატუსს უკავშირდება. მოგეხსენებათ, ამერიკელ თუ ევროპელ კანონმდებლებს ჯერაც ვერ განუსაზღვრავთ, თუ რა კატეგორიას უნდა მიაკუთვნონ კრიპტოაქტივები.
ნაწილი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტები ფასიან ქაღალდებად (Securities) უნდა იქნეს განხილული. მეორე ნაწილი თვლის, რომ კრიპტოვალუტები თავისი არსით ყველაზე მეტად საბირჟო საქონელს (Commodities) ჰგვანან. ამ არგუმენტს განსაკუთრებით ამყარებს ბიტკოინისა და ოქროს მსგავსება. აგრეთვე არსებობს მოსაზრება, რომ კრიპტოვალუტები საერთოდაც ჩვეულებრივ ვალუტებად (Currencies) უნდა განვიხილოთ. მარეგულირებლების ნაწილი კი თვლის, რომ ციფრული აქტივებისათვის (Digital Assets) საერთოდ ახალი კატეგორია უნდა შეიქმნას და კრიპტოაქტივებიც ამ კატეგორიაში მოექცნენ.
ყოველ ზემოხსენებულ კატეგორიას თავისი სპეციფიკა და უპირატესობა აქვს, კრიპტოვალუტებისათვის ყველაზე არასასურველი კი ფასიანი ქაღალდების კატეგორიაა, რომელიც თავისი არსით ყველაზე მკაცრადაა რეგულირებული. საფონდო ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისია ამერიკაში ყველაზე აგრესიულ და მკაცრ ორგანოდ ითვლება, რომელიც მონიტორინგს საფონდო ბირჟებს უწევს. თუკი მოსამართლე კომისიის საჩივარს დააკმაყოფილებდა და XRP-ის ფასიან ქაღალდად ჩათვლიდა, მაშინ მის გამომშვებ კომპანიას ისეთივე რეგულაციებს დაცვლა მოუწევდა, როგორიც, მაგალითად: Apple-ს, Microsoft-სა და JPMorgan-ს უწევს. ცხადია, ასეთ მკაცრ რეგულაციებთან მორგება კრიპტოკომპანიებისათვის უბრალოდ წარმოუდგენელია.
მართალია, მოსამართლეს თავად არ განუსაზღვრავს, თუ რა კატეგორიას უნდა მიეკუთვნოს კრიპტოვალუტები, თუმცა ამ გადაწყვეტილებით საფონდო ბირჟების მარეგულირებელ კომისიას მნიშვნელოვნად შეეზღუდა გავლენის სფერო, რაც ინდუსტრიისათვის უდიდეს გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს.
ამერიკული სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტულად იქნება განხილული როგორც თავად ამერიკაში, ასევე ევროპისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თავად ამ შინაარსის დავა კი არა მარტო კომპანია Ripple-ს, არამედ თითქმის ყველა კრიპტოაქტივს ეხება.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/