USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Tbilisi
კოტე აფხაზი: “ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს“
Date:  1262

“შეთქმულების ორგანიზაციის შექმნის გამო, რომელიც მიმართული იყო საბჭოთა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ბანდიტიზმისა და შპიონიზმის ბრალდებით კონსტანტინე აფხაზს, რომელიც აღიარებს შეირაღებული აჯანყების ორგანიზებაში მონაწილეობას, მიესაჯოს დახვრეტა და განაჩენი სისრულეში მოყვანილ იქნას ოცდაოთხი საათის განმავლობაში“. – ასეთი განაჩენი გამოუტანა გენერალ კოტე აფხაზს 1923 წლის მაისში “ჩეკამ“. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში, რომელმაც გენერალ აფხაზს დახვრეტა მიუსაჯა _ მოგილევსკი, პანკრატო, ზონოვი, მახნოვსკი, ეპიფანე კვანტალიანი, ორახველიძე, შალვა ელიავა, ლავრენტი ბერია და ლომინაძე შედიოდნენ.
კონსტანტინე აფხაზმა დიდი წვლილი შეიტანა ივანე ჯავახიშვილთან ერთად საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. მის სახელს უკავშირდება ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და ქართული ეროვნული არმიის შექმნა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტი იყო თავისუფლებაახალმოპოვებული საქართველოსთვის.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტსაც, რომელიც ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს მიიღო, სხვებთან ერთად ხელს სწორედ კოტე აფხაზი აწერდა.
დამოუკიდებელმა საქართველომ მხოლოდ სამი წელი იარსება. შემდეგ კი ქვეყანამ დაკარგა დამოუკიდებლობა და ქართველმა მამულიშვილებმა კვლავ დაიწყეს ბრძოლა ქვეყნის გასათავისუფლებლად. კოტე აფხაზი ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ ამ ბრძოლაში.

                                                                    გენერალი დავით აფხაზი, პოლკოვნიკი გიორგი აფხაზი, გენერალი კოტე აფხაზი.
1921 წლის ბოლოსთვის იქმნება ერთიანი სამხედრო ცენტრი, რომელშიც შედიოდნენ მენშევიკებიდან და მემარჯვენე ფედერალისტებიდან გენერალი ვარდენ წულუკიძე და ნაციონალ-დემოკრატებიდან კოტე აფხაზი. პირველ ეტაპზე სამხედრო ცენტრის დანიშნულება გახლდათ საქართველოს ყველა კუთხეში მსგავსი პატარ-პატარა ცენტრების შექმნა, რომელიც ერთიანი სამხედრო ცენტრისგან გაკონტროლდებოდა.
სამხედრო ცენტრმა მალე მთელი საქართველო მოიცვა. ცენტრის ყველაზე დიდი ფილიალი ბათუმში მდებარეობდა, რომელსაც გენერალი გიორგი მაზნიაშვილი ხელმძღვანელობდა.
ამ ცენტრს საერთო სახალხო აჯანყების ორგანიზება უნდა გაეწია. თუმცა ერთიანობა ხშირ შემთხვევაში მიუღწეველი იყო და ცენტრშიც კი აზრთა სხვადასხვაობა სუფევდა. ცენტრს სურდა კავშირის დამყარება მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთთან, თუმცა ეს შეუძლებელი გახდა.
1922 წელს პირველად სპირიდონ კედია, შემდეგ კი ასათიანი დააპატიმრეს. პოლიტიკური ცენტრი, რომელშიც უკვე პარიტეტული კომიტეტიც მოიაზრებოდა და ხშირად განმათავისუფლებელ კომიტეტსაც უწოდებდნენ, საბოლოოდ 1922 წლის სექტემბრის სხდომაზე გაფორმდა, რომელიც ნარიყალიძის ბინაში მიმდინარეობდა. სხდომას ესწრებოდნენ ვარდენ წულუკიძე, კოტე აფხაზი, როსტომ მუსხელიშვილი, იოსებ გედევანიშვილი, ნარიყალიძე და ალექსანდრე ანდრონიკაშვილი. პარიტეტული კომიტეტი ხუთი პარტიისგან შედგებოდა: ნაციონალ დემოკრატები, მენშევიკები, სოციალისტ-ფედერალისტები, “სხივისტები“ და სოციალ-რევოლუციონერები. მათ შორის ჩამოყალიბდა შემდეგი შეთანხმება:
1) პარიტეტული კომიტეტი უნდა შემდგარიყო ხუთივე პარტიის თითო-თითო წარმომადგენლისაგან.
2) ყველა პრობლემა შეთანხმებულად უნდა გადაწყვეტილიყო. პარტიებს დამოუკიდებლად მოქმედება ეკრძალებოდათ. პარიტეტული კომიტეტი ვალდებული იყო შეეთანხმებინა მათი მოქმედება;
3) საზღვარგარეთ მყოფი ყოფილი ხელისუფლებისთვის დირექტივები პარიტეტულ კომიტეტს უნდა მიეცა და მათი ყოველი მოქმედებაც შეთანხმებული უნდა ყოფილიყო.
4) არსებული თანხები, რომელიც საზღვარგარეთ ჰქონდათ, საერთო მიზნებს უნდა მოხმარებოდა.
5) ბოლშევიკების საქართველოდან განდევნის შემდეგ, რაშიც აბსოლუტურად იყვნენ დარწმუნებულები აჯანყების მოთავეები, კანონიერი ხელისუფლების დაბრუნებამდე ქვეყნის მართვა სწორედ კომიტეტს ევალებოდა.
ამ პუნქტების შეთანხმებაში მონაწილეობას იღებდნენ ციხიდან კედია და ასათიანი.
1922 წელს ხევსურეთში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და კოტე აფხაზის მეთაურობით მოეწყო აჯანყება. მართალია, რუსეთის ჯარმა აჯანყება ჩაახშო, მაგრამ თავადაც სერიოზული ზარალი განიცადა. ეს იყო სტარტი ერთიანი ეროვნული ამბოხებისა და ქართველი ერის გამოფხიზლებისა. ყველა კარგად ხვდებოდა, უკან დახევა დამღუპველი იყო და ამიტომ ახალი შემართებითა და ერთიანი ძალებით აპირებდნენ ამბოხს.
გადაწყდა, პირველ რიგში თბილისი დაეკავებინათ და განედევნათ რუსის ჯარი. საჭიროების შემთხვევაში კახეთიდან დაიხმარდნენ ძალებს. თუმცა მანამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში, ქვეყანაში სიწყნარე იყო. “ჩეკა“ დიდხანს ეძებდა აჯანყების ხელმძღვანელებს და გამცემის დახმარებით მიაგნო კიდეც. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სტუდენტთა კომიტეტის წევრმა კოტე მისაბიშვილმა სამხედრო ცენტრის მთელი შემადგენლობა გასცა.
1923 წლის თებერვალში დააპატიმრეს კოტე აფხაზი და მასთან ერთად კიდევ სამხედრო ცენტრის თოთხმეტი წევრი: ა. ანდრონიკაშვილი, ვ. წულუკიძე, რ. მუსხელიშვილი, გ. ხიმშიაშვილი, ე. გულისაშვილი, ა. მაჭავარიანი, დ. ჩრდილელი, ს. მუხრანბატონიშვილი, ფ. ყარალაშვილი, ლ. კლიმიაშვილი, მ. ზანდუკელი, ი. კერესელიძე, ს. ჭიაბრიშვილი, ი. ქუთათელაძე. საშინლად აწამეს ტუსაღები, მაგრამ ვერც ერთს ვერაფერი წამოაცდევინეს…
გადაწყდა სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა და განაჩენიც სისრულეში იქნა მოყვანილი. კოტე აფხაზთან ერთად თოთხმეტივე პატიმარი 19 მაისს თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტეს. “მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!“_ ეს სიტყვები შეუძახია გენერალ კოტე აფხაზს დახვრეტის წინ და სიკვდილსაც ისე გმირულად შეხვედრია, როგორც იცოცხლა.

წყარო: “საარქივო მოამბე“ N 1. 2008 წ.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way