USD 2.7428
EUR 2.8772
RUB 2.6387
თბილისი
“კონსერვატიული მოძრაობა” - ვინ და საიდან სწირავს ფულს? - გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
თარიღი:  292

ავტორები: ია ასათიანი და აიდან იუსიფი

რუსეთის მეხოტბე “კონსერვატიული მოძრაობა” მისივე წევრების მხრიდან ფინანსდება. პარტიის 101 შემომწირველიდან 50 რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი, ყოფილი ხელმძღვანელი ან მათი ოჯახის წევრია. ისინი ორგანიზაციას ათასობით ლარს ურიცხავენ. ამ გზით კი პოლიტიკურმა მოძრაობამ ორ წელში 590 ათასი ლარი მიიღო.

არადა, თითქოს შემწირველებს ამის სახსრები არ უნდა ჰქონდეთ, რადგან უმრავლესობა ბიზნესსაქმიანობასაც არ ეწევა.

“აი, ფაქტი” დაინტერესდა, ვინ ურიცხავს ფულს რუსეთის ინტერესების გამტარებელ პოლიტიკურ პარტიას და საიდან აქვს ამის საშუალება უმუშევარ ხალხს. ჩვენ ეს სქემა სიღრმისეულად ვიკვლიეთ და ვრცელ ჟურნალისტურ გამოძიებას მალე შემოგთავაზებთ.

იქამდე კი მოგიყვებით, ვინ არის ყველაზე გულუხვი რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებიდან.

“კონსერვატიული მოძრაობა” – რა ვიცით ამ პოლიტიკურ გაერთიანებაზე?

ეს პოლიტიკური გაერთიანება 2021 წლის ნოემბერში, “ალტ ინფოს” ლიდერებმა დააფუძნეს. მათ ქსენოფობიურ, ჰომოფობიურ, რუსეთის მოტრფიალე და ანტისახელმწიფოებრივ განწყობებზე ბევრი გვსმენია. ამ გაერთიანებამ “თავი გამოიჩინა” ორი წლის წინ ზაფხულში, როცა მათი წაქეზებული ჯგუფები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ კი “ტვ პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა გარდაიცვალა.

კონსერვატიული მოძრაობის დაფუძნების ყრილობა
პარტიის დაფუძნება, 2021 წლის ნოემბერი.
ფოტო: “კონსერვატიული მოძრაობის” ფეისბუქი

მათ ძალადობას პოლიციის მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. აქციის ორგანიზატორები დღემდე არავის დაუსჯია. მეტიც, ორ თვეში მთელი ქვეყნის მასშტაბით ტელემაუწყებლობა დაიწყეს, მოგვიანებით კი პოლიტიკური პარტია დააფუძნეს. მას “კონსერვატიული მოძრაობა” დაარქვეს, რეგიონული ოფისების გახსნა კი უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად გააგრძელეს.

ამ ჯგუფის პრორუსულობასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში კითხვები აღარავის აქვს. მათი ტელევიზიით ხშირად ჟღერდება რუსეთის მხარდამჭერი პირდაპირი თუ ირიბი გზავნილები. გასული წლის მარტში კი მათ გადაცემაში ომის პროპაგანდის ნიშნები კომუნიკაციების კომისიამაც დაინახა. ამასთან, 2022 წლის ოქტომბერში მთელი გუნდი ამაყად პოზირებდა კრემლის წინ, წითელ მოედანზე და ამბობდნენ, ოკუპანტ ქვეყანაში ურთიერთობების დასალაგებლად ვიყავით ჩასულებიო.

ხშირად “კონსერვატიული მოძრაობის” მიმდევრების და მმართველი გუნდის მოსაზრებები ერთმანეთთანაა თანხვედრაში. მაგალითად, ერთნაირად საუბრობენ რუსეთის უძლეველობაზე, სანქციების არაეფექტურობაზე, დასავლეთის მხრიდან ომში ჩათრევის მცდელობასა თუ “რუსულ კანონზე”.

თუმცა, როგორც ჩანს, გამჭვირვალობის “მომხრე” ორგანიზაცია თავად ასაიდუმლოებს შემოსავლის წყაროს. 2022 წლის ივნისში აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ პარტია 217 ათასი ლარით დააჯარიმა, ფინანსური ბრუნვის და არაფულადი შემოწირულობების დამალვის გამო. ამ ამბის შემდეგ, 2023 წელს მათი შემომწირველების რიცხვი თითქმის ოთხჯერ შემცირდა.

 

როგორ აფინანსებს მორგოშია პარტიას?

2023 წელს, ჩვენთან ინტერვიუში კონსტანტინე მორგოშია აღიარებდა, რომ ალტ-ინფოს მთავარი დამფინანსებელი ის იყო. თუმცა, ამას ასე ღიად აღარ ამბობს და აშკარაა, რომ ცდილობს თავისი როლი დამალოს. რაკი პარტიის დამფინანსებლები უმუშევრები არიან, ჩნდება ეჭვი, ამ ფულის წყარო სწორედ კონსტანტინე მორგოშია ხომ არ არის.

მორგოშია ფინანსების კვალის დამალვაში არაერთხელ არის შემჩნეული. 2016 წელს საქალაქო სასამართლომ, აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე ის 183,000 ლარით დააჯარიმა, “პატრიოტთა ალიანსის” არაკანონიერი გზით დაფინანსების გამო. შარშან თავად მორგოშია ამბობდა, რომ ჯარიმა არ გადაუხდია და ამას არც მომავალში იზამდა.

ალტ-ინფოს დაფინანსების წყარო რომ ბუნდოვანია, ამას მის პენსიონერ მამიდასთან დაკავშირებული ამბავიც ადასტურებს. ციალა მორგოშია, რომლის სახელზეც არის კონსტანტინე მორგოშიას ბიზნესის დიდი ნაწილი, 2022 წელს “ალტ-ინფოს” ტელევიზიას თითქმის 1 მილიონი ლარით აფინანსებდა.

morgoshia kremlshi
კონსტანტინე მორგოშია კრემლის წინ, ფოტო: ნეტგაზეთი

ამ წლის ივლისში კონსტანტინე მორგოშია ამბობდა, ტელევიზიას თანხას მამიდაჩემის წარმომადგენლები სწირავენო. “აი, ფაქტის” მოპოვებული მტკიცებულებით, ციალა მორგოშიას მინდობილი პირები მისი ძმისშვილები, კონსტანტინე და ირაკლი მორგოშიები არიან. ისინი უძრავ ქონებასა და ბიზნესს სწორედ მამიდის სახელით არეგისტრირებენ ხოლმე.

მორგოშია ფულს რომ რუსეთშიც გამოიმუშავებს, ახლა უკვე დადასტურებულად ვიცით. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მან ბიზნესსაქმიანობა რუსეთში გადაწყვიტა და განაცხადა, ჩემთვის აქ უფრო ხელსაყრელი პირობებიაო.

 

 

რა შემოსავალი აქვთ კონსერვატიული მოძრაობის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელებს?

ჩვენ “კონსერვატიული მოძრაობის” რეგიონული ოფისების ხელმძღვანელებიდან ავარჩიეთ ისინი, ვინც პარტიისთვის ყველაზე მეტ ფულს იმეტებს ხოლმე. მათ შორის რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი მერაბ გიგანი ლიდერობს. მან 2022 წლის ათ თვეში პარტიას 22 ათასი ლარი ჩაურიცხა. ყოველთვიურად კი დაახლოებით 2100 ლარს რიცხავდა.

კონსერვატიული მოძრაობა - რუსთავის ოფისის გახსნა
პარტიის რუსთავის ოფისის გახსნა, 2022 წლის იანვარი.
ფოტო: “კონსერვატიული მოძრაობა”

გიგანი შემწირველებიდან იშვიათი გამონაკლისია, რადგან თავის სახელზე რეგისტრირებული ბიზნესი აქვს – შპს “ტექნომეტალი”. კომპანიას 2027 და 2035 წლამდე აქვს ტექნოგენური ნარჩენების და საცემენტე თიხის მოპოვების ლიცენზია.

მერაბ გიგანმა თავისი “საგმირო საქმეებით” თავი დაგვამახსოვრა 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს და 2023 წელს, “კონსერვატიული მოძრაობის” ყოფილი წევრის, ატო (ანტონ) თამლიანის ცემის ინციდენტით. ტელეკომპანია“ფორმულას” სიუჟეტით, მორგოშიას დაკვეთით სწორედ ის გაუსწორდა თამლიანს, უკრაინაში მიმდინარე ომზე პარტიისგან განსხვავებული პოზიციის გამო.

შემომწირველთა ნუსხაში ლიდერობს გიორგი სულაკაძეც, “კონსერვატიული მოძრაობის” ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი. მან პარტიას შარშან 10 თვის განმავლობაში 19 ათასი ლარი ჩაურიცხა. სულაკაძე 42 წლისაა და ოფიციალურად რაიმე ბიზნესს არ ფლობს. ამ ფონზე, განსაკუთრებით საინტერესოა, საიდან ჰქონდა  ყოველთვიურად 1900 ლარი, “კოსერვატიული მოძრაობისთვის” გასამეტებლად.

“კონსერვატიული მოძრაობის” ფოთის ოფისს დავით დვალიშვილი ხელმძღვანელობს. მან შარშან პარტიას 16,200 ლარი შესწირა. ერთ ჯერზე შეტანილი თანხა 1000-1900 ლარის ფარგლებში მერყეობდა. დვალიშვილს არც საკუთრება აქვს, არც ბიზნესი და არც ინდ.მეწარმის სტატუსი.

ხაზი უნდა გავუსვათ ორ საეჭვო დამთხვევას. ერთი, რომ აგვისტოში თანხა არც გიგანს შეუწირავს და არც სულაკაძეს. მათი და დვალიშვილის ათი ჩარიცხვიდან ხუთი კი ერთსა და იმავე დღეს იყო.

კონსერვატიული მოძრაობა - გურჯაანის ოფისი
პარტიის ოფისის გახსნა გურჯაანში, 2022 წლის 11 მარტი.
ფოტო: რეგიონული ოფისის ფეისბუქი

“კონსერვატიული მოძრაობა” თანამოაზრეების მოკრებას და რუსეთის მიმართ კეთილგანწყობის გაღვივებას სცდილობს გურჯაანშიც. აქაურ ოფისს ნოდარ ჩაკვეტაძე ხელმძღვანელობს.

გასულ წელს მან პარტია 15,000 ლარით დააფინანსა. მარტი-ივლისში, ყოველთვიურად, 2250 ლარს სწირავდა, აგვისტო-დეკემბერში კი 625-ს. აქედან ხუთი ჩარიცხვა კი დაემთხვა ფოთის და ქუთაისის ოფისების ხელმძღვანელების ჩარიცხვებს.

ჩაკვეტაძე ფლობს შპს “ჩაკვეტაძეს”. თუმცა, შემოსავლების სამსახურის მიხედვით, ამჟამად, კომპანია პასიურია. ეს ნიშნავს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ ანგარიშებზე ფული არ ჩარიცხულა.

გულუხვ შემწირველთა რიგებშია მცხეთის ოფისის ხელმძღვანელი თენგიზ ვეშაგურიც, რომელიც ასევე არ არის დაკავებული ბიზნესსაქმიანობით. ვეშაგურმა პარტიისთვის თანხის ჩარიცხვა მის რეგიონში ოფისის გახსნიდან სამ თვეში დაიწყო. 2022 წლის ივნისიდან მიმდინარე წლის იანვრამდე მან “კონსერვატიულ მოძრაობას” 10,800 ლარი შესწირა. ყოველთვიურად კი 1,500 ლარი შეჰქონდა.

ვეშაგური ბიზნესსაქმიანობაში არ არის ჩართული. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ის ინდ.მეწარმე იყო და მეფრინველეობას ეწეოდა. თუმცა, 2011 წელს ინდ.მეწარმის სტატუსი გააუქმა.

საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ პოლიტიკურ ორგანიზაციას მისივე წევრები ინახავენ. თუმცა, საიდან აქვთ სახსრები, ბუნდოვანია. პირადად ოფისების მმართველებისგან გვინდოდა მოგვესმინა, როგორ მოახერხეს პარტიისთვის სოლიდური თანხების ჩარიცხვა იმ ფონზე, რომ ბიზნესი არ აქვთ.

დავით დვალიშვილთან რომ დავრეკეთ, გვითხრეს, ნომერი გეშლებათო. არადა, “კონსერვატიული მოძრაობის” საიტზე ეს ნომერია მითითებული. ამის შემდეგ ისევ დავუკავშირდით, თუმცა აღარ გვიპასუხა.

რაც შეეხება ქუთაისის და მცხეთის ოფისებს, აქაური ხელმძღვანელების ნომრები არც “კონსერვატიული მოძრაობის” გვერდზე იძებნება და არც სხვა ღია წყაროებში. მათ შეტყობინება სოციალურ ქსელში გავუგზავნეთ, მაგრამ ჯერჯერობით არ უპასუხიათ.

გურჯაანის ოფისის ხელმძღვანელმა ნოდარ ჩაკვეტაძემ გვითხრა, ფერმერი ვარ, ვენახები და ქლიავის ბაღები მაქვს და ასე მოვახერხე პარტიის დაფინანსებაო. მისი საუბრიდან ისიც გავიგეთ, რომ თურმე ამ პოზიციაზე ანაზღაურებას არ იღებს.

ყველაფერი რიგზე რომ არ არის და “კონსერვატიული მოძრაობა” სავარაუდოდ ფინანსურ მაქინაციებშია გახლართული, “მთის ამბების” სტატიითაც გამოჩნდა. გასულ წელს ფოთისა და გურჯაანის ოფისების ხელმძღვანელებს წამოსცდათ, რომ შეწირული ფული მათი ჯიბიდან არ ამოუღიათ.

“-თქვენი ჩარიცხული თანხა, პარტიის ანგარიშზე, როგორც ჩანს, ბოლომდე არაა ჩარიცხული და რამდენი მოგცეს ჩასარიცხად, რომ დაგვიზუსტოთ.

– 1,950

– და შემდეგ თვეში რა დროს ჩარიცხავთ?

– არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგი თქვენ უნდა მითხრათ, მე რა ვიცი”- თქვა ფოთის ოფისის ხელმძღვანელმა დავით დვალიშვილმა, რომელსაც ეგონა, რომ მედიიდან კიარა, პარტიის ფინანსური განყოფილებიდან ურეკავდნენ.

მასალაში გამოყენებული წყაროები

„ინფორმაცია მოპოვებულია „აი, ფაქტის“ მიერ და თავდაპირველად გამოქვეყნდა https://ifact.ge-ზე.“

მსოფლიო
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „ტრამპმა ისეთი ამერიკა მიიღო, რომელიც რომის იმპერიას ჰგავს დაცემის პერიოდში“

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ტრამპმა ისეთი ამერიკა მიიღო, რომელიც რომის იმპერიას ჰგავს დაცემის პერიოდში“ (ავტორი - ტიმ სტენლი, ისტორიკოსი, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

კემბრიჯის უნივერსიტეტის ლექტორი ასეთ ისტორიას ჰყვება: ერთხელ სტუდენტ ქალიშვილისთვის გასაუბრება ჩაუტარებია რომაელ კლასიკოსებზე და, როგორც ხდება ხოლმე, გოგონას ვერაფერი ვერ უთქვამს. ბევრს ეცადა პროფესორი - ხან აქედან მიუდგა, ხან იქიდან, ხან მიანიშნა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ლექტორი შეევედრა - „მითხარი, საერთოდ რაიმე თუ იცი რომაული სამყაროდან, არაფერმა არ დაგაინტერესა?“. პაუზა. სტუდენტი ფიქრობს და ბოლოს გახარებული ამბობს: „გლადიატორი“. ლექტორს იმედი მიეცა, იქნებ რაიმე ვრცლად იცის გლადიატორებზეო და ჰკითხა: „და რამ დაგაინტერესა „გლადიატორში“ - რომის პოლიტიკამ, კულტურამ, საზოგადოებამ?“. „რასელ ქროუმ“, - უპასუხა გოგონამ. ლექტორს უკანასკნელი იმედი გაუქრა...

გასულ კვირას ლონდონში, კინოთეატრ Imax-ში „გლადიატორი II“-ს ვუყურე. ვფიქრობ, მასში რასელ ქროუ რომ არ თამაშობს, ფილმისთვის ძალიან დიდი დანაკლისია, თუმცა რიდლი სკოტმა თავის ქმნილებაში საკუთარი სათქმელი მაინც თქვა.

კრიტიკოსების ნაწილი აღნიშნავს, რომ სიქველი უფრო ნიჰილისტურია, ვიდრე ორიგინალი, რომელიც ეკრანზე 2000 წელს გამოვიდა. პირველ ფილმში ნათქვამი იყო, რომ მარკ ავრელიუსის - იმპერატორისა და ფილოსოფოსის - რომის იმპერიის გარდაქმნის იდეა იმედიანად გამოიყურებოდა, მაგრამ მისი ვაჟის, იმპერატორ კომოდუსის მმართველობის დროს ყველაფერი წყალში ჩაიყარა. მართალია, გენერალ მაქსიმუს დეციმუს მირიდის მსგავს კარგ ადამიანებს სიტუაციის გამოსწორება შეეძლოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.

ამერიკა, როგორიც 2000 წლის 11 სექტემბრამდე [იგულისხმება მომხდარი ტერაქტების თარიღი] არსებობდა, შეიძლება იმდროინდელ რომად ჩავთვალოთ, როცა იმპერიის ხელისუფლების გეგმები „დიდი იმედების მომცემი“ იყო. ფილმში მარკ ავრელიუსის მმართველობიდან ორი ათეული წლის შემდეგ „გლადიატორი II“-ის სლოგანი გახდა „რომი უნდა დაეცეს“ - იმიტომ, რომ იმპერია შიგნიდან დალპა და გარდაქმნას საჭიროებდა. რომს მართავენ ტყუპი ძმები - იმპერატორები სეპტიმიუს გეტა და სეპტიმუს კარაკალა, ისინი გაუთავებლად ომობენ ბარბაროსებთან და რომის მოსახლეობას სპორტის სასტიკი სახეობით ართობენ, კონსულად კი მაიმუნს ნიშნავენ. იმპერატორების გარემოცვა, თანამედროვე გაგებით, ზელიბერალურია...

დღევანდელი ამერიკელი კონსერვატორები (ჩათვალე - რესპუბლიკელები) თვლიან, რომ ამერიკა ბოლო წლებში ლიბერალური რომის მიერ დაშვებულ შეცდომებს იმეორებს.

ნაციონალისტები მიუთითებენ, რომ ლიბერალურმა რომმა თავშესაფარი მისცა გოთებს (ბარბაროსებს), რომლებმაც საბოლოო ჯამში იმპერია გაძარცვეს და დაანგრიეს; ქრისტიანები რომაელ ლიბერალებს სექსუალურ თავაშვებულობაში ადანაშაულებენ, ხოლო მკაცრი ინდივიდუალისტები - საომარი სულის დაკარგვაში. „რომი დაეცა იმიტომ, რომ რომაელებმა რომაელების გაჩენა და აღზრდა შეწყვიტეს“, - თქვა ამას წინათ ილონ მასკმა ინტერვიუში. ტრადიციულად, მდიდრულ საზოგადოებაში უფრო ცოტა ბავშვი იბადება, რაც ამ საზოგადოების ელიტას აიძულებს სამუშაო ძალის იმპორტი განახორციელოს და დაქირავებულების იმედად იყოს. ამგვარ საზოგადოებაში ცენტრალური ადგილი უჭირავს კულტურული თვითმკვლელობის იდეას. ყველა დროის საზოგადოებებში ხდება ომები და ეპიდემიები, მაგრამ ძლიერებს ყველაფერს უძლებენ, სუსტები კი კრახს განიცდიან.

ამერიკას ერთი მუჭა არისტოკრატიული ოჯახები მართავენ. დონალდ ტრამპს, ისევე როგორც იულიუს კეისარს (ცეზარს), ხელისუფლებაში მოსვლა დიდწილად იმიტომაც სურდა, რომ თავისი ხელშეუხებლობა შეენარჩუნებინა და პატიმრობა თავიდან აეცილებინა. ერთი შეხედვით, თითქოსდა არაკეთილშობილური ქცევაა, მაგრამ ასე აკეთებდნენ ხალხები და პოლიტიკოსები ყველა დროში.

დონალდ ტრამპის ლოზუნგი - „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“ - ეხმიანება როგორც მარკ ავრელიუსისა და გენერალ მაქსიმუს დეციმუსის („გლადიატორი - I“) ოცნებას, ასევე მაქსიმუსის ვაჟის ლუციუსის („გლადიატორი II“) სურვილს - რომისათვის ძველი დიდების დაბრუნების შესახებ.

საბოლოო ჯამში, „გლადიატორი II“ არ იძლევა პასუხებს იმ პრობლემებზე, რომლებიც მასშია ნაჩვენები. მართალია, დაგმობილია კოლიზეუმის არენაზე მიმდინარე ბრძოლები, მაგრამ ახლო რაკურსით ვხედავთ გლადიატორების ყველა ტრამვას, შეტაკებაში მიღებულს. რიდლი სკოტი სიქველში კვლავ იმეორებს ინგლისურ-ამერიკულ რწმენას ღმერთივით პიროვნების მიმართ, მაგრამ ხალხის ცხოვრება ნაკლებად არის წარმოჩენილი. ფილმში არსად არავინ ლაპარაკობს მონების მდგომარეობაზე, დევნილ ებრაელებზე თუ ქრისტიანებზე, მთავარ გმირს ლუციუსს არ აქვს შედგენილი გეგმა რომში რესპუბლიკური მმართველობის აღსადგენად. ლუციუსი მხოლოდ დადებითი გმირის როლს ასრულებს, მას ხალხი მაინცდამაინც არ აინტერესებს - იმიტომ, რომ იგი იმპერატორის შთამომავალია.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2024/11/24/trump-america-rome-gladiator-lawfare-concubines/

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.