კომუნიკაციების კომისიან დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც "კავკასუს ონლაინის" 100%-იანი წილის მფლობელი გახდა NEQSOL ჯგუფის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ნასიბ ჰასანოვი, რომელსაც აქამდე კომპანიის 49%-იანი წილი ეკუთვნოდა. კომისია აცხადებს, რომ 51%-იანი წილის ნასყიდობა მათთან შეთანხმების გარეშე მოხდა, რის გამოც, ეს გარიგება "უკანონოა", შესაბამისად კომისია "კავკასუს ონლაინის" მორიგი სანქცირებისთვის ემზადება.
კომუნიკაციების კომისია ყურადღებით გაეცნო ვენეციის კომისიის მოსაზრებას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში 2020 წლის 17 ივლისს შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით. კომუნიკაციების კომისია ადასტურებს თავის ერთგულებას ვენეციის კომისიის მიერ დასკვნაში აღნიშნულ ფასეულობებთან მიმართებით. კომისია ყოველდღიურ საქმიანობაში სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს და იღებს გადაწყვეტილებებს.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისია დასკვნაში თავად აღნიშნავს იმ მასშტაბურ პრობლემას და გამოწვევას, რომლის გადასაჭრელადაც კანონში ცვლილებები შევიდა.
მივესალმებით, რომ ვენეციის კომისია აცნობიერებს კანონში ცვლილების შეტანის მიზანს - სახელმწიფოს ჰქონოდა უფრო ეფექტური და ნაკლები ზიანის მომტანი ინსტრუმენტი, ვიდრე ავტორიზაციის შეჩერება/ლიცენზიის გაუქმება და მილიონობით აბონენტის ინტერნეტის და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გარეშე დატოვება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის მიერ გაწეული ძალისხმევა და ის გარემოება, რომ ვენეციის კომისია ნათლად ხედავს საკითხის სენსიტიურობას და ცვლილების შეტანამდე არსებულ საკანონმდებლო ხარვეზს.
ამ კონტექსტში საყურადღებოა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანამდე კომუნიკაციების კომისიის მიერ 2019 წლის ოქტომბრიდან მიღებული არაერთი გადაწყვეტილების მიუხედავად, შპს „კავკასუს ონლაინს“ კანონდარღვევა არ აღმოუფხვრია. მეტიც, ნასიბ ჰასანოვმა საქართველოს კანონი რამდენჯერმე დაარღვია. ნასიბ ჰასანოვმა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები ჯერ კიდევ 49%-ის უკანონოდ შეძენამდე ზედმიწევნით კარგად იცოდა. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტი, რომ „კავკასუს ონლაინის“ შეძენის პროცესში 2019 წლის 18 იანვარს მან ყიდვის ხელშეკრულებით აიღო უმნიშვნელოვანესი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ კანონის მოთხოვნებს და კომუნიკაციების კომისიიდან წილის შესაძენად საჭირო წინასწარ თანხმობას, ასევე სხვა სამართლებრივ საკითხებს თავად უზრუნველყოფდა.
ამის შემდეგ, 2020 წლის აგვისტოში ნასიბ ჰასანოვმა არაერთი სასამართლო დავის პარალელურად მორიგი კანონდარღვევა კვლავ ჩაიდინა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ, ვიდრე კომუნიკაციების კომისია სპეციალურ მმართველს დანიშნავდა ნასიბ ჰასანოვმა კვლავ დაარღვია კანონი და „კავკასუს ონლაინის“ დანარჩენი 51% დაჩქარებული წესით, ისევ კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე შეიძინა. ამჟამად ჰასანოვი შპს „კავკასუს ონლაინის“ 100%-იანი წილის უკანონო მფლობელია.
კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი, 2020 წლის 15 დეკემბერს „კავკასუს ონლაინის“ დირექტორმა კომუნიკაციების კომისიის მიერ დანიშნულ სპეციალურ მმართველს ორი დოკუმენტი წარუდგინა თანხმობის მისაღებად. რომლის მიხედვითაც „კავკასუს ონლაინსა“ და ყაზახურ კომპანია სს „ტრანსტელეკომს“ შორის, ასევე შპს „კავკასუს ონლაინსა“ და თურქულ კომპანია სს „SOCAR Turkey Fiber Optik A.Ş“-ს შორის უნდა გაფორმებულიყო შეთანხმებები. ორივე დოკუმენტში „კავკასუს ონლაინი“ განხილული იყო, როგორც აზერბაიჯანულ ნექსოლ ჰოლდინგში შემავალი კომპანია, ამავე დოკუმენტებში „კავკასუს ონლაინი“ მიჩნეული იყო რეგიონული მნიშვნელობის ციფრული ჰაბის პროექტის განხორციელების მექანიზმად.
ამავე დოკუმენტებით, შპს „კავკასუს ონლაინსა“ და თურქულ კომპანია სს „SOCAR Turkey Fiber Optik A.Ş“-ს შორის გასაფორმებელი მემორანდუმის წინაპირობად განსაზღვრული იყო აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მთავრობებს შორის კასპიის ზღვის ქვეშ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება. აღნიშნულ დოკუმენტებს კომუნიკაციების კომისიის მიერ დანიშნულმა სპეციალურმა მმართველმა ხელი არ მოაწერა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება არ ვრცელდება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში 2020 წლის 17 ივლისს შესულ ყველა ცვლილებაზე. ვენეციის კომისიის დასკვნა მხოლოდ კონცენტრაციის დარღვევის ნაწილში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილებას და აღნიშნული გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ აღსრულებას ეხება. ვენეციის კომისიას არ შეუფასებია კომისიის სხვა გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი, ისევე, როგორც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირებისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სპეციალური მმართველის დანიშვნა.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიას მიაჩნია, რომ მისი ყველა გადაწყვეტილება ერთიან ევროპულ სტანდარტს უნდა ექვემდებარებოდეს, კერძოდ კი კომისიის ყველა გადაწყვეტილების რევიზია, მათ შორის გადაწყვეტილების შეჩერება უნდა ხდებოდეს სასამართლოს მიერ და არა ავტომატურად, რომელიმე ავტორიზებული პირის სარჩელის საფუძველზე. კომისიის, როგორც მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მათი დაუბრკოლებლად აღსრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მის მიერ რეგულირებადი სფეროს სწორად განვითარებისთვის. კომისიის გადაწყვეტილებების მხოლოდ სასამართლოს მიერ შეჩერება გარანტირებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებით. აღნიშნული ევროპული მიდგომა არც თავად ვენეციის კომისიას დაუყენებია ეჭვქვეშ. ვენეციის კომისიის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ კომისიის ყველა სხვა გადაწყვეტილებასთან მიმართებაში სწორია, რომ სასამართლოს მიერ ხდებოდეს გადაწყვეტილების შეჩერება, გარდა სპეციალური მმართველის დანიშვნისა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოხატვის თავისუფლებას ეხება. მნიშვნელოვანია, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით არ რეგულირდება. ვენეციის კომისია თავად აღნიშნავს, რომ კანონში ცვლილებების მიზანი არ ყოფილა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მაგრამ მაინც აუცილებლად მიგვაჩნია განვმარტოთ, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ საქართველოს კანონით და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით.
რაც შეეხება სამართლიანი სასამართლოს უფლებას, კომუნიკაციების კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყოველმხრივ ხელს უწყობს ამ უფლების რეალიზებას. კომუნიკაციების კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის პრაქტიკაში მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ყველა ღონისძიების განხილვა კანონმდებლობით დადგენილ შემჭიდროვებულ სამდღიან ვადაში ხდება. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სრულ შესაბამისობაშია ვენეციის კომისიის რეკომენდაციასთან - დაცული იყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება და პროცესუალური ვადები," - ნათქვამია განცხადებაში.