USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
კოლესნიკოვამ საზღვარზე პასპორტი დახია, რათა ბელარუსიდან გაძევება აეცილებინა – მედია
თარიღი:  928
ბელარუსელმა ოპოზიციონერმა მარია კოლესნიკოვამ უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე თავისი პასპორტი გაანადგურა, რათა ქვეყნიდან გაძევება აეცილებინა: ამის შესახებ უკრაინის მთავრობის წარმომადგენელი და მედია იტყობინებიან. აღნიშნულს წინ უძღოდა ბელარუსის სახელმწიფო მედიის ცნობები, რომ კოლესნიკოვა ქვეყნის დატოვების მცდელობისას, საზღვარზე დააკავეს.

ბელარუსელი ოპოზიციონერის შესახებ მეორე დღეა, ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება. თავდაპირველად,  7 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უცნობმა პირებმა ბელარუსის აქციების ლიდერი მინსკის ცენტრიდან მინივენით გაიტაცეს.

უკვე დღეს, ბელარუსის სახელმწიფო ტელეარხმა გამოაცხადა, რომ მარია კოლესნიკოვა ბელარუსი-უკრაინის საზღვარზე 8 სექტემბერს, გამთენიისას დააკავეს მაშინ, როცა ავტომობილით ცდილობდა ქვეყნის დატოვებას. ამავე ცნობებით, კიდევ ორი ოპოზიციონერი – ანტონ როდნეკობი და ივან კრავტსოვი – რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ ავტომობილში, უკვე უკრაინაში არიან.

ბელარუსის სახელმწიფო მედია ამ ინფორმაციის გავრცელებისას დაეყრდნო ბელარუსი სახელმწიფო სასაზღვრო უწყების წარმომადგენელს, ანტონ ბიჩკუსკის. თუმცა, “რადიო თავისუფლების” თანახმად, ცოტა ხნით ადრე ბიჩკუსკი ამბობდა, რომ სამმა ოპოზიციონერმა, მათ შორის, კოლესნიკოვამ, ქვეყანა დატოვეს და ის არსად ახსენებდა მის დაკავებას.

ბელარუსის სახელმწიფო მედიამ მოგვიანებით ასევე დაწერა, რომ მანქანამ, რომელშიც სამი ოპოზიციონერი იჯდა, საზღვართან სვლას უმატა და ამ დროს, “კოლესნიკოვა ავტომობილის გარეთ აღმოჩნდა”. ამ ცნობებით, ქალს “მანქანიდან გარეთ უბიძგეს” და მის გარეშე განაგრძეს მოძრაობა.

ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელმაც რუს ჟურნალისტებს მისცა ინტერვიუ, თქვა, რომ კოლესნიკოვა აღნიშნული მოვლენების დროს, საზღვრის კვეთის წესების დარღვევისთვის დააკავეს.

თუმცა, შუადღისას, კოლესნიკოვას შესახებ სრულიად განსხვავებული ცნობები გაავრცელეს სხვა, არასახელმწიფო გამოცემებმა და ადგილობრივმა აქტივისტებმა. ამ ინფორმაციის თანახმად, ოპოზიციონერ ლიდერს ძალით ატოვებინებდნენ ბელარუსს, რის თავიდან ასაცილებლადაც მან საზღვარზე პასპორტი გაანადგურა.

“როცა მის დადეპორტებას ცდილობდნენ, მან პასპორტი დახია, რათა მესაზღვრეებს უკრაინის ტერიტორიაზე არ შეეშვათ”, – იუწყება “ინტერფაქს უკრაინა” “ადგილობრივ წყაროებზე” დაყრდნობით.

მოვლენებს ასევე გამოეხმაურა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშენკო, რომელმაც ასევე გამორიცხა ბელარუსის ხელისუფლების ვერსია. მისი თქმით, კოლესნიკოვასა და სხვა ოპოზიციონერების შემთხვევაში ადგილი ჰქონდა “იძულებით გაძევებას”.

“მარია კოლესნიკოვა ვერ გააძევეს ბელარუსიდან, რადგან ამ მამაცმა ქალმა იმოქმედა ისე, რომ აღეკვეთა მოძრაობა საზღვარზე… ის ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩა”, – წერს გერაშენკო “ფეისბუქზე”.

კოლესნიკოვა ერთადერთია ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაწყებული მოძრაობის სამი ლიდერი ქალიდან, რომელიც ამ დრომდე რჩება ქვეყნის შიგნით. არჩევნების შემდეგ ის ოპოზიციის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრი გახდა.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია არ აღიარებს, ბელარუსში მასშტაბური დემონსტრაციები იმართება. მოქალაქეები პროტესტს სხვადასხვა ფორმით ყოველდღიურად გამოხატავენ. ბოლო ხალხმრავალი აქცია მინსკსა და სხვა ქალაქებში 6 სექტემბერს გაიმართა. შსს-ს ცნობით, პროტესტის დროს 600 ადამიანი დააკავეს.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის