პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას ვუკავშირებდით, თუმცა ამ ადამიანებმა თუ ასე გააგრძელეს, შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც გადავდგათ ეს ნაბიჯი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, საუბარია საკონსტიტუციო სარჩელის შეტანაზე, რასაც მისივე განმარტებით, დეპუტატების მცირე რაოდენობა სჭირდება.
ამის პარალელურად, კობახიძე ამბობს, რომ მერე მხრივ, დღეს იმდენად არის დასუსტებული ოპოზიცია, შეიძლება, ასეთი ზომების მღება აღარც გახდეს აუცილებელი.
„ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო პერიოდში საუბარი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე. ამას ვუკავშირებდით ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას, თუმცა თუ ასე გააგრძელეს ამ ადამიანებმა, შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც გადავდგათ ეს ნაბიჯი. თუ ისინი გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ წასვლას, ამ შემთხვევაში ისინი მოამწიფებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მათ ამის რესურსი ნაკლებად აქვთ, შესაბამისად, მე მგონია, რომ ძალიან მალე ისინი გაჩერდებიან. შესაბამის ინსტრუქციებსაც მიღებენ და არ ვიცი სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ისინი აღმოჩნდებიან პარლამენტში სკამებზე.
აქ საუბარია საკონსტიტუციო სარჩელის შეტანაზე, რასაც სჭირდება დეპუტატების მცირე რაოდენობა. ეს არის აბსოლუტურად საკმარისი. თუ გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ სიარულს, შეიძლება განვიხილოთ ეს საკითხი. თუმცა მერე მხრივ, დღეს იმდენად არის დასუსტებული ოპოზიცია, შეიძლება, ასეთი ზომების მიღება აღარც გახდეს აუცილებელი, თუმცა ცუდი არ იქნებოდა ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისთვის,“ - განაცხადა კობახიძემ.