XVI-XVIII საუკუნეებში სავაჭრო გზებზე საუბრისას ყურადღება უფრო მეტად გამახვილებულია ირანელების, სომხების, ინდოელებისა და სხვა ეთნიკური ჯგუფების კომერციულ აქტივობაზე. ქართველი ვაჭრები იშვიათად განიხილებიან როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო ჯგუფი. არადა, XVI-XVIII საუკუნეებზე მოდის ქართველი ვაჭრების განსაკუთრებული გააქტიურება.
ქართველი ვაჭრები 1453 წელს თურქების ხელში კონსტანტინოპოლის ჩავარდნამდეც აქტიურები იყვნენ. მაგალითად, ვენეციელი ვაჭარი ჯაკობო ბადოერი, 1436-1440 წლებში კონსტანტინოპოლში ცხოვრებისას, გიორგი „მეგრელს“ ახსენებს, რომელიც ძვირფასი მაუდით ვაჭრობდა. ქართველი და რუსი ვაჭრების ურთიერთობაზე ირიბი ცნობის ამოკითხვაა შესაძლებელი რუსი ვაჭრის, აფანასი ნიკიტინის მონათხრობიდანაც, როდესაც ის ქართულ მიწას საკმაოდ მდიდარ მხარედ მოიხსენიებს.
თუმცა XVI საუკუნიდან საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის მეტი პექსპექტივა გაჩნდა. ამის მიზეზი კი არა მხოლოდ რუსეთის, სპარსეთისა და ოსმალეთის ამბიცია იყო, სამხრეთი კავკასია თავიანთი ეკონომიკური გავლენისთვის დაექვემდებარებინათ, არამედ საკუთრივ რეგიონში ისეთი პროდუქციის წარმოება, რომლითაც ხერხდებოდა მახლობელ აღმოსავლეთში სავაჭრო-ეკონომიკურ კონკურენციაში შესვლა. ასეთ პროდუქტს აბრეშუმი წარმოადგენდა.
მაგალითად, როდესაც ინგლისელი ვაჭარი, ჯაილ ფლეტჩერი, XVI საუკუნის ბოლოს მოსკოვს ეწვია, იქ ის თურქ, სპარსელ, ქართველ და სომეხ ვაჭრებს შეხვდა. ქართველი ვაჭრები კონსტანტინოპოლშიც ჩადიოდნენ. „ახალ ქართლის ცხოვრებაში“ ნახსენებია ოსმალეთის დედაქალაქში მოვაჭრე ქართველი დიაკვნისშვილი, რომელმაც საქართველოში სიმონ მეფის ნაშთი ჩამოიტანა.
მოგვიანებით, XVII საუკუნეში, ქართველი ვაჭრები აქტიურები იყვნენ იმპერიულ დედაქალაქ ისფაჰანში, სადაც მრავალ ევროპელ ვაჭართან ერთად აქტიურ აღებმიცემობაში იყვნენ ჩართულები. ამაზე საუბრობს გერმანელი მოგზაური ოლეარიუსი. შაჰ-აბასის მიერ ირანში ძალდატანებით გადასახლებულ ხალხებს შორის ქართველები განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საქმეში. მაგალითად, გილანის პროვინციაში აბრეშუმის წარმოება კახეთიდან ირანში გადასახლებული ქართველი ებრაელის, ხოჯა ლალაზარ იაჰუდის ხელში გადავიდა.
გერმანელი მოგზაური ენგელბერტ კემპფერი საქართველოს შესახებ თავის ცნობებში აღნიშნავს, რომ ისფაჰანში მრავალ ეროვნებას შორის ქართველებიც აქტიურ სავაჭრო საქმიანობას ეწეოდნენ. რუსი ვაჭარი კოტოვი თავისი მოგზაურობის აღწერაში, სადაც ის რუსეთიდან ისფაჰანამდე და შემდეგ კი კონსტანტინოპოლამდე მოგზაურობს, ქართულად რიცხვების რუსულ ტრანსლიტერაციას იძლევა. ამას ასევე აკეთებს სომხურ, თურქულ და სპარსულ ენებზე. ვაჭრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო იმ რეგიონებისა და ხალხების ენებზე რიცხვების გამოთქმა, სადაც და ვისთანაც მოუწევდა ვაჭრობა. კოტოვის მიერ ქართული რიცხვების ხსენება კი ქართველი ვაჭრების აქტიურობაზე უნდა მიანიშნებდეს ირანის, კერძოდ კი ისფაჰანის ბაზრებზე, რომელთაც რუსი ვაჭარი თავისი აღწერილობის დიდ ნაწილს უთმობს.
ისტორიულ საბუთებში მრავლადაა მოხსენიებული გორელი ვაჭრები განჯაში, გილანში, ისფაჰანსა და ირანის სხვა ქალაქებში, დარუბანდში თუ კონსტანტინოპოლში. მაგალითად, ზემონახსენები ვაჭარი დიაკვნისშვილი ქალაქ გორიდან იყო. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნის ისფაჰანში აღმოჩენილი ქართული საფლავის ქვებზე ვკითხულობთ გორიდან წამოსული ვაჭრების გვარებს: მამიჯანაშვილი, ამირბაბაშვილ ელიზბარის ვაჟი, ბაღდასარი, ზურაბა გორქაშვილი და სხვანი. გორელი ვაჭრებისთვის ასევე არ უნდა ყოფილიყო უცხო შორეული ინდოეთიც. XVII საუკუნის ბოლო წლების ერთ-ერთ საბუთში გიორგი თუმანიშვილის ყმა წათურაშვილი ინდოეთში გაქცეულა.
ქართველი ვაჭრები ასტრახანშიც უნდა ყოფილიყვნენ. ეს სავსებით შესაძლებელი იყო რუსეთის მიერ ვოლგისპირეთსა და კასპიისკენ ექსპანსიის შემდეგ. ამ კუთხით ჩვენთვის საინტერესოა ასტრახანი, სადაც, 1681 წლის ბრძანებით, რუსეთის ხელისუფლებამ სომხებს, ინდოელებსა და ქართველებს ქალაქში ცხოვრების უფლება მისცა, თუ ისინი სავაჭრო საქმიანობით იქნებოდნენ დაკავებული.
XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ქართველები აქტიურები იყვნენ ოსმალეთის სავაჭრო მიმართულებაზეც. XVII საუკუნის პირველ მეოთხედში კონსტანტინოპოლში მყოფი ინგლისის ელჩი, ტომას რეი, ქართულ სავაჭრო ხომალდებს ახსენებდა. ასევე აღსანიშნავია ერზერუმი, რომელიც ფრანგი მოგზაურის, ტურნეფორის მიხედვით, ხილით საქართველოდან მარაგდებოდა. შესაძლოა, რომ ტერიტორიული სიახლოვის გამო მას „საქართველოში“ უფრო მისი დასავლეთი ნაწილი ეგულისხმა.
თუმცა ასევე ცნობილია, რომ ერზერუმს მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა აღმოსავლეთ საქართველოსთანაც, კერძოდ თბილისთან, სადაც ყოველდღიურად ქარავნები გადიოდნენ. განსაკუთრებით განთქმული იყო ერზერუმში წარმოებული ჭურჭელი, რომელიც მთელ მახლობელ აღმოსავლეთსა და მუღალთა იმპერიაში ჩადიოდა.
ყოველწლიურად თბილისიდან და მისი შემოგარენიდან ერზერუმის მიმართულებით ორი ათასზე მეტი აქლემის საპალნე მცენარის ძირი, სახელად ბოია, გაჰქონდათ. ერზერუმიდან ქართული ბოია დიარბექირში ევროპისთვის განკუთვნილი ტილოს შესაღებად იგზავნებოდა. კიდევ ერთ საექსპორტო მიმართულებას ინდოეთი წარმოადგენდა, რაც საფუძვლიან ვარაუდს ბადებს საქართველოში ინდოელი ვაჭრების შესაძლო აქტიური კომერციული საქმიანობის შესახებ.
თბილისს ასევე მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა ერევანსა და განჯასთან, საიდანაც, მაგალითად, თოფის წამლის დასამზადებლად საჭირო ინგრედიენტები შემოდიოდა. XVII საუკუნის ერევანში მონებით ვაჭრობა იყო განვითარებული. ამავე პერიოდში ქართველ ვაჭრებს ალეპოში აბრეშუმი ჩაჰქონდათ, რასაც იტალიელი მინადოი ახსენებს, როდესაც ის ალეპოში ქართველების ყოფნაზე საუბრობს.
ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ, ისევე როგორც წინა საუკუნეებში, ძირითადი სახმელეთო სავაჭრო-სატრანზიტო მიმართულება მაინც საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი იყო. ამაზე მეტყველებს თვითონ ევლია ჩელების მოგზაურობის მარშრუტებიც: ანატოლიიდან თავრიზამდე და მიმდებარე ტერიტორიებამდე, შემდეგ ერევან-განჯის მიმართულებამდე, რომლითაც თურქი მოგზაური შირვანსა და დარუბანდამდე აღწევს. დარუბანდიდან საქართველოში დასაბრუნებელ გზაზე ევლია ჩელები სამხრეთით, შაქისკენ გაემგზავრა, საიდანაც ჯერ კახეთში, შემდეგ კი თბილისში ჩავიდა.
საქართველოს აქტიური კონტაქტი უნდა ჰქონოდა შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ ქალაქებთანაც. XVI საუკუნის შუა პერიოდში ტრაპიზონს აქტიური სავაჭრო კავშირები ჰქონდა სამეგრელოსთან, აბაზის ქვეყანასთან, ყირიმთან და კაზაკებთან. ასევე აქტიური ვაჭრობა მიმდინარეობდა სამეგრელოსა და შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთს შორის. კაფას მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსთან. მაგალითად, 1539 წელს, მიკელე მემბრემ კაფიდან ანაკლიამდე გემი საკმაოდ მარტივად იშოვა. ასევე მარტივად ჩამოვიდა საქართველოში ჟან შარდენიც.
სხვა სიტყვებით, XVI-XVIII საუკუნეებში ქართველი ვაჭრების საქმიანობის გეოგრაფიული არეალი საკმაოდ ფართო იყო და მოიცავდა როგორც მახლობელ აღმოსავლეთს, ასევე რუსეთსა და ზოგიერთ ევროპულ ქალაქს. ეს კი ტრანსევრაზიულ ვაჭრობაში საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე უნდა მიუთითებდეს.
წყარო:https://forbes.ge/
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.