ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის თარიღი დანიშნა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 17 ივლისს გაიმართება.
ბიბილოვის განცხადებით, მალე ახდება "დიდი ოცნება", რადგან სამხრეთ ოსეთი და რუსეთი "დაკავშირებულია ერთი ისტორიით" და მოვიდა დრო, რომ გაერთიანდნენ "ერთხელ და სამუდამოდ".
„შესაბამისი დოკუმენტები სასამართლოს გადაეცა. ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და უახლოეს დროში, მალე ახდება ჩვენი დიდი ოცნება. რუსეთი და სამხრეთ ოსეთი დაკავშირებულია ერთი ისტორიით. ეს არ არის მხოლოდ პარტნიორობა და მეგობრობა. ეს უფრო ორი ძმის ურთიერთობაა, როდესაც უფროსი ძმა ყოველთვის გაგიგებს და მხარს დაგიჭერს, უმცროსი კი - პატივს სცემს და დაეხმარება უფროსს. მოვიდა დრო, გავერთიანდეთ ერთხელ და სამუდამოდ. ეს ნიშნავს ახალი ისტორიის დასაწყისს“, - აცხადებს ბიბილოვი.
ცნობილია, რომ ოკუპირებულ ცხინვალში 21 მაისის შემდეგ, ახალი ე.წ. პრეზიდენტის ალან გაგლოევის „ინაუგურაცია“ გაიმართება. მან განაცხადა, რომ როგორც კი დრო დადგება, „სამხრეთ ოსეთი“ მზად იქნება რეფერენდუმის ჩასატარებლად რუსეთში გაერთიანებასთან დაკავშირებით.
მიმდინარე წლის 3 თვეში საქართველომ 25.7 ათასი დოლარის ღირებულების ორგანოთერაპიისთვის განკუთვნილი ჯირკვლები და სხვა ორგანოების იმპორტი განახორციელა. 2022 წლის დასაწყისში ქვეყანაში შემოტანილი ორგანოების მოცულობა გასული 4 წლის ანალოგიური პერიოდების იმპორტს აღემატება.
ოფიციალური სტატისტიკით ორგანოთერაპიისთვის შემოტანილი ამ დასახელების საქონლის მოცულობა იანვარ-მარტში 0.13 ტონა იყო.
რაც შეეხება ორგანოების იმპორტის წლიურ მონაცემებსა და იმ ქვეყნებს, სადაც საქართველო საქონელს ყიდულობს, საქსტატის მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2012 წელს გვქონდა (183 ათასი დოლარი, 0.74 ტონა). აღსანიშნია, რომ პანდემიის დაწყების პირველ წელს საქართველოდან 0.23 ტონა ორგანოების შესაძენად 155 ათასი დოლარი გავიდა. გასულ წელს კი 0.44 ტონა იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ 89.9 ათასი დოლარი შეადგინა.
ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ ორგანოთერაპიისთვის განკუთვნილი ჯირკვლებისა და სხვა ორგანოების ყველაზე დიდი მომწოდებელი საქართველოსთვის აშშ-ია - 77.9 ათასი დოლარი, მას მოსდევს გაერთიანებული სამეფო - 3.8 ათასი დოლარი, ჰონ-კონგი - 3.3 ათასი დოლარი, გერმანია - 2.1 ათასი დოლარი, ავსტრალია - 0.9 ათასი დოლარით. საიმპორტო ქვეყნებს შორისაა: კანადა, იტალია, ახალი ზელანდია, ისრაელი, ბელგია და შვეიცარია.
წყარო:https://bm.ge/