USD 2.6937
EUR 3.1950
RUB 3.5255
თბილისი
კეზერაშვილის ყოფილმა მოადგილემ, მამუკა მუჯირმა ლონდონში ბინა 2009 წელს 560 000 ფუნტ სტერლინგად ფარულად შეიძინა, ფაქტის გასაჯაროების შემდეგ კი, გაყიდა
თარიღი:  

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, მამუკა მუჯირმა 2009 წელს ლონდონში ბინის შესაძენად 560 000 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა, გასაჯაროების შემდეგ კი, გაყიდა. ამის შესახებ „ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის გაშუქების პროექტი“ (SCOOP) თავის სტატიაში წერს.

როგორიც სტატიაშია აღნიშნული, 2008 წელს თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, მამუკა მუჯირმა ლონდონში ბინა ოფშორული კომპანიის საშუალებით იყიდა. დიდ ბრიტანეთში ახალი გამჭვირვალობის სისტემის წყალობით, ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ მამუკა მუჯირმა ოფშორული კომპანია დააარსა სეიშელის კუნძულებზე, 2008 წელს თავდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე.

სტატიის თანახმად, მუჯირი 2005 წელს დაინიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, სადაც იარაღის შესყიდვით იყო დაკავებული. 2003 წლიდან 2008 წლამდე მას ყოველწლიურად მოეთხოვებოდა ქონებრივი დეკლარაციის წარდგენა, ხოლო თავდაცვის სამინისტროდან წასვლის შემდეგ უნდა შეევსო საბოლოო დეკლარაცია. მუჯირის საბოლოო დეკლარაციაში არ შედიოდა ოფშორული კომპანია Brentley Corporation, არც შემოსავალი ან აქტივები, რაც განმარტავდა, როგორ შეძლო მან ლონდონში ბინის შეძენა.

სტატიის მიხედვით, ბათუ ქუთელიამ, რომელიც ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, თქვა, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები საჯარო მოხელეების წინააღმდეგ, რომლებიც მალავენ ფინანსურ ინფორმაციას. ქუთელია აცხადებს, რომ კონკრეტულად მუჯირთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონია. მუჯირის დეკლარაციები აჩვენებს, რომ არც მას და არც მის ოჯახს არ გააჩნდა საკმარისი შემოსავალი ან აქტივები რათა შეეძინა ბინა, რომელიც, გაერთიანებული სამეფოს მიწის რეესტრის დოკუმენტის მიხედვით, შეძენილი იყო პირდაპირ იპოთეკის ან საბანკო სესხის გარეშე. მუჯირის წლიური ხელფასი არასდროს აღემატებოდა 20 000 დოლარს, ხოლო მისი მეუღლე და მშობლები ერთად წელიწადში 10 000 დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებდნენ.

ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მუჯირის ოფშორულ კომპანიაზე და მის ბინაზე ინფორმაცია საიდუმლო იყო. შემდეგ, 2022 წელს, დიდმა ბრიტანეთმა მიიღო კანონი, რომელიც ავალდებულებს უცხოურ სუბიექტებს, რომლებიც ფლობენ ქონებას ინგლისსა და უელსში, გამოავლინონ თავიანთი საბოლოო ბენეფიციარი მფლობელები – პირი, რომელიც საბოლოოდ აკონტროლებს კორპორატიულ ერთეულს და იღებს მისგან სარგებელს. 2023 წლის 12 იანვარს Brentley Corporation-მა გაამჟღავნა, რომ მუჯირი იყო მისი საბოლოო ბენეფიციარი მფლობელი დაარსების დღიდან. მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც მუჯირის საკუთრება საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა, მიწის რეესტრის დოკუმენტები აჩვენებს, რომ მან თავისი ბინა 615 000 ფუნტ სტერლინგად გაყიდა.

„რუსეთის ხუთდღიანმა შეჭრამ საქართველოში 2008 წელს, როგორც ჩანს, ბოლო მოუღო მის საჯარო სამსახურის კარიერას. ომი ფართოდ განიხილებოდა როგორც კატასტროფა საქართველოსთვის და რუსული ძალები დღესაც აგრძელებენ ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილის ოკუპაციას. შეჭრის შემდეგ, ნატოს წევრმა ქვეყნებმა დაიწყეს საქართველოსთვის მოწოდება თავდაცვის რეფორმების გატარებისკენ. იმავდროულად, საქართველოში პოლიტიკური ოპოზიცია თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის გადაყენებას ითხოვდა. ზეწოლის ქვეშ, სააკაშვილმა დაიწყო კაბინეტის ძირეული ცვლილებები, რასაც მოჰყვა კეზერაშვილის თანამდებობიდან გადაყენება მის მოადგილეებთან, მათ შორის მუჯირთან ერთად“, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის თანახმად, როგორც მინისტრის მოადგილე, მუჯირი მონაწილეობდა სამხედრო შესყიდვებში, 2008 წლის ნოემბრის აშშ-ის დიპლომატიური დოკუმენტის თანახმად, რომელიც Wikileaks-მა გამოაქვეყნა. დოკუმენტი, რომელიც კლასიფიცირებულია როგორც „საიდუმლო“, შეიცავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თავდაცვის სავაჭრო კონტროლის შესაბამისობის ოფისის (DTCC) შეშფოთებას საქართველოს ძალისხმევაზე, შაშხანებისა და ყუმბარმტყორცნების გადაზიდვის შესყიდვასთან დაკავშირებით.

მუჯირმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით ხელი მოაწერა გადაზიდვის დოკუმენტაციას. იარაღის გარიგება სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებულმა ფირმამ და ბულგარულმა კომპანიამ გააფორმეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თავდაცვის სავაჭრო კონტროლის შესაბამისობის ოფისს ჰქონდა ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა ორივე კომპანიის კავშირზე ორგანიზებულ დანაშაულთან და იარაღის ტრეფიკინგთან.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ბათუ ქუთელიამ, თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომელიც მუჯირთან ერთად მუშაობდა, თქვა, რომ იმ დროს საქართველოს ეკრძალებოდა დასავლური წარმოების მასალების შეძენა, როგორიცაა ჯავშანტექნიკა, არტილერია და საჰაერო თავდაცვის სისტემები.

„აქედან გამომდინარე, ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების უმეტესი ნაწილი, რომელიც საქართველომ შეიძინა, იყო ძველი საბჭოთა სტანდარტების, შეძენილი პოსტსაბჭოთა ბაზრებზე. ამ ბაზრებს აქვს კორუფციული რისკების მაღალი დონე“, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

სტატიის თანახმად, იმ დროს, როცა ქუთელია და მუჯირი სამინისტროში მუშაობდნენ, საქართველოს თავდაცვის სექტორი გადიოდა ძირითად რეფორმებს ნატოსთან მჭიდრო კოორდინაციით განხორციელებული „სტრატეგიული მიმოხილვის“ ფარგლებში.

„კორუფციული რისკების მინიმიზაცია თავდაცვის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო. ღონისძიებები მოიცავდა თავდაცვის სამინისტროს ფინანსური და შესყიდვების დეპარტამენტების გამიჯვნას, საპარლამენტო ზედამხედველობის გაზრდას და დამოუკიდებელი სასამართლოს მეშვეობით კორუფციის დროული გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის უნარის გაუმჯობესებას. თითოეული ეს კომპონენტი არ იყო სრულყოფილი 2008 წლისთვის“, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

მსოფლიო
BMG: ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები - 2025 წლის TOP 10 ბრენდი აშშ-ში

ავტომწარმოებლებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდვების კუთხით შთამბეჭდავი 2025 წელი ჰქონდათ, მიუხედავად ისეთი სერიოზული დაბრკოლებებისა, როგორებიცაა მზარდი ფასები, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და იმპორტირებულ მანქანებსა თუ ნაწილებზე დაწესებული ტარიფები.

წლის დასაწყისში თეთრმა სახლმა აშშ-ში ავტომობილების გაყიდვების 2.4%-იანი ზრდა ხაზგასმით აღნიშნა. მათი განცხადებით, ეს ინდუსტრიის საუკეთესო მაჩვენებელია 2019 წლის შემდეგ და ასევე დასტური იმისა, რომ მათ მიერ დაწესებულმა ტარიფებმა ავტომობილები არ გააძვირა.

ამის გათვალისწინებით, USA TODAY-ის გუნდმა შეისწავლა წამყვანი ავტომწარმოებლების გაყიდვების უახლესი ანგარიშები, რათა გაერკვია, ვის ჰქონდა საუკეთესო 2025 წელი ავტომობილების გაყიდვების კუთხით.

გთავაზობთ 10 ყველაზე გაყიდვად ავტობრენდს იმ მწარმოებლებს შორის, რომლებმაც 2025 წლის გაყიდვების სრული მონაცემები უკვე გამოაქვეყნეს:

2025 წელს "ჯენერალ მოტორსმა" (General Motors) 2.85 მილიონი ავტომობილი გაყიდა, ყველაზე გაყიდვადი მოდელები კი Chevrolet Silverado და GMC Sierra იყო. გამოქვეყნებულ პრესრელიზში კომპანიამ განაცხადა, რომ ის უკვე ზედიზედ მეექვსე წელია, ამერიკის ლიდერია სრული ზომის პიკაპების ბაზარზე, სადაც Silverado-მ და Sierra-მ ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო ჯამური გაყიდვები დააფიქსირეს.

რეიტინგში მეორე ადგილზეა "ტოიოტა" (Toyota) 2.5 მილიონი გაყიდული ერთეულით, საიდანაც ყველაზე პოპულარული მოდელი RAV4 იყო. როგორც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, იაპონური კომპანია "მადლიერია გასულ წელს ტოიოტას მომხმარებლების მზარდი გამოხმაურებისთვის, რაც ხელმისაწვდომობისა და არჩევანის მრავალფეროვნებისადმი, კომპანიის ღრმა ერთგულებას ასახავს".

მესამე ადგილს 2.1 მილიონი გაყიდვით "ფორდი" (Ford) იკავებს. ყველაზე პოპულარული ავტომობილი კი F-სერია იყო. "ფორდის" განცხადებით, მათი ბაზრის წილი წლის განმავლობაში 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 13.2%-ს მიაღწია, რაც მომხმარებელთა ფართო წრისთვის "ფორდის” მიზიდულობამ განაპირობა, კომპლექტაციებისა და ძრავების მრავალფეროვანი არჩევანის ხარჯზე".

ყველაზე პოპულარულ საავტომობილო ბრენდებს შორის მეოთხე ადგილზე "ტესლაა" (Tesla). მან 2025 წელს 1.6 მილიონი ავტომობილი გაყიდა, ყველაზე გაყიდვადი მოდელი კი Model Y იყო. ინვესტორებისთვის გაკეთებულ განცხადებაში Tesla-მ აღნიშნა, რომ კომპანიამ 2025 წელს 434 ათასი ავტომობილი აწარმოვა და 14.2 გიგავატ/საათი მოცულობის ენერგიის შემნახველი სისტემები დაამონტაჟა, რაც რეკორდული მაჩვენებელია".

მეხუთე ადგილზე 1.4 მილიონი გაყიდვით "ჰონდა" (Honda) და მისი CR-V არიან. "ჰონდამ" პრესრელიზში განაცხადა, რომ 2025 წელი იყო "მათთვის საუკეთესო, 2021-ის შემდეგ, 0.5%-იანი წლიური ზრდით". კომპანიის თქმით, გაყიდვების ზრდა მიღწეულ იქნა "მიუხედავად ბაზრის პირობების ცვლილებისა და მიკროჩიპების დეფიციტისა, რამაც მე-4 კვარტალში მარაგების შემცირება გამოიწვია".

1.2-მილიონიანი გაყიდვები დააფიქსირა "სტელანტისმა" (Stellantis). მისი ყველაზე გაყიდვადი მანქანა კი Ram-ის სერიის მსუბუქი პიკაპი იყო. როგორც კომპანიამ განაცხადა, კვარტალურმა გაყიდვებმა და ბაზრის წილის ზრდამ აჩვენა, რომ აშშ-ში ბიზნესის გადატვირთვისთვის Stellantis-ი სწორ ნაბიჯებს დგამს.

ასევე საუკეთესო ხუთეულის მიღმა, მე-7 ადგილზე რჩება "ნისანი" (Nissan), 926 ათასი გაყიდვით და ბესტსელერი მოდელით - Nissan Rogue. "ნისანმა" პრესრელიზში აღნიშნა, რომ "კალენდარული წლის განმავლობაში გამორჩეული შედეგები აჩვენეს მისმა Kicks და Pathfinder ყველგანმავლებმა; რომელთა გაყიდვებმაც, თითოეულის ბაზარზე გამოჩენის შემდეგ, რეკორდულ მოცულობას მიაღწია.

"ჰიუნდაიმ" (Hyundai) 2025 წელს აშშ-ში 901 ათასი მანქანა გაყიდა. მათი ყველაზე გაყიდვადი მოდელი Tucson იყო. Hyundai-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ კომპანია ზედიზედ მეხუთე წელია, რეკორდულ საცალო გაყიდვებს აფიქსირებს.

"კია" (Kia) და მისი Sportage ათეულში რჩებიან, გასულ წელს გაყიდული 852 ათასი ავტომობილით. პრესრელიზში "კიამ" აღნიშნა, რომ "საცალო გაყიდვები ზედიზედ მერვე წელია იზრდება.

ბოლო ადგილი "ფოლკსვაგენს" (Volkswagen) უკავია, აშშ-ში თითქმის 330 ათასი გაყიდვით. მათი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი Volkswagen Tiguan იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ათეულში მოხვდა, "ფოლკსვაგენმა" პრესრელიზში განაცხადა, რომ 2025 წლის მეოთხე კვარტალის გაყიდვები 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 19.8%-ით შემცირდა. კომპანიის ცნობით, მათ წელი 13%-იანი კლებით დაასრულეს.

შეიძლება ითქვას, რომ 2025 წელი ამერიკულ ავტობაზარზე სტაბილურობისა და "პრაგმატული არჩევანის" წელი იყო. მძღოლებმა უარი თქვეს ექსპერიმენტებზე და არჩევანი ნაცად, საიმედო ბრენდებსა და პრაქტიკულ ქროსოვერებზე შეაჩერეს. 2026 წლისთვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო ავტომწარმოებლებს, კონკურენციის შესანარჩუნებლად, ფასების პოლიტიკის გადახედვა მოუწევთ.

წყარო:https://bm.ge/n

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის