USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
თბილისი
კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია - აბაზები
თარიღი:  1396

აბაზების თვითსახელწოდებაა აბაზა. აფხაზები, რომელთა ენაც ახლოს დგას აბაზურ ენასთან, მათ ეთნონიმით “აშვი” იცნობენ. აბაზები ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში (1989 წლის მონაცემებით 33 ათასი კაცი). ძირითადად განსახლებული არიან ჩრდილოეთ კავკასიაში (ყარაჩაი-ჩერქეზეთში) _ 27,5 ათასი კაცი. ამას გარდა, აბაზები მკვიდრობენ აგრეთვე ნოღაელთა და ჩერქეზთა ზოგიერთ სოფელში, ადიღეს აღმოსავლეთ ნაწილში. დაახლოებით 10 ათასი აბაზა მახლობელ აღმოსავლეთში (თურქეთში, სირიაში, იორდანიაში, ლიბანში) ცხოვრობს, სადაც ისინი მუჰაჯირობის დროს, 1862-1864 წლებში, გადასახლდნენ.

მახლობელ აღმოსავლეთში გადასახლებული აბაზების მნიშვნელოვანი ნაწილი აფხაზეთიდან და ადიღედან გადასახლებულ მოსახლეობას შეერია. ჩრდილოეთ კავკასიაში აბაზთა განსახლების ტერიტორია მოიცავს დიდი და პატარა იენჯუგის, ყუბანისა და გუმის სათავეებს. აბაზურ ენას აქვს ორი დიალექტი: ტაპანთური და აშხარული, შესაბამისად იყოფიან ორ ეთნოგრაფიულ ჯგუფად _ ტაპანთელებად და აშხარელებად. ლიტერატურულ ენას საფუძვლად უდევს ტაპანთური დიალექტი. აბაზური დამწერლობა შეიქმნა 1932 წელს. მის საფუძვლად გამოყენებული იქნა ლათინური გრაფიკი. 1939 წელს ის რუსული გრაფემით შეიცვალა. 1938 წელს გამოვიდა აბაზური გაზეთის პირველი ნომერი.

აბაზები ფლობენ აგრეთვე ყაბარდოულ-ჩერქეზულ ენას. აფხაზურ ენასთან ახლოს დგას აბაზური ენის აშხარული დიალექტი. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ აბაზური ენის ტაპანთურ დიალექტზე მეტყველ მოსახლეობას აფხაზური ენა არ ესმის. სხვათაშორის, დასავლეთ ადიღეელებისათვის ეთნონიმი “აბაზა” თითქმის უცნობი იყო. ისინი აბაზებს სხვადასხვა სახელწოდებით იცნობდნენ. შაფსუღების წარმოდგენით, აბაზები შავიზღვისპირეთში აფხაზებსა და უბიხებს შორის მკვიდრობდნენ და აფხაზებს არ მიეკუთვნებოდნენ, მაგრამ მათთან საკმაოდ ახლოს იდგნენ. შაფსუღები ამ ხალხს ეთნონიმით “აზუხ” მოიხსენიებდნენ. რა თქმა უნდა, ამ აზუხებში სამხრეთ აბაზელი საძები იგულისხმებიან. დასავლეთ ადიღეელი ბესლენელებისათვის სუფთა აბაზას აშხარელები 10 (შკარაუა) წარმოადგენენ.

ტაპანთელებთან საკმაო რაოდენობით არიან შერწყმული ადიღეელები. ეს შერწყმა ჯერ კიდევ XIX ს-მდე დაწყებულა და გვიანობამდე გრძელდებოდა. ჩრდილოეთ კავკასიაში განსახლებული აბაზების ორი სოფელი საერთოდ ჩერქეზულ ენაზეა გადასული. მთიან ხეობებში დასახლებამდე აბაზები შავიზღვისპირეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე _ ტუაფსედან აფხაზეთამდე _ ცხოვრობდნენ. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ XIX ს-ის 40-50-იან წლებშიც კი აბაზებს ეთნიკური ტერიტორია, განსახლების არეალი არ ჰქონდათ გამოკვეთილი. ჩრდილოეთ კავკასიაში რუსების შემოსვლის შემდეგ როგორც ტაპანთელმა, ისე აშხარელმა (შკარაუა) აბაზებმა განსახლების არეალი შეიცვალეს. კავკასიის ომის (1817-1864 წწ.) შემდეგ აბაზების მნიშვნელოვანი რაოდენობა თურქეთში გადასახლდა. მუჰაჯირი აბაზების რაოდენობა სხვადასხვა წყაროებით სხვადასხვანაირად განისაზღვრება (დაახლ. 30 ათასი კაცი).

1883 წლის მონაცემებით ყუბანის ოლქის ფარგლებში ათი ათასზე ნაკლები აბაზელი იყო დარჩენილი. მუჰაჯირობას გადარჩენილი აბაზები 1860-იან წლებში მთიდან ბარში გადაასახლეს. არა მარტო ჩრდილოეთ კავკასიაში, არამედ შავიზღვისპირეთში მცხოვრებ აბაზებს მიგრაციისადმი დიდი მიდრეკილება ახასიათებდათ. მოძრაობითობა განსაკუთრებით საძებისათვის ყოფილა დამახასიათებელი. ისინი არა მარტო სხვათა ტერიტორიაზე გადასახლდებოდნენ, არამედ აბაზური საზოგადოებებიც ხშირად ერთმანეთის მიწებზე გადადიოდნენ. განსაკუთრებით ერეოდნენ ერთმანეთს უბიხები და საძები. ბევრი საძი და უბიხი აფხაზებსაც შეერია. დღევანდელ ტერიტორიაზე აბაზები XIV ს-დან ცხოვრობენ. ფიქრობენ, რომ მათი წინაპრების შავიზღვისპირეთიდან გადასახლება XIV-XVI სს-ის განმავლობაში მოხდა. თუმცა აქ აბაზების ნაწილი, უბიხების, საძების სახით კვლავ აგრძელებდა მკვიდრობას. საბოლოოდ ეს მოსახლეობა შავიზღვისპირეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილიდან მუჰაჯირობის დროს გაქრა.

გერმანელი გიულდენშტედტი აბაზას ხალხს აკუთვნებდა თვით აბაზებს, უბიხებს, საძებსა და მთიელ აფხაზებს (აფხაზეთის მთაში მცხოვრებთ). ევლია ჩელების მიხედვით, შავიზღვისპირეთში სამეგრელოდან ტუაფსემდე განსახლებული აბაზები 15 საზოგადოებისაგან შედგებოდნენ. მ. მედიჩის განსაზღვრით, აბაზების განსახლების არეალი იყო სოხუმიდან ანაპამდე. ზოგიერთ საისტორიო წყაროს, გარდა ზღვისპირეთში განსახლებული საძების, უბიხების, აგრეთვე მთიელი აფხაზებისა, აბაზებში დასავლეთ ადიღეელების სხვადასხვა ჯგუფებიც შეყავს. XVII ს-ში ზოგიერთი აბაზური ტერიტორიული თემი ლოკალიზებული იყო როგორც შავიზღვისპირეთში, ისე ჩრდილოეთ კავკასიაში. მაგალითად შეიძლება ლოოელები მოვიყვანოთ. ტაპანთელი აბაზების ლოკალური ჯგუფებიდან, გარდა ლოოელებისა, შეიძლება დავასახელოთ: დუდრუყოელები, ჟანტემიროელები, ბიბერდოელები, კლიჩეელები, ქიაჩები, ტრამოელები. აშხარელების (შკარაუა) ტერიტორიული დანაყოფების რაოდენობა ექვსის ფარგლებში იყო: მისელბელები, კიზილბეკელები, ჩაღრაელები, ბაგრაელები, ბარაკაელები და ტამელები. ზემოთაც აღვნიშნეთ და კვლავ უნდა გავიმეოროთ, რომ აბაზების განსახლების არეალი მუდმივი არ იყო და ის ხშირად იცვლებოდა. ამავე დროს, ისინი ხან ყაბარდოელი და ხან ყირიმელი ფეოდალების ქვეშევრდომები იყვნენ. XVIII ს-ში აბაზელთა დასახლებები იმდენად მოძრავი იყო, რომ მათი ლოკალური ჯგუფების ტერიტორიების განსაზღვრა ძალიან ძნელია.

ამავე დროს, ისინი ხშირად ერთმანეთისაგან ძალიან დაშორებულნიც იყვნენ. აბაზთა სხვადასხვა ჯგუფების მოძრაობა, ადგილგადანაცვლება XIX ს-ის დასაწყისში შავი ჭირის ეპიდემიასაც გამოუწვევია. მაგალითად, XIX ს-ის დასაწყისში აშხარელი (შკარაუა) აბაზების 11 ტერიტორიული ერთეული _ ბარაკაელები რამდენიმე, ერთმანეთისაგან დაშორებულ ადგილას იყვნენ დასახლებულნი (მდ. ხოძის გასწვრივ ბესლენელებიდან 30 ვერსში და მდ. ხოძის შენაკად მდ. ხუტზე). კლაპროტის ცნობით, აბაზი ბარაკაელები აფხაზეთშიც იყვნენ მიგრირებულნი და სოხუმის მახლობლადაც ცხოვრობდნენ. ევლია ჩელები მთიელ აბაზებს მიაკუთვნებს აფხაზეთში, მდ. ბზიფისა და მდ. აფსტის სათავეში (ქვაბულში), განსახლებულ ფსხუელებსაც. იგივე შეიძლება ითქვას წებელდელებისა და დალის ხეობაში მცხოვრებთა შესახებაც, ფსოუსა და მზიმთას სათავეში მცხოვრებ მედოელეებზე და სხვ. საძების მსგავსად აბაზებთან ძალიან ახლოს იდგნენ უბიხებიც. XIX ს-ის 30-იან წლებში უბიხებს მდ. ფსახის ველი ეჭირათ. ი. ანჩაბაძეს რუკაზე უბიხები მდინარეებს მაცესტას, საშეს და შახეს შორის აქვს დატანილი. ჩვეულებრივ, მიაჩნიათ, რომ უბიხები ქართული წყაროების ჯიქები არიან. ი. ანჩაბაძე, პირიქით, ჯიქებს საძებთან აიგივებს. ჩვენი აზრით, ქართული წყაროების ჯიქებში აფხაზების ჩრდილოეთით მცხოვრები ყველა აბაზური ტომი, მათ შორის, საძები და უბიხებიც იგულისხმებოდნენ. ზოგიერთი მეცნიერი უბიხებს აფხაზების, აბაზების და ადიღეელი ნატუხაელებისა და შაფსუღების ნარევადაც მიიჩნევს, რომლებშიც მთავარ კომპონენტს მაინც აბაზები შეადგენდნენ. ისიც შემჩნეულია, რომ უბიხების რაოდენობა სხვადასხვა ადიღეური საზოგადოებიდან გამოქცეულთა ხარჯზე ძალიან იზრდებოდა.

XIX ს-ის 30-იან წლების წყაროს ცნობით, უბიხები ძველი დროიდანვე აბაძეხებთან (დასავლეთელი ადიღეელები) დიდი მეგობრობით გამოირჩეოდნენ. როგორც უბიხები, ისე აფხაზები აბაძეხებს “მაძმე”-ს უწოდებდნენ. ევლია ჩელების ცნობით, XVII ს. შუა ხანებში უბიხების მნიშვნელოვანი ნაწილი ორენოვანი იყო, რომლებიც დედაენასთან ერთად, ჩერქეზულ ენასაც ფლობდნენ. ნ. ვოლკოვას დასკვნით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მიმდინარეობდა უბიხების, აბაზების, ადიღეელების ინტეგრაცია, ასიმილაცია, და რომ, ამის გამო, XIX ს-ში უბიხების რაოდენობა მნიშვნელოვნად იყო შემცირებული. ცნობილია, რომ მუჰაჯირობის შედეგად, აბაზთა უბიხების ტომი მთლიანად გადასახლდა თურქეთში, სადაც უბიხურად დღეს აღარავინ ლაპარაკობს. უბიხების თვითსახელწოდება იყო პიოხ (ბიოხ). რუსი მეცნიერი ა. გენკო უბიხებს (პიოხებს, ბიოხებს) პროკოპი კესარიელთან მოხსენიებულ ბრუხებთან აიგივებდა. აბაზთა ეთნიკურ ისტორიაზე თვალყურის გადევნება იმ დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა, რომ სხვადასხვა აბაზური ტომის ინტეგრაცია ფაქტობრივად არ ხდებოდა, პირიქით, აბაზური ეთნიკური ერთობის დიფერენციაცია თანდათან უფრო ძლიერდებოდა, რის ერთ-ერთ მიზეზს ბუნებრივ-გეოგრაფიულ გარემოსთან ერთად, მათი მიგრაციულობისადმი, მოძრაობითობისადმი მიდრეკილებაც წარმოადგენდა, როგორც აბაზური ერთობის შიგნით, ისე მთავარი კავკასიური ქედის ჩრდილოეთ კალთებზე. დღეისათვის აბაზი ტაპანთელების ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენლები ყარაჩაიჩერქეზეთის 9 დასახლებულ პუნქტში არიან განსახლებულნი. ეს სოფლებია: ფსიჟი, ყუბინა, ინჯიქ-ჩკუნი, ელბურგანი, ტაფანთა, აბაზი-ხაბლი, კარაპაღო, კრასნო-ვოსტოჩნოე, კოიდანი. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ტაპანთელ აბაზებს მიეკუთვნებოდნენ აგრეთვე სოფლების ფსაუჩე-დახეს და აბაზაქტის მცხოვრებნი. აშხარელი (შკარუა) აბაზები სულ სამ სოფელში (აულში) ცხოვრობენ. ეს სოფლებია: სტარო-კუვინსკოე, ნოვო-კუვინსკოე და აფსუა. თავისი ახლანდელი სახელწოდებანი ზემოთ ჩამოთვლილმა დასახლებულმა პუნქტებმა საბჭოთა პერიოდში მიიღეს, რადგან ოიკონიმებს საფუძვლად პრივილეგირებულ წოდებათა გვარები ედოთ. მაგალითად, სოფელ აფსუას (“აფხაზები”) ერქვა შახგორეგსკოე, აბაზაქთს (“აბაზების სოფელი”) _ ეგიბოკოვსკოე, ფსაუჩა-დახეს (“ლამაზი ცხოვრება”) _ კლიჩევსკოე, ელბურგანს (ადგილის სახელია) _ ბიბერდოვსკოე, ინჯიქ-ჯკუნს (“პატარა ზელენჩუკი”) _ ლოოვსკოე-ზელენჩუკსკოე... 12 აბაზები სარწმუნოებით მუსლიმი სუნიტები არიან. აბაზებმა ისლამი შავიზღვისპირეთიდან ჩრდილოეთ კავკასიაში დამკვიდრების შემდეგ მიიღეს. იქამდე ისინი წარმართები იყვნენ.

აბაზებმა მაჰმადიანობა ნოღაელებისაგან მიიღეს, რომლებთანაც ურთიერთშეხება ჰქონდათ. თავდაპირველად ეს სარწმუნოება ზედაფენამ, შემდეგ _ დანარჩენმა მოსახლეობამ მიიღო. აბაზებში ისლამმა ფეხი ძირითადად XVII-XVIII სს-ში შეაღწია. ამასთანავე, აბაზებში შემორჩენილია პირველყოფილი რწმენა-წარმოდგენებიც. XIX სის შუა ხანებში მთაში, განსაკუთრებით აშხარელთა ეთნოგრაფიულ ჯგუფში, წარმართულ რწმენა-წარმოდგენებთან ერთად, ქრისტიანული ელემენტებიც გვხვდებოდა. აბაზები XIX საუკუნესა და XX ს-ის დასაწყისში კომპლექსური მეურნეობის მიმდევრები იყვნენ, რომელშიც შერწყმული იყო მეცხოველეობა და მიწათმოქმედება. ბარში გადასახლებამდე მეურნეობის მთავარი დარგი მომთაბარე მეცხოველეობა იყო (წვრილფეხა, აგრეთვე მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, მეცხენეობა). მეცხენეობა საპატიო საქმედ ითვლებოდა. ის ძირითადად ზედაფენის ინტერესების სფეროში შედიოდა. განვითარებული იყო მეფრინველეობაც. XIX ს-ის მეორე ნახევრიდან მიწათმოქმედება მეურნეობის წამყვან დარგად იქცა.

აბაზელთა გუთანი ადიღეელთა გუთნის მსგავსი იყო, რომელშიც ოთხ უღელ ხარს აბამდნენ. ხვნისა და თესვის დროს იცოდნენ ურთიერთდახმარება. ურთიერთდახმარება ძირითადად ერთი გვარის შიგნით ხდებოდა. ხვნის დაწყებასა და დამთავრებას მთელი მოსახლეობა დღესასწაულით აღნიშნავდა. შავიზღვისპირეთში მცხოვრები აბაზებისათვის მეურნეობის წამყვანი დარგი მაინც მესაქონლეობა იყო, რადგან მათი განსახლების ტერიტორია, მცირემიწიანობის გამო, მიწათმოქმედების ფართოდ განვითარების საშუალებას არ იძლეოდა. მიწის არც ერთი გოჯი დასამუშავებელი არ რჩებოდათ. მიუხედავად ამისა, მიწათმოქმედების პროდუქტებით აბაზები არასდროს უზრუნველყოფილი არ იყვნენ. ზღვისპირეთი არც მესაქონლეობის ფართოდ განვითარების საშუალებას იძლეოდა. აბაზები აქ საძოვრების ნაკლებობას განიცდიდნენ. წვრილფეხა საქონლიდან ძირითადად თხებს აშენებდნენ, იშვიათად _ ცხვარს. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე დანაკლისს ზღვისპირა აბაზები თარეშით, მეკობრეობით ივსებდნენ. ამ მხრივ, განსაკუთრებით უბიხები გამოირჩეოდნენ. ისინი ყველა მიმართულებით ლაშქრობდნენ. უბიხთა თავდასხმებით განსაკუთრებით ზარალდებოდა აფხაზეთის ბარის მოსახლეობა.

აბაზურ ტომებს არც მთიელი აფხაზები (მედოელები, წებელდელები, დალელები) ჩამორჩებოდნენ. ქართულ წყაროებში ჯიქებისა და მთაში მცხოვრები აფხაზების ქართულ სოფლებზე თარეშის არაერთი ფაქტია აღნიშნული. ბუნებრივია, აბაზთა თავდასხმებისა და ლაშქრობების შედეგად, მოსახლეობა არა მხოლოდ მატერიალურ ზარალს განიცდიდა, არამედ დიდი იყო სისხლისღვრის მასშტაბები და ადამიანთა მკვლელობა. ასე რომ, თარეში, მსგავსად სხვა ადიღეური ტომებისა, აბაზთა მეურნეობის ფაქტობრივად ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენდა. აბაზთა უძველესი საქმიანობა მეფუტკრეობა იყო. საშინაო და საგარეო ბაზარზე თაფლი მათი ერთ-ერთი ძირითადი გასაყიდი პროდუქტი იყო. თაფლსა და ცვილს ძირითადად თურქები ყიდულობდნენ. ფუტკარი ტრადიციული ფორმის სკებში ჰყავდათ. კონუსისებური ფორმის თიხით შელესილი სკა კაკლის ხის მოქნილი ტოტებისაგან ჰქონდათ მოწნული. მეურნეობაში დამხმარე როლი ნადირობას, მეთევზეობას ეკისრა. მათთვის უცხო არ იყო მებაღეობა და მევენახეობაც. ვაზი, ჩვეულებრივ, მაღლა, ხეებზე ჰქონდათ გაშვებული. საოჯახო რეწვიდან და ხელოსნობიდან განვითარებული იყო მატყლის, ტყავის, ხის დამუშავება, მჭედლობა. მატყლსა და ტყავს ქალები ამუშავებდნენ. ხის, მეტალისა და ქვის დამუშავება მამაკაცთა საქმიანობის სფეროში შედიოდა. XX ს-ში აბაზელთა ტრადიციულ საქმიანობაში ერთგვარი ცვლილება მოხდა.

 XIX ს-ის პირველ ნახევარში აბაზელთა თითოეული ლოკალური ჯგუფი რიგი დამოუკიდებელი სასოფლო თემებისაგან შედგებოდა (“კით” ან “ჯამაგლატ”). ფუნქციონირებდა სათემო ყრილობა ან არჩევითი საბჭო, რომელშიც 10-დან 14-მდე ადამიანი შედიოდა. შემორჩენილი იყო დიდი ოჯახები. XIX ს-ის მეორე ნახევარში დაიწყო სასოფლო თემის ინტენსიური რღვევა, თუმცა აულის ყრილობა და უხუცესთა საბჭო კვლავაც არსებობას განაგრძობდა. არსებობას განაგრძობდა ზოგიერთი სამართლებრივი ინსტიტუტიც (მაგალითად, შუამავალთა და თანამსაჯულთა სასამართლო). სამეცნიერო ლიტერატურაში ხაზგასმულია, რომ ზღვისპირა აბაზებს თავადები არ ჰყავდათ. მათ ზედაფენას “უზდენი” ეწოდებოდა, რომელსაც ქართულ აზნაურს უთანაბრებენ. ერთ-ერთ გავლენიან გვარად მარშანიას გვარი ითვლებოდა. ცნობილია, რომ ამ გვარის წარმომადგენლები ქართველი (აფხაზი) თავადები იყვნენ და რომ ისინი საქართველოს ისტორიაში ცნობილი მარუშიანების შთამომავლები არიან.

საძებს შორის XIX ს-ის დასაწყისში ცნობილი გვარი ყოფილა ცანუბაია (ცანი). XIX ს-ში აბაზებში ოჯახის ორი ფორმა არსებობდა: პატარა ანუ ინდივიდუალური ერთი, ორი, ზოგჯერ სამი თაობით და დიდი ანუ გაუყრელი ოჯახი ორი და მეტი საქორწინო წყვილით, რომელიც სამი და მეტი თაობისაგან შედგებოდა (XIX ს. II ნახევარში 7-დან 20 სულამდე). დიდი ოჯახის შემონახულობა საოჯახო მეურნეობის გაძღოლის პირობებით განისაზღვრებოდა. დიდ ოჯახში შემავალ ყოველ საქორწინო წყვილს საერთო კარმიდამოში ცალკე სახლი ჰქონდა დაკავებული. შედარებით პატარა საოჯახო თემი საერთო სახლში ცხოვრობდა, რომელშიც ყოველ ცალკეულ საოჯახო წყვილს ცალკე ოთახი ეკავა.

აბაზებში გაბატონებული იყო მონოგამია. XIX ს-ის მეორე ნახევარში დიდი ოჯახის დაშლის პროცესი დაჩქარდა. დიდი ოჯახის უფროსი იყო ასაკით უფროსი მამაკაცი (ქმარი, მამა). მამის სიკვდილის შემდეგ, ოჯახის უფროსი მის შვილებს შორის უფროსი (აშა) ხდებოდა. აბაზებში არსებობდა მკაცრი სქესობრივ-ასაკობრივი იერარქია: ოჯახის ყველა წევრი მის უფროსს ექვემდებარებოდა, უმცროსი _ უფროსს, ქალები _ მამაკაცებს. უფროსების (უხუცესების) ტრადიციული პატივისცემა მამებსა და შვილებს შორის კონფლიქტს ფაქტობრივად გამორიცხავდა. ქალებს შორის უფროსი ოჯახის დედა იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ კი _ უფროსი რძალი. შიდასაოჯახო ყოფა საუკუნეობრივი პატრიარქალური ტრადიციების საფუძველზე იყო ჩამოყალიბებული. როგორც ზღვისპირა, ისე ჩრდილოეთკავკასიელ აბაზებში სტუმართმასპინძლობის ტრადიცია საერთოკავკასიური იყო. ამ წეს-ჩვეულების უმთავრესი, ყველაზე არქაული ელემენტი იყო ნებისმიერი ადამიანის უფლება შესულიყო ნებისმიერ სახლში, ისეთშიც კი რომლის ოჯახის უფროსს საერთოდ არ იცნობდა და მიეღო ღამის გასათევი, საკვები და საჭიროების შემთხვევაში _ მტრისაგან დაცვა. როგორც კავკასიის სხვა ხალხებში, აბაზებშიც სისხლის აღების ჩვეულებაზე მაღლა სტუმართმოყვარეობა იდგა.

აბაზელთა ტრადიციული საჭმელები მცენარეული (ფეტვის ბურღული, სიმინდის ფქვილი, ლობიო), რძის და ხორცის იყო. სვამდნენ სუსტ ალკოჰოლურ სასმელს, რომელსაც “ბუზას” უწოდებდნენ. ევლია ჩელების, რომელიც სოჭში ზღვისპირა აბაზების (უბიხების) ქორწილში იმყოფებოდა, გაუმასპინძლდნენ წვნიანით, ცხვრის ხორცის კერძით, თაფლიანი წყლით, ბუზით და სხვადასხვა სანელებლით შეკმაზული ხორცით. აბაზთა ტრადიციული აულები თავისუფალი განაშენიანებით გამოირჩეოდა და განლაგებული იყო დიდი მდინარეებისა და ხევების გასწვრივ. ისინი უბნებად იყოფოდა და პატრონიმიული ხასიათის იყო. საცხოვრებელი სამხრეთისაკენ იყო ორიენტირებული. დაბლობში განლაგებული ტაპანთელთა სოფლები მჭიდრო და შეჯგუფული ტიპის იყო. მთაში განლაგებული აშხარელთა სოფლები ბუდისებური იყო; ის ნათესავებით იყო დასახლებული.

აბაზთა ყოველი სოფელი მაგარი ღობით იყო შემოზღუდული, რომელსაც 14 ერთი კარები ჰქონდა. ბარში გადასახლების შემდეგ, შექუჩებული, შემჭიდროებული ტიპის აულები გაქრა. აბაზების უძველესი სახლი მრგვალი და მოწნული იყო. XIX ს-ში ტრადიციული საცხოვრებელი ახალი ტიპის საცხოვრებელი სახლებით შეიცვალა. გაჩნდა აგურისა და ხის სახლები. კარმიდამოს ტერიტორიაზე ყოველ ოჯახს სტუმრებისათვის ცალკე სახლი ჰქონდა აშენებული. ზღვისპირა აბაზებში სახვნელი და საბაღე ნაკვეთებით გარემოცული სახლები ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად იყო დაშორებული. მაგალითად, უბიხთა სოფელი ფაგუა 18 ვერსტზე ყოფილა გადაჭიმული. აქაც სახლები მოწნული და თიხით შელესილი იყო. აბაზთა ფოლკლორში განსაკუთრებული ადგილი ნართების ეპოსს ეკავა. შემონახული იყო ჯადოსნური ზღაპრები, ისტორიული, შრომითი, გმირული, ლირიკული ხასიათის სიმღერები.

წყარო: როლანდ თოფჩიშვილი

კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა

ანალიტიკა
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.