USD 2.6711
EUR 2.8453
RUB 2.8623
თბილისი
კავკასია - ინგუშები და ინგუშეთი
თარიღი:  4543

ინგუშებს არც ხანები ჰყოლიათ, არც ბეგები და არც თავადები...

თუ ინგუშს ვაჟი მოუკვდებოდა, მასთან მივიდოდა იმავე წელს გარდაცვლილი ქალიშვილის მამა. ეს უკანასკნელი ვაჟის მამას ეუბნებოდა, შენს შვილს იმ ქვეყანაში ცოლი სჭირდება და მე მას ჩემი ქალიშვილის ხელს ვაძლევო. არ შეიძლებოდა გარდაცვლილი ქალიშვილის მამისთვის უარი ეთქვათ. ამ შემთხვევაშიც გარდაცვლილი ვაჟის მამა ჩვეულებრივ ურვადს იხდიდა, სასიძოსთვის დაწესებულ საკმაოდ დიდ საქორწინო გადასახადს.

სტუმრის ეთნიკურობასა და სარწმუნოებას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ოჯახის უფროსი პასუხისმგებელი იყო სტუმრის სიცოცხლეზე. სტუმართმოყვარეობის დამრღვევი მკაცრად გაიკიცხებოდა და თემი ისე სჯიდა, როგორც დამნაშავეს. სტუმართმოყვარეობის ტრადიცია ინგუშეთში ფაქტობრივად არ ირღვეოდა. სტუმართმოყვარეობის კანონი სისხლის აღების კანონზე მაღლა იდგა.

* * *

ინგუშები კავკასიის ერთ-ერთი უძველესი ხალხია. ინგუშების თვითსახელწოდებაა ღალღაი. 2002 წლის მონაცემებით რუსეთის ფედერაციაში 412 ათასი ინგუში ცხოვრობდა. გარდა ინგუშეთისა ისინი კომპაქტურად მკვიდრობენ ჩრდილოეთ ოსეთშიც. ეს ტერიტორია - პრიგოროდნის რაიონი - ოსებს საბჭოთა ხელისუფლებამ მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, ინგუშთა შუა აზიაში გადასახლების შემდეგ გადასცა. 1989 წლის მონაცემებით, ჩრდილოეთ ოსეთში 32,8 ათასი ინგუში ცხოვრობდა. მცირე ჯგუფებად მკვიდრობენ ყაზახეთში, შუა აზიასა და მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებში.

ინგუშები ჩაჩნების მონათესავენი არიან. ინგუშური და ჩაჩნური ენები იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ნახურ ჯგუფში შედის. ინგუშების თვითსახელწოდება მათი ერთ-ერთი ლოკალური ტერიტორიული ჯგუფის სახელიდან - ღალღებიდან მომდინარეობს, რომლებსაც სხვანაირად ხამხელებსაც უწოდებდნენ. ლეგენდის თანახმად, ინგუშების (ღალღაელების) წინაპარს ერქვა ღა, რომელსაც ორი შვილი - ღალღაი და ღაბერტე ჰყავდა. გარდა ღალღებისა (ხამხელებისა) ინგუშების ლოკალური (ტერიტორიული) ჯგუფები იყო აგრეთვე: ჯარიახელები, მეცხალელები (იწოდებოდნენ ქისტებადაც), ცორიელები, გალაშელები, ნაზრანელები. ქართული საისტორიო წყაროებით, ინგუშები ღლიღვებად იწოდებოდნენ. მათ მეზობელი ქართველი მთიელები ქისტებადაც მოიხსენიებდნენ, თუმცა ეს ეთნონიმი ჩაჩნებსაც აღნიშნავდა. რაც შეეხება ეთნონიმს “ინგუში”, ის წყაროებში XVIII საუკუნის დასაწყისში გაჩნდა და მომდინარეობს სოფელ ანგუშტის სახელწოდებიდან. რუსებმა ინგუშები სწორედ ამ სოფლის - ანგუშტის საშუალებით გაიცნეს და ხალხსაც მთლიანად სოფლის სახელიდან გამომდინარე «ინგუშები» დაარქვეს, რაც შემდეგ საყოველთაოდ გავრცელდა.

ოდესღაც ინგუშები და ჩაჩნები კავკასიის მთისწინეთსა და ბარშიც მკვიდრობდნენ. მთებში საბოლოოდ ირანული, თურქული და მონღოლური მომთაბარე ტომების თარეშის შედეგად შევიდნენ. ინგუშური (და ჩაჩნური) გადმოცემებით, მათი წინაპრები ებრძოდნენ იურტებში მცხოვრებ მოსულთა დიდ ურდოებს.

ინგუშების მთიდან ბარში მიგრაცია XVI-XVII საუკუნეებში დაიწყო. დღევანდელი განსახლების არეალი კი XVII საუკუნიდან ჩამოყალიბდა. ინგუშებს XVI-XVIII საუკუნეებში უცხოვრიათ ლარსის მიდამოებში. XVIII საუკუნის 20-იან წლებამდე ვაინახური მოსახლეობა აქ ოსურმა შეცვალა. XVIII საუკუნეში ლარსში, ჩმიში და ბალთაში მცხოვრები ოსები ინგუშებს მიწის სარგებლობისთვის გადასახადს უხდიდნენ. ინგუშებს უცხოვრიათ ქურთათისა და დარგვის ხეობებშიც, საიდანაც ყაბარდოელთა და ოსთა ზეწოლის გამო, აყრილან და სანიბის ხეობაში დასახლებულან, შემდეგ კი - ჩმის გავლით, თერგის მარჯვენა ნაპირზე. იგივე შეიძლება ითქვას მდ. არმხის ხეობაზე, სადაც XVIII საუკუნში ოსები დასახლდნენ.

ინგუშებისა იყო თანამედროვე ვლადიკავკაზის ტერიტორიაც. აქ არსებულ ინგუშურ სოფელს ზაუროვო (ზაურეგი) ერქვა, რომელშიც შერეული იყო გამოქცეული ოსური გვარებიც. ამ ადგილზე შემდეგ რუსული ციხესიმაგრე ვლადიკავკაზი გაჩნდა, რომელიც დღეს ჩრდილო ოსეთის დედაქალაქია. ინგუშური იყო ვლადიკავკაზის პრიგოროდნის რაიონიც.

ინგუშეთი რუსეთის შემადგენლობაში 1810 წელს შევიდა. ხელშეკრულება, რომელსაც ინგუშების მხრიდან ხელს შვიდი გავლენიანი გვარის წარმომადგენელი აწერდა, საშუალებას აძლევდა მათ გადასახლებულიყვნენ ბარში, რუსეთის ქვეშევრდომობაში გადასვლის პირობით. 1810 წლის შემდეგ ნაზრანის რაიონში და უფრო ჩრდილოეთითაც წარმოიქმნა მრავალრიცხოვანი ინგუშური დასახლება. XIX საუკუნის II ნახევარში ინგუშური მოსახლეობის უმეტესობა უკვე დაბლობში მკვიდრობდა.

1924 წელს შეიქმნა ინგუშეთის ავტონომიური ოლქი, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქ ვლადიკავკაზში მდებარეობდა. 1934 წელს ის შეუერთდა ჩაჩნეთის ავტონომიურ ოლქს. 1936 წელს ჩაჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური ოლქი გარდაიქმნა ავტონომიურ რესპუბლიკად. 1944 წელს ინგუშები, ჩაჩნებთან ერთად გადაასახლეს შუა აზიასა და ყაზახეთში; რესპუბლიკა გაუქმდა. ტოტალური რეჟიმის პირობებში ინგუშთა ეთნოსი გაქრობის წინაშე დადგა. 1957 წელს ჩაჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკა აღადგინეს, ხალხი დაბრუნდა თავის მიწა-წყალზე. მიუხედავად ამისა, პროგოროდნის რაიონი, რომელიც დაბლობის ინგუშეთის ნახევარს შეადგენდა, საბჭოთა იმპერიამ ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკას დაუტოვა, რაც ინგუშებსა და ოსებს შორის კონფლიქტის მიზეზად იქცა. ოსებმა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ინგუშთა მიწები და სახლები მიითვისეს. 1992 წელს, რუსეთის შემადგენლობაში, დამოუკიდებელი ინგუშეთის რესპუბლიკა ჩამოყალიბდა. ჩრდილოეთ ოსეთთან შეიარაღებული კონფლიქტისა და ჩაჩნეთში ომის გამო დაახლოებით 60 ათასი ინგუში შესახლდა ინგუშეთში.

XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში ინგუშების ძირითად სამეურნეო საქმიანობას მესაქონლეობა და მიწათმოქმედება წარმოადგენდა. მთაში წამყვანი მესაქონლეობა იყო, დაბლობში - მიწათმოქმედება. მოშენებული ჰყავდათ მთის პირობებთან შეგუებული ადგილობრივი ჯიშის პირუტყვი. მთის მიწათმოქმედების განვითარებულობაზე მიუთითებს თითქმის ყველგან შემორჩენილი ხელოვნური ტერასებიც. ბარში მიწის სათემო საკუთრება არსებობდა და სახნავი მიწა გადანაწილდებოდა 3-6 წელიწადში ერთხელ. მთაში მიწას ძირითადად ნაცვალგარდად ამუშავებდნენ. მთაში წამყვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურა ქერი და ხორბალი იყო, ბარში - სიმინდი.

ძველი ინგუშური სოფლები მთის ციცაბო ფერდობებსა და ჩაკეტილ ხეობებში იყო განლაგებული. ისინი ერთმანეთსა და გარე სამყაროს ვიწრო ბილიკებით უკავშირდებოდნენ. სოფელი ჩვეულებრივ 6-10 კომლისგან შედგებოდა და ძირითადად ერთი პატრონიმიით (სანათესაო წრე, გვარის დანაყოფი) იყო დასახლებული. ზოგიერთი გვარი ერთმანეთისგან ახლოს მდებარე რამდენიმე სოფელში მკვიდრობდა. თითქმის ყველა სოფელში იყო თავდასაცავი, საცხოვრებელი და სათვალთვალო კოშკები. საცხოვრებლის გავრცელებული ტიპი ქვის ორსართულიანი სახლი იყო. ქვედა სართული, ჩვეულებრივ, პირუტყვის სადგომს წარმოადგენდა, ზედა კი - საცხოვრებელს. სასტუმრო სახლი საცხოვრებელი სახლისგან მოშორებით იდგა. დიდი რაოდენობით გვხვდებოდა სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკებიც, რომლებშიც გაუყოფელი, დიდი ოჯახები ცხოვრობდნენ. ყველა ინგუშური საბრძოლო კოშკი არქიტექტურის ღირსშესანიშნავ ძეგლს წარმოადგენს. თუ საცხოვრებელი კოშკების სიმაღლე 10 მეტრს აღწევდა, ნახევრად საბრძოლო კოშკების სიმაღლე 12-დან 16 მეტრამდე მერყეობდა. კლასიკური საბრძოლო კოშკები, რომლებსაც პირამიდული გადახურვა ჰქონდა, 5-6-სართულიანი იყო და მათი სიმაღლე 25-27 მეტრს აჭარბებდა. ინგუშები კოშკებსა და სხვა ნაგებობებს თავიანთ საზღვრებს გარეთაც აშენებდნენ. გადმოცემით ინგუშებს ბევრი კოშკი აუშენებიათ ოსეთში.

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ინგუშების ტანსაცმელი თითქმის ისეთივე იყო, როგორიც ჩრდილოეთკავკასიელი მეზობელი ხალხებისა. მამაკაცის კოსტიუმის სპეციფიკური ელემენტია თავსაბურავი - მაღალი, ზედა ნაწილისაკენ გაფართოებული ფაფახი. ინგუში ქალების თავსაბურავი რქის მოყვანილობის იყო. ასეთი სახის თავსაბურავი XV-XVII საუკუნეების აკლდამებშიც (მიწისზედა დასაკრძალავ ნაგებობებში) არის დაფიქსირებული.

შუა საუკუნეების ინგუშეთში განვითარებული იყო საიუველირო საქმიანობა. ინგუშები იარაღის (ფარი და მახვილი, საბრძოლო დანა, ხანჯალი, ხის მშვილდ-ისარი) შესანიშნავი ოსტატებიც იყვნენ. მჭედლები ამზადებდნენ ცხვრის საკრეჭ მაკრატლებს, დანებს, ქვაბებს, ნამგლებს და სხვ. მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა აგრეთვე ხის, ქვის, ტყავის დამუშავებას. XVIII საუკუნეში ინგუშები ტყავგადაკრულ ხის მრგვალ ფარებს, პირდაპირ და მოღუნულტარიან ხანჯლებს ატარებდნენ.

ინგუშეთის მოსახლეობა სოციალურად დიფერენცირებული არ ყოფილა. მათ არც ხანები, ბეგები და თავადები ჰყოლიათ. სოციალური დიფერენციაციის ტენდენციებს თემი ძირშივე სპობდა. ინგუშეთის მთის საზოგადოების მთავარ ფიგურას თავისუფალი მეთემე წარმოადგენდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითადი ორგანო სასოფლო თემი იყო. საოჯახო ურთიერთობებში შემორჩენილი იყო დიდი ოჯახი, პატრონიმია, ლევირატი, მრავალცოლიანობა. დიდი ოჯახები უფრო მეტი რაოდენობით მთაში არსებობდა. ინგუშებში ქორწინება ეგზოგამიური იყო, რაც მათი ყოფისათვის დღესაც დამახახიათებელია. ნათესავებს შორის საქორწინო კავშირები მერვე და მეთორმეტე თაობამდეც იკრძალებოდა. დასაქორწინებლად საჭირო იყო არა მხოლოდ მამის, არამედ პატრონიმიის უხუცესის თანხმობაც. ქორწინებისას ერთგვარ დაბრკოლებას წარმოადგენდა ურვადი, სასიძოსთვის დაწესებული საკმაოდ დიდი გადასახადი. XIX საუკუნეში ინგუშთა ყოფაში საინტერესო წეს-ჩვეულება დაუფიქსირებიათ. თუ ინგუშს ვაჟი მოუკვდებოდა, მასთან მივიდოდა იმავე წელს გარდაცვლილი ქალიშვილის მამა. ეს უკანასკნელი ვაჟის მამას ეუბნებოდა, შენს შვილს იმ ქვეყანაში ცოლი სჭირდება და მე მას ჩემი ქალიშვილის ხელს ვაძლევო. არ შეიძლებოდა გარდაცვლილი ქალიშვილის მამისათვის უარი ეთქვათ. ამ შემთხვევაშიც გარდაცვლილი ვაჟის მამა ჩვეულებრივ ურვადს იხდიდა.

საინტერესოა პირმშოსთვის სახელის დარქმევის წეს-ჩვეულება. პირველი ვაჟისადმი მიძღვნილ ლხინზე სახელს ნათესავი მამაკაცები არქმევდნენ. ისინი კოჭს აგდებდნენ. ვისაც კოჭი ალჩუზე დაუჯდებოდა, სახელსაც ის დაარქმევდა.

სისხლის აღება მთელი გვარის ვალდებულებას წარმოადგენდა, მაგრამ პირველ რიგში, ის ახლო ნათესავების - პატრონიმიის წევრების საქმე იყო. ხშირად შურისძიება თაობიდან თაობაზე გადადიოდა. ინგუშეთში სრული სისხლის გადასახადი დაახლოებით 130 ძროხა იყო. ასეთ შემთხვევაში ახლო ნათესავები რვა-რვა ძროხას იხდიდნენ, ყველაზე შორეული ნათესავები კი - თითო თხას.

დაკრძალვაში მთელი გვარი მონაწილეობდა. წარსულში, როდესაც ინგუშები სინკრეტული - ნახევრად წარმართული და ნახევრად ქრისტიანული რწმენა-წარმოდგენების მიმდევრები იყვნენ, დაკრძალვის ცერემონია თითქმის ისეთივე ჰქონდათ, როგორც ქართველ მთიელებს (აწყობდნენ დოღს, ისროდნენ მიზანში, მართავდნენ ქელეხს).

ინგუშეთში იყო ტრადიცია მიცვალებულის მიწისზედა ნაგებობაში ანუ აკლდამაში დაკრძალვისა. გადმოცემებით, ინგუშები მიწისზედა აკლდამებს არა მარტო ინგუშეთში, არამედ მეზობელ ოსეთშიც აგებდნენ. აქ ასეთი თქმაც ყოფილა: «ადამიანს სიცოცხლეში სჭირდება კოშკი, სიკვდილის შემდეგ კი - აკლდამა». ინგუშები მიწისზედა დასაკრძალავ ნაგებობას «მალხ-კატს»-ს («მზის სამარეს») უწოდებდნენ. მთის ბუნებრივ-გეოგრაფიულ პირობებში აკლდამაში ჩასვენებული მიცვალებული მუმიფიცირდებოდა. ინგუშეთში აკლდამები ოთხფერდა სახურავიანი და ფიქალით გადახურული იყო. ერთი შეხედვით, ისინი საბრძოლო გადაკვეთილ კოშკებს წააგავდნენ. ყველა ასეთ აკლდამას ორი ან სამი საძრომი ჰქონდა, საიდანაც მიცვალებულს ასვენებდნენ. თითოეული აკლდამის შიგნით მოწყობილი იყო ხის ან ქვის ტახტები, რომლებზედაც მიცვალებულს შეასვენებდნენ. ინგუშეთში მიწისზედა აკლდამები, ძირითადად, საგვარეულო იყო.

ინგუშთა საზოგადოებრივ ყოფაში უმნიშვნელოვანესია სტუმართმოყვარეობის ტრადიცია. სტუმრის ეთნიკურობასა და სარწმუნოებას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ოჯახის უფროსი პასუხისმგებელი იყო სტუმრის სიცოცხლეზე. სტუმართმოყვარეობის დამრღვევი მკაცრად გაიკიცხებოდა და თემი ისე სჯიდა, როგორც დამნაშავეს. სტუმართმოყვარეობის ტრადიცია ინგუშეთში ფაქტობრივად არ ირღვეოდა. სტუმართმოყვარეობის კანონი სისხლის აღების კანონზე მაღლა იდგა.

ინგუშები სუნიტი მაჰმადიანები არიან. მაგრამ ეს სარწმუნოება მათთან საკმაოდ გვიან შეიჭრა და საბოლოოდ XIX საუკუნის პირველ ნახევარში განმტკიცდა. ინგუშეთში შემორჩენილია მრავალი ქრისტიანული ძეგლი. ინგუშეთის მთებში ჯერ კიდევ XVII-XVIII საუკუნეებში მოსახლეობა ქრისტიანულ რელიგიას აღიარებდა. ის აქ საქართველოდან XII საუკუნეში გავრცელდა. შემორჩენილია ტაძრები: თხაბა-ერდი, ალი-ერდი, თარგიმი...

ინგუშეთში ყველაზე გავრცელებული იყო მოსავლის მფარველის «მიაცელას» კულტი, რომელსაც ივნისის ბოლოს მსხვერპლს სწირავდნენ.

ინგუშთა მუსიკალურ შემოქმედებას ბევრი რამ საერთო აქვს მეზობელი ხალხების მუსიკასთან. ყველაზე გავრცელებული მუსიკალური ინსტრუმენტი იყო სამსიმიანი ფანდური («პანდირ»). ინგუშებში ძალიან პოპულარული იყო მასობრივი ცეკვა («სიმდი»). ცეკვები სიმღერების თანხლებით სრულდებოდა.

ინგუშებს საუკუნეების განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ოსებსა და ქართველ მთიელებთან. არა ერთი და ორი გვარია ინგუშეთსა და ოსეთში, რომლებსაც საერთო წარმომავლობა აქვთ. ქართულ-ინგუშური საუკუნოვანი მჭიდრო ურთიერთობის დამადასტურებელია ინგუშეთში ქართული ქრისტიანული ძეგლების არსებობა. საუკუნეების განმავლობაში ინტენსიური მიგრაციული პროცესები მიმდინარეობდა ინგუშეთიდან საქართველოში და პირიქით. ინგუშური წარმომავლობის გვარებიდან ხამხაძისა და ღლიღვაშვილის დასახელებაც საკმარისია.

(ავტორი: როლანდ თოფჩიშვილი)

ჟურნალის “ისტორიანი”, 2011 წლის იანვარი, #1

კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.