კორონავირუსისგან მიყენებულ ზარალთან გასამკლავებლად, ევროკომისია საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის, გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს.
წერილში აღნიშნულია, რომ უპრეცედენტო დახმარება, რომელიც საქართველოსთვის გამოიყო, არის ნათელი დემონსტრირება ევროპის გუნდის მთელი შემადგენლობის სოლიდარობისა მთავარი პარტნიორისა და მეგობრის მიმართ ამ უპრეცედენტო კრიზისის დროს.
„ბატონო პრემიერ–მინისტრო, დღეს, როდესაც ევროკავშირი თავად განიცდის კოროვირუსის პანდემიის სიმძაფრეს, გამოწვევების დასაძლევად ის მნიშვნელოვან ზომებს მიმართავს როგორც ევროკავშირის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, მთავარ პარტნიორებთან კოორდინირებული რეაგირების საშუალებით. ასეთ დროს, სოლიდარობის გამოჩენა აუცილებელია. სწორედ, ამ სულისკვეთებით მოქმედებას ითვალისწინებს ევროპის გუნდის, „Team Europe“–ის მიდგომა, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოების და მათი საფინანსო ინსტიტუტების, კერძოდ, ევროპის საინვესტიციო ბანკის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რესურსებს.
ევროპის გუნდი საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ეხმარება და ხელს უწყობს, როგორც მოკლევადიანი ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებას, ისე საზოგადოების და ეკონომიკისთვის უფრო გრძელვადიანი, სტრუქტურული შედეგების უზრუნველყოფას. ეს არის ნაწილი იმ მრავალმხრივი რეაგირებისა, რომელზეც საუბარია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ღია წერილში, რომელიც გამოქვეყნდა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის იმ შეთანხმების მიღწევამდე, რომლის მიზანიც სახელმწიფო ბიუჯეტში პანდემიით გამოწვეული ფინანსური დანაკლისის შევსება იყო.
დღეისათვის გამოცხადდა და უკვე ხორციელდება ევროპის გუნდის მიერ საქართველოსთვის გამიზნული დახმარების ორი პაკეტი. პირველი პაკეტი, რომელიც 30 მარტს გამოცხადდა, მოიცავდა გადაუდებელი სამედიცინო მოწყობილობებისა და ტექნიკური გამოცდილების დაფინანსებას, დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერას, ასევე, მცირე და საშუალო საწარმოების ფართომასშტაბიან დახმარებას ლიკვიდურობის შენარჩუნებაში, მათ შორის, ადგილობრივ ვალუტაში.
მეორე პაკეტი გამოქვეყნდა 8 აპრილს და მოიცავდა საქართველოსთვის 183 მლნ ევროზე მეტი მოცულობის დახმარების გამოყოფას სოციალურ-ეკონომიკური ზომების მხარდასაჭერად, მათ შორის, ქვეყნის ფინანსური დანაკლისის შესავსებად. დღეისათვის, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ზემოხსენებული პაკეტების საშუალებით კორონავირუსის დასაძლევად საქართველოსთვის გამოყოფილი სრული დახმარება გრანტების სახით 250 მლნ ევროს აღემატება. ეს შესაძლებელი გახდა არსებული რესურსების მოძიების,დაჩქარებისა და არსებული პროგრამების გადამისამართების წყალობით, პანდემიის შედეგად გამოწვეული გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
სიამაყით მინდა გადმოგცეთ, რომ ევროკომისიამ გამოაცხადა მესამე პაკეტის შესახებ – 150 მილიონი ევროს ოდენობის სესხის სახით, ძალზე ხელსაყრელი პირობებით, რომ საქართველოს გადაუდებელი საფინანსო საჭიროებების დაფარვაში დაეხმაროს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერასთან ერთად, ჩვენი დახმარება მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებას და ისეთი სივრცის შექმნას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება რესურსების მიმართვა საქართველოს მოქალაქეების დასაცავად და პანდემიის უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შესამსუბუქებლად.
ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროკომისიის მიერ გამოცხადებული წინადადების დამტკიცების შემდეგ, ევროკომისია მზად იქნება სწრაფად გადმორიცხოს პირველი ტრანში, მას შემდეგ რაც საქართველოსთან მიღწეული იქნება შეთანხმება კონკრეტული პირობების შესახებ. მეორე ტრანში შესაძლოა გადმოირიცხოს 2020 წლის მეოთხე კვარტალში ან 2021 წლის პირველ ნახევარში იმ პირობით, რომ შეთანხმებული პირობები დროულად იქნება განხორციელებული. როგორც ეს მაკროფინანსური დახმარების შემთხვევაში ხდება ხოლმე, თანხების ჩარიცხვა დამოკიდებული იქნება, ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის წარმატებით განხორციელებასა და საქართველოს მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის სახსრებით სარგებლობის გაგრძელებაზე. ეს უპრეცედენტო დახმარება, რომელიც საქართველოსთვის კორონავირუსის პანდემიისა და მისი სოციალური და ეკონომიკური შედეგების დასაძლევად გამოიყო, საფუძვლიანია და მიზნობრივი. ეს არის ნათელი დემონსტრირება ევროკავშირის და ევროპის გუნდის მთელი შემადგენლობის სოლიდარობისა მთავარი პარტნიორისა და მეგობრის მიმართ ამ უპრეცედენტო კრიზისის დროს. მომდევნო დღეებში, კვირებში და თვეებში ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელების იმედით“, – აღნიშნულია კარლ ჰარცელის მიერ გიორგი გახარიასადმი გაგზავნილ წერილში.
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.