USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
კალაძის განცხადებები 25 ივნისის თბილისის მთავრობის სხდომაზე
თარიღი:  526

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ 1-ელი სექტემბრიდან რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტი „აქტემრა“ დაფინანსდება.

მისი თქმით, მედიკამენტის მისაღებად გაიცემა შესაბამისი მატერიალიზებული ვაუჩერი.

„აღნიშნული პროგრამის დაწყება ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რაც ძვირადღირებული მედიკამენტის „აქტემრას“ მისაღებად მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა - მერია, აღნიშნულ დაფინანსებას 1-ელი სექტემბრიდან დაიწყებს.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი დაუფინანსდებათ სრულად, 100%-ით, ხოლო ყველა სხვა მოქალაქეს, ვინც საჭიროებს აღნიშნულ მედიკამენტს, მუნიციპალიტეტი შედის 80%-იანი თანადაფინანსებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, მოქალაქემ, მედიკამენტის დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად და სრულფასოვანი მედიკამენტური მკურნალობის ჩასატარებლად, შესაბამისი საბუთებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს.

„რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც სახსრების ანთებით პროცესს, შემდეგ მათ დეფორმაციას, საბოლოოდ კი, მოქმედებისა და გადაადგილების შეზღუდვას იწვევს. მედიკამენტური მკურნალობის საფუძველზე შესაძლებელია დაავადების პროგრესის შეჩერება და მისი რემისიის ეტაპზე გადასვლა. აღნიშნულის შედეგად კი, პროგრამის მოსარგებლეები ხდებიან ქმედუნარიანები, შრომისუნარიანები, თავიდან აიცილებენ შემდგომ გართულებებს და მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის ინფორმაციითვე, სადგურის მოედნის მიმდებარედ არსებულ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს თბილისის მერია ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გაუწევს, რომლის ჯამური ოდენობა 1 687 000 ლარს შეადგენს.

„გახსოვთ ალბათ, სადგურის მოედნის მიმდებარედ არსებულ ბაზრობაზე გაჩენილმა ხანძარმა რამხელა ზარალი მიაყენა იქ მოვაჭრეებს. ჩვენი თანამშრომლები რამდენჯერმე შეხვდნენ დაზარალებულებს, ადგილზეც იმყოფებოდნენ ჩვენი შესაბამისი სამსახურები. მათი მოთხოვნის საფუძველზე, მყისიერად მოხდა ტერიტორიის მოწესრიგება, დასუფთავება, ამჯერად მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები, რათა ამ ადამიანებმა რაც შეიძლება მალე შეძლონ თავიანთი საქმიანობის გაგრძელება.

რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, ამ მიმართულებითაც გაიმართა არაერთი შეხვედრა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს თბილისის მერიამ გაუწიოს ერთჯერადი ფინანსური დახმარება. ეს თანხა ჯამურად შეადგენს 1 687 000 ლარს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა, დაზარალებულების სახელით, მხარდაჭერისთვის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს გადავუხადო მადლობა, იმ დაზარალებული ხალხის სახელით, რომელიც ძალიან რთულ და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჩვენ მაშინვე გადავდგით ნაბიჯი, შევხვდით ამ ადამიანებს, გვქონდა საუბარი კონკრეტულ საკითხებზე, თუ რა მიმართულებით უნდა წავსულიყავით. უკვე დაიწყო თანხების ჩარიცხვა, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეთანხმებულია ამ დაზარალებულ მეწარმეებთან. კიდევ ერთხელ, მადლობა პრემიერ-მინისტრს, რათა მყისიერად მოხდა თანხების გამოყოფა და გადაწყვეტილება მიღებული, რომ ჩვენ ეს ადამიანები არ დაგვეტოვებინა პრობლემების პირისპირ. მზად ვართ, შევასრულოთ მთავრობის დავალება და გავცეთ აღნიშნული დახმარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე, თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა ორთაჭალჰესის თაღოვანი ხიდის სრულ რეაბილიტაციაზეც, რომელიც 28 ივნისიდან დაიწყება.

მისი თქმით, აღნიშნული სამუშაოები ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კიდევ ერთ მნიშვნელოვან სამუშაოებს იწყებს. პროექტის ფარგლებში, ხიდის სავალ ნაწილს დემონტაჟი ჩაუტარდება, მოეწყობა კონსტრუქცია, წყალარინების სისტემა და შესრულდება ჰიდროიზოლაციის სამუშაოები.

ასევე, დაზიანებული მოაჯირები აღდგება და მისი კონსტრუქციები გამაგრდება; გარე განათების ძველი ბოძები შეიცვლება და დამონტაჟდება თანამედროვე, ენერგოეფექტური LED სანათები; განახლდება ტროტუარები“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია იქნება ელექტრონული და წარიმართება სამ ეტაპად - 7, 14 და 21 ივლისს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე -http://kids.org.ge./ge

„I ეტაპი დაიწყება 7 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 13 ივლისის ჩათვლით. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები: სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები; მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები; სამხედრო მოსამსახურეთა შვილები; დედმამიშვილები; თბილისის ბაღების თანამშრომელთა შვილები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, II ეტაპი დაიწყება 14 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 20 ივლისის ჩათვლით. მერის თქმით, ეს ეტაპი შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბავშვებს.

რაც შეეხება რეგისტრაციის III ეტაპს, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ის საყოველთაო რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელიც დაიწყება 21 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება ადგილების შევსებამდე.

დედაქალაქის მერის განცხადებით, რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელსაც 15 სექტემბრის მდგომარეობით შეუსრულდება მინიმუმ 2 წელი. დაწვრილებითი ინფორმაცია კი საჯარო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის შესახებ ხელმისაწვდომი იქნება სააგენტოს ვებგვერდზე.

სხდომის დასასრულს კახა კალაძემ საზოგადოებას ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის, თბილისში დამატებით ახალი საპარკინგო ადგილების გამოყოფის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„თქვენ იცით, რომ კონკრეტულ რაიონებში აღნიშნული რეფორმა დაწყებული გვაქვს და დავნერგეთ ზონალურ-საათობრივი პარკირება, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ რაიონში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ავტომობილებს თავიანთი სანომრე ნიშნით არეგისტრირებენ საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, მათთვის ზონალურ-საათობრივი პარკირება საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უფასოა.  

მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება მთაწმინდის რაიონის, ვაზისუბნის დასახლების, დიდი დიღმის, ბაგების დასახლების კონკრეტულ მისამართებზე და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე. ადგილობრივ მცხოვრებლებს უფასო პარკირებისთვის 1 ივლისიდან შეეძლებათ რეგისტრაციის გავლა ზონალური პარკირების არეალებში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის