USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
კალაძე - ცაგარელის ქ. N5-ში მრავალსართულიანი კორპუსის ნაცვლად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
თარიღი:  568

ცაგარელის ქ. N5-ში არსებული ტერიტორია, მესაკუთრესთან მოლაპარაკების შედეგად, ქალაქს დაუბრუნდა და მრავალსართულიანი კორპუსის ნაცვლად, იქ რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იქ, სადაც არსებობს მწვანე სივრცეების შენარჩუნების შესაძლებლობა, მუნიციპალიტეტი მათ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

„ერთ-ერთი ბოლო მონაცვლეობა, რომელიც რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად განხორციელდა, საბურთალოს რაიონში, არჩილ ცაგარელის ქ. N5-ში არსებული მიწის ნაკვეთია, სადაც, ასევე, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იყო დაგეგმილი. მესაკუთრესთან მოლაპარაკებების შედეგად, აღნიშნული ტერიტორიაც დაუბრუნდა ქალაქს და ახლა იქ რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. აქვე მინდა, დავავალო საბურთალოს რაიონის გამგებელს, ამ ტერიტორიაზე მწვანე სივრცის მოწყობის სამუშაოები დაიწყოს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ვარჯიშს და განტვირთვას შეძლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, რეკრეაციული სივრცეების დაცვა-შენარჩუნება ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტია.

„არაერთხელ მითქვამს, რომ ყველაზე მეტად, რაც ჩვენს დედაქალაქს უხდება, რეკრეაციული სივრცეებია. მათი დაცვა-შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ეს ჩვენი პოლიტიკის მთავარი მიმართულებაა. ჯერ კიდევ 2019 წელს, როცა დედაქალაქის გენერალური გეგმა დავამტკიცეთ, ათეულობით ჰექტარ სამშენებლო ტერიტორიას მიენიჭა ისეთი სტატუსი, სადაც მშენებლობა დაუშვებელია და იქ მხოლოდ მწვანე საფარი, ტყეები, პარკები, სკვერები, სპორტული მოედნები და სხვა რეკრეაციული სივრცეები უნდა მოეწყოს. ასევე, გავამკაცრეთ კანონმდებლობა ხე-ნარგავების უკანონო გაჩეხა-განადგურებისთვის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემსუბუქებისთვის კი გატარდა არაერთი რეფორმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე განმარტა, რომ მსგავსი ადგილმონაცვლეობის განხორციელება მუნიციპალიტეტისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

„ისეთი არეალების გამოსყიდვა დავიწყეთ, რომელიც წლების წინ გასხვისებული იყო სხვადასხვა ტიპის სამშენებლო სამუშაოებისთვის. ეს გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული - მოგვიწია ადგილმონაცვლეობები იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტს დაებრუნებინა ტერიტორიები და მოეწყო მწვანე სივრცეები. ასეთი ტერიტორიებია: დიღმის ტყე-პარკის ნაწილი, კუს ტბის ასასვლელთან არსებული ტერიტორია, ვაკის პარკის ტერიტორიის ნაწილი, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ არსებული სკვერის ნაწილი და ა.შ. მომდევნო წლებში მსგავს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. თბილისს აქვს უდიდესი რესურსი იმისა, რომ მეტი მწვანე სივრცე გაჩნდეს უბნებში. გვახსოვს მავნე პრაქტიკა - რამდენი სპორტული მოედანი, პარკი, სკვერი გასხვისდა სამშენებლო სამუშაოებისთვის. 2017 წლიდან დავამთავრეთ ეს პრაქტიკა და დავიწყეთ ასეთი სივრცეების დაბრუნება“, -აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის